ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2018


პოეტური მინიატურები

* * *
ახალგაზრდა ბერს 
გადახდილი საბანი
სიზმარში  დედამ შემოუკეცა,
გაეღვიძა და
სიცივისგან აკანკალებულს გაეღიმა.


* * *
მოერიდა და ერთი ცოდვა
ვერ გაუმხილა,
მიწის გულიდან
კიდევ ერთი ლურჯი ნარი
ამოსკდა.

* * *
სიბერე - სასულეში გადაცდენილი
თოვლის ფანტელი,
ერთხელაც იქნება და
დაგახრჩობს.

* * *
დრო - უდაბნოში მიმავალი
თეთრი ქარავანი,
სადაცაა თვალს მიეფარება.

* * *
დავარდნილს მხარი შეაშველა,
წამოაყენა,
რომელი იყო ამათგან ღმერთი,
ვერ გავარჩიე.

* * *
თავიდან მიწა თეთრი იყო,
თოვლივით თეთრი,
კაენმა როცა აბელი მოკლა,
მაშინ გაშავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები