ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
14 აგვისტო, 2018


მოთხრობათა კრებული "დღიური" - 7 . მარიონეტი

                                               
(მარიონეტული სპექტაკლი, რომელიც სცენის ნაცვლად ფერცლებზე დაიდგა)   


მოქმედი პირები:

შ ა ხ ო  -  ჯიუტი ბრიყვი;
წ ო პ ე - ბრიყვი, აყლაყუდა, მხრებში მოხრილი, 
      მუდამ  უკმაყოფილო სახით, კონფლიქტური;
ჩ ო მ ბ ე  -  უპრეტენზიო ბრიყვი, დამყოლი   
      (შახოზე  და წოპეზე მეტად ბრიყვი), დაბალი,
      მრგვალი;
ს ო ს ი კ ო  -  ფილოსოფოსი, მეცნიერი, რაც
      მთავარია, პესიმისტი(!), ერთი სიტყვით,
      პატიოსანი ინტელიგენტი;
ა ნ ი  ჟ ა რ ლ ე წ ი  -  ბალერინა... საოცრად ნაზი 
      ადამიანი;
კ ა ტ ი ს  კ ნ უ ტ ი  -  გარეგნობა ხმასთან
      შეუსაბამისი.  ხმა: ჟრუანტელის მომგვრელი
      კნავილი;
ძ ა ღ ლ ი  -  ყველაზე დონდლო ძაღლი მთელ       
      მსოფლიოში; 
პ ი ო ნ ე რ ი  -  უშუბლო, მიბრტყელებული კეფით,
      ხვალინდელი ხულიგანი დღეს ჯერ კიდევ,
      სანიმუშო ბოჭუნაა;
მ ა ი მ უ ნ ი  -  აფერისტი;
რ ე ც ი დ ი ვ ი ს ტ ი  -  რეციდივისტი;
მ თ ხ რ ო ბ ე ლ ი  -  თავად დაადგინეთ მისი
      ვინაობა.
             


       
      პირველი სურათი


სიბნელეში “SANTANA  LOTUS”-ის შესავალი გაისმის.
მუსიკის გაშლისას, მოკრძალებით შემოპარული ცივი სინათლე, უსიცოცხლო ბარაკებს შორის გამომწყვდეულ, გაპარტახებულ ეზოს ანათებს, ანათებს სამ გმირს (სამ ბრიყვს - განუყრელ შახოს, წოპეს და ჩომბეს), ეზოს გულში რომ დაყუდებულან და პირდაბჩენილნი, მუსიკას უტაქტოდ აყოლებენ თავებს. სულ მალე, თვითონ სანტანას ხმა გაისმის - ის ესალმება თავის პუბლიკას. მუსიკა წყდება. სამთაგან ერთი, ყველაზე ბრიყვი, ერთი ნაბიჯით გამოეყოფა დანარჩენებს და ბრიყვს რომ შეშვენის, ისე წარმოსთქვამს:
- ჩვენ მოგვესალმა ანსამბლი ’’სანტანა“! - ეს იყო ჩომბე.
- ჩვენ მალე მთელი მსოფლიო მოგვესალმება! - ნიშნის მოგებით და, ცოტა არ იყოს ბრაზით, უსწორებს შახო.
- მთელი მსოფლიო... მთელი მსოფლიო... - სცენაზე უკუნეთის ჩამოწოლამდე და მერეც, აღფრთოვანებით იმეორებს ყოველი მათგანი.



  მეორე სურათი

იგივე უსიცოცხლო ბარაკები, იგივე გაპარტახებული ეზო. მხოლოდ, ამჯერად, განათების მეშვეობით, აქცენტი ცაზეა გადატანილი, სადაც ერთდროულად კაშკაშებენ მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ასევე აქცენტის ქვეშაა სცენის წინა, მარცხენა კუთხე, რომელიც სცენიდან ერთგვარად გამოყოფილის, მოწყვეტილის შთაბეჭდილებას სტოვებს. იქ, თვალში გვხვდება ხის მესერზე გაკრული სპექტაკლი - ’’მარიონეტი”-ს აფიშა. აფიშის ირგვლივ, პირდაპირ მესერზე, სპექტაკლის მშობლების სახელებია ამოჩხაპნილი. ამის გარდა, ავანსცენაზე ყურადღებას იქცევს შავი პიანინო და, რაც მთავარია, ამ პიანინოზე ჩამოყრდნობილი, თეთრ მოსასხამში გამოწყობილი გმირი, ვისაც შემდგომში მთხრობელად მოვიხსენიებთ.
სურათი დაიწყო.
მთხრობელი მიდამოს ათვალიერებს, ეძებს ვინმეს, ვინც მას ხმას გასცემს, მაგრამ რა ნახავს, ირგვლივ არავინ არის, ის თავის თავს დაეკითხება:
- მთელი მსოფლიო... მათ მიესალმება მთელი მსოფლიო?! - წამით დაფიქრდება და გაეღიმება. - თუმცა, ეს მსოფლიოსაგან გასაკვირი სულაც არ არის, რადგან განა რა არის თვითონ მსოფლიო?!
ნაბიჯი გადადგა, კიდევ შეათვალიერა მიდამო და თითქოს ახლაღა შეგვამჩნიაო, ჩვენს გასაგონად დაიწყო თხრობა.
_ იმ უცნაური ცის ქვეშ, რომელზედაც ადამიანი ერთდროულად მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს ხედავდა, ათასი რჯულის უცნაურზე უცნაური გამვლელი იყრიდა თავს. აი, ისინიც:
შახო (ბრიყვთა სამეულის პირველი წევრი უკან, სცენის სიღრმიდან გამომზეურდა);
წოპე (მარცხნივ, ხის მესერის უკან გაილანდა);
ჩომბე (თაღდატანებულ გალავანში წამით გამოიძურწა);
კატის კნუტი (ერთჶერთი ბარაკის სახურავიდან ამაზრზენი კნავილით არე-მარეს ჟრუანტელსა ჰგვრის) - მიაუუ!!! და დონდლო ძაღლი (უკანასკნელი გასაცოდავებული ყეფით მთელი სპექტაკლი თაღდატანებული გალავანიდან მოგვესალმება).
ძაღლის შემდეგ, წარდგენის გარეშე, პიონერული მარშით სცენაზე შემოდის პიონერი პიონერული სალმით - გავა, გავა, გავა სცენის ბოლოში. მას თვალს გააყოლებს მთხრობელი და მხრების აჩეჩვით იტყვის:
- არ ვიცი, ეს აქ საიდან მოხვდა!
ოდნავ შებინდდა ბარაკებს შორის. მთხრობელი გაივლ-გამოივლის, გამოგვხედავს და თითის აწევით გვეტყვის:
- მათ გარდა აქ კიდევ შეგხვდებიან სხვებიც - ბალერინა ანი ჟარლეწი!
(მთელ სცენას გაზაფხულის სიოსავით ცეკვით გადაჭრის ანი ჟარლეწი).
- ის კი არ დადის, დაფრინავს...
წამით პაუზა. 
¬¬- და ბოლოს, სოსიკო - ერთ დროს ბრძენი. ერთ დროს, რადგან წინათ თავისი თავი ბრძენი ეგონა. დღეს შეეცვალა აზრიც და... ბედიც! როგორც ყველა ჭკვიან კაცს შეჰფერის, ერთ მშვენიერ დღეს გულისტკივილით გამოაცხადა:
- მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი!
ბალერინას კვალზე გავლილმა ვერც მან შეამჩნია ჩვენი მთხრობელი. საკვირველია, ნუთუ მთხრობელი სხვა იქ მყოფთაგან, რაღაცით გამორჩეულია?
სინათლე ქრება.



            მესამე სურათი

იგივე ეზო, იგივე ხედი, ბრიყვთა ორდემის იგივე სამი წევრი - შახო, წოპე და ჩომბე. ერთი აქედან, ერთი იქიდან, ერთიც სულ სხვა მხრიდან შემობანცალდა. დილის სალამი? მოიცათ, ერთი! ჩხუბი არის მათი სალამი. აი, შეხედეთ, ეს შახო გამოდის სიტყვით:
- ჩვენ, მეგობრებო, მოგეხსენებათ, დიად იდეას ვემსახურებით! იდეით ვცხოვრობთ! იდეისთვის ვართ გაჩენილები! კაცობრიობა განსაცდელშია - ხსნას ელის! ხსნა: ყოველი ადამიანი უნდა გახდეს ზეადამიანი! აი, ძირითადი...
- მოიცა! მოიცა! შენ რატომ წამოიწყე?! - გააწყვეტინა წოპემ. - ეგ სიტყვები მარტო შენ კი არ გაქვს დაზეპირებული! მეც სულ  სხაპასხუპით ვიცი! ჩომბემაც იცის!
- რაო, ჩომბემ?! ჩომბემ უნდა თქვას?!
- არც ჩომბემ უნდა თქვას! რა, მარტო ჩომბემ იცის?! მეც ვიცი! შენც იცი!
რადგან ჩომბეს სახელი ახსენეს, ისიც ჩაება კამათში:
- თუ ჩვენი სიტყვით გამოსვლა არ იქნება დემოკრატიული, - მიმართავს შახოს. - მაშინ თქვას წოპემ!
- ვიტყვი! დემოკრატიის სახელით ვიტყვი!
- ავანტიურისტი! - აფეთქდა შახო. - პოლიტიკური ავანტიურისტი!
- ვინაა შენი ავანტიურისტი!
ჩომბე მანდილივით მოექცა ორ მოქიშპეს შორის.
- გაჩერდით! გაჩერდით! როგორ არა გრცხვენიათ! რა დროს ჩხუბია! დღეს მძიმე დღეა, როგორც ყოველთვის, ბევრი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი! კაცობრიობა ჩვენ შემოგვყურებს, ჩვენგან ხსნას ელის! როგორ გინდათ მუშაობა, როცა არც კი ვიცით, ადგილზეა თუ არა ჩვენი მიკროფონი!
- მიკროფონი! მიკროფონი! - აყვირდა ყველა.
მივიდნენ, ნახეს, მიკროფონი მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენის კიდეში დგას (შნურგაწყვეტილი).
- ადგილზეა, ადგილზეა!
- კედელი?! თეთრი კედელი, რომელზედაც კაცობრიობას უნდა აღვუბეჭდოთ ფილოსოფიური ნახატის სახით ხსნის გზა, ჩვენი დიადი იდეის არსი! ხომ არ წაბილწა ეს კედელი ვინმემ რაიმე ნაჩხაპნით?!
- კედელი! კედელი! თეთრი კედელი!
კედელი ერთ-ერთი ბარაკის უფანჯრო გვერდია, ეზოს რომ გადმოჰყურებს. ეცნენ კედელს.
- წესრიგშია! წესრიგშია! კედელიც წესრიგშია! - დაწყნარდა ყველა.
- მაშ, ასე, - აცხადებს შახო. - წესისამებრ, მოვიყაროთ მუხლი კედლის წინაშე! ადამიანები მალე ამ კედელზე იხილავენ, ჩვენს მიერ შესრულებული ფილოსოფიური ნახატის სახით, თუ რაში მდგომარეობს კაცობრიობის გადარჩენის გზა!
მუხლს იყრიან, გულზე იდებენ ხელს და თავებს ხრიან. ამის შემდეგ, ფეხზე დგებიან; ორატორი ისევ, შახოა:
- დღეს ბევრი რამე გვაქვს გადასაწყვეტი!
- ვინ იქნება დღეს თავმჯდომარე? - კითხულობს ჩომბე.
- თავმჯდომარე კი არა, ბრძენი! ლიდერი! ჩვენი ლიდერი! - ხაზგასმული მედიდურობით უსწორებს წოპე.
- გავითვალოთ! გავითვალოთ! გავითვალოთ, როგორც ყოველთვის! - იძახის ერთხმად ყველა.
წრეში დგებიან. გათვლა შახომ დაიწყო.
- ესა, მესა, გადის ესა!
გავიდა თვითონ და ის იყო, პირობის თანახმად, მოემზადა იმდღევანდელი დღის განრიგის მოსაფიქრებლად, რომ უცაბედად წოპე ისევ აუხირდა.
- სულ მუდამ შენ რატომ ითვლი?!
- აბა ვინ გაითვალოს?!
წოპე ხო, მაგრამ... ახირებაში შახოს არ ჰყავდა ბადალი.
- მე! მე უნდა გავითვალო! - წინ წამოდგა წოპე.
- შენ რატომ? ჩემზე კარგი გათვლა იცი?! - არ უთმობს შახო.
- მე სულაც არ ვიცი გათვლა, მაგრამ ვისწავლი!
- ნუ ჩხუბობთ! ნუ ჩხუბობთ! გავითვალოთ და ვინც გავა, იმან გაითვალოს.
ორივეს ჭკუაში დაუჯდა ჩომბეს ნათქვამი. გათვლა ამჯერადაც, შახომ დაიწყო, რადგან მხოლოდ მან იცოდა გათვლის ანბანი.
- ესა, მესა, გადის ესა!
რა თქმა უნდა, ისევ თვითონ დარჩა გასული და უკვე სრული იურიდიული უფლებით აღჭურვილმა დაიწყო გათვლა, თუ ვის უნდა გადაეწყვიტა იმ დღეს ქვეყნის საკითხი.
- ესა, მესა, გადის ესა!
- ახლა ყველაფერი სწორია! - ჩაიბურტყუნა წოპემ.
შახო მოემზადა: ფ-ფ... ფ-ფ... - ხან სულის შებერვით, ხან ხელით, მიკროფონის წინ ქურთუკიდან მტვერი ჩამოიბერტყა. გაიბღინძა, ცისკენ აღმართა ხელი, კიდევ ჩაატარა რაღაც პროცედურები და... ჰოი, საშინელებავ: იქითა მხრიდან, უსირცხვილოდ ტიტლიკანა მაიმუნი შემობანცალდა, რითაც მოვლენების განვითარება შეაფერხა და უცნაური დისონანსი შემოიტანა. პირველმა იგი შახომ შენიშნა. გახევდა. დანარჩენებმაც მიატრიალეს ტიტლიკანასკენ თავები. სულ მალე ალყაში ჰყავდათ გამომწყვდეული. თვალებით სჭამდნენ. თუმცა, დუმილი... დუმილის რამოდენიმე წამი.
- შენ რა მაიმუნივით ტიტლიკანა დარბიხარ?! - ბრაზიანად მიახალა შახომ მაიმუნს.
მაიმუნმა ვერაფერი თქვა, გულგრილი გაოცებით დაიხედა შიშველ სხეულზე.
- როგორ! როგორ! როგორ შეიძლება ასე სირბილი! - აყვირდნენ დანარჩენებიც.
დაფეთებული მაიმუნი უკან გადახტა. თვალს მიეფარა.
- ვინ იყო, ნეტა? - იკითხა ჩომბემ.
- აბა, რა ვიცი! - წოპემ ჩვეული უკმეხობით გასცა პასუხი.
- ვინ იქნებოდა - მტერი, აგენტი! - ჩაერთო შახო. - მაგრამ მეგობრებო, მოდით, დავუბრუნდეთ ჩვენს მიზანს. კიდევ ერთხელ მოვიყაროთ დიადი იდეის აღსაბეჭდად განკუთვნილი კედლის წინაშე მუხლი!
მუხლს იყრიან. ამის შემდეგ შახო ხელახლად გაიბღინძება მიკროფონის წინ. აღმართავს ხელს... ეე!!! არ გვაცლის მუშაობას ოხერი: იქითა მხრიდან, ისევ ის გიჟი, მტრების აგენტი, გაგდებული დამცირებული მაიმუნი შემობანცალდა - თავდახრილი... მოკრძალებული... მაგრამ დახეთ, საპრეზიდენტო ფრაკში გამოწყობილი.
- შეხედე, ვინ მოვიდა! რა ელეგანტურია! ნამდვილად ლიდერია! - აღმოხდა ჩომბეს.
- არა! ეს შეუძლებელია! ლიდერი მხოლოდ აქ, სიბრძნის ეზოში, ჩვენს შორის არის! - წამსვე უარყო შახომ ჩომბეს ნათქვამი.
- მერე, ესეც ხომ აქ, ამ ეზოში, ჩვენს შორის არის! - ხაზგასმული დემოკრატიულობით განაცხადა წოპემ და ჩომბეც გახარებული, - როგორ არა, როგორ არა, ჩვენს შორის არის! - ძახილით მაიმუნთან მიიჭრა, მკლავში წაავლო ხელი და ეზოს გულში შემოაბრძანა.
გაცნობის ცერემონიალი ასე დაიწყო: მასპინძლები სტუმრის პირისპირ თითქმის ერთ ხაზზე ჩამწკრივდნენ და ჩომბემ სათითაოდ წარუდგინა ბრიყვთა სამეული ახლადშემოსულს:
- იცნობდეთ: წოპე, ჩომბე, შახო!
და ის იყო, ხელი უნდა გაეწოდებინა, რომ უცაბედად უკანასკნელი გადაავიწყდა; სახე ისე გაუბრწყინდა, უეჭველია, მისი სიხარული, ბევრად აღემატებოდა, ახალი ნაცნობის შეძენით გამოწვეული კმაყოფილების გაცვეთილ გრძნობას - აღმოაჩინა, დიდი რამე აღმოაჩინა: ბრიყვთა ორდენი ახლა შეცვლილი თანმიმდევრობით წარმოადგინა:
- შახო, ჩომბე, წოპე - წოპე, ჩომბე, შახო... - და ა. შ. რამოდენიმეჯერ. ბოლოს საზეიმოდ გამოაცხადა. - ახალი გათვლა გამოვიგონე!
და კიდევ რამოდენიმეჯერ მოახდინა ახალი გათვლის დემონსტრირება:
- წოპე, ჩომბე, შახო - შახო, ჩომბე, წოპე...
გულში ფიქრობდა: გაუთვლელადაც ბრძენი, თქვენი ლიდერი ვარო! მაგრამ... მაგრამ დიდხანს არ გაუგრძელდა ეს სიხარული: მისდა სამწუხაროდ, ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი რამ აღმოაჩინა; დახარა თავი და ნაღვლიანად გამოაცხადა:
- არც ეს გათვლა თავდება ჩემზე - არც ამ თავიდან, არც იმ თავიდან! - და კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ, რიგითის ბედს შეეგუა.
ამის შემდეგ, ყურადღების ცენტრში, ისევ ფრაკში გამოწყობილი მაიმუნია - მისჩერებიან: მაიმუნი დარცხვენილია, აღელვება ეტყობა;… ხმას ამოიღებს წინანდელზე ერთი-ორად მოკრძალებული.
- ფრიად სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! მე მაკაკი მაკაკიევიჩი გახლავართ! ოხ, უკაცრავად, უკაცრავად, არა მაკაკიევიჩი, არამედ, მაკაკის-ძე! ძე! დიახ, ძე! მაკაკის-ძე!
თუმცა, შეცდომა მაშინვე გამოასწორა, გუნებაში მაინც მზად იყო, აბაზიანი ჩაეგდო რომელიმე ეროვნულ ყულაბაში, თუკი ასეთს ვინმე მიაჩეჩებდა.
ფრაკის ეშხით დაბრმავებულებმა არა მარტო შეუნდეს, ნებართვაც მისცეს ყოფილიყო მაკაკიევიჩი.
- იყავი მაკაკიევიჩი!
- შეიძლება კი? დიახ, დიახ, თქვენის ნებართვით, მინდა ვიყო მაკაკიევიჩი! გმადლობთ! გმადლობთ!
მაიმუნი ბედნიერებისაგან ბრწყინავდა, რადგან ნება დართეს, ყოფილიყო მაკაკიევიჩი და არა მაკაკის ძე.
წოპემ დაიწყო:
- ჩვენ დიად იდეას ვემსახურებით! იდეით ვცხოვრობთ! იდეისთვის ვართ გაჩენილები! ქალაქს ვაშენებთ და გოდოლს! ყველაფერი ახლებურად, ახალი ტიპის უნდა იყოს - სამყაროსა ვცვლით! ,,ნოვაიე მიშლენია’’! შენ გინდა მოგვეხმარო მშენებლობაში?
- სიამოვნებით! - აღფრთოვანდა ფრაკში გამოწყობილი - სადღაა მისი მოკრძალება, რიდი!
- ძალიან კარგი! - წინ წამოდგა იმდღევანდელი დღის ლიდერი, - მაშ, დაიხსომე, სამყაროს არსი, ანუ უზენაესი ძალის გული, სწორედ აქ, ამ ეზოში, თუნდაც აი, ამ თეთრი კედლის გვერდში არის. იმიტომ, რომ უზენაესი ძალა ყველგან არის, ზევითაც, ქვევითაც. ჩვენი წინაპრები შეცდნენ, როცა თავიანთი გოდოლის მშენებლობა ცისკენ დაიწყეს. ამით, მართალია უზენაესი ძალის ზედა ნაწილს მიუახლოვდნენ, მაგრამ ქვედას დაშორდნენ. არც ქვევით შეიძლება ჩასვლა - ზედას დაშორდები! ადგილზე უნდა ეძიო! ყველაფერი აქ უნდა მოხდეს, აი, აქ, ამ ეზოში, თუნდაც ამ ნაგვის ბუნკერის გვერდით! გაიგე?!
- დიახ! მჯერა კიდეც! მაგრამ თქვენ რა იცით, რომ ეს ყველაფერი ასეა?!
მაიმუნის კითხვას ჩომბემ გასცა პასუხი.
- ჩვენ ლიდერი გვყავდა - სოსიკო ბრძენი. იმან გვასწავლა.
- ყველაფერი, რაც ვიცით, მისგან ვიცით. - დაეთანხმა წოპე.
- მერე რა უყავით სოსიკო ბრძენი?
- ვცემეთ და გავაგდეთ! - ბრიყვული მედიდურობით აუხსნა შახომ. - მტრების აგენტი გამოდგა, ოხერი!                                                                                             
- თან, დიქტატორიც! - ეს კი, რაღა თქმა უნდა, ჩომბე არის. - სულ მუდამ მხოლოდ თვითონ იყო ბრძენიც, ლიდერიც; სულ ვისხედით და ვუსმენდით. მისი გაგდების შემდეგ ბრძენიჶლიდერის შტატი ჩვენვე შევითავსეთ დემოკრატიული გათვლის საფუძველზე. გავითვლით ხოლმე და ვინც პირველი გავა, ისაა ბრძენიც, ლიდერიც, სწყვეტს და გვასწავლის ქვეყნის საკითხებს! დღეს შახო არის ჩვენი ლიდერი. ცოტა ადრე, გათვლამდე რომ მოსულიყავი, შეიძლება, შენც ყოფილიყავი ჩვენი დღევანდელი ბრძენი-ლიდერი, მაგრამ დაიგვიანე. ეხლა მოუსმინე, შახო ბრძნულ რამეს იტყვის, დღევანდელი დღის საკითხი აქვს გადასაწყვეტი. მაგრამ მანამდე, ლიდერის ტიტულის აღსანიშნავად, რაიმე, მოკლე ბრძნულ ფრაზას იტყვის; ჩვენს გასაგონად და შენს გასაგონად იტყვის! მართლა!
და შახომაც არ დააყოვნა, დაფიქრდა, საფეთქელზე ცერი მიიდო და თქვა:
- როცა ქვემეხები სჭექენ, ბუზები სდუმან!
- ვაა, რა მაგარია! რა მაგრადა თქვა!
აღფრთოვანებისაგან გაგიჟდა მაიმუნი. და ის იყო, ტაშის შემოკვრას აპირებდა, რომ წოპემ ლამის მუშტებით შეაჩერა.
- ტაშის დაკვრა არ გაბედო! არ გაბედო-მეთქი! ჩვენ დიად იდეებს მხოლოდ ამ სახით მივესალმებით: იდეისათვის! იდეისათვის! - იყვირა ორჯერ და შტვენა მორთო.
- ვააა!
ეს უფრო მოეწონა მაიმუნს. ახლა თვითონ იყვირა:
- იდეისათვის! იდეისათვის! - და ორი თითით შტვენა მორთო.
აყვნენ დანარჩენებიც.
- იდეისათვის! იდეისათვის!
(გამაყრუებელი შტვენა)
- იდეისათვის! იდეისათვის!
(გამაყრუებელი შტვენა)
და ასე გაგრძელდა საკმაო ხანი. ბოლოს შახო ყვირის: - კმარა! გაჩერდით!
ყველა ჩერდება. მაიმუნი მაინც კივის. კმაყოფილი ჩომბე წოპეს გადაულაპარაკებს:
- მაგარი ვინმე შემოგვემატა!
- კმარა! კმარა!
შახოს მორიგ ყვირილზე, როგორც იქნა, გაჩუმდა მაიმუნი; სიხარულის ქშენა სულს უხუთავდა; ის უკვე თავისთვის ლაპარაკობდა:
- რა მინდოდა ზოოპარკში!.. - და სულ შუბლში ხელებს ირტყამდა.
ბოლოს ყველაფერი დაწყნარდა. სიწყნარე, უკუნეთი დუმილი.
- ისმინეთ, - აცხადებს შახო. - ჩვენ დღეს გავზომავთ ეზოს! უნდა გავიგოთ, რამდენი ნაბიჯი არის! უნდა ვიცოდეთ! ეს ეზო არის სიბრძნის წერტილი! ეს ეზო არის, მეგობრებო, ჩვენი გოდოლი!
- ერთი, ორი, ერთი, ორი... - ისმის უკვე სიბნელეში.
ყველაფერ ამას აგვირგვინებს  ამაზრზენი კნუტისა და დონდლო ძაღლის დუეტი.
- მიაუ!!! - და, - ვაუჰ...



    მეოთხე სურათი

განათდა. სცენა სავსეა ყვავილებით. აქვეა შეყვარებულ წყვილთათვის განკუთვნილი ბაღის მერხი. ყვავილებს შორის მოაბიჯებს ამბის მთხრობელი; ცისკენ აქვს გაწვდილი ხელი; აღტაცებას არ მალავს.
- ერთდროულად: მზე, მთვარე და ვარსკვლავები... ,,შეხედე რა ცაა, ესაა რაცაა“ - უთქვამს დიდ პოეტს.
სულ მალე მთელ სცენას ბალერინა ცეკვით გადაჭრის.
კომპლიმენტი მთხრობელისაგან:
- ოჰ, რა მშვენიერია ანი ჟარლეწი!…
ახლა მთხრობელი თითქოს მოღუშულია. ეზოში შემოდის სოსიკო - ერთ დროს ბრძენი. სოსიკო თავდახრილია. შიგადაშიგ მძიმედ ოხრავს, გრძელი მერხის სულ კიდეში გვერდულად ჯდება, საზურგეს იდაყვს აყრდნობს და ფიქრს ეძლევა.
- სოსიკო ძალიან უცნაურია! - გვამცნობს მთხრობელი - ის, მისი სევდით შეპყრობილია და ეს მელოდიაც, რა სევდიანია...…
ოხრავს, შიგადაშიგ ოხრავს სოსიკო და ერთ-ერთი ასეთი ოხვრა ესმის ჟარლეწის, გაზაფხულივით შემოპარული მჯდომარეს, ზურგიდან რომ წამოსდგომია.
- თქვენ მგონი რაღაც გიჭირთ!
- განა არის ქვეყნად ვინმე, ვისაც რაღაც არ უჭირდეს?!
- არ ვიცი, ალბათ, არის... ვინმე ხომ უნდა იყოს ბედნიერი!
- ბედნიერი? არ ვიცი... არ ვიცი...
თავდახრილი სოსიკო აქამდე თითქოს სიზმარში ლაპარაკობდა, ბოლოსღა მიხვდა, გამოერკვა - ანის ახედა. ახედა და... ელდა ეცა, ფეხზე წამოხტა.
- თქვენ ვინ ხართ? აქ საიდან გაჩნდით?
- მე? მე...…
შესაძლოა, სოსიკოს რეაქციამ დაუბა ენა, ან...… ან, სოსიკოსი არ იყოს, მასაც უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა. ბოლოს, როგორც იქნა, გაიხსენა გვარი, სახელი:
- მე გახლავართ: ანი ჟარლეწი.
- ო, ღმერთო ჩემო! მე სიზმარში ვარ, მელანდება, ზღაპრულ ზმანებას ვესაუბრები!
- არა, რას ბრძანებთ! თქვენს წინაშეა ჩვეულებრივი ბალერინა - ანი ჟარლეწი.
- ანი ჟარლეწი...… ბალერინა ანი ჟარლეწი!…
პაუზა.
- სამუდამოდ ჩაიბეჭდა ეს სახელი სოსიკოს გულში! - გვამცნობს მთხრობელი.
მთხრობელი? ჰო, მართლა, ნეტა რას აკეთებს სიყვარულის ამ ხეივანში ჩვენი მთხრობელი?
- მე ვერ მხედავენ, ხელს არ ვუშლი - არ ვარ სპექტაკლის ჩვეულებრივი გმირი!
ოჰო, ის მგონი ხუმრობს! თუმცა, არ ვიცი! იგი არ არის ჩემი რიგითი გმირი. ჩემი? რის ჩემი! იგი სრულიად არ არის ჩემი! საიდან მოდის? ჩემში რა უნდა? ან თუნდაც, როდიდან გაჩნდა ჩემში? მე კი მგონია რაღაცეები, მაგრამ არ ვიცი მეც არაფერი! უკაცრავად, ჩანართისათვის.
მთხრობელი გადის. ხეივანში რჩებიან სოსიკო და ანი ჟარლეწი.
- ხელს ხომ არ გიშლით? ხომ არ გაწუხებთ? თვითონ არ ვიცი, რატომ მოვედი… უბრალოდ, ძალიან სევდიანად გამოიყურებოდით!
- არა, რას ბრძანებთ! ნუ წახვალთ! თუ შეიძლება კიდევ დარჩით!
პაუზა.
- მე თქვენ...… მე...… რა კარგია, რომ თქვენ ცეკვა იცით!
ვერა, ვერ უთხრა ქალს იმ წამს განცდილი. რაღაცა კი თქვა, მაგრამ... თუმცა, ვინ იცის, იქნებ სჯობს კიდეც ასე დასაწყისისთვის!
- ცეკვა…  - თვალებგაბრწყინებულმა გაიმეორა ანი ჟარლეწიმ. - ოო, ცეკვა… გინდათ გიცეკვოთ? ჩქარა მითხარით! ნუთუ თქვენ ჩემი ცეკვა გაინტერესებთ?
- მაინტერესებს? მე მიხარია, რომ ქვეყნად არიან მოცეკვავენი!
- მე კი ის მიკვირს, რომ ჩემი ცეკვა ვინმეს ახარებს. გთხოვთ,  მითხარით თქვენი სახელი!
- მე,… სიამოვნებით: სოსიკო მქვია.
- სოსიკო? სოსიკო ბრძენი? როგორ ვერ მივხვდი! მე ბევრი მსმენია თქვენზე!
არა, რას ბრძანებთ! რის ბრძენი! როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ბრძენი!
- ადამიანი, თუ არა, აბა, ვინ? ვინ არის ბრძენი?
- აბა რა ვიცი, სხვებზე რა მოგახსენოთ, თავად კი,… თავად არც იმდენად სულელი ვარ, რომ ჩემი თავი ბრძენად შევრაცხო!
- ვერ გავიგე! მაპატიეთ!
- აჰ, მაპატიეთ! მე მაპატიეთ! თავად არ ვიცი, რას ვლაპარაკობ! რა მემართება!
- სჯობს, რომ გიცეკვოთ!…
ის უკვე ცეკვავს _ ოო, რა კარგია ანი ჟარლეწი! გთხოვთ: განათება გვიან გამორთოთ! 
   

        მეხუთე სურათი

ისევ, ის ეზო უსიცოცხლო ბარაკებით დამშვენებული. სცენაზე ქვის გალავნის მხრიდან არც მეტი, არც ნაკლები, შემოდის ზოლიან სამოსელში გამოწყობილი ნამდვილი რეციდივისტი. შეამჩნევს გალავანში დატანებულ თაღს (კარებს), გაიხარებს.
- კარები... აი, კარები! - უახლოვდება. - თანაც ღიაა...
მიუახლოვდა და უცებ, დამფრთხალი უკან გახტა.
- ბოქლომი ადევს! - ისევ უახლოვდება. ¬- ღიაა და მაინც ბოქლომი ადევს... საეჭვო არის!
იფიქრებს, იფიქრებს, რაღაცას იბურტყუნებს და ბოლოს, არც შესვლას, არც შემოვლას, გალავანზე გადაძრომას არჩევს. ეზოს გულისკენ გაემართება. გაივლის, გამოივლის, ეზოზე გადმომყურე ერთადერთი, და ისიც აგურით ამოშენებული ფანჯარა აშკარად თვალში არ მოუვა, ტუჩი მოეღრიცება. მერე ჩვენსკენ წამოვა და იქ... იქ? ჰოო, იქ მიკროფონი მოეწონება. რაღა დავმალოთ და, გალავნის კარებზე მეტად მოეწონება. თუმცა, ვერ მიხვდა რა ნივთი იყო, მოპარვას სცდის, რის შესახებაც, ხმამაღლა გამოაცხადებს:
- ვისიც გინდა იყოს, რაც გინდა იყოს, ეს მე მჭირდება!
და ის იყო ხელს წაატანებს, ეზოში მაიმუნის მეთაურობით შახო, წოპე და ჩომბე შემოცვივდებიან. მათ დანახვაზე მიკროფონის ქურდი უკან გახტება. ყველა გაშეშდა. რა თქმა უნდა, იმათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ამის დანახვა - თან მიკროფონთან!
- მაიმუნი აფერისტია - მგონი მიუხვდა ახალმოსულის ბოროტ განზრახვას, პირველი სწორედ იგი ეძგერა. თუმცაღა, ქურდბაცაცობის ნაცვლად ყურადღება მის სამოსელზე გაამახვილა.
- შენ რა რეციდივისტივით გამოწყობილხარ!
- ვინა, მეე?
- ხო, ხო, შენ! ეგ რა ფასონზე გაცვია?!
- ეეს? ეე... - ცოტა არ იყოს, ენა დაება რეციდივისტს! - ეს ფორმაა... მე ვმუშაობ... სამსახურში ჩვენ ასეთი ფორმა გვაცვია! ჩვენ ვმუშაობთ! ჩვენ!.. მე!.. - ახლა კი ენა უკვე ბრაზმა დაუბა, გვიან რომ მიხვდა, ქურდობის ნაცვლად, რაღაც ჭინჭებისთვის შემოუტიეს. იქით ეძგერა.
- შენ რა კოლონიის უფროსისავით მელაპარაკები! რაც მაცვია, ის მაცვია!
და გაიწია მაიმუნისკენ; დანარჩენებს, მხოლოდ თვალები დაუბრიალა. ჩხუბი ცუდია... და ჩხუბის ნაცვლად სულ სხვა რამ მოხდა. აი, რა მოხდა: ჩომბემ აღფრთოვანების ემოცია ვერ შეიკავა:
- ვაა! რა მოსწრებულად თქვა - ბრძნულად: რაც აცვია, ის აცვია! - ცოტაც დაფიქრდა და... წარმოიდგინეთ, რეციდივისტის სიტყვებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა. - თანაც, არ გაგვითვლია, ისე თქვა - რა მაგრადა თქვა! - მიიჭრა მასთან და ბავშვივით დაუწყო თხოვნა:
- ხო დარჩები! ხო დარჩები! ხო დარჩები!
პასუხი ჩომბეს რეციდივისტის ნაცვლად წოპემ გასცა. მიუახლოვდა და თავისი გრძელი ცხვირი ლამის შუბლში ჩაარჭო; აი, რა უთხრა:
- სადა?! სად დარჩება?!
- ჩვენთან... - ჩომბემ საწყლად წაიკრუსუნა.
- არა, წავიდეს! - ახლა დიალოგში შახო ჩაერთო. - ყაჩაღსა ჰგავს, რამეს მოგვპარავს!
- დარჩეს, დარჩეს, მოგვპაროს და ჩვენც გავასამართლებთ; ისე, მართლმსაჯულების ორგანო დასაარსებელია! - მაიმუნი, ვიმეორებ, აფერისტია.
- ვერ გავასამართლებთ, იმიტომ რომ არაფერი არ გვაქვს და ვერაფერს ვერ მოგვპარავს. _ ჩომბე კი, როგორც ყოველთვის, გულუბრყვილოა.
- მაინც დარჩეს! ვინმემ დააბრალოს ქურდობა და მერე ის გავასამართლოთ ცილისწამებისათვის! _ ამას მაიმუნის მეტი სხვა ვინ იტყოდა!
- სწორია! სწორია! - უკანასკნელი აზრი ყველას მოეწონა. - მაგრამ ვინ უნდა დააბრალოს? - იკითხა წოპემ.
სიჩუმე.
- თვითონ დაიბრალოს! - მაიმუნი.
- არაფერსაც არ დავიბრალებ! ეგეთი რამე მე არ მეხერხება! მე მარტო უარყოფა ვიცი!
ისევ სიჩუმე.
ყველამ ფიქრს მისცა თავი.
ამ დროს შემოდის პიონერი პიონერული ალმითა და მარშით. ყველა გააყოლებს თვალს. პიონერი გაივლის და გავა.
- გავითვალოთ, - ჩომბეს მოსდის აზრი. - გავითვალოთ და გასული თავისთავად მიხვდება, დატოვება აჯობებს ამის თუ გაგდება.
ითვლის შახო:
- ესა, მესა, გადის ესა!
წინანდელისაგან განსხვავებით, ამჯერად მაიმუნი აღმოჩნდა გასული, და იმანაც არ დააყოვნა - ისე ეცა მიკროფონს, თითქოს ხანძარი გაუჩნდაო.
- მოიცა, მოიცა, ეგრე სად არის! - აჩერებს წოპე. - ჯერ რაიმე  მოკლე ბრძნული ფრაზა თქვი!
- აჰა, ახლავე: - და უშტვენს ორივე თითით. - რა, იქნებ თქვათ შტვენა რომელიმე ფრაზაზე ნაკლები არის!
შტვენის მისამართით ცუდის თქმას ვინ გაბედავდა!
- ეხლა ისმინეთ ბრძნული აზრი: რახან მოვიდა, - თითს ყაჩაღისკენ იშვერს. - უკვე აქ არის! იდეისათვის! იდეისათვის! - და ყურის წამღებად უშტვენს.
- იდეისათვის! იდეისათვის! - გამაყრუებელი შტვენა. - იდეისათვის! იდეისათვის! - გამაყრუებელი შტვენა.
კივის და უშტვენს ყოველი მათგანი. რეციდივისტმა ჯერჯერობით მხოლოდ შტვენა იცის. რაც შეეხება იდეებს, ახლა მასაც გაანათლებენ ამ ცოდნის ტაძარში. პირველი მომხსენებელი წოპე არის:
- ჩვენ დიად იდეას ვემსახურებით! იდეით ვცხოვრობთ! იდეისთვის ვართ გაჩენილები! ქალაქს ვაშენებთ და გოდოლს! ყველაფერი ახლებურად, ახალი ტიპის უნდა იყოს - სამყაროსა ვცვლით! შენ უნდა მოგვეხმარო მშენებლობაში!
- ქალაქის აშენებაში ბევრი არაფერი გამეგება. გოდორის დაწნას კი პატარა რო ვიყავი, ჩემი ბებია მასწავლიდა.
- არა! არა! - აფეთქდა შახო. - არავითარი დაწნა! არც აშენება! საშენი მასალა სულ არ გვჭირდება! ჩვენ არ უნდა ავიდეთ ზევით, არც ქვევით! სამყაროს აზრი, ის დიდი ძალა, რისკენაც ვილტვით, სუყველგან არის, ზევითაც, ქვევითაც! ესე იგი, ჩვენ შუაში ვართ, ცენტრში! სხვანაირი მშენებლობა გვაქვს მხედველობაში!
- თანაც, - ისევ მაიმუნი ჩაერთო. - ამით, საშენი მასალის ეკონომიას ვაკეთებთ. იცი, რა ღირს ერთი აგური?!
მაიმუნის კითხვას წოპემ გასცა პასუხი:
- ოთუსბირი!
- ხო გაიგე: ოთოსძვირი! - მაიმუნმა დააზუსტა წოპეს ნათქვამი. ახლა აქეთ მოდექ, ეს არის მიკროფონი! დაიხსომე: ყოველი ბრძნული აზრი მხოლოდ აქ, მიკროფონის წინ უნდა ითქვას! სხვაგან თქმული აზრი, აზრი არ არის!
- ეს კი, - მაიმუნი ისევ შახომ შეცვალა. - კედელი არის, თეთრი, ქათქათა, სიბრძნის კედელი, რომელზედაც კაცობრიობას უნდა აღვუბეჭდოთ ფილოსოფიური ნახატის სახით ხსნის გზა, დიადი იდეის არსი, მიღწევის საშუალებანი!
ისევ მაიმუნმა მოსტაცა სიტყვა:
- კედელი ყოველ დილას უნდა შევამოწმოთ, ვინმემ ხომ არ წაბილწა ნაჩხაპნით ან რაიმე მსგავსით; მოგეხსენებათ, ირგვლივ ათასი მაიმუნი დაძრწის! ყველაზე აუცილებელი მუხლის მოყრაა ამ კედლის წინაშე. მართალია, ჯერ ზედ არ დაგვიხატია დიადი იდეის არსი, მაგრამ, არა უშავს. მთავარია, საღებავიც გვაქვს და ფუნჯიც! აი, მოდი! მოდი, ნახე და ჩაიმუხლე.
კედლის წინაშე ყველანი ჩაიმუხლავენ, თავებს ხრიან, შემდეგ წამოდგებიან და...
- იდეისათვის! იდეისათვის! - შტვენა. - იდეისათვის! იდეისათვის! - შტვენა.
განათების გაუჩინარებასთან ერთად, უჩინარდება შტვენა და შეძახილები. სურათის დასასრულს აგვირგვინებს ამაზრზენი კნუტისა და დონდლო ძაღლის დუეტი.             

    მეექვსე სურათი

ისევ განათდა ბარაკებს შორის, ცაც აბრდღვიალდა ათას ფერებით - იგივე ეზო... იგივე ხედი... ახალი მხოლოდ ისაა, რომ იქაურობა, ნაირფერი ყვავილებით არის დაფენილი. ყვავილებს შორის ღიღინით მოაბიჯებს ამბის მთხრობელი. აი, რას ხედავს: ყვავილებით მოფენილი ეზოს შუაგულში (მორყეულ ყუთზე) ფუტკარივით მიმჯდარა სოსიკო - ერთ დროს ბრძენი.
- ოჰო, სოსიკო... სიყვარულს მივესალმები!
ისევ აგრძელებს ღიღინს. გაივლის, გამოივლის, ბოლოს გამოგვხედავს და გვეტყვის:
- თქვენთვისაც მიბოძებია ერთი სალამი! - მაჯის უზარმაზარ საათზე დაიხედავს (რომელიც სპექტაკლში პირველად აქვს და უკანასკნელად).
- აჰ, თუმცა, კარგად იყავით!
მთხრობელი გადის.
სოსიკო ისევ ყუთზე ზის ჩაფიქრებული. ოხრავს... ყურებამდეა შეყვარებული. შემოდის ანი ჟარლეწი.
- ბატონო სოსიკო, როგორ ბრძანდებით?
- ეჰ, ძველებურად - ხან მხნედ, ხან ცუდად!
სოსიკოს სძინავს! დარწმუნებული ვარ, არც იცის ვინ მოიკითხა, ვის გასცა პასუხი. შტერო! ახლაღა მიხვდა, რეალობას დაუბრუნდა.
- ოხ, უკაცრავად! ეს თქვენ ხართ... ეს წუთია თქვენზე ვფიქრობდი!
- ჩემზე? ჩემზე ფიქრობდით?
- არა... ა... ა... იცით... ი...
ენა მუცელში ჩაუვარდათ საწყლებს. კომენტარი ზედმეტი არის. მხოლოდ ერთს გეტყვით: ვინც დააცემინეთ, კარგად იყავით!
ცოტა ვიხუმრე.
მაშ, ასე, სამუდამოდ შეუყვარდათ ერთმანეთი სოსიკოსა და ანი ჟარლეწის - ეს ყველამ იცით. მაგრამ არ თქვათ! ჩუმად იყავით! ისედაც, მორიდებული ბუნებისაა ეს წყვილი. აჰა, მიუშვით, რაზეც გინდათ ალაპარაკეთ, ოღონდ არ გააგონოთ სასიყვარულო სიტყვები! ასეთი წყვილი... აჰ, ასეთი წყვილის მე არაფერი მესმის! აგერ სოსიკო... აგერ ჟარლეწი... მალხაზ, რაც შეიძლება სწრაფად მოდი!
(მალხაზი - ერთ-ერთი მარიონეტული თეატრის დირექტორი)
რაა? ბოლო კუპლეტში აზრი არ არის?! სამაგიეროდ რიტმში ჯდება, რიტმული არის! ესეც ბევრს ნიშნავს ზოგიერთისთვის; თუმცა, აღვნიშნავ, ეს ბოდიალი არ იყო მიძღვნილი მხოლოდ ზოგიერთისათვის! მე თქვენი ყურადღება მივიპყარი და ამით ცოტაოდენ უხერხულობისაგან ვიხსენი ჩვენი წყვილი. აბა, მითხარით: მისჩერებიხართ შეყვარებულებს - რა წესი არის?!
აი, მათ უკვე შეძლეს სიყვარულის ანცი ვირუსის (სიმორცხვის სიწითლის) მოგერიება, უკუგდებაც კი. და რაღაც გარეშე თემაზე საუბრობენ. ერთი სიტყვით, ამოიდგეს მუცელში ჩაცვენილი ენები.
- ამ მიდამოებში ბევრი ხალხი ტრიალებს. თქვენ მუდამ მარტო ხართ - არავის არ ეკარებით... რატომ ხართ ასე ეული?
- ეჰ, არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ... აი, თქვენ, მაგალითად, ხალხისთვის რატომ არ ცეკვავთ?
- მე მათ არა ვჭირდები! ჩემს გარდა ყველა ჭირდებათ - მაიმუნი, ქურდი, ყაჩაღი!
- არ მაკვირვებს თქვენი ნათქვამი. მე ვიყავი მათთან, დღეს კი... გამომაგდეს! აღარ ვჭირდები! საბაბად ის მომიდეს - ცუდად უშტვენო! არადა, შტვენა თითებით მართლა, არ ვიცი!
- შტვენა? მე სულ არ ვიცი!
- როგორ?! სულ, სულ არ იცით?! სირცხვილი ჩემი! მთელი ცხოვრება არც კი მიფიქრია მასზედ, რომ აღმოჩნდება ვინმე, ვინც შტვენა საერთოდ არ იცის! პლანეტა უშტვენს! კაცობრიობის სენი მხოლოდ ის არის, რომ მან შტვენა იცის!
აქ აენთო სოსიკო... (აღარც კი ვიცი, როგორ მივმართო - ბრძენი თუ ერთ დროს ბრძენი?). მორყეულ ყუთზე შეხტა და დასჭექა ქვემეხივით:
- მე ვიყავი ხალხთან! მერქვა მათი ლიდერი! შევპირდი, რომ ქალაქსა და ნამდვილ გოდოლს ავუშენებდი! მე ვმუშაობდი, რომ კაცობრიობა უმწეობისგან მეხსნა, მიმეცა მისთვის ძალა(!), აზრი! აი, იმ კედელზე უნდა დამეხატა ფილოსოფიური ნახატის სახით ხსნის გზა - დიადი იდეის არსი! - ანის მიანიშნებს ეზოზე გადმომყურე ერთ-ერთი იმ კედლისკენ, რომელიც მთელი სპექტაკლი ფარდით არის აკრული. - მაგრამ... - აქ კი სოსიკოს მოულოდნელად ჩამოუვარდა თავი. - დანაპირების ნაცვლად აი, რა დავუხატე ხალხს: - კედელთან მიდის, ფარდას ჩამოხსნის. - ამ ნახატს ეწოდება: ყველა გზა მოჭრილი არის, ანუ, ბუშტი, ბუშტის მბერავი! გვახარებს ბუშტის ბერვა - ვამაყობთ ბუშტით, რადგან ამ ბუშტთან ერთად მივფრინავთ ზემოთ, სულ ზემოთ და არ გვესმის, რამდენად მოჩვენებითია ჩვენი ზეასვლა. ბუშტი ხომ ჩვენს დასაღუპად არის გამოგონილი!
წამით პაუზა.
- ამისთვის მცემეს... გამომაგდეს... საბაბად კი ცუდად უშტვენსო, შტვენა მომიდეს. თუმცა, სწორია, ასეც არის!
ისევ პაუზა.
- და მას შემდეგ ვარ ასე ეული, საკუთარი უმწეობით სიკვდილამდე დათრგუნული. პესიმიზმია ჩემი თანამგზავრი! ვდგავარ ერთ ალაგას და ფეხებსაც აღარ ვაბაკუნებ, რადგან ვიცი, ეს მე წინ ვერ წამიყვანს.
სიჩუმე. სოსიკიც და ანიც გახევდებიან.
სინათლე ქრება.


          მეშვიდე სურათი

დეტექტიური სერიის შესავალს ჩამოგავს სურათის დასაწყისი: შესაბამისი მელოდიის თანხლებით მბჟუტავ სინათლეზე, ბარაკებს შორის ილანდება მთხრობელის ლანდი. გვიახლოვდება, ფეხაკრეფით, თითქოს საიდუმლოს თქმა უნდა რამის. შესდგა - გვანიშნებს... თითით! სიჩუმე...  მელოდიაც კი გაუჩინარდა. დღეს იგი ძალზედ უცნაურია - ნამდვილად საიდუმლო სათქმელით მოდის! აი, საცაა გვეტყვის!
გვეტყვის? მოიცათ ერთი... მაგისი გჯერათ?! პირველი წუთიდან გვამაიმუნებს! წამიც და ყველანი გადავავიწყდით. მარცხენა ხელის აქნევით ააბდღვიალა სცენის მარცხენა მხარე, მარჯენათი კი... გამოიცანით: მარჯვენა. უახლოვდება ფილოსოფიური ნახატის დასახატად განკუთვნილ (თეთრ) კედელს.
- ეს იმ ფილოსოფიური ნახატის დასახატად განკუთვნილი კედელი არაა, კაცობრიობას ხსნას რომ ჰპირდება!
სწორედ, ამ წამს, სახურავზე ამაზრზენი კნუტი გამოდის - მიაუ!!! - ოო, რა საშინლად კნავის ეს კატის კნუტი!
კატას, ჩვეულებისამებრ, დონდლო ძაღლი ცვლის - ვაუ...
- ესაა ძაღლი... - და ძაღლის შემყურეს უცებ, რაღაცა ეშმაკური მოაფიქრდება. - ცუგა, ცუგა, ცუგა, მოდი-წუ-წუ-წუ! ამ კედელთან... აი, აქ... მოდი! წუ, წუ!
ძაღლი ზანტად მიატრიალებს თავს მისკენ; მისვლით არ მივა; უყურებს, უყურებს და გაიძურწება იქით, საიდანაც გამოჩანჩალდა. მთხრობელი ნაწყენი ჩაიბურტყუნებს:
- ვეღარ გავიგე, რომელ კედელთან შარდავს ეს მამაძაღლი! - გაიხედ-გამოიხედავს, თავს მოიქექავს. - პიონერი სადღაა, გაიაროს თუ გავლას აპირებს!
პიონერი არ ჩანს. ახლა მიკროფონთან მივა, გახედავს, გამოხედავს, შნურს წაავლებს ხელს და ჩაიბურტყუნებს:
- ვარგოდეს რამედ... შნურიც კი გაწყვეტილი აქვს!
შემოდის პიონერი. მთხრობელი თვალს გააყოლებს, თავს გააქნევს, არაფერს იტყვის. ახლა იგი აშკარად მოღუშულია; სცენის კიდეში გადის. შემოდის რეციდივისტი. მის დანახვაზე, ცოტა არ იყოს, გამოცოცხლდება მთხრობელი.
- ასეც ვიცოდი: მიკროფონის ასაცინცლად მოვიდა ეს ბრიყვი! ის ხომ ვერ მხედავს, ჰგონია მარტოა.
წამით პაუზა.
- თუმცა, მე... მე რა?! მოსაწყენია აქაურობა. წავალ, მოვინახულებ სოსიკოსა და მშვენიერ ანი ჟარლეწის!
მთხრობელი გადის. რეციდივისტი მიმოიხედავს ირგვლივ, სტაცებს ხელს მიკროფონს და გარბის...
გარბის? უკაცრავად, ვერ მიართვეს! სუყველა მხრიდან შემორბიან: შახო, წიპე, ჩომბე და მაიმუნი - ჰა? ჰო! ჰა? ჰო! ჰა? ერთ ალაგას ქვა! რა თქმა უნდა, რეციდივისტს! ჩემგან! აი, ბიჭებისგან კი... გადარეული კივილით ფეხქვეშ გაიგდეს ეს უბედური! არა, არა, ჯერ ცოცხალია - ვექილის სახით მშველელს მოუხმობს. ბიჭები კი... გაჰკივიან ბიჭები! არცერთს არ უნდა, იყოს ვექილი! ბრალმდებლის როლი, რა თქმა უნდა, უფრო იოლია.
- ეე... მიკროფონი მოიპარა!
- ეს გაიძვერა!
- ქურდი! ყაჩაღი!
- ჩაქოლეთ! მოკალით!
- მოიცათ! მოიცათ! ნუ მცემთ! უფლება არ გაქვთ ცემის! ვექილს მოვითხოვ - ეს ჩემი კონსტიტუციური უფლება არის! კონსტიტუციური!
რეციდივისტის უკანასკნელ სიტყვაზე, თითქოს ქვად იქცნენო, ყველა ჩერდება - მაიმუნის გარდა(!), რომელიც აქამდე, სანამ რეციდივისტი მიწაზე დაეცემოდა, განზე იდგა და სხვებს აქეზებდა. ახლა ეცა და წაქცეულს შიგ სახეში დააყარა წიხლები; თან კივის:
- ამას მოვკლავ, ჩემი დედა!.. წავახრჩობ! ეს ბოზი!
- გაჩერდი! გაჩერდი!
როგორც იქნა მაიმუნიც გააჩერეს. შახოს შემოაქვს წინადადება:
- გავასამართლოთ!
- გავასამართლოთ! გავასამართლოთ! - გაჰკივის ყველა.
      შახო აგრძელებს:
- მიკროფონი, რომელსაც ეს ნაძირალა იპარავდა, ხელს უწყობს ჩვენს გონებაში დიადი იდეების ჩასახვას! ჩვენ და, განსაკუთრებით, ჩვენი იდეები, მოგეხსენებათ, ხალხს სჭირდება! წინადადება შემომაქვს:
აქ, შახოს სიტყვაში მოულოდნელად ჩომბე ჩაეჩხირა - ეგონა, მის გულში ნადებს გამოიცნობდა:
- კიდევ ერთხელ ვცემოთ, არა?!
შახომ თვალები დაუბრიალა. ჩომბემ ხმა გაიკმინდა. მაგრამ ახლა მაიმუნმა აიქაფა პირი:
- ჩამოვახრჩოთ! ჩამოვახრჩოთ! - და შტვენა.
- დავხვრიტოთ! დავხვრიტოთ! - არც წოპე აღმოჩნდა მაიმუნზე ნაკლები.
- ელექტროსკამზე დავსვათ! ელექტროსკამზე! - აყვირდა ჩომბეც; და მართლაც, რითია სხვებზე ნაკლები!
- წყნარად! წყნარად! მე, რა დაგიმალოთ და, გილიოტინას მივესალმები. - იძახის შახო. - მაგრამ განაჩენი რომ იყოს დემოკრატიული, თვითონ ამოირჩიოს სასჯელი!
- მე? მე... - ცრემლს იწმენდს რეციდივისტი; ეჰ, რომ უყურებდეს ახლა ბებიამისი! - გამათავისუფლეთ დაუყოვნებლივ! მეც ხალხთანა ვარ! თქვენთან ვარ! დიად იდეას ვემსახურები! არა ვარ თქვენზე ნაკლები! თვითონ არ დამტოვეთ აქ?! თუ გჭირდებით, ესე იგი, უნდა ვაკეთო ის, რაც ვიცი! აბა, რა ჩემი ბრალია, თუ მარტო ქურდობა ვიცი?! მთავარია, თქვენთან ვარ! თქვენ ბევრნი ხართ, მაგრამ ჩემთან ერთად უფრო ბევრნი იქნებით! და რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით უფრო მალე ავაშენებთ ყველაფერს, რისი აშენებაც საჭიროა! გაუმარჯოს დიად იდეას! იდეისათვის! იდეისათვის! - და უშტვენს.
ჰო... შტვენაში აყვნენ დანარჩენებიც:
- იდეისათვის! იდეისათვის!
(შტვენა)
- იდეისათვის! იდეისათვის!
(შტვენა)
როცა კივილით გული იჯერეს, რეციდივისტის ქებას მოჰყვნენ.
- ყოჩაღ! ყოჩაღ! არ შევმცდარვართ შენში! შენ მართლაც ერთგული ხარ დიადი იდეის!
- დაირღვეს შენს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე! - აცხადებს შახო.
შახოს აჰყვება მაიმუნი:
- დაირღვეს! დაირღვეს! ყველაფერი უნდა დაირღვეს! სულ, სულ, სულ ყველაფერი უნდა დაირღვეს!
მაიმუნის სიტყვებმა პროტესტნარევი გაოცება გამოიწვია დანარჩენებში.
- სულ ყველაფერი? სულ ყველაფრის დარღვევა რა წესი არის?!
- წესია! წესია! - კივილით პასუხობს მაიმუნი. - ქვეყნად წესის წესი ისაა, რომ წესი უნდა დაირღვეს! დაირღვეს! დაირღვეს! დაირღვეს! იდეისათვის! იდეისათვის! - შტვენა.
- იდეისათვის! იდეისათვის! - შტვენა. - იდეისათვის! იდეისათვის! - შტვენა. ეს უკვე, აჰყვნენ დანარჩენებიც.
ჩაქრა სინათლე. ახალ სურათში საცაა უნდა გამოჩდნენ მთხრობელი, სოსიკო და ანი ჟარლეწი! ჩაუგდეთ ენები!!!



    მერვე სურათი

მერვე სურათში მთხრობელს სცენაზე ხვდება ერთმანეთის პირისპირ მდგომი მდუმარე სოსიკო, მდუმარე ანი და ბოძზე გაკრული, რა თქმა უნდა, ისიც მდუმარე, საგზაო ამკრძალავი ნიშანი - გასვლა არ შეიძლება!
- აი, სოსიკო, აი, ჟარლეწიც და ეს წყეული ამკრძალავი ნიშანი! - აცხადებს მთხრობელი.
ანი შეირხა.
- რა სიწყნარეა... პოეტი, ალბათ, ლექსს დაწერდა ასე: და ირგვლივ მხოლოდ კალიების ხმა ისმის...
თავი დახარა; თავადვე შერცხვა თავისი ლექსის. მერე გამბედაობა მოიკრიბა და...
- სოსიკო, რა კარგი არის არა, მარტონი რომ ვართ ამ სიწყნარეში!
- სამნი... სამნი ვართ!
- რაა?! სამნი?! ესე იგი მე მათთვის ხილული გავხდი?! - გაოგნდა მთხრობელი.
- სამნი? - გაოცდა ანიც.
- ხო, მოსვენებას არ მაძლევს ეს ამკრძალავი ნიშანი! - საგზაო ნიშანზე მიუთითებს ანის. - თანაც, თითქოს განგებ, ეკალივით სწორედ ჩვენს შორის არის ამოზრდილი! სხვაგან მაინც დავმდგარიყავით...
მცირე პაუზა.
- იცი... იცი, რა არის... - წამოიწყო სოსიკომ.
- ოოო! დაეწყო ამას ახლა პესიმიზმის საათი! - ემოციებს ვეღარ იკავებს მთხრობელი. - სურს აუხსნას ანის, რომ ადამიანები არიან წყლის მნაყველები! რომ სჯერათ მათ წყლის დანაყვის! რომ თვითონ მიხვდა ყველაფერ ამას. აღარ ნაყავს - პესიმიზმია მისი ზედმეტსახელი(!) და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, იგი არის ყველაზე დიდი მნაყავი! სულელო! აბა, დაფიქრდი, მაგის დრო არის?!
სასწაული: თითქოს, მართლაც ჩაესმა სოსიკოს ყურში მთხრობელის სიტყვები - თავში ხელს იცემს:
- ოხ, რაზე ვფიქრობ! რა დროს ეს არის!
- რა მოგივიდათ? - შეშინდა ანი. - ცუდად ხომ არ ბრძანდებით?!
- ო, არა, არა! უბრალოდ... თვითონ არ ვიცი!
მცირე პაუზა.
- კარგით, მე წავალ - გვიანი არის... კარგად იყავით!
ის მიდის. სიმარტოვესთან პირისპირ დარჩენილი სოსიკო ჩივის:
- ეჰ, მან არ იცის, რომ ჩვენი, ადამიანების ცხოვრება არის მარიონეტის ცხოვრების მსგავსი! მე მიყვარს იგი და მეშინია, რომ ეს სიყვარულის გრძნობაც არ იყოს იმ, რომელიმე ძაფთაგანზე დაკიდებული! მე მინდა, მიყვარდეს ყველაფრისაგან დამოუკიდებლად! აი, ეს ყვავილი მინდა მივუძღვნა არა ძაფზე დაკიდებული ხელით, არამედ... ჩემით! სრულიად ჩემით!
ამ დროს მის სიტყვებზე ჩაფიქრებული მთხრობელი სცენიდან გადის. სოსიკო აგრძელებს ჩივილს:
- ნაპოლეონის დაბადებაც კი, წინასწარ ყოფილა განსაზღვრული!  მე ვინ ვარ?! ჩემი სიყვარული...
მიდის. უცებ გაახსენდება:
- სად მივდივარ? რა მინდა სხვაგან? განა არის სადმე უფრო კარგი ადგილი - მცირე ხნის უკან აქ, ჩემთან ერთად იდგა ანი ჟარლეწი!
ჩაიმუხლავს, მიწაზე ჯდება, საზურგის მაგივრობას უწევს მდუმარე, საგზაო ამკრძალავი ნიშნის ბოძი.
სინათლე ქრება.


          მეცხრე სურათი

ავანსცენაზე, მესრის აქეთ, პიანინოსთან მდუმარედ დგას მთხრობელი. მის ყურადღებას იქცევს ეზოში შემობანცალებული მაიმუნი.
- ოჰო, მაიმუნი - მარტოკელას რა უნდა აქ? რას დაძრწის? ჩემსკენ მოემართება... არ შეიძლება! ავანსცენა არაა სპექტაკლის პერსონაჟთათვის განკუთვნილი! და მაინც მოდის!
პაუზა.
- რა ეშმაკია! არა მგონია, რომ მაიმუნი იყოს ადამიანის ჯიშის!
მაიმუნი პიანინოს მიუახლოვდა (მთხრობელს ვერ ამჩნევს).
კითხვა ებადება:
- ეს რაღა არის? ალბათ, შავი ურჩხული!
პიანინოდან ხის მესერზე გადაინაცვლა, სადაც სპექტაკლის აფიშის ირგვლივ ნახშირით მიუჩხაპნიათ სპექტაკლის მშობლებს თავიანთი სახელები (ჩემი სახელის გარდა ჯერჯერობით სხვა იქ არავინ არის). კითხულობს:
- ნი-კო... ნეტა, ვინ არის? - წამით შეყოვნდა. - ვინც გინდა იყოს! მეც მივაწერ ჩემ სახელს! აი, ნახშირიც... - მიწიდან იღებს ნახშირს და საკუთარი მშობლის, ანუ ჩემი სახელის გვერდში ცდილობს მიაწეროს - მაკაკიევიჩი. ამას ქვია ღირსეული შვილი! აწერს, აწერს, მაგრამ დახეთ, არ ეწერება. ნახშირი წესრიგშია, უფრო სწორად, ჩვეულებრივია, შეამოწმა:
- ვაა! ასფალტზე წერს, ღობეზე არა!
ეჰ, რა იცის ამ სულელმა, რომ ეს მესერი სხვა გოდოლის დასახატად არის განკუთვნილი!
- აბა, კიდევ სადმე, სხვაგან ვცდი ჩხაპნას!
წამიც და, ეზოს გულში დგას, აქეთ-იქით იცქირება, აინტერესებს - რომელი კედელი უფრო ხელსაყრელია საჩხაპნად. სულსწრაფობამ დაუფიქრებლად მიაგდო გოდოლის, ანუ ფილოსოფიური ნახატის დასახატად განკუთვნილ კედელს. სკუპ და შეახტა კედლების სათეთრებლად თოკზე ჩამოკიდებულ მოწყობილობას. ჩხაპნა დაიწყო:
- მა-კა-კი-ე-ვი-ჩი! ესეც მზად არის... ვაი! - შემოირტყა თავში ხელი. - ვაი! ვაი! ეს რა ვქენი! რომელ კედელზე დამიჩხაპნია! მომკლავენ ბიჭები!
ჩამოხტომას აპირებს, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩამოწყდება თოკი და მოწყობილობასთან ერთად მოადენს ზღართანს მაკაკიევიჩი.
- ვაი, ვაი, ფეხი...
საწყალი კოჭლობით გარბის.
ნაჩხაპნს დინჯად უახლოვდება მთხრობელი; მიაჩერდება... გულში იცინის!
- კაცობრიობის ხსნის კედელი... ხსნა: მაკაკიევიჩი!
ამ დროს მაკაკიევიჩი შესაბამისი მუსიკის თანხლებით მთელ სცენას ცეკვით გადაჭრის.
- ჰეჰ... - ჩაიღიმებს მთხრობელი და ისიც გადის.
აბდაუბდა ნაბიჯით შემოდის პიონერი; გულზე დიდი ,,რაგატკა“ აქვს დაკიდებული. სცენის გულშია უკვე, როცა დასჭექს პიონერული მარში, დაუკრავს ცოტას და ჩაიხრინწება. ამის შემდეგ, სახურავზე გამოდის კნუტი, კნავილი და პიონერისგან ქვის მორტყმა ერთი არის. გამოდის ძაღლი. მეორე ქვის წყალობით ისიც კრუსუნით გარბის.


          მეათე სურათი

მეათე სურათი - სახელწოდებით: მარიონეტებიდან დრამატურგიას მივესალმებით! ანუ, გაბრიაძე გავაქციეთ, ახლა სტურუას მოველანდებით! მოველანდებით! მოველანდებით! რის გამარჯობა?! კარგად იყავით! გულითადი საუბრები... აუჰ! კიდევ ერთხელ, კარგად იყავით!
მოკლედ, სოსიკო, ანი ჟარლეწი და მთხრობელი - თავისი პიანინოთი დრამატურგიული გადაწყვეტით, მარიონეტული სცენის წინ განთავსებულ კოპიო დრამატურგიულ სცენაზე არა თოჯინებად, არამედ, მსახიობებად, ადამიანებად გვევლინებიან. სოსიკო, როგორც თავად იძახდა - ჩვენი ცხოვრება არისო მარიონეტის ცხოვრების მსგავსი, სიმბოლურად, ძაფებზე არის დაკიდებული; ასევე არის ანი ჟარლეწიც. მხოლოდ პიანინოსთან მდგომ მთხრობელს არ აბია ძაფები. თუმცა, ეს უკანასკნელი არც მანამდე იყო მარიონეტის მსგავსი ადამიანი! სოსიკოს რომ ესმოდეს ჩემი სიტყვები, მკითხავდა: მარიონეტის მსგავსი? არის კი სხვანაირი, არა მარიონეტის მსგავსი ადამიანი?! მე ვეტყოდი: არის! და ჩამოვთვლიდი: შტირიანი თოჯინის მსგავსი ადამიანი, ბიბაბოს მსგავსი! დანარჩენი თოჯინების თეატრის დირექტორმა მალხაზმა იცის. აუჰ, გავერთე! უკაცრავად! ვაგრძელებ სპექტაკლს.
სოსიკო, როგორც წინა სურათში დავტოვეთ, ისევ ისეა, საგზაო ამკრძალავი ნიშნის ბოძზე მისვენებული. მის წინ დგას (უკვე დგას) ანი ჟარლეწი. სოსიკო გაოცებული ფეხზე დგება:
- ოო, ანი, თქვენ დაბრუნდით?
- თქვენ კი, ისევ აქ ხართ?
- მე სამუდამოდ შემიყვარდა ეს ადგილი!
- მეც შემიყვარდა, ამიტომაც დავბრუნდი!
- ეს ჩვენი ადგილი არის!
გაწითლდებიან ორთავენი... თუმცა, ანი მაინც ყოჩაღად არის:
- რა მშვენიერი ყვავილი გაქვთ ხელში...
- ეს... ეს...
სოსიკო ყვავილს გაუწოდებს და თან, ვერც მიაწოდებს.
- რა მორცხვი ხართ სოსიკო...
- არა, სამწუხაროდ, არაა ეს სიმორცხვის ბრალი. იცი, ცხოვრებაში მქონდა მე დიდ მატერიებზე პრეტენზიები. ჩემი თავი მეგონა... ზეკაცი! არა და, როგორც ყველა, ვარ ადამიანი-მარიონეტი - გინდ პირველი, გინდ რიგითი, მარიონეტებში ეს სულ ერთი არის. ერთს ვტირი მხოლოდ: თქვენს მიმართ განცდილი სიყვარულის გრძნობა ნეტამც, არ აღმოჩნდებოდეს ძაფზე დაკიდებული! მინდა, რომ ეს ყვავილი იყოს ჩემგან, სრულიად ჩემგან, ნებისმიერი გარეშე ძალის ჩაურევლად შენთვის მოძღვნილი!
- ეგრეც იქნება! ეგრეც არის!
ამ დროს მთხრობელი პიანინოდან იღებს მაკრატელს და სოსიკოს გაწვდილ ხელზე ჩაბმულ ძაფს ჭრის. რა თქმა უნდა, სოსიკოს ხელი არ უვარდება (დროზე შევცვალეთ მარიონეტი ადამიანით).
პაუზის შემდეგ გვამცნობს მთხრობელი:
- გავიდა ხანი და სოსიკოსა და ანი ჟარლეწის შეეძინათ ძალიან ბევრი ლამაზი შვილები და ცხოვრობდნენ ბედნიერად.
ისევ პაუზა. ისევ მთხრობელი:
- ვერც ღონით, ვერც ხერხით ვერ გაუტოლდები ღმერთს! მხოლოდ სიყვარულში ერწყმი ღმერთს! რადგან თვითონ სიყვარულია ღმერთი! - წამით დაფიქრდა და დაუმატა. - მე ვიცი, რომ ეს სიტყვები ჩემამდე უთქვამთ. არა და, რომ არ ეთქვათ, ხომ იქნებოდა ჩემი!
გაიარა, გამოიარა და გააგრძელა:
- იმ თავქარიანებზე - წოპეზე, ჩომბეზე, შახოზე, მაიმუნსა და რეციდივისტზე, ნურას მკითხავთ! და თუ მკითხავთ, ირგვლივ მიმოიხედეთ, დაინახავთ, მათი მსგავსი ადამიანები ყველგან დგანან!
სინათლე ქრება.

სპექტაკლის დასასრული.

გავბედავ და ჩემი სპექტაკლის ირგვლივ ვიტყვი ორიოდ სიტყვას: რომ ვყოფილიყავი მთხრობელი, ძაფის გადაჭრის შემდეგ, თუმც ეს პიესით არ არის გათვალისწინებული, ვაკოცებდი ანი ჟარლეწის! სოსიკოს? სოსიკოს ხელს ჩამოვართმევდი! მაგრამ ვერ ვარ მთხრობელი... მეოცნებედ ვრჩები: საკოცნელად იქნებ, თავად მიპოვოს ანი ჟარლეწიმ! 

2.11.1992 წ

P.S. მნაწერი ორი წლის შემდეგ: მე უკვე შემხვდა ჩემი ჟარლეწი!
P.S.  2009 წელი - ჩვენ უკვე გვყავს ექვსი შვილი!


                                                                                          ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები