ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
30 ივლისი, 2018


კოხტა და ციალა (დასასრული)

                                          მკვდრეთით  აღდგენა



    როგორც ვიცით, სტვენიამ და ბაჯბაჯამ სასწრაფოდ დატოვეს ბროლის დარბაზი, რათა კოხტა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეგდოთ. შორს არ წასულან, ბროლის კოშკის მახლობლად შეჩერდნენ და ერთმანეთი გამკიცხავი მზერით შეათვალიერეს.
    - ნეტავ საკუთარი თავი დაგანახა, - თქვა სტვენიამ, - სულ არ მიკვირს, კოხტამ რომ ვერ გიცნო.
    - გირჩევნია, საკუთარ თავზე დაიხედო - წაიბურდღუნა ბაჯბაჯამ.
    მეტი აღარაფერი უთქვამთ, უხმოდ იწყეს საკუთარი თავის მოწესრიგება. ერთმანეთსაც მიეხმარნენ;  ბაჯბაჯამ თავისი ფუმფულა თათით მტვერი გადააცალა სტვენიას, სამაგიეროდ სტვენიამ მოქნილი  თითებით გაბურძგნული ბეწვი დაუვარცხნა ბაჯბაჯას. ისევ შეათვალიერეს ერთმანეთი და კმაყოფილები დარჩნენ, სტვენია სულ ერთიანად კრიალებდა, ბაჯბაჯასაც ლამაზად ჩახუჭუჭებოდა ხავერდოვანი ბეწვი. სანდომიანობა ნამდვილად არ აკლდათ, თუმცა ეს დიდად არ გახარებიათ; ნეტავი ამაზე ცოტათი ადრე უფრო გვეფიქრაო - ასე ეწერათ გაწბილებულ სახეებზე. დაღონებულები ჩამოჯდნენ ბროლის ფანჯრის ქვეშ, ხმას არცერთი არ იღებდა. სულ მალე საცეკვაო მუსიკის ხმა მოესმათ. მეგობრებმა ყური მიუგდეს, მოიხიბლნენ  ბროლივით წკრიალა თანხმიერებით.
    - ალბათ კოხტა ცეკვავს ბროლის გოგნასთან - თქვა სტვენიამ და თვალები მეოცნებესავით ფართოდ გააღო, თითქოს მათ ცხადად დანახვას ლამობდა.
    - ნეტავი ფეხი არაფერს წამოკრას - ჩაიბურდღუნა ბაჯბაჯამ, - საკუთარი თვალით ვნახე, ბროლის იატაკი რაღაც არაჩვეულებრივად ლაპლაპებდა.
    მეგობრები გაჩუმდნენ, ყურს უგდებდნენ მუსიკას, რომლის რიტმი სულ უფრო აჩქარებული ხდებოდა. მუსიკის წყალობით თითქოს ცხადად ხედავდნენ მოცეკვავე კოხტას და ამითი ინუგეშებდნენ თავს.
    უცბად სწორედ მათ თავს ზემოთ ფართოდ გაიღო ბროლის ფანჯარა და იქიდან რაღაც ნამტვრევები გადმოყარეს. სტვენიამ და ბაჯბაჯამ ძლივს მოასწრეს თავის არიდება. როგორც კი დახედეს ნამსხვრევებს, პირკატა ეცათ, მაშინვე ამოიცნეს ფაიფურის ბიჭი.
    - ვაიმე, კოხტა დამსხვრეულა, - წამოიკვნესა სტვენიამ.
    - სწორედ ამისი მეშინოდა - თავი მწუხარედ გადააქნია ბაჯბაჯამ.
    მეტი სიტყვაც არ უთქვამთ.  უძრავად ისხდნენ დარდით შეპყრობილნი, შეხედვასაც ვერ უბედავდნენ იმ ფაიფურის ნამსხვრევებს, რომელიც ერთ დროს მათი საყვარელი მეგობარი, კოხტა იყო.
      უცბად სტვენიას ხმა გაისმა:
      - ერთი შეხედე, თათზე ფაიფურის ხელი გაქვს აკრული - უთხრა ბაჯბაჯას ჩავარდნილი ხმით.
      ბაჯბაჯამ შეათვალიერა საკუთარი თათი, ხედავს, მართლაც კოხტას ფაიფურის ხელი მიწებებია, ბაჯბაჯას ხომ თათი მუდამ თაფლში ჰქონდა ამოვლებული . . .
      - ხელი გამოგვიწოდა, მიშველეთო, გვანიშნა - ჩაიბურდღუნა ბაჯბაჯამ და თავი მწუხარედ ჩაჰკიდა.
      სტვენიას ხმა არ გაუღია, რაღაცაზე ფიქრობდა. უცბად მეტად უცნაური ხმით დაუსტვინა.
    - იქნებ მართლა გვეშველა კოხტასთვის? - სტვენას ეს სიტყვები მოაყოლა.
    - კი, მაგრამ, როგორ? რა შეგვიძლია? - იკითხა ბაჯბაჯამ.
    - მეორე ნამსხვრევიც მოვძებნოთ . . .
    - ყველა ნამსხვრევი უნდა ავიკრა? - გაოცდა ბაჯბაჯა.
    - დავაწებოთ და კოხტაც გამთლიანდება.
    ბაჯბაჯამ გაოცებით შეხედა.
    - ნუთუ ეს შესაძლებელია? - იკითხა მან.
    - სხვა რაღა დაგვრჩენია.
    ორივენი შეუდგნენ საქმეს. ბაჯბაჯა იღებდა ნამსხვრევებს, სტვენია თავისი მოქნილი თითებით მათ ერთმანეთზე აწებებდა თაფლით. ძალზე ძნელი იყო ეს საქმიანობა, დიდი მოთმინება და სიყვარული იყო საჭირო.. მეგობრებს კი არც ერთი აკლდათ, არც მეორე.სათითაოდ შეაწებეს ერთმანეთს ფაიფურის ნამსხვრევები. ისე მკვიდრად და ფაქიზად, რომ ნაწიბურიც არსად ეტყობოდა. როგორც კი უკანასკნელი ნამსხვრევი დააწებეს, კოხტამ მაშინვე ფართოდ გაახილა მეოცნებე თვალები, სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე კვლავ საცეკვაოდ გამზადებული.
    - მგონი, ცოტათი წავიბორძიკე - თქვა დამნაშავის ხმით.


                                      სიზმარზე  ლამაზი


      მეგობრები გაფართოებული თვალებით შეჰყურებდნენ კოხტას, არც კი იცოდნენ, რა ეთქვათ მეტისმეტი სიხარულისაგან.
      უცბად სტვენიამ სწორედ ის საცეკვაო მუსიკა დაუკრა სტვენით, რომელიც ბროლის კოშკიდან მოისმოდა. ასე გამოხატა თავისი დიდი სიხარული. ბაჯბაჯამ თაფლის ცარიელი ქილა გადააბრუნა და თათები დასცხო. მშვენიერი დოლი გამოვიდა. კოხტამ მაშინვე იწყო ცეკვა, ახლა უკვე მწვანე მოლზე ბროლის იატაკის ნაცვლად, მაგრამ აქაც წუნდაუდებლად სრიალებდა. ბაჯბაჯამ და სტვენიამ გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს, გულში ორივეს ერთმა ფიქრმა გაურბინა, თუმცა არაფერი უთქვამთ. ისინიც აჰყვნენ კოხტას, მის ირგვლივ ტრიალებდნენ და ისე მშვენივრად ცეკვავდნენ, რომ ფაიფურის ბიჭის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. აბა რა იცოდა კოხტამ, რომ დიდმა სიხარულმა ააცეკვა მისი განუყრელი მეგობრები, დიდ სიხარულს კი საერთოდ არ სჭირდება იატაკი, ის ხომ ჰაერში დაფრინავს . . .  სტვენია და ბაჯბაჯა სიხარულისაგან პირდაპირ ჰაერში დაფრინავდნენ, კოხტა მკვდრეთით აღმდგარი რომ იხილეს, ჰოდა მათი ცეკვაც საოცრად მსუბუქი და ჰაეროვანი გამოვიდა.
    და, ამ დროს მოხდა ის, რაც თითქოს დაუჯერებელი შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ: კვლავ გაიღო ბროლის კოშკის ფანჯარა და იქიდან ბროლის გოგონამ გადმოიხედა. ჩანს, მოესმა მწვანე მოლზე გაჩაღებული ცეკვა - თამაშის ხმები. ფართოდ გახელილი თვალები მიაპყრო მოცეკვავეებს და აღარც მოაშორა. ცხადი იყო, მეტად მოხიბლული დარჩა თვალწინ გადაშლილი სანახაობით.
    - ოო, რა კარგად ცეკვავენ - თქვა ბროლივით წკრიალა ხმით.
    ამის თქმა იყო და ბროლის კოშკის სხვა ფანჯრებიც გაიღო. ბროლის თოჯინებმა გადმოიხედეს, უნდოდათ გაეგოთ, რითი მოიხიბლა ბროლის გოგონა, თვალს რომ ვეღარ აცილებდა. ჰოდა, მათაც ძალიან მოეწონათ ჩვენი მეგობრების ცეკვა. თვალმოუშორებლად დაჰყურებდნენ, თან ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ აღტაცებას.
    - მართლაც კარგად ცეკვავენ
    - თანაც მწვანე მოლზე . . .
    - სულ მიკვირდა, სად უნდა გამქრალიყო ფაიფურის ბიჭი, თურმე მწვანე მოლზე ცეკვა მოსურვებია.
    - ჩანს, მართლაც იშვიათი მოცეკვავეა.
    - ამას ხომ ყველა ვერ შეძლებს . . .
    ასე ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს ბროლის თოჯინები, თან შეფარვით ბროლის გოგონას გადახედავდნენ ხოლმე. ცხადი იყო, რასაც გულისხმობდნენ: აბა, ბროლის გოგონა მწვანე მოლზე როგორ იცეკვებსო, ბროლის იატაკის მიღმა ფეხაც ვერ დგამსო.
    ბროლის გოგონას ეს არ გამოჰპარვია, ბევრიც აღარ უფიქრია, ბროლის კიბეებზე დაეშვა, მწვანე მოლზე დაადგა ბროლის ქოში, ფაიფურის ბიჭს გაუწოდა ბროლის ხელი. ცხადია, კოხტამაც შეაგება ფაიფურის ხელი.
    ჰოდა, ყველას ცხადად დაანახა ბროლის გოგონამ, რომ მწვანე მოლზეც შეეძლო ცეკვა. მართლაც კარგად გამოუვიდა, მის სანაქებოდ უნდა ითქვას, მითუმეტს, რომ პირველად დაადგა ბროლის ფეხი მწვანე მოლზე.
    ბროლის თოჯინები ერთხანს უხმოდ დაჰყურებდნენ მწვანე მოლზე გაჩაღებულ ცეკვა - თამაშს. მერე ისინიც ჩამოეშვნენ ბროლის კიბეებზე, ირგვლივ შემოერტყნენ მოცეკვავეებს, ულამაზესი ბროლის თაიგული მოქარგეს მწვანე მოლზე. ისეთი ლამაზი სანახაობა იყო, უკეთესს ვერ ინატრებდით. ეს უკვე აღარ იყო ცხადად ახდენილი სიზმარი, ეს თვით სიცხადე გახლდათ, ოღონდ სიზმარზე უფრო ლამაზი.
    სად იყო და სად არა, ქარიფანტია გამოჩნდა, ნება - ნება მოფარფატებდა ჰაერში. მარტო არ ყოფილა, ბაბუაწვერას ფთილების და ყვავილთა ფურცლების მთელი გუნდი თან მოჰყვებოდა, ერთად ტრიალებდნენ ჰაერში და ასე მოიწევდნენ წინ ქარის ფრთებს აყოლილები.
    როცა ქარიფანტიამ მწვანე მოლზე გაჩაღებული ცეკვა დაინახა, ძალიან გაოცდა, უძრავად დაეკიდა ჰაერში, თვალი ვეღარ მოაცილა მოცეკვავეებს,  ბაბუაწვერას ფთილებმა და ყვავილების ფურცლებმა კვლავ გააგრძელეს ჰაერში გზა ფარფატით, ქარიფანტია კი არ იძროდა ადგილიდან,  საოცარი იყო, მაგრამ ეს მოახერხა, იმდენად მოიხიბლა სიზმარზე უფრო ლამაზი სანახაობით, ნიავს ამჯერად ნამდვილად არ ჩასძინებია . . .
    - სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს - თქვა გაოცებით ქარიფანტიამ, -  ასეთი მხიარული და ლამაზი მოცეკვავეები არსად შემხვედრია.
    აქ შეიძლებოდა გვეთქვა, თუ როგორ დაბრუნდნენ ჩვენი მოგზაურები თოჯინების ქალაქში, სადაც დიდი ზეიმი გაიმართა. ყველა შეჰხაროდა მოცეკვავე კოხტას, მის გარეშე მართლაც დიდი ლაზათი დააკლდებოდა იქაურობას. ბროლის გოგონაც ესტუმრა თოჯინების ქალაქს, რათა მათთან ერთად ეზეიმა. ერთი სიტყვით, საამბობელი მართლაც ბევრია, როგორმე სხვა დროს, არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს.
      ერთს ვიტყვი მხოლოდ: კოხტას ხასიათი სულ მთლად შეეცვალა. მის შესახებ უწინ ხშირად გაიგონებდით, ცოტათი მჟავე ხასიათი აქვსო. მას შემდეგ კი, რაც თაფლის წყალობით აღადგინეს, ხასიათი ძალიან გამოუკეთდა. სწორედ ეს გაიფიქრეს სტვენიამ და ბაჯბაჯამ მაშინ, როცა კოხტამ მწვანე მოლზე იწყო ცეკვა მათთან ერთად. ვეღარც კი იცნობთ კოხტას; სულ იღიმება, მუდამ მზადაა თქვენს სამსახურად და რაც მთავარია, აღარ ავიწყდება, ყურადღებით შეათვალიეროს მეგობრები, როცა ისინი ხელს აშველებენ, არ დაიმსხვრესო. არც მათი ცნობა ეშლება, რაც არ უნდა, ამოთხუპნულები და დაკაწრულები იყვნენ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები