ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო გოგიჩაიშვილი
ჟანრი: პროზა
1 აგვისტო, 2018


უსისხლოდ

ყოველ დილით,  ქუთაისი-თბილისის მატარებლის შემოსვლის დროს სადგურს მხრებში მოხრილი, მაღალი კაცი უახლოვდებოდა. მუდმივად უზარმაზარ, შავ ქოლგას შეფარებული მიიჩქაროდა. არც თავაზიანი სალამი ავიწყდებოდა კანტიკუნტად გამოჩენილი გამვლელებისთვის. ამ დროს, მისი მოუსვენარი მზერა წამით შეყოვნდებოდა ხოლმე  შემხვედრის სახეზე, მეორე წამში კი ისევ შეიმალებოდა კეხიანი ცხვირის ჩრდილქვეშ.

        მერე რამდენიმე წუთით ბაქანზე ელოდა მატარებლის შემოსვლას. თხელი ნესტოები ისე უთრთოდა როგორც ნარბენ ცხენს. ცოტა თვითონაც ჰგავდა ცხენს, დაღლილს და ფერდებჩაცვენილს, მოუთმენლად რომ გაჰყურებდა დასავლეთს.  ბოლოს  ჩამოდგებოდა მატარებელიც. მშვიდად, უთვალავჯერ გამეორებული მოძრაობით გაიღებოდა კარები, ჩამოვიდოდა ჩამომსვლელი და გაიზლაზნებოდა ისევ. კაცი დაელოდებოდა ბოლო მგზავრსაც, გააცილებდა ჩუმი მზერით, მერე ოდნავ დაიქნევდა თავს, აქაოდა არაფერი გამომრჩაო და შეტრიალდებოდა უკანა გზაზე.

        პატარა ქალაქის ჩვეულებად იქცა შავქოლგიანი კაცი. აღარც არავინ აქცევდა ყურადღებას. ისევე აღიქვამდნენ, როგორც დილაადრიან ქუთაისი - თბილისის მატარებლის მჭახე სიგნალს - მიძინებულ ქალაქს რომ გამოაფხიზლებდა ხოლმე. იქნებ კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო ასე, მაგრამ, იმ დილით,საუბედუროდ, მარცხენა ფეხზე ადგა სხვა, ასევე ამ ქალაქის ბინადარი. ან იქნებ ცუდი სიზმარი ნახა? კიდევ სხვა, ათასი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, რის გამოც სამყარო ეზიზღებოდა ამ კაცს. ჰალსტუხზე გადმოკიდებულ მსუქან ღაბაბში აწვებოდა ეს ზიზღი და გადმოხეთქვას ლამობდა. ამიტომაც, გზაზე დაუდევრად გადასულმა აწოწილმა შავქოლგიანმა ისე მოუშალა ნერვები, რომ მანქანიდან გადმოხტა. ყოველდღიურობასავით უფერული იყო მისი მზერა. ეს უფერული, თითქმის ყვითელი თვალები ზიზღით მიაჩერდა უზარმაზარი ქოლგის ქვემოდან მომზირალ დაბნეულ კაცს. წითელ ღაბაბში ჩაბუდებულმა ბოღმამ გასაქანი იპოვა;

        - აღარ მოვა, გაიგე, სამუდამოდ მიგატოვა!  რას დაეხეტები, საქმე არ გაქვს?!

        მერე სერიოზული სახით მიუჯდა მანქანის საჭეს, როგორც შეეფერებოდა ღირსეულ წევრს საზოგადოებისას. უკან აღარ მოუხედავს, თორემ დაინახავდა, როგორ ჩამოცურდა  შავი ქოლგა  შუა ქუჩაში გაშეშებულლი კაცის გამხდარ მხრებზე, კეხიანი ცხვირის კუთხეში ერთდერთი ცრემლი ჩამოცოცდა და ნიკაპთან გაწოლილ ღარში იპოვა გზა. მერე ნელა შეტრიალდა და მძიმე ნაბიჯებით გაუყვა გზას. ძირს დავარდნილი ქოლგისთვის არც შეუხედავს. აღარ სჭირდებოდა არაფერში...

      ჩვეულებრივად გრძელდებოდა ცხოვრება. დილით ადრე ისევ მოაყვირებდა ხოლმე მატარებელი  და გამოაფხიზლებდა პატარა ქალაქს. მხოლოდ შავქოლგიანი კაცი აღარ გამოჩენილა. არც მოუკითხავს ვინმეს. ისე დაივიწყეს, როგორც ვიცით ხოლმე  დავიწყება ადამიანებმა...

       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს