ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2018


სამი მეთევზე




იყო ბავშვობა. ცხენი გვყავდა, წაბლა - ფაშატი,
ტანად მაღალი... შუბლზე ჰქონდა მოთეთრო ლაქა
და შორიდანვე ანათებდა თავის ყაშხათი...
და როცა ნაცნობს დალანდავდა, იწყებდა ფრუტუნს.
მამაჩემი კი გაახვევდა ქაღალდში თუთუნს,
მზის ამოსვლამდე აიღებდა კეხსა და ლაგამს,
ცხენს შეკაზმავდა...
და მივდიოდით სათევზაოდ, წესია როგორც,
მე, მამაჩემი და ჩემი ძმა, ალაზანზე.
შვიდი წლის ვიყავი, მაგრამ განზე
მე არ დავდექი
და დავიჭირე, ჩემი წილი - პირველი ლოქო.

ხმელი ანკესით ვთევზაობდით გაღმა-გამოღმა,
სატყუარაზე მდინარესაც გაეხსნა მადა
და გადაყლაპა ნედლი ჭია - ვებრძოდი ნადავლს...
ხოლო ბამბუკზე დაჭიმული დამძიმდა ძუა,
როგორც მძიმდება მოგონება ბავშვობის წლებზე,
მე დავიჭირე ჩემი წილი... და საღამოხანს -
ჩვენ გავიყავით - მჭადი, ყველი და ხმელი ყუა
და ნაკვერჩხალზე უმარილოდ შემწვარი თევზი.

ღამით ურემზე წამოვწექით, გვერდით კი გვენთო
დიდი კოცონი. ნედლი შეშის უსმენდა შიშინს
ყურდაცქვეტილი ჩვენი წაბლა, დამფრთხალი ერთობ...
და შიშით გვიახლოვდებოდა უცნობი ჯიშის
კივილი ტყიდან... ყეფა ტყიდან... ყმუილი ტყიდან...
ძმას ჩავეჭიდე, ის კი მამას... მამა - ურმიდან
დაბლა ჩავიდა, დაიძახა (იმ შიშად ღირდა) -
ე-ჰე-ჰე-ჰე-იიიი!... და ტყეს ექომ გადაურბინა!

ხოლო უცხო ხმა მისამარდა, იქვე, ბუჩქებთან
და ფეხაკრეფით გაიპარა მდინარეც - მდორე.
გვიან ღამით კი, როცა წაბლას შარდი მოჩქეფდა,
მთას აზღუდიდან გამოუჩნდა გავსილი მთვარე.
მერე კი ცხენი მშვიდად მოდგა ურმის ჭალებთან,
გათენდა... და ჩვენც გამოვბრუნდით ღამენათევზე
და მახსოვს, გზაზე, როგორ დინჯად მიჭრიალებდა,
ერთი ურმით და ერთი ამბით - სამი მეთევზე...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები