ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2018


დამეგობრება

მოდი, მე და შენ ჯერ ბავშვობანა ვითამაშოთ.
მე ნებიერა, ცელქი ვიქნები,
ისევე, როგორც რეალობაში, ხუთიოდ წლამდე.
შენც იყავი ნებიერა, თავნება, ურჩი და ჭირვეული.
ჩემი სტუმარი მინდა იყო ეზოდყოფილში.
ამ ბოძებზეც ვითომ -ვითომ ისევ დგას სახლი.
ჩვენ დავრბივართ გლიცინიაჩახუტებულ მაგნოლიის ქვეშ,
ჩემი ჯეკაც კუდში დაგვყვება და სინაზე უდგას თვალებში.
მერე თუ გინდა წავიჩხუბოთ სათამაშოსთვის.
დედა მაინც შეგვარიგებს.
მამაც აქვეა, სიზარმაცესმინებებული.
ბოძს მიყრდნობია და ჩვენ გვიცქერს, ღიმილიანი.

ახლა კი კარგო, მე ვიქნები შენი სტუმარი.
შენ ყველა სცენა გაითამაშე ბავშვობიდან:
წარმატებებით მშობლებს როგორ აბედნიერებ.
თუ გინდა მცირე ჩავარდნებიც გააცოცხლე.
უამისოდ ხომ ცხოვრებას მტკნარი გემო აქვს.
მოდი, იმ წლებში მე ავდგები და სულაც გავქრები,
დედის ნელ სიკვდილს რომ ვუყურებდი.
შენ ითამაშე, როგორც იყო, როგორ უყვარდი  თამამი ყველას.
როგორ შეგქონდა ყველგან სხივი სიხარულისა.
მე იმ წელსაც გამოვტოვებ,  მამის პალატას რომ მაწვიეს.
მან რომ ვერ მიცნო,
რადგან სიკვდილის შეცნობისთვის ემზადებოდა.
მომდევნო წლებსაც -
ტკივილი რომ საიდუმლოდ გადავაქციე და ღრმად ჩავკეტე.
შენ ითამაშე და დამატკბე შენი სილაღით,
რაც ასერიგად უხდება ყველას.

ახლა ჩამოვჯდეთ და ერთმანეთს ულამაზეს წლებზე მოვუთხროთ,
სიყვარულის წარმტაც ზღაპრებზე.
მეც მოგიყვები ოქროს წლების ბრწყინვალებაში
ჩაკეტილი საიდუმლო როგორ განქარდა.
შენ მიამბე და გამახარე შენი მიღწევით კარიერაში.
მე დაგიმალავ: რასაც ჩემში დიდ მომავალს წინასწარჭვრეტდნენ,
ფუჭი აღმოჩნდა და იქვე ჩარჩა.
და ახლა არარეალიზებულობას  აქ, საიტზე
პოეტობანას თამაშით ვიხშობ.

აქ მოვრჩებოდით თამაშსა და მოგონებებს,
მაგრამ ჩვენ უკვე დავმეგობრდით.
მე მევალება, როგორც მეგობარს შენი სიმძიმის
წილი ვიტვირთო.
რადგან ისეა მოწყობილი წუთისოფელი,
რომ უმზეურეს სიცოცხლესაც სიკვდილი  ჩრდილავს,
გამიზიარე: თავს როგორ ევლე ავადმყოფ მშობელს,
როგორ იბრძოლე და დამარცხდი...
და რა მწარეა მონატრება.
მე გამოვტოვებ,( აბა ამას რა მომაყოლებს) რომ ადამიანს,
ვინც მშობელზე მეტად მემშობლა,
ვინც თავისი პირადული შორს მოისროლა ჩემი გულისთვის,
ვერ მივუხვდი ინსულტის ნიშნებს.
ხელის გულზე ერბო-კვერცხის შეწვის მაგივრად,
მას  სიცოცხლის რამდენიმე წელი წავართვი...
და რა მძიმეა სინანული.
ახლა  სიზმრებში, უხეირო ლექსის მსგავსად, ვასწორებ წარსულს.

რაღა დამრჩება შენთვის სათქმელი.
ჩემს თავს სულაც გამოვტოვედი, რომ არა ორი მკვეთრი სხივი,
ჩემგან ნაშუქი,  შვილების სახით.

შენ ყველაფერი მიამბე შენზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები