ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
29 ივლისი, 2018


ციკლონი და მდუმარე ყვავები ( 2 )

მაშინ ფლავიუსი მამის სიტყვებს არ დაფიქრებია, მაგრამ გამომეტყველება კი დაამახსოვრდა. მხოლოდ ერთხელ უნახავს მამის ასეთი გამომეტყველება. ეს უკვე ღრმა ბავშობაში, როდესაც საზაფხულო ვილადან მობრუნებულმა აურელიანომ მეუღლისა და ვაჟიშვილის, ფლავიუსის ტყუპისცალის მოტაცების ამბავი მოახსენა. მაგრამ მოგვიანებით ხშირად გახსენებია მამის სიტყვები. და გრძნობა უსამართლობის, რომაელთა, რომის, საერთოდ უსამართლობისა მის მიმართ ხშირად მწარედ დაბრუნებია. ერთხელ, ბრბოს უდიერი შეძახილებით აღელვებულმა, იშვიათი სიახლოვის წუთებში ნიზასაც კი გაანდო ეს მოგონება. ნიზა ყურადღებით უსმენდა. საუბარი რომ დაასრულა, შუბლზე თმები გადაუწია და ყურში ჩასჩურჩულა: სამართლიანობა, უსამართლობა, მოგონილი სიტყვებია, არანაირი შინაარში არაა მათში. ბარბაროსული გამონაგონია, როგორც ბევრი სხვა, ბარბაროსების მოლოდინში გამოგონებული. მოლოდინისათვის, მოლოდინის გადასატანად გამოგონებულია, - და მკერდზე დაადო თავი. ეხლა გაახსენდა ეს სიტყვები. ნეტა როდის მოვიდოდნენ ბარბაროსები?
- სახელოვანი ბრძოლა მოგველის, - ფლავიუსმა ფირფიტები მოაგროვა და გასასვლელად მოემზადა.
- სახელოვანი დამარცხება, თავი დაუქნია ცენტურიონმა. და შემდეგ, უკანასკნელ წამს, სანამ კარი დაიკეტებოდა, ფლავიუსმა გაუგებარი ღიმილი შეამჩნია სახეზე: შენ, იდიოტს, გეგების მომავლის განჭვრეტა. ფლავიუსი კარის წინ შედგა: იქნებ მოეჩვენა? უცნაურია ეს ბოლო დღეები. ეხლა კიდევ ცენტურიონი ელამ აზიელად გადაექცა. არა, მაინც როდის მოვლენ ბარბაროსები? ფლავიუსი ყოყმანობდა, შებრუნებულიყო თუ არა, რომ ტუნიკაში ხელი ჩაავლეს. უსიამოვნოდ მოიხედა და საბუნია, რომის მემატიანე და ისტორიკოსი დაინახა.
- ფლავიუს, მართალია ლათინთა მაცნეს ამბავი?
ფლავიუსს ეხლა ამისათვის არ ცხელოდა: მართალი უნდა იყოს, - უგუნებოდ უპასუხა.
- როდის? როდის მოვლენო?
- სამი დღის თავზე ამბობენ.
- იუპიტერის რისხვაა, საბუნია უღნოდ დაეშვა ქვის იატაკზე. რა გვეშველება? ისეტრიკის ნოტა ეტყობოდა ხმაში. კვლავ ტუნიკას ჩამოებღაუჭა და თვალებში ახედა: რა გვეშველება?
- რაც ყველას ის ჩვენ, - მიუგო ფლავიუსმა.
- შენ არ გესმის. ისინი... ისინი ჩემთვის მოდიან. რა მეშველება!
- შენ რაღა შუაში ხარ, (სულ გონება გადაუკეტა ამ განგაშმა ხალხს) ჩაიცინა ფლავიუსმა.
- შენ არ გესმის! მოდი... მოდი, - საბუნია ფორთხვით ექაჩებოდა საკუთარი საკანისაკენ, მოდი...
- მეჩქარება, - ფლავიუსი გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ტუნიკას ჩაბღაუჯებული საბუნია სრულ გონებაზე არ ჩანდა: მოდი... ბოდავდა და საკნისაკენ ექაჩებოდა.
ფლავიუსი დაყვა, საკანში შევიდა. ბნელი საკანი იყო, პერგამენტებით სავსე. ერთადერთი სანთელი ძლივს ანათებდა ბნელ კუთხეს, რომელშიც უცნაურ შავ სამოსში გამოწყობილი კაცი უზარმაზარ კიდობანში პერგამენტების შეკვრას ალაგებდა.
- მამა ბუასილია ეს... ჩემი ძმისწულია... დაჯექი... საბუნიამ ძალით ჩასვა სავარძელში.
- დაწყნარდი, ფლავიუსმა ძლივს მოწყვიტა მზერა კუთხეში კაცს. რაღაც ეცნაურა მის მზერაში, მაგრამ მაშინ ვერ მიხვდებოდა. დაწყნარდი, გაუმეორა საბუნიას. შენ რა შუაში ხარ?
- შენ არ გესმის, - საბუნიამ აკანკალებული ხელით წყალი დაისხა.
- არ მინდა, - ფლავიუსმა იუარა. რა არ მესმის? მეჩქარება.
- ისინი ჩემთვის მოდიან, - საბუნიამ წყალი მოყლურწა, სული მოითქვა. ჩემთვის! გახსოვს დასჯის დღე?
ფლავიუსი უსიამოვნოდ შეიშმუშნა, სავარძლიდან გაიწია. ყველაზე ნაკლებად ეხლა დასჯის დღის გახსენება უნდოდა.
- გახსოვს? არ ისვენებდა საბუნია, თუ გახსოვს?
ფლავიუსს ახსოვდა. დასჯის დღე. პირველი ბარბაროსის დასჯის დღე.
- ყველაფერი გაიხსენე, სულ თავიდან, - წყლიან დოქს ხელში აჩეჩებდა საბუნია, სულ თავიდან.
სულ თავიდან... როგორ იყო სულ თავიდან? ფლავიუს გონებაში ამოუტივტივდა შემოდგომის ნასესხები მზიანი დღე. აპიის კარიბჭესთან პიტიახშს აცილებდა, პართელთა ელჩს. 24 ლიქტორების მწყობრი მწრკივი და შავკაფტანიანების ცენტურია თვალსა და პატივმოყვარეობას ასვენებდა. აღარც კი ახსოვდა საკუთარი იდიოტიზმი. პიტიახში მხიარული ადამანი ჩანდა და სასიამოვნოდ ჩაიარა მისმა სტუმრობამ. გამოსასალმებელი სიტყვებიც გაცვალეს და პიტიახში დაიხარა, ბოლო ისტორია ჩასჩურჩულა ყურში. რა ჩასჩურჩულა? ვეღარ იგონებდა, აღარ მიუქცევია მაშინ ყურადღება. აღარ მიუქცევია, სწორედ პიტიახშის ჩურჩულისას გამოჩნდა გზაზე მხედრის ღრუბელი.
- კეთილი მგზავრობა, თავაზიანად დაუქნია თავი სტუმარს და მკლავისაგან გაათავიუფლა, კეთილი მგზავრობა.
- აგრეთვე კეთილი მგზავრობა, დაუბრუნა პიტიახშიმა და გაეცალა, კეთილ მგზავრობას გისურვებთ.
ეხლა ეს სიტყვები რომ მოაგონდა, გაუკვირდა ფლავიუსს. რა მგზავრობა, შინ იყო? მაგრამ მაშინ არ უფიქრია ამაზე, მხედარს მიაჩერდა სანაცვლოდ.
მხედარი თავგამეტებული მოჯირითებდა. ცხენი ძლივს უძლებდა, უკანასკნელ ამოსუნთქვაზე იყო. კარიბჭემდე მოაწია და გზის მტვერში გაგორდა მხედართან ერთად.
რომში არავის უნახავს ამგვარი მხედარი. ან აღარ ახსოვდათ. ამგვარი მხედრები არქივს ჩაბარდნენ იმ უხსოვარ დღეებთან ერთად, როდესაც ძუ მგელი დიოსკურ ძმებს საკუთარი რძით კვებავდა. ფლავუისს ერთხელ კი გაუწია გულმა ჩამოქვეითებულიყო, ჩაეხედა მხედარისათვის სახეში. და გამოიეკითხა მისი ამბავი, ამ აქამდე არნახული მხედრის ამბავი. მაგრამ 24 სერიოზული ლიქტორისა და შავკაფტანიანთა ცენტურიის შეფასება იდიოტი გვარის მთელი სიმძიმით დააწვა მხრებზე და ხმისამოუღებლად მოაბრუნა ცხენი. ცენტურიონი წამოეწია:
- დიდება კონსულს!
ფლავიუსმა თავი დაუქნია.
- რა ვუყოთ მხედარს?
ფლავიუსმა მხრები აიჩეჩა: როდის იყო რომის კონსული უპატრონო მხედრებს დასდევდა?
რატომ აიჩეჩა მაშინ მხრები? რატომ?
- რატომ? - გაიმეორა საბუნიამ, რატომ?
- ა? ფლავიუი ფიქრებიდან გამოერკვა, რა რატომ? დოქი ხელიდან გამოართვა და წყალი დაუსხა: დალიე.
საბუნიამ მოსვა და კვლავ დაშოშმინდა ოდნავ. ჩუმად კრუსუნებდა: რატომ?
- რა რატომ? ჩაეკითხა ფლავიუსი, აღარ იტყვი ბოლო ბოლო?
- რატომ? რატომ დავღუპე?! ჩემს სინდისზეა იუპეტრი ქალაქის დაღუპვა! ბარბაროსის სისხლია ამ ხელებზე, საბუნიამ ხელები დაიკაპიწა.
- რომელი სისხლი, რომელი ბარბაროსი? პირველი ბარბაროსი?
საბუნიამ მწარედ ჩაიცინა: ამაშია სწორედ საქმე! პირველი?
- როგორ თუ პირველი? ფლავიუსი გაკვირვებით ჩაეკითხა, თავად არ ბრძანე მაშინ - პირველი?
- მისმინე, - საბუნიამ ისევ ტუნიკაში ჩაავლო ხელი, მე არადროს მითქვამს ეს, თქვენ დამაძალეთ!
- ჩვენ? რა დაგაძალეთ, რაზე ამბობ?
- მაშინ, გახსოვს დასჯის დღე?
- მერე?
- შენ რომ უპატრონოდ მიაგდე, ჩემთან მოყვანეს ბარბაროსი.
- მერე?
- მერე მაგისტრატის წესით დავკითხე. მაგრამ?
- მაგრამ... მაგრამ...
- რა?
- მისმინე! ყოველთვის, ყოველთვის მახსოვს ჩემი ბებერი სენსეის დანაბარევი: სიმართლე!
- ა?
- სიმართლე, მუდამ სიმართლის ძიება, ეს იყო მისი ერთადერთი საზღაური!
- მერე?
- მერე მე... მე არ ვიცი სად არის სიმართლე?! სად არის? საბუნიამ კვლავ ჩაებღაუჭა. ფლავიუსმა ვერაფერი უპასუხა.
- და მე... მე ვერ გავიგე... ის რაღაცას ამბობდა უცხო ენაზე: ლეთცტე, ალლერლეთცტე...
- და შენ?
- მე... მე ხომ არ შემეძლო მეღიარებინა?! სიმართლის გარეშე ხომ ვერ დავრჩებოდით?! ჩვენ გვჭირდებოდა სიმართლე. არ შემეძლო!
- შენ საკუთარი თავის გამო შეგეშინდა! საკუთარი პატივმოყვარეობის გამო!
- არ შემეძლო! თქვენ მაძალებდით. თქვენ. და მე... მე...
- შენ გვითხარი რომ ის პირველი ბარბაროსი იყო.
- არ შემეძლო. ხომ გახსოვს როგორ მაძალებდით! მე არა, თქვენ, თქვენ მოკალით იგი! ხომ გახსოვს?! თქვენ! ხომ გახსოვთ?!
ფლავიუსს ახსოვდა. ახსოვდა დაღლილი, მომაკვდავი ბარბაროსი და გათანგული საბუნია, რომელიც ნატანჯი სახით მაგისტრატებს მოუბრუნდა და მოახსენა:
- ეს არის პირველი ბარბაროსი. პირველი ათასთაგან. და მალე მოვლენ ურდოები.
ხალხს შეშფოთების ტალღამ გადაუარა: ურდოები! ბარბაროსთა ურდოები!
- დარწმუნებული ხარ?! დაეკითხა ცენტურიონი. დარწმუნებული ხარ?
საბუნიამ ნელა დაუქნია თავი. ცენტურიონი ყურადღებით აკვირდებოდა. შემდეგ ხელი ჯიბისაკენ გაიღო და 17 ვერცხლი გაუწოდა: პირველი ბარბაროსისათვის.
- მძიმე სიახლე მოგვიტანა მხედარმა, ჩაფიქრებით წარმოთქვა იმპერატორმა. სწორედ ახლა, როდესაც პიტიახშის ელჩობით პართიასთან მშვიდობის იმედი მოგვეცა. დიდი განსაცდელი უახლოვდება რომს.
სენატორები ჩუმად იდგნენ დაფიქრებულები. ხმა არავის ამოუღია.
ბოლო ისევ ცენტურიონმა გაბედა: რომის კანონი ნათელია, მამათა კანონი: რომის უსაფრთხოება უპირველესია. ჩვენი უსაფრთხოებისათვის, ჩვენი უშიშროებისათვის... ბარბაროსი უნდა მოკვდეს.
კვლავ არავის ამუღია ხმა. ფლავიუსი, მიუხედავად საკუთარი იდიოტიზმისა, მიხვდა რომ მისი ჯერი იყო. რატომ, მაინც რატომ არგუნა კენჭისყრამ კონსულობა მაინცა და მაინც დღეს? უიმედიდ გახედა კოლეგას, თვალს ვერ უსწორებდა. შემდეგ ტიბრს გახედა. მოუნდა მისი წყლებივით აუმღვრეველი დინება ყოფილიყო, სიკეთისა და ბოროტების მიღმა, თავისუფლების მიღმა, დროის ნაკადში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს