ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: რენუარი
ჟანრი: საბავშვო
7 აგვისტო, 2018


ბადურის ზღაპარი

შესავალი

ზღვისპირა ქვეყნის მეფე-დედოფალს,
ცხოვრება -
ერთ დროს ზღაპრული,  ტკბილი,
დრო გადიოდა - ებინდებოდათ,
არ ჰყავდათ შვილი.

როგორც ხომალდი -
გალაღებული
და მერე უცებ შეხლილი რიფებს,
მათი სამეფო
სევდის ფსკერზე იძირებოდა,
სწუხდა ხელმწიფე.

ხოლო დედოფალს,
სულ უფრო ხშირად,
ცრემლებით სავსე
ჰქონდა თვალები
და ცხვირსახოცებს
უცვლიდნენ ციმციმ
სეფექალები...

ეჰ, არამარტო!
ჯადოქრისაგან
იყვნენ დასჯილი და დაწყევლილი,
მარტო სამეფო ოჯახს კი არა,
არ უჩნდებოდა
არც ერთ წყვილს შვილი.

ენატრებოდათ ჩვილის ღიმილი,
მისი ალერსი და სიყვარული,
მაგრამ ბოროტ სულს  ყველა პატარა
გულდაგულ ჰყავდა გადამალული.

მზე ისევ ისე ამოდიოდა,
ზღვა ისევ ისე
არწევდა ტალღებს,
ოღონდ რატომღაც,
ყვავილები არ იშლებოდა -
ეძინათ ბაღებს.

ბებიაქალებს
ნაცრის ქექვისგან,
მთლად გამურული
ჰქონდათ ხელები,
ბუზღუნ-ბუზღუნით მიმოდიოდნენ
აკვნისმთლელები.

ბრძანა ხელმწიფემ
მოყვანა ბრძენის,
ვარსკვლავთმრიცხველის,
მკურნალის, მისნის,
გამოაცხადა:
ვჩუქნი სამეფოს,
ვინც ჩვენს პატარებს
ნახავს და  იხსნის.

1. ბჭობა

გათენდა დილა
და ამობრწყინდა
მზე ვებერთელა, ჩახჩახა, მწველი,
მეფის წინაშე წარსდგა პირველი -
ვარსკვლავთმრიცხველი.
-დიდო მეფეო, ეს ყველაფერი
კარგა ხანია მინდოდა მეთქვა,
ბავშვებს ვიპოვნით,
მერკურის ეტლი
როდესაც მივა მარსის მინდორთან,
მაგრამ  მეფეო,
დიდი დრო უნდა
და უნდა გითხრათ ახლა მთავარი -
მერკურის მისვლას მარსის მინდორთან
თქვენ რომ მოესწროთ,
შანსი არ არი!

მეფე დაღონდა....

შემდეგ წამოდგა,
სიტყვის სათქმელად
ბრძენი ჭაღარა:
-დროს რომ გავუსწროთ,
ჩვენ დაგვჭირდება
დროის მანქანა!
ის - რაც აქამდე არავის აქვს და,
ის - რაც ვერავინ ვერ შექმნა დღემდე...

აქ, კიდევ უფრო დაღონდა მეფე...

ადგა მკურნალი,
სთქვა: მტერი ენდოს,
ციურ ნიშნებს და მარსის ბორიალს,
საუბედუროდ, ჯადოს წამალი
ჯერაც არავის მოუგონია.

თავისთვის იჯდა,
ხმას არ იღებდა,
ზღვას გასცქეროდა მეფის მისანი
დახუჭა თვალი, ჩაიჩურჩულა:
მხსნელს ვხედავ...ზღვასთან...სწორედ ის არი!
მებადურია, ჰქვია ბადური,
ერთი ნავი აქვს, ერთი ფანდური,
ის ზღვის ნაპირას თავისთვის მღერის,
მიუგდეთ ყური -
სხვა არაფერი...

2. ბადურის სიმღერა.

ნავით გავედი სათევზაოდ გათენებამდე,
თანდათან გაქრა ნისლები  და გადაიდარა,
ჩემს ნასროლ ბადეს
თევზის მაგივრად
მოჰყვა ნიჟარა.
თითქოს მზის სხივმა
გაანათა უცებ უკუნი,
ყურზე მივიდე,
ზღვის ხმა არა -
გავიგონე ჩვილის ღუღუნი.
ჰო, ასე იყო,
დაჯერება ალბათ ძნელია,
თქვენი შვილები იმ ჯადოქარს
ნიჟარებში ჩაუმწყვდევია.
ისევ და ისევ
ვისროლე ბადე,
გულმა იხარა,
და საღამომდე
შევაგროვე ყველა ნიჟარა.
დავივლი ახლა
ყველა სახლს და ყველა სასახლეს
ვისაც ნატრობდით ასე დიდხანს,
დღესვე გაახლებთ!
თვალს რომ აახელთ
სასთუმალქვეშ იპოვნით თუკი,
ლამაზ ნიჟარას,
მაშინათვე ახადეთ ხუფი!
გაქრება ჯადო,
მხიარული მღერით, ტიტინით,
ამოსხდებიან პატარები - მარგალიტივით.


3. ბოლოთქმა

და ყველაფერი მოხდა ამრიგად,
როცა ბადურმა
ნიჟარები ჩამოარიგა.

მეფე-დედოფალს
დაუტოვა წყვილი ნიჟარა,
ხოლო იქიდან დედოფალმა
ტყუპი პრინცი ამოიყვანა.

მთელი ქალაქი გაიშალა
როგორც მაისი,
ყველა სახლიდან
„აღუ“, „აღუ“,
„აღუ“ - გაისმის.

სიტყვა სიტყვაა!
ან ქვეყანა როგორ გამეყო?!
უთხრა მებადურს მეფემ:
გქონდეს მთელი სამეფო!

მადლობას გიძღვნი,
აქ ბადურმა აამღერა თავის ფანდური:
დე, დავრჩეთ ისევ
შენ მეფე და
მე მებადური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს