ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო გოგიჩაიშვილი
ჟანრი: პროზა
7 აგვისტო, 2018


წარსული მომავალში

        ის  ჯერ ოცდაშვიდი წლის იყო და თავს ძალიან ახალგაზრდად გრძნობდა.  ქალმა პირსახოცი მოიხსნა და სველი თმა შეარხია. სარკეში უნაკლო ფორმები აირეკლა. წარმოუდგენელ კმაყოფილებას ანიჭებდა ამ მშვენიერი სხეულის ჭვრეტა, რომელმაც მოუტანა სრული ბედნიერება. ყოველთვის იცოდა, რომ შეეძლო მარტივად მიეღო ყველაფერი, რასაც თავისივე ღრმა რწმენით  ყველაზე მეტად იმსახურებდა. თუმცა საკუთრი შეცდომების გამო ცოტა დაიგვიანა, მაგრამ ბოლოს მაინც აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო მისნაირი ქალი. ის კიდევ ერთხელ შეტრიალდა სარკის წინ და ხალათი გადაიცვა. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ლამაზი უნდოდა ყოფილიყო. საკუთარ დაბადების დღეზე არავის არ უნდა დაეჩრდილა მისი მშვენიერება. ამისთვის ბევრი დრო აღარ ჰქონდა. თმა შეიშრო და სალონში წასასვლელად მოემზადა. თუმცა გასვლამდე გაახსენდა, რომ ყავა არ დაელია ჯერ. იცოდა, მერე თავის ტკივილი დაეწყებოდა ამის გამო. არა, სულაც არ უნდოდა დღევანდელი დღის გაფუჭება. სამზარეულოში შეტრიალდა და ჯავზი გაზზე დადგა. ყავის მოლოდინში ტელეფონი აიღო და უინტერესოდ ჩაათვარიელა ინტერნეტ ამბები. აქ ყველაფერი ჩვეულებისამებრ იყო; პოლიტიკური დაპირისპირებები, ვიღაცის ცხოვრების განხილვა, ვიღაცის დაცინვა და ვიღაცის გაკილვა...  ეს ყოველდღიურობა იყო და მისი ყურადღება ვერ მიიქცია.  ადგომას აპირებდა უკვე, რომ თვალში მოხვდა ერთი განცხადება:

        "რვა წლის საბა მახვილაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გერმანიაში.  საკმარისი თანხის მოძიება ოჯახს არ შეუძლია და თუ დახმარების სურვილი გაქვთ, გთხოვთ ჩარიცხოთ...  " და ა.შ. ქალმა კიდევ ერთხელ გადაიკითხა განცხადება და სურათს დააკვირდა. ის იყო, ეჭვის შეტანა  არ შეიძლებოდა. იგივე თვალები, იგივე ღიმილი და იგივე შრამი მარჯვენა წარბთან. თითქოს არც კი შეცვლილიყო ამ ხუთი წლის განმავლობაში. ჯავზიდან ყავა ამოვიდა და შიშინით ჩადიოდა გაზზე, მაგრამ ქალს ეს არ ესმოდა. საიდანღაც, მოულოდნელად გადაუდგა გზაზე წარსული და მისი დაწყობილ-დალაგებული ცხოვრება ერთბაშად ჩამოამხო თავზე. არადა ეგონა, ის ცხოვრება ხუთი წლის წინ მოიშორა, როგორც ხვლიკმა საკუთარი კუდი და უმტკივნეულოდ მიაგდო სადღაც. მერე, ამ კუდის გარეშე უფრო ლაღად გააგრძელა ცხოვრება იქ, სადაც მისი ქმარი აღარ იყო გიორგი მახვილაძე, რომელზეც ერთ დროს ბავშვური თავდავიწყებით ოცნებობდა. ამ ცხოვრებაში სხვა სახელი და გვარი არსებობდა და იგი ნამდვილად უყვარდა. მარტო იმიტომ არა, რომ მან მისცა ყველაფერი, რასაც მუდამ ნატრობდა, არამედ იმიტომაც, რომ ის ნამდვილად იყო კაცი, რომელიც ნებისმიერ ქალს შეიძლებოდა ჰყვარებოდა. თავდაჯერებული, სანდომიანი, ჭკვიანი... მას მუდამ უთქმელად ესმოდა მეუღლის სურვილები. იმდენად ბედნიერი იყო ახალი ცხოვრებით, რომ თავი დააჯერა,  თითქოს ის ძველი აღარ არსებობდა. არაფრის გახსენება არ სურდა იქიდან და არც იხსენებდა. ეგონა ის დრო მოკლა, მისი ნაწილი აღარ იყო, რადგან თავისი სხეულიდან მოიცილა და სადღაც, გზაზე დატოვა.  ასე ეგონა, მაგრამ ის  არსადაც არ იყო დაკარგული და მით უმეტეს, გამქრალი.  ეძინა მხოლოდ, რომ ახლა, ყველაზე შეუფერებელ დროს  გამოეღვიძა  და მთელი სიმართლით აღმართულიყო მის წინაშე.

            "საბა მახვილაძეს დაუდგინდა მძიმე დაავადება", უგუგუნებდა თავში ეს სიტყვები და აზრის მოკრებას ვერ ახერხებდა. როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო? ასე პატარა არ იმსახურებდა ტკივილს და თვითონ, რაც მთვარია, თვითონ არ იმსახურებდა ასეთ დარტყმას მაშინ, როცა ეგონა, რომ  პირთამდე სავსე იყო ბედნიერებით...

          დამწვრის სუნმა გამოაფხიზლა. ყავა დამშრალიყო და მიმწვარი ნარჩენების მძაფრი სუნით გაიჟღინთა სამზარეულო. წამოდგა, გაზი გამორთო და ფანჯარასთან მივიდა. ქალაქში ჩვეულებრივად გრძელდებოდა დღე. მზეც მხიარულად აფრქვევდა სხივებს და არაფრად ედარდებოდა ადამიანური ტკივილებით დახუნძლული დედამიწა. არც მისთვის აპირებდა ტვირთის შემსუბუქებას. ამოიოხრა და შეტრიალდა. მაინც უნდა ყოფილიყო დღეს საუკეთესო...



          - ძალიან ლამაზი ხარ საყვარელო! - მეუღლე ისეთი აღტაცებით უყურებდა,  როგორც უყურებენ ხოლმე უნაკლო ქალებს მამაკაცები, - მიხარია, რომ მზად ხარ. რესტორანშიც ყველაფერი მზადაა. დღეს შენი დღეა და ყველაფერი შენი იქნება. წავიდეთ?

          მას არ შეუმჩნევია დაბნეულობა მეუღლის უმთვარო ღამესავით მუქ თვალებში. ვერც იმას მიხვდა, რომ სხვანაირი იყო ქალი -  ფიქრიანი და აღელვებული. იქნებ იმიტომ, რომ დღევანდელი დღისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა თავადაც და სხვა დროს დაკვირვებულს ახლა ამისთვის არ ეცალა. გაოცდა, როცა დაინახა, რომ მეუღლე წასვლას არ ჩქარობდა. ის კი არა, ფეხს ითრევდა აშკარად.

          - რამე მოხდა? - ჰკითხა ბოლოს, უცნაური ხარ რაღაც...

        - კი, დავით, მოხდა, - ქალს ხმა აუთრთოლდა. უფრო დაძაბულობისაგან, რადგან არ იცოდა რა პასუხს მიიღებდა, - ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც...

        - იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ხვალ ვერ მეტყვი?

        - შემეძლო ხვალაც მეთქვა,  მაგრამ დღევანდელ საღამოს ვერ შევძლებ მშვიდი და ხალისიანი ვიყო თუ არ მეცოდინება შენი პასუხი.

        - კარგი, გისმენ, ოღონდ დაწყნარდი, - კაცმა შუბლზე აკოცა მეუღლეს და იგრძნო, მღელვარებისაგან გაყინულიყო ქალი, - ასე ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი...

        - ჩემი შვილი, - დაიწყო ქალმა და ხმა ჩაუწყდა. მერე ისევ მოიკრიბა გამბედაობა, - შენ იცი ჩემი შვილი, საბა. ის ავადაა, ძალიან და... ბევრი ფული სჭირდება, რომ გადარჩეს... წეღან გავიგე...

        - მოგაკითხეს არა ფულიან დედიკოს! - დავითს არც გაღიმებია, - და შენც უცებ დაიჯერე!

        - არავინ მოსულა ჩემთან, ინტერნეტში ვნახე შემთხვევით. მართლა ავადაა, გერმანიაში უნდა გაიკეთოს ოპერაცია. შენ შეგიძლია დახმარება დავით, გთხოვ, გააკეთე ეს ჩემს გამო...

        - რამდენია საჭირო?

        - ასი ათასი ევრო... - ქალმა ძლივს წაიჩურჩულა ეს სიტყვები და ქმარს ვედრებით შეხედა. არასოდეს შეუმჩნევია, რომ ასეთი ყინულივით ცივი შეიძლებოდა გამხდარიყო ქმრის ნაცრისფერი თვალები. შიში იგრძნო უნებლიედ. იმის გამო არა, რომ შეიძლებოდა უარი მიეღო, ამ ყინულივით მზერის შეეშინდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ქმარს შეიძლებოდა ასე შეეხედა მისთვის.

          - შენ ფიქრობ, ეს რამხელა თნხაა? - ახლა მეუღლის ხმაც მის გამოხედვას დაემსგავსა, - და ეს იმისთვის უნდა გადავიხადო, რასთან შენს ჩამოშორებასაც ხუთი წელი ვცდილობ. ხვდები მაინც, რას მთხოვ!?

        - დავით, ის ჩემი შვილია... მაინც ჩემი შვილი... - ქალი უმწეოდ ჩამოჯდა სკამზე, თითქოს ძალამ უმტყუნა. არ იცოდა, როგორ აეხსნა, რას გრძნობდა. ახლა სწორედ ის დავიწყებული და გადაგდებული გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი, - ქმარზეც, ახალ ცხოვრებაზეც, ყველაფერზე, რაც აბედნიერებდა. გზა რომ გაეგრძელებინა, მის შვილს უნდა ეცოცხლა. ეს ერთდერთი გამოსავალი იყო...

        დავითმა სიგარეტი ამოიღო, მაგრამ არ მოუკიდებია და იქვე მიაგდო.

        - არც მაქვს  მაკა ამდენი თვისუფალი თანხა, მართლა არ მაქვს. ეს სამასი ათასი ლარია. ისეთი მდიდარიც არ ვარ, შენ რომ გგონია. ასე უცებ საიდან მოვიტანო არ ფიქრობ?

        - არ ვიცი დავით, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, შენ უნდა დამეხმარო, სწორედ შენ, ვინც მიყვარს და ვისიც მჯერა!..

        დავითს ისევ გაეყინა მზერა.

        - და თუ არ მაქვს და ვერ დავეხმარე აღარ გეყვარები და ჩემდამი რწმენას დაკარგავ?.. მოდი ხვალ ვილაპარაკოთ მაგაზე კარგი? ვნახავ, რისი გაკეთება შემიძლია. ახლა კი გვაგვიანდება. ალბათ სტუმრები უკვე გველიან.





          მეორე დღეს ნაშუადღევს გაეღვიძა მაკას. ქმარი უკვე ამდგარიყო. საწოლში წამოჯდა და წინა ღამის გახსენებას შეეცადა. თუმცა ისე სტკიოდა თავი, მაშინვე ხელი აიღო ამ მცდელობაზე. წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ქმარი კომპიუტერთან იჯდა და რაღაცას წერდა. ოთახში შემოსულ ქალს გაუღიმა და თვალი ჩუკრა;

          - რომც არ ვიცოდე, ისედაც ნათელია შენი წუხანდელი თვგადასავალი.

          - თავი მტკივა, - მაკამ ქმარს აკოცა და გვერდით მიუჯდა, - შენ როგორ ხარ?

          - მე კარგად, ყავა კი არ მაწყენდა შენებური.

          - მოვადუღებ ახლავე, მეც მომიხდება, - მაკა წამოდგა და ყოყმანით შეხედა ქმარს, თუმცა კითხვა ვეღარ გაბედა და  სამზარეულოში გავიდა. ყავით დაბრუნებულს მეუღლე დივანზე დახვდა და გვერდით მიუჯდა.

          - აბა რას მეტყვი? - გაბედა ბოლოს, - შეგვიძლია რამე?

          - ადვილი არ არის, მაგრამ მოგიხერხებ მაგას. შენთვის ხომ იცი ყველაფერს გავაკეთებ.

        - დავით, როგორ მიყვარხარ!, - ქალს შვების ცრემლი მოადგა  - ვიცოდი, რომ უარს არ მეტყოდი.

        - მე ნახევარსაც ვერ შევძლებდი, ჩემს ძმას ველააპარაკე და ის დაგვეხმარება. არაუშავს, მერე დავუბრუნებ. ახლა მთვარია, შენ იყო მშვიდად.

        მაკას აღარაფერი უთქვამს. ქმარს მიეხუტა და მხარზე აკოცა.

        - არასოდეს დაგივიწყებ ამას, არასოდეს...

        - ანგარიშს ნომერი იცი? დამიწერე და დღესვე გავაკეთებ გადარიცხვას.

        მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ გუშინ დაბნეულობისაგან ანგარიშს ამოწერა დაავიწყდა. თუმცა თავი დაიმშვიდა, ინტერნეტში ადვილად ვიპოვიო. ამ დროს ტელეფონის ხმა გაისმა. სახლში რეკავდნენ.  დავითმა ყავის ჭიქა აიღო და ოთხიდან გავიდა, თვითონ კი ჩართულ კომპიუტერს მიუჯდა განცხადების მოსაძებნად. მონიტორზე დავითის საბანკო  ანგარიშის შესახებ ინფორმაცია იყო გახსნილი. ქალმა ინსტიქტურად ჩაათვარიელა გვერდი და მზერა გაუშეშდა - ხუთი მილიონ რვაასი ათასი ლარი!  საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. მას თავისი ანგარიში გაუხსნა ქმარმა და არც ხარჯვას უზღუდავდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ამდენად მდიდრები იყვნენ... უცებ გაახსენდა მეუღლის  ყინულჩამდგარი მზერა და გული მოეწურა. თითქოს  ახლა პირველად დაინახა ქმარი, რომლისთვისაც ძლივს გაბედა ფულის თხოვნა. უარიც არ მიუღია, მაგრამ... იგრძნო, რომ რაღაც უეცრად შეიცვალა მასში. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი...

        ქალმა სწრაფად შეიმშრალა უნებურად მომდგარი ცრემლი, გვერდი გამორთო და შვილისთვის გახსნილი ანგარიშის ძებნას შეუდგა, მაგრამ  ვერსად  იპოვა. "სად გაქრა?" ჩაიბუტბუტა და შუბლი ფიქრიანად მოისრისა.

        - ვერ ნახე? - ოთახში შემობრუნებულ ქმარს ჩვეულებისამებრ მშვიდი ხმა ჰქონდა.

        - არ ჩანს არსად, არც მახსოვს სად იდო, - მაკა არ შეტრიალებულა, - რა უნდა ვქნა?

        - ვიცი, რაც უნდა ვქნათ, ჩვენ თვითონ მივიდეთ მათთან და გავიგოთ. ძალიან მარტივია.

        - კარგი, მადლობა დავით, - მაკა სხვა დროს ჩაეხუტებოდა და კოცნით აავსებდა, მაგრამ ახლა არ შეეძლო ეს. რაღაც ჩასწყდა თითქოს გულში, რაღაც გაუფერულდა და გაფერმკრთალდა. ახლა არ შეეძლო ამაზე გადაბიჯება, -როდის შეგვიძლია ამის გაკეთება?

          - ხვალ დილით. ახლა ვერ მოვიცლი. არა მგონია რამე დაშავდეს მანამ. უნდა გავიდე, ცოტა დამაგვიანდება. აღარ იდარდო კარგი?  - ქმარმა თავი დახარა და ჩასჩურჩულა, -  მადლობას ამაღამ გადამიხდი, - მერე ტუჩებში აკოცა და თავისებურად მხრებგამართული გავიდა სახლიდან.

       

        მეორე დილით დავითმა პირობა შეასრულა და თავად მიიყვანა ცოლი ნაცნობ მისამართზე. აქ არაფერი შეცვლილიყო ხუთი წლის მანძილზე. ისევ ისე იდგნენ ფერდაკარგული კორპუსები, ტყუპისცალებივით რომ ჩემწკრივებინათ ქალაქის გარეუბანში რამდენიმე ათეული წლის წინ. თითქოს გამომეტყველებაც არ შეცვლოდა ხალხს. ამ კორპუსებს ჰგავდნენ, დაღლილობა ჩასახლებოდათ მზერაში.

        - გინდა ამოგყვე? - ქმარმა ყურადღებით ჩახედა თვალებში, - მგონი აჯობებს.

        - არა, მარტო მირჩევნია, - მაკა სწრაფად გადავიდა მანქანიდან, თითქოს ეშინოდა, არ გადავიფიქროო, -  მალე დავბრუნდები.

        ლიფტიც ზუსტად ისეთივე იყო, რაც ხუთი წლის წინ. საღებავგადაცლილ კარზე წარწერებიც კი იცნო. უნებურად გაეღიმა და შვიდიანს დააწვა, ლიფტი არ დაიძრა და გაახსენდა, რომ ხურდა იყო საჭირო. ისევ გაეღიმა. მართლა ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვა...

        ზარის დარეკვაზე ისევ აფორიაქდა და იგრძნო, როგორ მოაწყდა გული კედლებს, თითქოს გამონგრევას ლამობსო.  არ ეგონა, რომ ოდესმე კიდევ იდგებოდა ამ კართან. რაღაც გაცოცხლდა მასში, ადუღდა და ერთიანად აფეთქდა. ცოტა რომ დაეგვიანათ კარის გაღება, ალბათ გაიქცეოდა, მაგრამ არჩევანი უკვე აღარ ჰქონდა.  კარიდან ნაცნობი თვალები უყურებდა. ოდნავ გაოცებით, მაგრამ მშვიდი მოლოდინით. არაფერს ეკითხებოდა, ელოდა, რას ეტყოდა ყოფილი მეუღლე.

          - გავიგე, ავად ყოფილა საბა, - ქალი ვედრების თვალით უყურებდა, თითქოს უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არ მოისმენდა იმას, რაც ეკუთვნოდა და რისი გაგონებაც ეშინოდა სხვისი პირიდან, - როგორ არის?

          - კარგად იქნება, ყოჩაღი ბიჭია, ყველაფერს გადავლახავთ. - კაცს გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ შვიდად უყურებდა. გაოცებაც გაუქრა თვალებში.

          - შეიძლება ვნახო?

          - მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ბავშვს რას ეტყვი, ვინ ვარო? - კაცის თვალებში ტკივილმა გაიელვა, მაგრამ მხოლოდ წამით. როგორც ანარეკლმა იმის, რაც დიდი ხნის წინ იყო დავიწყებული.

          მაკა ისევ შეყოყმანდა. მერე გამბედაობა მოიკრიბა და პირდაპირ შეხედა თვალებში ყოფილ ქმარს;

          - მინდა დავეხმარო ბავშვს. ანგარიშს ნომერი მითხარი და ჩავრიცხავ თანხას. რაც შეიძლება მალე წაიყვანე საოპერაციოდ.

          - აღარ არის საჭირო, გუშინ ჩგვირიცხეს საკმარისი და რამდენიმე დღეში გავემგზავრებით. მადლობელი ვარ მაინც...

          - გთხოვ, აიღე! - ქალის ეს სიტყვები სასოწარკვეთილ ამოძახილს უფრო ჰგავდა. აუცილებელი იყო მისთვის ამის გაკეთება და არ იცოდა, როგორ აეხსნა ეს, - ბავშვის გამო გეუბნები, სიამაყის დრო არაა ახლა!

            - გარწმუნებ, რომ გვჭირდებოდეს, გამოგართმევდი. სიამაყე რა სახსენებელია, ჩემი შვილის გამო საკუთრ თავზეც ვიტყოდი უარს. - მერე  უცნაურად შეხედა ქალს, - დარწმუნებული ვარ ახლაც იმიტომ  კი არ ხარ აქ, რომ შვილის ბედი გაღელვებს, უბრალოდ არ გინდა, შენს უღრუბლო  ყოფას ჩრდილი მიადგეს, შენი იდილია რამემ შებღალოს... შეგიძლია მშვიდად გააგრძელო ცხოვრება, საბა კარგად იქნება!

          - - ვინ არის მა? - მოისმა ოთხის სიღრმიდან. ეს ხმა უცხო იყო მისთვის. საერთო აღარ ჰქონდა დიდი ხნის წინ მიტოვებულთან. არაფერს ეუბნებოდა და არაფერს ახსენებდა. მიხვდა, ის ნაწილი, რომელიც მოიცილა, მას აღარ ეკუთვნოდა. სამუდამოდ იქ დარჩა, სადაც ადგილი აღარ ჰქონდა. ყოფილი ქმრის გულგრილი მზერაც ამას მოწმობდა. მასში არც წყენა იყო, არც გაბრაზება, არც შურისძება. ყველაზე სასტიკი - გულგრილობა უმზერდა ასე დაუნდობლად.  ამაზე პასუხი არ არსებობდა და აღარც უთქვამს რამე. თავი დახარა და კიბეზე დაეშვა. მერე ლიფტიც გაახსენდა, მაგრამ აღარ შეტრიალებულა, უფრო აუჩქარა ნაბიჯს, რომ სწრაფად გასცლოდა კიდევ ერთხელ ამ ადგილს, რათა აღარასოდეს მობრუნებულიყო. აქ აღარაფერი იყო ისე, როგორც ადრე... მაგრამ იქ? ან იქ იყო? თვალწინ ყინულჩამდგარმა მზერამ გაუელვა...  მერე თვალები მაგრად დახუჭა, თითქოს შეეცადა ღრმად ჩაემარხა ყველა ეს განცდა და სწრაფად ჩაირბინა დარჩენილი საფეხურები.



     

   





   



   

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს