ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2018


სა-რიტუალო

    ეზო დიდია, შენობა მრუდე გეომეტრიული ფორმისაა და  საზოგადოებრივ-საცხოვრებელი  ფუნქია აქვს. მისი მობინადრეები გამოცდილებებისა და ღირებულებების შეფასების  დასკვნითი ნაწილის მზადებაში ვართ. აქ, საყოველთაოდ გაზიარებული წესებისა თუ ნორმების ერთობლიობას „დილაობის“; „შუადღეობისა“ და“საღამოობის“. რიტუალები წარმოადგენენ.
                                                           
                                                          I „დილაობა“
 
  „დილაობა“ სტრუქტურულად ასე ნაწილდება: სალოცავი კუთხე-შვიდი წუთი. აბაზანა-ხუთი წუთი,  საუზმე თხუთმეტი წუთი, ხოლო რიტუალის მთავარ ნაწილს, ეზოში წრიულად შემოწყობილ სკამებზე, იფნებთან ახლოს,  ასოცწუთიანი- ბავშვობის, უფრო სწორად „მცირეწლოვნობის ხანის“,მოგონებებზე საუბარი წარმოადგენს.
  მოწესრიგებულად ვმოძრაობთ. მოქმედებების, როგორც სიმბოლოების სრული გააზრებით. ყველანი ერთმანეთს ვგავართ.  მოხრილი მხრებისგან დაგრძელებულ ხელებს დაბერილი ვენებით ვიჭერთ. ამას წინათ, საინფორმაციო დაფაზე გამოაკვრეს, რომ უმრავლესობას აღნიშნული „დამჭერების“ სანათური გაფართოებული და კედლებიც დათხელებული გვაქვს. ამიტომ, მათ იმედად დიდხანს ვერ  ვიქნებით და რიგ-რიგობით შეგვეცვლება ეს კონკრეტული მოძრაობა. ალბთ, საუზმობისთვის მაგიდებსაც დაადაბლებენ.
                                                            II “შუადღეობა“
 
  „შუადღეობაც“ მკაცრად განსაზღვრულია,  სალოცავი კუთხე-შვიდი წუთი, ოთახის მოწესრიგება-ოცდაათი წუთი, სადილი-ოცი წუთი, წიგნის კითხვა-სამოცდახუთი წუთი და მთავარი ნაწილი-ასოთხმოცწუთიანი-ახალგაზრდობის, უფრო სწორად  „სრულწლოვნობის ხანის“  გახსენებაა.
  წესრიგი არ ირღვევა, მოქმედებები  მიმდინარეობს სინქრონულად. ჩვენთვის, ჩვენი სამყაროს აღქმის წესი წმიდათა წმიდაა. ერთმანეთი გვიყვარს. აქ არ არსებობს პირის ნაცვალსახელები მათი ფუნდამენტური გაგებით, რადგან დიფერენცირებისთვის საჭირო მონაცემი თითქმის გამქრალია.
  საკუთარ გარეგნობაზე დაკვირვებას, ადგილობრივი წესები კრძალავს, შესაბამისად სარკის ფუნქცია-მოვალეობა მხოლოდ ურჩების გამოვლენაა. გამომდინარე იქიდან, რომ აქ თითქმის არავინ ურჩობს სარკე  უპატრონო, დიდი ხნის წინ ჩამომხრჩვალი ადამიანის სიმბოლიკად ფორმირდა. ყველა ვიზიარებთ, აღნიშნულ წესს, რადგან ის ზედმიწევნით სწორად განსაზღვრავს ზოგადი საჭიროებების კეთილშობილურობას. მაგალითად, მზერის საგნების ასეთი განლაგება „შენ - მათთვის“, „ისინი  - შენთვის“ არანაირი ავტონომიურობის მცდელობას არ გვაიძულებს,
                                                             
                                                                III “საღამოობა“
 
  „საღამოობის“ რიტუალისთვის, მთელი დღის განმავლობაში ჩვენს გონში გაურკვეველი  მზადების შეუქცევადი პროცესია. ქოშინითა და ხვნეშით ვალაგებთ მეხსიერების ჩემოდნებში წლებს. მიზანი აღმატებულია!!! აღნიშნული რიტუალის ზედმიწევნით ჩატარება.
  „ის“ კი, დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავდება. ამ რიტუალს არ აქვს კონსტრუქცია და თანმიმდევრობა, არ აქვს წესები, მიმართულება, ცნობიერი კოლექტიურობა...რიტუალის მთავარი ნაწილი სწორედ,საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება და შემოქმედებითი ენერგიის მოუწესრიგებელი მოძრაობაა. მარადიულობის მექანიზმში გაჭედილი საათის ისრების უგულვებელყოფილი ერექციონალიზმის გაუსუსურება.
  ...ჩვენ გვახარებს ერთმანეთის მსგავსება. ეს, სიმშვიდეს გვმატებს. გონება-გამლაშებულ ნიადაგს გვიგავს, თვალები კი გვალვაგამძლე მოსავალს. თვალების გარშემო შუბლის არემდე, მოწითალო ფოთლის ფორმაში ნაოჭებისგან  ნაკეცი ლაქები, ჩვენი, საკმაოდ მიმსგავსებული,დროის სანიშნეებია.
  საღამოობით, ერთად ვსხედვართ, კარგად აწყობილი კუბიკებივით და მიუხედავად, ძალისა და სხეულის ძლივსმიღწეული შეთანხმების, საყოველთაო პასუხისმგებლობისა და  გამოუცდელობის აღგზნებადობისა, ჯერ ერთხელაც არ შეგვისრულებია „საღამოობის“ რიტუალი.
  ეზოში, იფნებთან ახლოს, დაბნეულობასა და შიშში ჩაყუჩებულებს, ნაქსოვი წინდასავით გვირღვევს, „მთავარი შუამავალი“ ყოფიერებისა და ცნობიერების კავშირს. სიცარიელეს, მზერასა და არსებობას შორის. მხოლოდ და მხოლოდ რელიეფურ სიბრტყეზე რჩება უგანცდო მდგომარეობა, შეზღუდული სინანულისა და ყოფის გაცნობიერებისა.
                                                              IV

  ძილის ნაპირთან, როდესაც ძალაუნებურად შესუსტებულია ერთობლიობის ძალა და მფარველობა, რიტუალების ამგვარი თანმიმდევრობის ეჭვი, როგორც  მამალზე ამხედრებული კუდიანი,  მოიზლაზნება და უშველებელი თმებით, ტერფებიდან ყელამდე იწყებს შემოხვევას. როდესაც თმა ამთავრებს შემოსურვას, თვალებში  სიწითლე პილთუმდება და ელოდება ცრემლს, როგორც მშობიარე ქალი განთავისუფლებას.
    რამდენიმე წამით გრძელდება „სინამდვილის“ რიტუალი, რიტუალებს შორის ყველაზე მართალი, თუმცა, ძილში ჩაგუბებული, როდესაც გვალვაგამძლე თვალები დარჩენილ მლაშე სიზმრებს ნელ-ნელა გალუკმვით გამოიზოგებენ და გათენდება,  „დილაობისთვის“ კვლავ იწყება  მოწესრიგებული მოძრაობა  და მოქმედებები, რიტუალებში ჩათაკრული  სიმბოლოების სრული გააზრებით.

მე ნუშა მქვია, დიდი ბებიის სახელი.

16.08.2018
10:50სთ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები