ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 აგვისტო, 2018


მამა სიკვდილს ებრძვის

ამერიკულ მწერლობაზე როდესაც საუბრობენ, ძირითადად, ჰემინგუეის ახსენებენ, თუმცა ახლა სტაინბეკზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა: მისმა შესანიშნავმა რომანმა „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ საქათველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან გარკვეული პარალელები გამავლებინა. ნააწარმოები ერთგვარი დაპირისპირებაა მამა-შვილ ჰოულებს შორის. ითენი (მამა) პატიოსანი კაცია, სახელოვანი გვარის შთამომავალი, რომელიც, როგორც თავად იტყოდა, „ძაღლის გაგდებულ იტალიელთან“ ნოქრად მუშაობს. იგი განიცდის თავისი ოჯახის ხელმოკლეობას და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. საკუთარ მამას ადანაშაულებს, რომ ქონება გაანიავა და უკვე ზრდასრულ ასაკში, ცდილობს თავის თავს შთააგონოს „მიზანი ამართლებს საშუალებას“. ითენის პერსონაჟი საკმაოდ მახვილგონივრულად და მოხერხებულად ქმნის ისეთ ვერაგულ სქემას, რომელიც ნოქრობიდან მაღაზიის მფლობელობამდე, აეროდრომისათვის საჭირო ადგილის დასაკუთრებამდე და მერობის კანდიდატობამდეც კი მიიყვანს. როგორც ნაწარმოებში რამდენიმეგან ჩანს, პერსონაჟი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მთავარია ქონებისა და გავლენის მოპოვება და მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით ახერხებ ამას. მას მოჰყავს საზოგადოებისთვის პატივსაცემი რამდენიმე ადამიანის მაგალითი, რომელსაც არავინ უხსენებს ძველ ცოდვებს და პირიქით, კრძალვითა და მოწიწებით ეპყრობიან, რისი მიზეზიც სწორედ მათ მიერ მოხვეჭილი ქონებაა და გავლენაა. ალენი (ითენის შვილი) 14 წლის მოზარდია. ის ესსეს წერს, რათა შეერთებული შტატების მასშტაბით ორგანიზებულ კონკურსზე გააგზავნოს. ბიჭი ოცნებობს, რომ ესსეების კონკურსში გაიმარჯვოს, მილიონობით აუდიტორიის წინაშე ტელევიზიით გამოვიდეს და სახელი მოიხვეჭოს. ტექსტში კარგად ჩანს, რომ ალენი, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრი, დაღლილია ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და მამასთან საუბარში ამართლებს ისეთ პიროვნებებს, რომლებმაც აფიორისა და მაქინაციების გზებით წარმატებას მიაღწიეს. „მერე რა, მთელი ქვეყანა ასე იქცევა“ - ამბობს ალენი და საკუთარ დას, ელენს ცხვირ-პირის გაერთიანებას უპირებს, რადგან ელენმა ესსეების კონკურსის კომისიას ანონიმურად აცნობა, რომ მისი ძმის ნამუშევარი პლაგიატი იყო. არადა, ალენ ჰოული მთელი ქვეყნის ხუთ საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა და ელოდა, როდის გამოუგზავნიდნენ თვითმფრინავს, რათა ნიუ-იორკში ჩასული, მილიონობით მაყურებლის წინაშე ტელეეთერით გამოსულიყო. სწორედ ამ მომენტში იხსნება რომანის კვანძი. წვიმიან ღამეს, ითენს ესსეების კონკურსის წარმომადგენელი ეწვევა და სთხოვს, მისი შვილის ავანტურა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან თავადაც არ სჭირდებათ იმ ფაქტის გახმაურება, რომ პლაგიატი ნაწარმოები გამარჯვებულთა შორის მოხვდა. ითენი ამ დროს უკვე მდიდარია, მისი გეგმა წარმატებით განხორციელდა, რასაც მაღაზიის მფლობელი იტალიელი მარულო და მისი ბავშვობის მეგობარი, უკვე გალოთებული დენი ტეილორი შეეწირენ. მას შემდეგ, რაც მამა-შვილის საუბარი შედგება და ითენი აღმოაჩენს, რომ ბიჭს სინდისის ქენჯნა არ აწუხებს და აბსოლუტურად ამართლებს მის მიერ ჩადენილ საქციელს, რადგან „ყველა ასე იქცევა“, მამის პერსონაჟი სახლიდან მიდის და ჯიბით სამართებელი მიაქვს, რათა რომაელივით გადაიხსნას ვენები და სიცოცხლეს გამოეთხოვოს, თუმცა მოგვიანებით, ჯიბეში ჰოულების ოჯახის თილისმას აღმოაჩენს...
თუ რა არის თილისმა, ამას არ ვიტყვი. ვისაც წაკითხული არ აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ვგულისხმობ, როგორც ითენ ჰოული თავის შვილებს ეუბნებოდა, სხვადასხვა სიტყვის მნიშვნელობა ლექსიკონში იპოვეთო, ასევე ვურჩევ, რომ ზემოხსენებული რომანი წაიკითხოს და თავად გამოიტანოს დასკვნა.
ჩემი აზრით, ნაწარმოების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ზრდასრული, წესიერი ცხოვრებით ნაცხოვრები ითენ ჰოული ვერ იტევს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც, თითქოსდა, ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სხვათა უბედურების ხარჯზე. ხოლო მისი შვილი, აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, რადგან „ყველა ასე იქცევა“.
ბოლო 25 დღეა, რეანიმაციაში მამაჩემის ჩავარდნილ ლოყებსა და ნაოპერაციებ თავს ვუყურებ. 25 დღეა, იგი კომაშია და ექიმები სანუგეშოს ვერაფერს გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში, სამჯერ გამოგლიჯეს სიკვდილს ხელიდან. მამამ მთელი ცხოვრება პატიოსნად გაატარა და დარწმუნებული ვარ, თვითმკვლელობაზე არასდროს უფიქრია. მით უმეტეს, არც მის შვილებს ჩაგვიდენია ისეთი ქმედება, რომ ალენ ჰოულივით თავისმართლება დაგვჭირვებოდა. ახლა ვიაზრებ, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითი შვილისთვის. მამაჩემი მართლმადიდებელი ქრისტიანია და ალბათ, რაც არ უნდა დამეშავებინა, თვითმკვლელობაზე ფიქრს არ დაიწყებდა. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, განსხვავებით 50-იანი წლების შეერთებული შტატებისგან (რომელ პერიოდშიც ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება), გაცილებით ადვილია, საკუთარი მშობელი თვითმკვლელობამდე მიიყვანო. ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელი მოვლენები ძალიან მაფიქრებს - საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის ლეგალიზება დაუშვა. წარმომიდგენია, რამდენი მოზარდი აუქნევს მშობელს ხელს და შეიძლება, კანაფი სახეშიც კი შეაბოლოს, რადგან კანონი ამის საშუალებას აძლევს. აქვე, იმასაც დავძენ, რომ „გირჩის“ მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციაში, მხოლოდ 1 წლის განმავლობაში, 4 000-ზე მეტი ქართველი ვაჟკაცი პასტორად დარეგისტრირდა, რათა სამხედრო სამსახური აერიდებინა თავიდან. რა გამოდის? ჩვენ საკუთარ შვილებს ვუქმნით ისეთ რეალობას, სადაც ნარკოტიკის მიღება, თუნდაც მსუბუქის, ყოველგვარი სანქციის გარეშე შეიძლება (რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ მარიხუანის მოხმარების გამო, 7-8-წლიანი სასჯელის დაკისრებისა, თუმცა ლეგალიზაცია, დარწმუნებული ვარ, უარესი შედეგის მომტანი იქნება). ასევე, იმის მაგივრად, რომ 2 კონფლიქტური რეგიონის მქონე ქვეყანაში, სამხედრო სამსახური ღირსებისა და პრესტიჟის მწვერვალზე ავიყვანოთ (როგორც, მაგალითად, ისრაელშია), საკუთარ შვილებს პოტენციურ ნარკომანებად და დეზერტირებად ვზრდით, საშუალებას ვაძლევთ, წინაპრების მიერ ზღვა სისხლის ფასად შენარჩუნებლი სარწმუნოება უარყონ და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ შექმნილი რელიგიური სექტის წევრები გახდნენ. არადა, ჩვენს წინაპრებს, არათუ მუსულმანიზმის, არამედ კათოლიციზმის მიღების ძალიან დიდი შანსი ჰქონდათ, თუმცა ღმერთს მადლობა, რომ მათ მართლმადიდებლობა არ დათმეს და შედეგად, არც ანტისემიტიზმი ყოფილა საქართველოში, არც უმცირესობების სისხლი დაგვიღვრია და არც ქრისტეს სახელით გვიწარმოებია სისხლისმღვრელი ომები. როცა ქართველი კაცი ხმალს აშიშვლებდა, მუდამ საკუთარ ქვეყანას, ენას და სარწმუნოებას იცავდა. ისე, შეხსენებისთვის, ტერიტორიები, სადაც ქართული ეკლესია გაუქმდა, დღემდე დაკარგულია. ისევ სტაინბეკის რომანს დავუბრუნდები და აღვნიშნავ, რომ მოზარდისთვის ფსევდოფასეულობებისა და უწესობის თავსმოხვევა გაცილებით იოლია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისთვის. ალენ ჰოულები, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მრავლად არიან და ამ ბავშვებს სათანადო მაგალითი სჭირდებათ.
25 დღეა, მამას უგონო სხეულთან ვდგავარ და ექიმები პროგნოზისგან უკვე თავს იკავებენ. მათ თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს. ამ ვითარებაში, ადამიანს რამე მყარი ხელმოსაჭიდი სჭირდება, რომ არ შეიშალოს. მე არ მჯერა, რომ მაიმუნი ხიდან ჩამოვიდა, განვითარდა და ადამიანად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, იგი ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებაა, რომელშიც ღვთიური ენერგიაა. სწორედ ეს ფაქტი, რომ ღმერთი არსებობს და ის ყოვლისშემძლეა, ამ მძიმე ვითარებას ატანინებს ჩემს ოჯახს. მამასაც სჯერა ამის. მუხლები მტკივაო, მეტყოდა, ხატების კუთხესთან სკამზე ჩამოჯდებოდა და საათობით კითხულობდა ფსალმუნებს. მეც მტკიოდა ფეხები ბავშვობაში, როცა მამის გვერდით წირვაზე ვიდექი, მეძინებოდა კიდეც, მაგრამ მშობლისადმი პატივისცემა და ხათრი არ მაძლევდა საშუალებას, ეკლესიიდან გამოვსულიყავი. ახლა 32 წლის ვარ, საკმაოდ კარგად ვიცი ჩვენს დედა ეკლესიაში არსებული სიტუაცია. ჩემი არგუმენტები რა საჭიროა, როცა თავად სასულიერო პირები ამბობენ, რომ იქ ბევრი უღირსებაა, თუმცა, მე, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, რომელმაც თეორიულადაც და პრაქტიკულად შევისწავლე და განვიცადე ჩვენი რელიგია, გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ „ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან, ღმერთის დაშვების გარშე“.
საქართველო ახლა ისეთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფება, ქართველ ხალხს აუცილებლად ესაჭიროება მყარი საყრდენი და რაც არ უნდა გვიჩიჩინონ, რომ ეს საყრდენი რამე მატერიალური ძალაა, ფუჭი იქნება. ერთადერთი ძალა ქართველი კაცისთვის, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში იყო, მართლმადიდებლობაა. რაც არ უნდა მოხდეს, მტკიცედ მჯერა, ღმერთს ადამიანი უზომოდ უყვარს და ყველაფერი მისი ქმნილების მარადიული ცხოვრებისთვის ხდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მართლმადიდებლობა დედა ეკლესიის გარეშე არ არსებობს. ჩვენი ფილოსოფიით, ეკლესია ქრისტეს მისტიკურ სხეულს განასახიერებს დედამიწაზე, ხოლო მის თავად თვით ქრისტე მოისაზრება. ამიტომ ზოგიერთებმა რაც არ უნდა იძახონ, ქრისტეს მეგობარი ვარო, ტანის უარყოფით ვერასდროს მიაღწევენ თავამდე. მესმის, რომ ეს ნაკლებად ლიბერალურია, მაგრამ როგორც დოსტოევსკის პერსონაჟი (რომანიდან „ეშმაკნი“) შატოვი იტყოდა: „რაა ის რელიგია, რომელიც არის ერთ-ერთი“. რელიგია სწორედ იმისთვის არის, რომ იყოს ერთადერთი. 1920-იან წლებში, ჩვენ დედა ეკლესია დავანგრიეთ და ამას რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად ვიცით. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნგრევის ფორმას, იქნება ეს წერაქვით თუ სიტყვით. 25 დღეა, მამაჩემი სიკვდილს ებრძვის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მორალური სიკვდილი მან უკვე, კარგა ხანია, დაამაარცხა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები