ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2018


პომიდვრის გამყიდველი

დასვრილი სახით,
მამის გამონაცვალი სპორტული სამოსით,
თვალებში ჩადებული მუქი ფერის ლინზებით,
ყოველ დილით გავდივარ სახლიდან და პომიდორს ვყიდი.
საუბედუროდ, ჭილოფის ქუდი ძალზედ უხდება ჩემს ხორბლისფერ თმებს,
ჩემს ხორბლისფერ თმებს მზეზე გახუნებაც უხდება,
ამის გამო ორი ზომით დიდი კეპი მახურავს,
ნიუ იორკის ინიციალებით,
და შიგ შეკეცილი ჩემი თმებიც გადმოცვენის ყოველდღე მეშინია.
ასე ჩაცმული, ყოველ დილით გავდივარ სახლიდან,
მივდივარ ბაზარში, დახლს ვაღებ და პომიდორს ვყიდი.
ვუფრთხი ნაცნობებთან საუბარს,
ვცდილობ მალე მოვიშორო ყველა თავიდან და იაფად ვაძლევ პომიდორს,
მახარებს უცხოებთან ურთიერთობა,
რადგან არასდროს უკითხავთ ჩემი მისამართი,
არ გამოუთქვამთ შინ გაცილების სურვილი,
და არასოდეს აღუნიშნავთ
რომ ისე ლამაზი ვარ, პომიდორს კი არ უნდა ვყიდდე,
შინ უნდა ვიჯდე და ველოდო ისეთ ქმარს,
რომელიც ჩემს ცხოვრებას უზუნველყოფს.
სხვა გოგოების მამები თუ ლამაზად ჩაცმას უშლიან შვილებს,
მე მამაჩემი მეუბნება, რომ უფრო გამომწვევად ჩავიცვა.
მეუბნება რომ მოვიცილო პროვინციული კილო,
რომელიც პომიდორის გაყიდვის დროს ავიკვიატე,
მეუბნება რომ ვიყო უფრო თავაზიანი,
განსაკუთრებით ჩემი ტოლი, და ცოტა დიდი ბიჭების მიმართ,
თითქოს ის ხურდა ვიყო, რომელიც პირველ მუშტარს ვერ დავუბრუნე
და გვერდით მყოფი გამყიდველისაგან ვინათხოვრე დილით,
თითქოს ის ყუთი ვიყო, რომელსაც პომიდორით სავსეს ვატან მუშტარს,
ის კი სანაცვლოდ უპომიდოროს მიტოვებს,
თითქოს ის სპორტული ზედა ვიყო, მამაჩემისგან რომ ვნათხოვრობ ყოველდღიურად,
არა და ბევრი ოცნებაც კი არ გამაჩნია,
მართლა მინდა რომ დავიხურო ჭილოფის ქუდი,
ჩავიცვა ჩემი ასფალტისფერი კაბა,
ვიყურებოდე ჩემი ცისფერი თვალებით და ღიმილს ვჩუქნიდე ყველა მუშტარს,
და ამ ყველაფერს ვაკეთებდე შიშის გარეშე,
შიშის, რომელიც წყევლასავით გვტანჯავს გოგოებს,
შიშის, რომელიც აგზნებული თვალებიდან მოდის,
შიშის, რომლის საბაბი სულაც არ არის უსაფუძვლო,
სწორედ ამიტომ, ყოველ დილით, დასვრილი სახით,
მამის გამონაცვალი სპორტულებით და ორი ზომით დიდი კეპით,
გავდივარ სახლიდან, ვაღებ დახლს და პომიდორს ვყიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს