ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
9 აგვისტო, 2018


ომი და ვარდისფერი ლოყები

- გოგოს  ვარდ-გიშერასაო, ლოყებ-ატამასაო, თეთრი ხალათი  აცვია და  თავის სურო-ლიანა ტანითა სიოსავით მიირწევა და მოირწევა საავადმყოფოს დერეფნებშიო!
- ეგ, რანაირი  მოფერება არის ერთი, ბაბო, მეთქი.
- რა გინდა, გოგოვ, ეგრე ხმმამაღლა  ვიოცნებო და  მოგეფერო,  გენაცვალეო,  მიხარია, როცა წიგნით ხელში გხედავო.  ექიმი უნდა გამოხვიდე, შენი ჭირიმე! ჩემს ავადობას უსაშველოო. აიტეხეს და აღარ დადგნენ  დედაჩემი და მამაჩემიც. თეთრი ხალათი მოგიხდებაო,  არა და გული  მიფრიალებდა კატაბალახას წვეთების სუნზეც, განა უკეთა ვხდებოდი ხოლმე,  უფრო ვღონდებოდი, მაგრამ  ვიწვალე, ვიწვალე და როგორც იქნა ჩავაბარე სამედიცინოზე, დავამთავრე და გამოვედი თერაპევტი - შინაგან სნეულებათა ექიმი, დავდე ჰიპოკრატეს ფიციც : “ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას, და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა...“ და რაღა ბევრი გავაგრძელო, დავიწყე მუშაობა ჩვენი რაიონის საავადმყოფოში. თავიდან  თითქოს ადვილი იყო ყველაფერი:  გამარჯობა, მობრძანდით, უი, თქვენა ხართ შაქრო  პაპა, აა, ქეთო ბაბო, რამ შეგაწუხათ, რას უჩივით, პირველად როდის იგრძენით ტკივილი, უიმე, რამხელა წნევა გქონიათ,  აქამდე სად იყავით, ანკეტა გავხსნათ, ახლავე რეცეპტს გამოგიწერთ  და ა.შ. დავდიოდი და  საავადმყოფოს კედლებსაც  ნელ-ნელა ვეგუებოდი, თეთრ ხალათსაც, კაბინეტის კარზე გაუბედავ კაკუნსაც, ჩემს ვარდისფერ თუ წითელ ლოყბსაცა და ხანდახან აქა-იქა სროლის ხმასაც.
    იმ დღესაც ეგრე  გვეგონა ყველას და ყურადღება არ მივაქციეთ, მორიგი  სროლაა და წვრთენბი აქვთო.  მამაჩემი ძლივს მიათრევდა დიდ, ცომიან ვარცლს სათონეში, ბებიაჩემი თონეს უკეთებდა და უკეთებდა ხმელ ფიჩხს გასახურებლად,  მე ჯერ კიდევ სარკის წინა ვტრიაებდი,  ლოყებზე საბავშვო "პუდრს" ვიყრდი სიწითლის დასაფარავად,  დედაჩემი  საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა, აი, ამ დროს განათდა და სოფელში ჭურვი ჩამოვარდა. არ დავბნეულვართ, მე საავადმყოფოში გავიქეცი, ჩემებს სოფელი უნდა დაეტოვებინათ,  ბებიაჩემმა წასვლის წინ მიწა დაკოცნა, მერე სახლის კეთილ ანგელოზებს ჩააბარა თავისი მონაგარი. მამაჩემმა საქონელი გაუშვა გარეთ, მწყურვალები არ დაიხრჩვნენო, მერე  ლიახვ-ლიახვ  იარეს, ტყე-ტყე და გადავიდნენ სამშვიდობოს. იმ ღამით დაჭრილები შემოჰყავდათ და შემოჰყავდათ საავადმყოფოში.  ერთი ბიჭიც შემოიყვანეს, შემოყვანიდან ხუთ წუთში გარდაიცვალა, დაჭრილი იყო.  ფორმის ჯიბეში ურეკავდა ტელეფონი და ეწერა „დედა“. ვერ ვუპასუხე.  საერთოდაც, იმ დროიდან მოყოლებული  ვერც ერთ კითხვას ვერა ვპასუხობ, გარდა ერთისა: -  ის დაკარგული მიწები რომ დავიბრუნოთ, შენს სოფელში  დაბრუნდები?  - აუცილებლად! მერე რაა, რომ აღარც თეთრი ხალათი მაცვია და აღარც ვარდისფერი ლოყები  მაქვს, აგვისტოს კისკისა ატმებივით, ომმა  ჩამიქრო, როგორც ჩემი წილი სოფელი, სახლი, მიწა, წყალი  თუ  ზეცა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს