ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2018


კუთხე-ში

გამომელევი, სადაცაა აღარ მეყოფი,  გაძლებად,
დგომად ამ კუთხეში,  კედლისკენ სახით.
აქ სადაცაა, დაკბენილი მინდვრების ზოლში
შავი მზის მრევლი იგალობებს და სუფრას გაშლის.
აქ სადაცაა, შეწირავენ ახლობლის  გულებს
შეშინებული ცხვრის ფარიდან ყველაზე უმცროსს,
და დარჩენილნი  რიგ-რიგობით შეკრავენ სუნთქვას,
რომ იქნებ  სიკვდილს შეეჩვიონ, გაბედონ  უფრო.
აქ სადაცაა, მიმაქცევენ კუთხეში მეტად,
თმას დამიშლიან, ფიქრით შეკრულს, შემჭრიან მოკლედ,
დილისპირულზე შეტივტივებულ ნისლებს - თეთრ კვართებს
თასმებს დახსნიან, მიაბამენ ძაღლივით თოკზე...
რომ ვერ მოგძებნო, რომ ამგვარად ძნელია ისეც,
თუ გინდაც ფიქრი, რომ დაბადო კედლის მუცლიდან,
და ხელი ისე მიიფარო ცრემლიან პირზე,
რომ არ გაგუდო შენი რწმენა, ისევ, თავიდან.
გამომელევი, აქ სადაცაა ჭერსაც ახდიან
მეორმოცეჯერ იგალობებს  ის  ძველი მრევლი
აქ არაფერი არ დარჩება რაც მოგიყვება,
რომ უთვალებოდ და უცრემლოდ თითებით გწერდი. 
გამომელევი, აქ სადაცაა წიგნებს დაწვავენ
და ნახშირს რიდით მოუბნევენ  შავ მზეს სახესთან,
და  სადაცაა, მლოცველები ჩემს თავს მატანენ
იქამდე, სანამ თვალი სოფელს მოეფარება.

2018/21/07
4:50 სთ.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები