ნაწარმოებები



ავტორი: ნათთია
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2018


გაუგზავნელი წერილები ( ნაწილი I წასვლა )

      მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს . კედელზე  მზესუმზირებს ვუყურებდი, საწოლის თავთან კედელზე რომ იყო ზუსტად ცხრა ადგილას ლამაზად დახატული და ქუჩიდან შემომავალი ლამპიონების მკვეთრ შუქზე ბნელ ოთახში გალაქტიკის  მზეებად რომ  ჩანდნენ .
    როგორც კი ინათა,  ფრთხილად გავითავისუფლე თავი რეზის მკლავებიდან , საწოლის გარშემო მიმოფანტული ტანსაცმელი ჩუმად ავკრიფე, გასასვლელ კართან გავედი და იქ ჩავიცვი, კარი ნელა გავაღე, ერთი ფეხი გადავდგი ზღურბლზე და სანამ მეორესაც გადავდგამდი, ღრმად ჩავისუნთქე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული , რომ წასვლა მინდოდა, დავხუჭე თვალები, სასწაულს  ველოდებოდი, კონკრეტულად არ ვიცოდი რას , მაგრამ რაღაც მინდოდა მომხდარიყო  და ის გადადგმული ფეხი უკან გადმომედგა, მაგრამ არაფერი არ მოხდა . სიჩუმემ მიპასუხა, უცნაურმა ტკივილმა დამიარა მთელ სხეულში და  მეორე ფეხიც გადავდგი. კარი დავკეტე და ფეხაკრეფით ჩავუყევი კიბეებს .
    ქუჩაში მიწის სუნი იდგა. რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ჰაერი გაგრილებულიყო, მაგრამ ნელ-ნელა ციდან ღრუბლები ისე ქრებოდნენ, უეჭველი იყო , კიდევ ერთი ზაფხულის ცხელი დღე გათენდებოდა და ქალაქს ისევ სიცხის ბუღი აუვიდოდა.
    სადარბაზოდან გამოვედი და ქუჩას გავუყევი . ჯერ ისევ ენთო ლამპიონები. ერთგან მეეზოვეები იდგნენ ჭადრის ქვეშ. კამათობდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ, ხელებს შლიდნენ, ოქროს კბილებს აჩენდნენ , მაგრამ მაინც ხმადაბლა კამათობდნენ. არ უნდოდათ ხმაურით მძინარე ქალაქის გაღვიძება.
- ერთ ღერს მომაწევინებთ? -  შორიდანვე ვიკითხე.  არ ვაპირებდი საერთოდ გამოლაპარაკებას, მითუმეტეს არც ვეწეოდი , არც იმ წუთას მქონია სურვილი მომეწია, რაც პირველი მომადგა ენაზე , ის ვუთხარი .
- ორი იყოს - მიპასუხა ყველაზე გამხდარმა და თავსახურგადაწეული კოლოფი გამომიწოდა.
- არა, ერთი მინდა. - ამოვიღე ერთი ღერი და  ჯერ ერთ ხელში დავიჭირე უხერხულად, მერე მეორეში გადავიტანე . ხუთივე თითი რომ მოვუჭირე და გავსრისე , მაგ დროს უკვე აღარც მახსოვდა ხელში რა მეჭირა. იმათმა ერთმანეთს გადახედეს და თვალით ანიშნეს , ყველაფერი რიგზე რომ არ იყო. სიჩუმე ისევ მე დავარღვიე : - ტრანსპორტი დადის რამე ?
- ჯერ რა დროსია, ჯერ ექვსიც არაა. მხოლოდ ტაქსი - ახლა მეორე ჩაერთო საუბარში და ერთმანეთის მიყოლებით ჩაწიკწიკებული სამი ოქროს კბილიანი ღიმილით გამიღიმა.
    ტაქსიმაც დაბარებულივით გადმოუხვია ქუჩის კუთხიდან. მეეზოვეებმა ხელი დაუქნიეს, გააჩერეო. ყველაზე გამხდარმა გამომიღო უკანა კარი და მეც მძიმედ დავეშვი სავარძელზე.
- საით? - მთქნარებით იკითხა მძღოლმა. მეეზოვეებმა მხრები აიჩეჩეს, აბა, ჩვენ რა ვიცითო. მძღოლმა ახლა მე გადმომხედა და ახლადგაღვიძებული ხრინწიანი ხმით გამიმეორა: - საით-მეთქი, საით?
- კარპასიოში.
- ეგ სადაა?
- იტალიაში?
- რაა? ტაქსით აპირებ იქ წასვლას? სხვა ვერავინ ნახე ამ დილაუთენია სამაიმუნოდ?  - ხმას აუწია მძღოლმა .
- მაპატიეთ. აეროპორტში მინდა. კი , აეროპორტში, შვიდზეა ჩემი რეისი, მაპატიეთ - არეულად მივაყარე და მეგონა ვიტირებდი, ისე შემრცხვა.
- თქვი მერე მასე. - დამშვიდებული ხმა ჰქონდა უკვე. მანქანა დაძრა . წავედით.
      არ ვიცი , რისი თქმა უნდოდა მძღოლს  , მაგრამ გამომხედავდა სარკიდან,  გააღებდა პირს, პირზევე შეაშრებოდა სათქმელი და მერე დამუწავდა. მერე ისევ გააღებდა და დამუწავდა. ბოლოს რადიო ჩართო და ჩემსკენ აღარ გამოუხედავს. რადიოდან კი ცხელ დღეს იუწყებოდა რადიოწამყვანი და დაუვიწყარ მუსიკალურ მეგზურობას გვპირდებოდა მსმენელებს.
    რეზისგან ისე მივდიოდი , არ გამიფრთხილებია. ეს უფრო მიტოვება იყო , მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი . ისე  უნდა წავსულიყავი , რომ არავის სცოდნოდა ჩემი ადგილ-სამყოფელი.  ვფიქრობდი, თუ ყველასთან და  ყველაფერთან გავწყვეტდი კავშირს ,  უფრო ადვილი იქნებოდა ცხოვრების ახლიდან დაწყება .
    ჩაწეული შუშებიდან ნიავი სახეზე მეხლებოდა. ვუყურებდი ერთმანეთს როგორ ენაცვლებოდნენ ნაცნობი ქუჩები და სახლები და ისეთი უფერულები მეჩვენებოდნენ, თითქოს  თანაგრძნობას  მიცხადებდნენ,  ერთი -ორჯერ მომეჩვენა კიდეც, როგორ ჩამოიშალნენ გზაზე სახლები , როგორ გადატყდნენ ხეები და გზა ჩამიხერგეს . საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, ხელები დამიბუჟდა , შეკრული მუშტები გამეშალა და გასრესილი თამბაქო შემეყარა ხელისგულიდან. ასე არასდროს მიგვრძნია უსუსურობა.
- ზუსტად რომ მომცეთ ფული ?!  ხურდა საერთოდ არ მაქვს. - აეროპორტთან  რომ მივედით, მაშინ მომიტრიალდა მძღოლი პირზე შემშრალი ვერთქმული სათქმელის მერე.
    ჩანთიდან საფულე ამოვიღე, გავხსენი და მსხვილი კუპიურა გადავაწოდე. მანამ  რამეს მეტყოდა, გავაღე კარი და ხალხში გავუჩინარდი. ვგრძნობდი , გაოცებული თვალები დაადევნა ჩემს ზურგს.
    იმ დროს მივედი აეროპორტში , როცა ქალის სასიანოვნო ხმა ჩემს რეისზე ჩასხდომის დამთავრებას იუწყებოდა, პირდაპირ რეგისტრატურასთან მივედი , დავდე ხელჩანთა კონტროლიორთან,  საბუთები გადავაწოდე და გასვლის ნებართვის მოლოდინში გავიყურსე.
    ჩემს წინ კაცი იდგა, ცალი ხელით შემოწმებულ ბარგს აგროვებდა, მეორე ხელში ტელეფონი ეჭირა და კლავიატურას აწკაპუნებდა , მერე ტელეფონი ტუჩებთან ახლოს მიიტანა , ხმოვანი შეტყობინება ჩაწერა “ წავედი , გემრიელო” და ღიმილიანი სახით გაეშურა გასაფრენად.
    მე კი ჩემი ტელეფონი რეზის ტელეფონის გვერდით დავტოვე საწოლთან სანათის ტუმბოზე. ალბათ უკვე გაღვიძებულიც იქნებოდა რეზი, ჯერ ალბათ დამიძახებდა, ხმას რომ არ გავცემდი , წამოდგებოდა, ოთახებს დაივლიდა და რომ ვერსად მიპოვნიდა,  დარეკვას მოინდომებდა, წაიღებდა ხელს თავისი ტეეფონისკენ და ჩემი ტელეფონიც იქ დახვდებოდა. ალბათ გაბრზადებოდა კიდეც და ასეთი სახით წასვლაც არ იქნებოდა სწორი ჩემი მხრიდან,  მაგრამ არ შემეძლო ამეხსნა , რომ წასვლის გადაწყვეტილება ერთადერთ გამოსავლად მესახებოდა. ყველაზე უარესი ის იქნებოდა, რომ  არ შემეწინააღმდეგებოდა, მეტყოდა , როგორც შენ გინდა ისე იყოსო.
    ტრაპზე ასვლისას უკვე საგრძნობლად ცხელოდა. ნერვიულობამ კიდევ უფრო მომიმატა სიცხის შეგრძნება და პირი გამომიშრა , თვალებში ოქროსფერი რგოლები გამიჩდნენ, ჰაერიც აღარ მყოფნიდა და მოაჯერზე ისე მაგრად ვუჭერდი ხელს ასვლისას, დაორთქლილ ნათითურებს ვტოვებდი რკინის მილზე.
      მანამ ბოლო საფეხურზე ავიდოდი , შევყოვნდი . რას არ მივცემდი , რომ მოვტრიალებულიყავი და რეზი დამენახა , მაგრამ გაჩერება და მოტრიალება რომ დავაპირე,  ჩემს უკან მომავალი დაბალი და მსუქანი ქალი ინერციით ისე დამეჯახა, კისრისტეხვით გადავაფრინდი ბოლო საფეხურს და სალონში აღმოვჩნდი ბორტგამცილებლის პირისპირ, მანაც შეშინებულზე სხაპასხუპით მომაყარა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზეო და როგორც კი ტექსტი ჩაარაკრაკა, ნერწყვი ისე ხმაურიანად გადაყლაპა, რამდენიმე მგზავრმა გამოგვხედა.
    ფანჯრის მხარე მერგო . სიფრიფანა მოხუცი ქალი მეჯდა გვერდით, თოვლივით თეთრი თმებით , თეთრივე წვრილი ხელებით , მტევნებზე ჭვავისფერი ლაქებით, მოვლილი ფრჩხილებით , რომლებზეც ისეთივე ხასხასა წითელი  ლაქი ესვა , როგორც ტუჩებზე, რომლებიც ისეთი წვრილი ჰქონდა,ერთ  ხაზად აჩნდა სახეზე.
- გეშინია? - მკითხა . სათვალე გაისწორა და ვისკი საწრუპით  მოსვა პატარა ბოთლიდან.  - გინდა, შენც  ? მოდუნდები ცოტას .
- არა, ახლა ვერაფერს ვერ დავლევ - ქამრის შეკვრას ვცდილობდი და თავი არ ამიწევია ისე ვუპასუხე.
- დამამშვიდებელი მაინც დალიე, თუ გაქვს თან.
    თავი გავიქნიე, უარის ნიშნად. თვითონ მომაწოდა. დავლიე და წამალმა იმოქმედა თუ ჩემმა გადაღლილობამ, თვითმფრინავი როგორ აფრინდა ვერ გავიგე . თავი საზურგეს მივადე და მერე თითქოს გონებაში ის დღე თავიდან გადაახვიეს, სწრაფად და ნაწყვეტებად, მზესუმზირებს რეზის მხრები ჩაენაცვლა კადრებში,  მხრებს კარის სახელური,  მერე თავგადაწეული სიგარეტის კოლოფი, ტაქსის სარკე, ნაცრისფერსახურავიანი სახლის გაფუჭებული ჟოლოფი, ფრენების განრიგის დაფა, ხმოვანი შეტყობინება, ბორტგამცილებლის შეშინებული თვალები და მანამ თვალები დამეხუჭებოდა ბოლო კადრად ვისკის პატარა ბოთლში ჩადებული საწრუპავის მილის თავზე შერჩენილი წითელი პომადა გააჩერეს. მერე ისევ გადააბეს კადრები და მანამ ისევ ამოჭრიდნენ, ილუმინატორიდან ქათქათა ღრუბლები დამანახეს და ისევ გაწყვიტეს.
    მერე ღრმად ჩამეძინა.
   
   
   
     
   

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები