ნაწარმოებები



ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2018


პოეტური მინიატურები

* * *
ღმერთმა კიდევ ერთი ცოდვა აპატია,
როცა წვიმის შემდეგ
მისი საფლავის ჩაღრმავებული ჯვრიდან
ჩიტებმა წყალი დალიეს.

* * *

ბაღში
პაპის დარგული უკანასკნელი  ხე მოჭრეს,
დავინახე როგორ წამექცა
ხელდახელ
გამხმარი ბერიკაცი.

* * *
-აღარ მიყვარხარ!
საყვარელი ფინჯანივთ გატეხილი  -
სიტყვის  ნამსხვრევები.

* * *
ზამთრის ფრთებქვეშ შეყუჟული ბეღურა-
როგორც გარდაცვლილი დედის უბეს
მიკრული  ბავშვი.

* * *
გარდაცვლილი დედამთილის ნაქონი კაბა
გახია და ჩვრად იხმარა ცოლმა,
პირველად მაშინ შეეკრა სუნთქვა
ქმარს.

* * *
ტაძრის ეზოში თეთრხილაბანდიანი
მოხუცი მაშო ერთი ხის სკამზე იჯდა.
მერე დიდხანს  აღარა ჩანდა...
ერთ დღესაც  თეთრი მტრედი მოფრინდა და 
სწორედ იმ ხის სკამზე ჩამოჯდა.
მას შემდეგ იქ ზის ყოველ დილით,
თუკი  ჩაივლით...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები