ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2018


* * *

ერთხელ სადღაც, ვიღაც კაცი, რაღაც ამბავს მიყვებოდა,
კვამლში იყო გახვეული და ცრემლებად იღვრებოდა.
გარეთ წვიმდა, თან მზე იყო, ქალი მორცხვ ვაჟს ქვებს უშენდა,
იქვე ბავშვი ქვიშისგან სახლს, ახალ სატრფოს უშენებდა.
მთა ზანზარით მიწას სჭექდა, და საშინლად მძვინვარებდა,
შუქი ციდან გადმოსული ხალხში იმედს აღვიძებდა,
საიდანღაც ორ-სამ წუთში, უცებ რაღაც შეიცვალა...
ვერ გავიგე ამ ჩემს მთხრობელს რა უნდოდა? რად იწვალა?
ცრემლი ხელით მოიხოცა და თითებთან გაუქვავდა,
არ მესმოდა მისი ენა, რაღაც უცხო ანბანს ჰგავდა.
და იმ ქალმაც მოიწყინა მორცხვ ყმაწვილზე ქვების შენით,
ახლოს მიდგა, უბოდიშა, მიყვარხარო ვერ ვთქვი ენით.
ბავშვმა ბრაზით ქვიშიან სახლს ხელი დაჰკრა, დააქცია,
გულში სიყვარულის მძივმა ძველ სატრფოსთან გააქცია.
მთაც დამშვიდდა, აღარა სჭედს მიწას ძირი გაუბზარა,
თუმცა უთხრა რომ მის ქცევამ არც გუნება გაუხარა.
ამინდმაც კი ძველებურად დაიბრუნა თავის თავი,
ახლა მხოლოდ მზე იყო და ცისარტყელა ცად შვიდგვარი.
მაგრამ უცებ, სადღაც ვიღაც კაცს აუბა ქალმა მხარი,
რაღაც ლოთურ სუნს აფრქვევდა მისი უხმო საუბარი.
და მაშინმე საიდანღაც, მთამ დაიწყო კბილთა ღრჭენა,
აზანზარდა, აბობოქრდა, მიწას ძირი გაუხეთქა.
გარეთ წვიმდა, თან მზე იყო, რაღაც უცხო ამბავს ჰგავდა,
ქვიშის სახლთან ახლა იმ ბავშვს, სულ სხვა სატრფო თან მიჰყავდა.
იქვე ალბათ ორ-სამ წუთში, კვლავ თავიდან იწყებოდა...
მეჯდა გვერდით ვინმე კაცი და რაღაცას მიყვებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები