ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სერენა რომერსონ
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2018


სულთაბინა I

სულთაბინა I
(მეომრებს 888)

თორმეტი თვის მესამე  სამკაული, ზამთრის თეთრ საყოლეზე, ნორჩი მინდვრისფერი გვირისტის ამოყვანას შეუდგა. ტალახიანი ბილიკი მოხრეშილია. გზაზე ალაგალაგ ძროხებისგან მიმოშარდული ოქროსფერი გუბეები დგას, მზის თბილი სხივები სიმჟავის სუნს ამძაფრებს და ჰაერს მძიმედ ეზავება.
ფეხშიშველი გოგონაც მოხრეშილ ბილიკზე უმტკივნეულოდ ჩამორბის, ახლომდებარე ნაკალუდს ხელისგულებით, ზურმუხტისფერ ხავსის ქოჩორს უნგრევს, ხის ტოტებს  ნერვებივით შლის, გვირილებს პუტავს, გვირგვინს კრავს და  ჩიტის ბუდეს აცვამს.
ჭიანჭველების მწკრივს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება, გზადაგზა ნუგბარს აგროვებს და  დედოფალთან მიაქვს.
-მიირთვით  თქვენო ბრწყინვალებავ! ახლად დაჭყლეტილი, მწიფე და ტკბილი მაყვალია! - პაწაწინა მოსახლეობა მადლიერებით, დაგრეხილ ძაფისნაირ  ულვაშებს წამწამებივით ახამხამებს და  საჩუქრებს მიწის სიღრმეში მიეზიდება.

--შე ალქაჯუნა ამ დილა უთენია აქ რამ მოგიყვანა !

-ძია გურა, როგორ შემაშინე,  დილამშვიდობის! - ფეხს ინაცვლებს და თექვსმეტ ჭიანჭველას სრესს, მწკრივი წყდება. ფეხის გულზე ოცდაორი ცალი ჭიანჭველა ეტევა, დღეს ექვს მათგანს გაუმართლა. 

-იცის ბებიაშენმა ამ სიშორეზე რომ წამოსულხარ ?

-კი, იცის, ძია გურა, იცის...

-მეტი არაა ჩემი მტერი, წამო,  მიგაცილებ სახლამდე

-არა ძია გურა არ მინდა, დღეს იმდენი საქმე მაქვს, ჩიტებს ბუდეების მოწყობაში ვეხმარები, მელიები ნადირობას მასწავლიან და კურდღლები? ირმები? მინდვრის თაგვები ? არა, არა ვერაფეით ვერ წამოვალ.

-კარგი, კარგი, ოღონდ მაინც ფრთხილად იყავი შე ეშკმაკის ფეხო შენა, დაფნა შვილო მაგ მელიებმა ერთ დღესაც ყურები არ მოგაჭამონ, ჭინკებსაც ერიდე, ჭინკებსაც, თორე ხომ იცი შენისთანა ცელქ გოგოებს მოიტაცებენ ხოლმე და ზღაპრად აქცევენ - ძია გურა ახარხარდა, უფროსწორად ფრთამოშლილი ჭიშკარივით უვარდება  დანაოჭებული ყბა და ყელიდან ხრიალის მაგვარ ხმებს უშვებს, დაფნა პირის ღრუში აჩერდება, ცდილობს გაარკვიოს რითი ახერხებს ეს კაცი საჭმლის დაღეჭვას, მისდა გასაკვირად ძია გურას ერთი კბილიც კი ვერ აღმოუჩინა. დაფნას ყვითელი კაბა აცვია და თეთრი, ყვითელჯიბიანი წინსაფარი უკეთია, ჯიბეში თხილი უყრია, ფიქრობს თუ ძია გურას მიაწოდებს ეგებ ამოხსნას ეს ღეჭვის საიდუმლო ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ თავის შეკავება ურჩევნია, არ უნდა მოხუცს აწყენინოს, ადამიანები არ უყვარს, მაგრამ ძია გურას ძნელია ადამიანი უწოდო, მას ხომ არცერთი კბილი არ აქვს. 

-ძია, ჭინკები მართლა ცხოვრობენ ჩვენს ტყეში ? 

მდინარე რხეულას სწრაფ დინებას სისხლივით წითელი თევზები ჩამოჰყვნენ.

-დღეს ადრიანად დაუწყიათ - ძია გურა ჩაფიქრდა, დაფნას შეაცქერდა და ეუბნება, რომ მდინარის წყალი აღარ შეაგროვოს. - თუ ვინცობაა მოგწყურდა, აქვე ახლოს ბოჩების წყაროა და შეგიძლია კოკა აავსო, ოღონდ არ დაგავიწყდეს მადლობის ნიშნის დატოვება.

-ძია,  და ჭინკები?

-ჰო, ეგ ოხუნჯი მაიმუნები ვიღას გაახსენდა.

-გინახავს ოდესმე ?

-ჰეჰ, გინახავსო კაცო, მაგათ მეტი რა მინახია ამქვეყნად!

-როგორები არიან ძია ?

-ძალიან ლამაზები, ძალიან

-ვინ? ჭინკები?

-არა შვილო ხო არ გადაირიე რა ჭინკები, ბოჩები.

-ბოჩებიც გინახავს ძია ? 

-არა

-მაშ საიდან იცი რომ ლამაზები არიან ?

-ჭინკებმა მიამბეს, თუმცა მაგათ რო დაუჯერებ კაცი, მაშინ გამოგცლია ჭკუაც და გონებაც. აჰა ეს გამომართვი - ძია გურა გულისჯინიდან თამბაქოს გასაბოლებელ მუშტუკს იღებს, ოსტატის ხელს წიფელის ხისა და ბროწეულის ლერწმისგან კიარ გამოუთლია, არამედ მოუჯადოებია  პაწაწინა ჩუქურთმებით მოპირკეთებული მუშტუკი, ბორჯღალო ერთ კუთხეში ამოიეტვიფრა, მრავალძარღვას ფოთლების ფიგურებით კი მთელი ტანი დაეფარა, პაწაწინა  ასოების და სხვადასხვა ტყის  ბინადართა გამოსახულებები იქ გაეთავსებინა სადაც წესით თუთუნი უნდა მოთავსებულიყო, თავსარქმელზე კი  ვენახი ამოეტვიფრა, თუმცა მუშტუკი მთავარ საიდუმლოს თავის დაფარულ ნაწილში მალავდა. - მას დაფნას აწოდებს, გოგონაც ყოყმანის გარეშე იღებს ბერიკაცის საჩუქარს და ხელებში ატრიალებს, რელიეფურ გამოსახულებებს თითებს უსვამს და სიამოვნებს.

- ყველაზე უშიშარი ჭინკაც კი ვერ გაგეკარება სანამ ეს გაქვს, გახსოვდეს თუ რამე გაგიჭირდა ჩაბერე მუშტუკში და შენი სადარდებელიც უმალ გაქრება. ახლა კი ჩემი წასვლის დროა- ძია გურა ცდილობს ცხენზე შეჯდომას, დეზებს მთელი ძალით აწვება, მაგრამ საკუთარ სიმძიმეს ვეღარ უმკლავდება - დაგლახვროს ეშმაკმა, როგორ დაბერებულხარ შე შეჩვენებულო ცხენო შენა !  -დაფნა ისევ ახითხითა, გაბრაზებულ ძია გურასაც სიცილიაგან ებრიცება თბილი სახე.

ფეხშიშველი დაფნა მოხრეშილ ბილიკს ზემოთ მიუყვება, დროგამოშვებით სულისმოსათქმელად ჩერდება და ძია გურას მშვიდობის ნიშნებს უგზავნის, ასე გრძელდება მანამ სანამ ბერიკაცი დაბლობის ნისლში არ იკარგება, გოგონას თეთრი წინსაფრის სიტლოეტიც ხშირ ხეივანში დნება

გმირია თაფლის  სანთელი, რომელიც ბებიას ღამით ანთებული დარჩა და ნაცვლად ხანძრის გაჩენისა თვითონ ჩაიწვა. 


გამთენიისას, ტყის მდუმარებას ძლიერი ხმაური არღვევს, ცხოველები, ქვეწარმავლები, მხოხავები, მცოცავები, მოკუნტრუშეები თუ  მფრინავები,  ყველა თავშესაფარს უწყებს ძებნას.
ცა ფოლადის ნავებით იფარება, ისინი გაბერილ წითელ და მრგვალ აფრებს უჭირავთ, ნავის ცენტრიდან ღერძი ამოზრდილა, რომელზეც ძია გურასავით უკბილო პირისნაირი  მოწყობილობა მიუმაგრებიათ, ფოლასის ხახა ცეცხლით  სუნთქავს,  გაბერილ აფრებს კიდევ უფრო ბერავს და მაღლა სწევს.  მიწიდან ძნელია გაარჩიო, წინ მიფრინავენ თუ უკან.

მდინარე რხეულას სისხლივით წითელი თევზები ჩამოჰყვნენ.
დაფნას გაახსენა ძიას სიტყვები «დღეს ადრე დაუწყიათო»  მაგრამ მას არაფერი უთქვამს მეტი, მხოლოდ ჭინკებს ერიდეო, არამგონია ჭინკები წითელგუმბათა დერიჟაბლზე დაფრინავდნენო ფიქრობს და მაინც ეჭვისთვალით უცქერს უცხო სტუმარს.
სამი დერიჟაბლი დაბლა ეშვება, ერთ-ერთიდან ახალგაზრდა მამაკი ორი ყმაწვილის თანხლებით ქვეითდება,  რაღაცის ბრძანებას გაჰყვირის  და მას უსიტყვოდ ყველა ემორჩილება.

დაფნა პირდაპირ დაწინაურებული ახლგაზრდა მამაკაცის წინ აღიმართა, თითქოს ცდილობს ძროხებისგან დაშარდულ ბილიკი დაიცვას და უცხოტომელებისგან ტყე დაიფაროს. გუმანით გრძნობს რაღაც ავს, რაღაცას რაც თავის ტყეს ზიანს მოუტანს.  ჯიუტ მზერას არ აშორებს ჯარისკაცს.

-девочка ты кто такая?

-это проста маленькая девочка - გამოეპასუხა მეორე - думаю она хочет к папочке, ну че малявка?  иди к папе ! 

რხეულას მდინარის ჩქარ დინებას სისხლივით წითელი თევზები ჩამოჰყვნენ.

დატყვევებულ გოგონას მზისფერ თმას პარსავენ, ტყეს ხეებს დაფნას თმებივით პარსავენ.
-«დედაო მიწავ, საყრდენო ცოცხალთა, გარდაცვლილ სხეულთა მფარველო, დაიფარე ჩემი ტყე, დაიფარე ცოცხალნი!
დაფნა დერიჟაბლში მოათავსეს, ძია გურას ხახამ ცეცხლი ამოისუნთქა და წითელი აფრები გაიბერა, სშაბიაბნისფერ ცაზე ფოლადის ნავები ჭუჭყიან კვალს ტოვებენ, შორიდან თავის სოფელს ცნობს და ახლა უფრო აყავს შიშს. ხელ-ფეხი გათოკილი აღარ აქვს, აქედან მაინც ვერსად გაიქცეოდა, ამიტომ წითელმა ჯარისკაცმა გაათავისუფლა. წინსაფრის ყვითელი ჯიბიდან ძია გურას მუშტუკი ამოაქვს შეუმჩნევლად.

«ყველა შენი დარდი გაქრებაო» უთხრა, ბოჩების წყაროსთან ძია გურამ, მოჩუქურთმებული მუშტუკის პირი ტუჩებთან მიაქვს, ძალიან ღრმად ჩაისუნთქა და მთელი ძალით ბერავს, გამაყრუებელი წუილი გაისმის. ჯარისკაცსბს ყურებიდან სისხლი სდით, მუშტუკი ათას ჩუქურთმად იფანტება, მასზე გამოსახული ყვავები ცოცხლდებიან და წითელ აფრებს ლეშის გულივით კორტნიან. დაფნას სხეული ბუმბულით ეფარება, ცხვირზე ნისკარტი ეზრდება, იგვაჯება, ფეხები ეხორკლება  და კლანჭები ეზრდება, ხელები გაშალა თუარა ორი დიდი ფრთა გამოეზარდა, ზღაპრულ არწივს დაემსგავსა, ერთ-ერთ ჯარისკაც ჩააფრინდა და ორივე თვალი ამოკორტნა. დერიჟაბლმა ვარდნა დაიწყო, სხვა დარიჟაბლებიდან კი გრიალი გაისმის, ფრინველები ტყვიებს იგერიებენ და ჩქარა ტყისკენ მიისწრაფვიან.

-ведьма!  Поимать ее!  сжеч деревню а ведьму ко мне! 

სისხლივით წითელი თევზები სადღაც მიფრინავენ…
ბოჩების წყაროსთან ქვები ყრია, მათზე ცარცით «მადლობა!» წერია.
ბებია დაფნას ელოდება, თაფლის სანთელი დღესაც ანთებული დარჩა. 







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები