ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2018


პოეტური მინიატურები

* * *
ეზოში  მოფუსფუსე პაპაჩემს
ფოთოლი მხარზე ჩიტივით აზის.
შემოდგომაა.

* * *
შაოსანი ქალბატონის პორტმონეში
შვილის გაცრეცილი სურათი -
ერთდროულად განძი და ლოცვანი.

* * *
სიცოცხლესავით იწვოდა
კელაპტარი,
ჩამწვარი ფითილის კვამლი კი
სულივით ადიოდა ცაში.

* * *
ნასახლარის ქვას
მუხლებზე უზის
ხავსიანი დარდი და ფიქრობს,
წამოდგეს, მაგრამ ის არ იცის
საით წავიდეს.

* * *
ჯარისკაცს
ომში მშიერმა ძაღლმა შეჰყეფა,
მან აბგიდან მიწიანი პური გაუყო.

* * *
ყვავილი - წყლით,
ადამიანი ცრემლით
ირწყვება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები