ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2018


ჩიტები აფრთხობენ ჩათვლემილ აისებს

(განთიადები)

ვბრუნდები. დერეფანს მივყვები კარამდე
და სათქმელს ნელ-ნელა თითებით ვაბრტყელებ.
ოთახი იღება და როგორც კარავი
მყლაპავს. იხურება. პოზაა. სარკეა
და რამდენ განთიადს უნდა, რომ დავესწრო,
რამდენჯერ უნდება, ვინ იცის ღამეს, რომ
ვათენო.
გზებია. უშენოდ სავალი.
მილიონ კილომეტრს.
ბავშვები. თხუთმეტის
ბინძური ფიქრებით. შეკითხვა. სალამი.
ვითომ მატყუებენ, მე კი არ ვტყუვდები.
მახარებს. ვალს ვიხდი. უკვალოდ ვაცილებ.
ვტოვებ და ღამეა. ღამეა თბილისის.
ვკრეფ გარეთ დარჩენილ სხეულის ნაწილებს,
მივდივარ და მაინც გული არ მიმიწევს.

ღამეს აერევა ეს კატის თვალები.
მზე კი ცოტა ხანში შავ კაბას აიწევს.
რომ ერთი ნაგლეჯი მთვარეა ხვალემდე,
რომ ერთად მინდება შევხვდეთ ამ აისებს.
გარეთ კი ვიღაცის ახალი მანქანა
გამიტანს. არა ვარ ქარი და საქარე
მინაზე რაღაცა მწერივით ვაკვდები,
ძირს ვგდივარ და ბოლო წამებით ვკანკალებ
და მძინავს უჯიშო ძაღლური წკმუტუნით.
ალბათ ცოტა დამრჩა, მივაღწევ ვაკემდე.
ალბათ ცოტა დამრცა, რომ გადაგარწმუნო -
ქაოსშიც არსებობს ნაზესი სრულყოფა,
ქაოსიც სადღაც რომ თავის თავს ესწრაფვის.
აქვე მოძალადე ქურდი მას უყოფდა
ფულს, ვისაც სცემდა, რომ რაიმე წაერთვა,
ნაცემი კი მასზე ღატაკი აღმოჩნდა.

ხანდახან მგონია, მთელი ეს სამყარო
თვითონ ვარ - მეტროც და სოფლის ნახირებიც.
არ ძალმიძს, ესენი აქედან გავყარო,
ალბათ მათ გარეშე სული ვეღირები;
და ასე ვიგონებ ათასგვარ მეცნიერ-
მოღვაწის დოქტრინას. სიკვდილს და სიცოცხლეს.
მე ფიქრს მოგაწოდებ, შენც გამომიწოდე
პეშვი, რომ განცდები წყალივით იპკურო
სახეზე, სხეულზე.
ცოტაც თუ გაიხსენ,
შევძლებ, რომ ამღვრეულ თვალებში გიყურო.
ჩიტები აფრთხობენ ჩათვლემილ აისებს.



****
დღეს აისი გავს
გვერდს საბავშვო ჟურნალებიდან - "გააფერადეთ",
ნამდვილი ხელოვნება კი იქ იწყება,
სადაც მთავრდება ჩემი იდიოტური განცდების გამომზეურება.
სრულყოფილება თესლია,
რომელსაც ნოყიერი მიწა უნდა გასაღვივებლად
და სიყვარულიანი მებაღე მოსავლელად.
ხმაური ჩვენი მოგონილია,
ქაოტური გამოგონება,
მუდამ რომ წესრიგს საჭიროებს,
მოწესრიგებული ხმაური არის ჩემი მუსიკა,
დილის და ჩიტების მუსიკა.
შენი სიჩუმე ნიშნებია,
მე რომ სიტყვებად უნდა ვაქციო,
შენი საუბარი სიტყვებია,
ხელში რომ უნდა ავიღო და წინადადებებად გამოვძერწო.
ვივიწყებ აზრს და ვერთვი უაზრობას.
საფუძველი არაზრია.
ყველაფერი არაფრისგან შეიქმნა
რომ არაფერი უკვე რაღაც არის და
ამ წინადადებაში "რომ" უადგილოა.
საწყისი ქაოსია და თუ ღმერთი არ არსებობს,
მე უნდა მოვიკლა თავი,
რადგან ღმერთიც ამას იზამდა,
როცა აღმოაჩენდა, რომ არ ვარსებობთ.
არსებობას არარსებობა აძლევს აზრს და
აზრსაც უაზრობა -
შენ მარტოობის ზღვარზე ხარ ჩემთან.
მე ვარ სადღაც, რომ არ ვიყო არსად.
არსობობის აზრის მისახვედრად არარსებობას უნდა გავეცნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები