ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პროზა
4 აგვისტო, 2018


1

სანამ პატარა, წითური ბიჭი სტვენა-სტვენით დაღმართზე ჩამორბოდა, იდგა კაცი ბებერი და უჭორფლო. შეხედა, როგორ მიიჩქაროდა შინისაკენ და მოხუცდა. ნახა, მზე რომ მიქონდა დებისთვის და მოხუცდა. ჩქარაო- მიაძახა, თვალიღა გააყოლა და მოხუცდა.
ქირსეზე დასაკლავი ღორივით გამისუქებიაო დარდი. სულ ამოვღობე, ამოვაშენე, აღარც დარაჯი მივუჩინე, აღარც აბრაგებს მივასწავლე, აღარც მზის სხივი მივაკარე, აღარც ჩიტის ხმა. ჰოდა, ღორივით გამისუქებია-მეთქი. მუხის ფესვი არ შემინახავს მიწაში და მორწყვით როგორღა მოვრწყავდი?! როგორ ამოვზრდიდი?! ღორების სამენძელოდ თუ გავიმეტებდი ასე, თორემ კაცის საჩრდილობელი არ მოიძებნა ამ ქვეყანაზე. ოქრო-ვერცხლი არამქონია და რაც მოვაგროვე- დარდია კაცისა და მხეცის, ჩქარაო -რომ მიაძახა, თვალიღა რომ გააყოლა
განა, ტვირთს მივეზიდებოდი დაუძლეველს? განა, ჩიტს მივდევდი აფრენილს ოზედან ? პურის ერთი ნამცეცი არ დამვარდნია აქეთობისას, მოვდიოდი და მოვდიოდი. შენ კი, კამკამა წყაროს რომ კოცნიდი, ახლა დამჯდარხარ ქვაზე, ნაწნავს შლი და შვილთაშვილის სახელს იხსენებ. თმას იშრობ მზეზე და ეს უფრო აღზევებაა. თითქოს შავ ტალღებს გაატანე გველის ტყავი და ქერცლი თევზისა მოიბანე ვერცხლის მთვარეში.
გაშალე სუფრა - ასი წელი რასაც უცდიდი, აღსრულდა ახლა.
ცხრა შვილი გავზარდე. ომი რომ მოვიდა, ცხრავე სარდაფში გამოვკეტე. ვუყრიდი ფქვილსა და მარილს, ვუსხამდი რძესა და ღვინოს, თავად კი, ცივ და მლაშე სირცხვილს ვჭამდი. სირცხვილს უტკბილეს.
უსასრულო დერეფნებში, ჭერმაღალ დარბაზებში დაიწყო სიჩუმე.
მე მესმის, რაზე ჭორაობენ მოახლეები. მე ვიცი , მოხუცი მებაღეების ყველა საშინელი საიდუმლო. დარაზულ დარაბებში იზრდება ჩემი გავლენა.
შენ კი, კამკამა წყაროს რომ კოცნიდი, ახლა მოლოდინში უნდა დაილიო, გათავდე მოლოდინში - გამთენიისას მობრუნდებიან მეთევზეები, ამ გაზაფხულზე პირველ ნაყოფს მოისხამს ნორჩი ტყემლის ხე და რამდენი აყვავდება უკანასკნელად. ჩასაფრებული კი არა, მომლოდინე უნდა იყო. კაცის ხელით დაწერილი მთავარი წიგნი კი იმსისქე სიკვდილამდე ვერ აუვიდე. განა ფაუსტი სულელი არ იყო?! განა დონ კიხოტი არ იყო ლამაზი?!
დანარჩენი წმინდა წყლის პოეზიაა...


როგორ მეცნობა ეს კაცი კოხტად ჩაცმული, მოწესრიგებული, როგორ გავს ეს კაცი მიცვალებულს. მაგრამ ქარივითაა მისი ფიქრი, ხანგრძლივია მისი სიზმარი. ერთი ფოთოლი არ მოწყდება ხეს უიმისოდ. ერთი კვირტი არ გაიშლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები