ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
21 აგვისტო, 2018


მოთხრობათა კრებული „დღიური“ - 8. საზოგადოებას რესტავრატორი სჭირდება!

მეოცე საუკუნის უკანასკნელი, საქართველოსთვის უმძიმესი ათწლეულის რის-ვაი-ვაგლახით გადაგორების შემდეგ დაუძლურებულმა ქვეყანამ, როგორც იქნა, სული მოითქვა. ან შესაძლოა, სული არც მოუთქვამს და ჯერ მხოლოდ შეემზადა საამისოდ. ორივე შემთხვევაში, ის, რაც ქვეყანაში მოხდა, საერთაშორისო ექსპერტთა ერთსულოვანი დასკვნით ქვეყანას ჩაეთვალა წინ გადადგმულ პირველ ნაბიჯად! როგორც იტყვიან, იქ, სადაც შადრევნები შენდება, ცისარტყელაც... რაღაც და რაღაცო! სამწუხაროდ, დამავიწყდა ამ საყოველთაოდ ცნობილი მფრინავი ფრაზის შინაარსი! ხოლო, თუ ჩემი ფანტაზიით დავაბოლოვებ, ასე იქნება: ის, ვინც შადრევანს მზის მიმართებაში სწორი კუთხით გახედავს, ცისარტყელას ცაზე გადაჭიმულს თუ არა, ადგილობრივს, შადრევნის თავზე დაკიდებულს მაინც იხილავს! ერთი სიტყვით, ნაბიჯი აშკარად წინ იყო გადადგმული; ნაბიჯი ისეთი, რომლის გადადგმაც ქვეყანამ რეალურად შეძლო და არა ისეთი, როგორიც ოპოზიციას დააკმაყოფილებდა. უამრავ სფეროს დაეტყო გამოცოცხლება - პოლიციას, ჯარს თუ მშენებლობას! ამ უკანასკნელს, მშენებლობას რაც შეეხება, შავ ურჩხულებად ქცეული დაშენება-მიშენებების სამარცხვინო ეპოქა ახლის შენების ბრწყინვალე ეპოქამ შეცვალა. ქალაქში უამრავი ახალი, ლამაზი და ხარისხიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. მართალია, თავდაპირველად ასეთ სახლებში ფართის შეძენა მხოლოდ ელიტარული საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ თანდათან შემძენ პირთა შორის უბრალო მოკვდავებიც გამოერივნენ! მაგალითად, ქ. თბილისის სუპერპრესტიჟულ უბანში, კერძოდ, ყიფშიძის ქუჩის ნომერ 10-ში მდებარე მრვალსართულიანი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოს დარბაისელ მობინადრეთა შორის ერთი უბრალო მოქალაქე, ავეჯის რესტავრატორი - ხონელი წრუწუნიჩი გამოერია! წრუწუნიჩი, რაღა თქმა უნდა, მეტსახელი იყო, რომლითაც იგი ცხოვრებამ დააჯილდოვა და ახლა ეს სახელი მის ახალ სოციალურ მდგომარეობას არანაირად აღარ ეთავსებოდა. არათუ მეტსახელი, მეზობელთა განსაკუთრებული კონტიგენტის შემყურეს, სიცოცხლეში პირველად, თავისი პროფესიაც კი ეთაკილა. ოღონდ ეს გრძნობა მსუბუქად, პატარა დოზით შემოაწვა, რადგან წრუწუნიჩი არ იყო რიგითი, ასე ვთქვათ, ავეჯის ბაზრობის დონის რესტავრატორი! წრუწუნიჩი თავს ხელოვან ადამიანად თვლიდა! როგორც იტყოდა, ავეჯის ერთ-ერთი სუპერპრესტიჟული სალონის მფლობელი ბატონი ოთარი, წრუწუნიჩი იყო - Художник-реставратор-ი! სხვათა შორის, ბავშვობაში მართლაც ხატავდა; უფრო სწორად, გადახატვა, ასლის გადაღება მეტად ეხერხებოდა. ერთხელ პატარა წრუწუნიჩმა ნიკო ფიროსმანის ცნობილი ირემი იმდენად ოსტატურად გადახატა, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ მისი დახატული უფრო ჰგავდა ნამდვილ ირემს, ვიდრე თავად ფიროსმანისა! განსაკუთრებული პიროვნება იყო წრუწუნიჩი! იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ მუზეუმებსა და ავეჯის სუპერმაღზიათა ქსელს ემსახურებოდა! ანაზღაურებაც პროფესიონალიზმის შესაბამისი რომ ჰქონდა, სწორედ ამ გარემოებამ მისცა საშუალება ელიტარულ სახლში სამოთახიანი ბრწყინვალე ბინის შეძენისა. და აი, იდგა ნანატრი კერიის ფართო სარკმელთან და ფიქრებში ჩაძირული ქალაქს გასცქეროდა.
კარებზე ზარი გაისმა. ვინ უნდა იყოს? ალბათ, ავეჯის მაღაზიიდან მოიტანეს ან სამზარეულო, ან ტყავის სამეული, რომელიც წრუწუნიჩს შეკვეთილი ჰქონდა, და ახლა წუთი-წუთზე ელოდებოდა; შესაძლოა, ვინმე ცნობისმოყვარე მეზობელიც ყოფილიყო, რომელსაც რაღაც საბაბით მასთან გაცნობა სურდა. კართან მივიდა, სათვალთვალო ჭრილში გაიხედა და მართლაც ავეჯის მაღაზია ”ბელუქსის” მუშები იყვნენ - ტყავის ძვირად ღირებული სამეული მოეტანათ! სულ რამოდენიმე დღე იყო, რაც მშენებლებს წრუწუნიჩისთვის ორდერთან ერთად ბინის გასაღები ჩაებარებინათ და ეს სამეული პირველი შენაძენი იქნებოდა, რომელიც მის ოჯახში შევიდოდა. ფრიად საზეიმო განწყობას დაესადგურებინა წრუწუნიჩის სულში; თუმცა, იყო ერთი წვრილმანიც, რამაც საზეიმო განწყობა, ცოტა არ იყოს, გააფერმკრთალა - ეს იყო მუშების ბროგადა რომელმაც სამეული მიუტანა. ავეჯის მაღაზია ”ბელუქსი” წრუწუნიჩის მომსახურეობის ზონა იყო და ამ მუშებს კარგად იცნობდა. სამთაგან განსაკუთრებით ერთი მწარე ენის პატრონი, მეტად უზრდელი ვინმე იყო. ვითომ წრუწუნიჩთან დიდი ახლობლობა ჰქონოდეს, შეეძლო, ”მეგობრულად” ლაზათიანად შეეგინებინა კიდეც... ან დაეცინა! შურზე ხომ აღარაფერს ვამბობთ, ასეთ ელიტარულ ბინაში გამოჭიმულს რომ იხილავდა. წრუწუნიჩმა ყველაფერი იღონა, რომ არა თუ სამეულის შეძენა, თავად ბინის ყიდვაც კი ყველა იმ პირისთვის, ვინც მას ავეჯის ხელოსნად იცნობდა, ერთხანს მაინც საიდუმლოდ დარჩენილიყო, მაგრამ... რაც მოხდა, მოხდა, სამეულს უკან ხომ არ დააბრუნებდა - კარი გააღო!
- ვაა! წრუწუნიჩ, შენც აქა ხარ?! - პირი დააღო იმ ავყიამ, - კიდევ გენდობიან? გააბრიყვე ხო, თბილისელები?! რას აფუჭებ, აბა, გვაჩვენე? მარა მანამდე ტროიკის შემოტანაში დაგვეხმარე!
მუშებმა სამეული ბინაში როხროხით შეიტანეს. წრუწუნიჩმა მათ სასტუმრო ოთახისაკენ მიუთითა, რომ შენაძენისათვის ადგილი იქ მიეჩინათ.
- შენ რო ხაზეინობ, ნამდვილი ხაზეინი სად არის? ტრანსპორტირების ხარჯი დაფარულია, მაგრამ ზემოდან იქნებ ოცი ლარიც დაგვიმატოს. ამ სიმძიმე სამეული ლიფტში არ შეეტია, ხელით ამოვათრიეთ!
წრუწუნიჩმა ოცი ლარი ულაპარაკოდ გაუწოდა.
- აბა, უყურე, ხაზეინს ფული ამისთვის დაუტოვებია და რო არ მეთქვა, მოცემას არც აპირებდა!
წრუწუნიჩი წამოენთო.
- კარგი, კარგი, გაგეხუმრე... ხაზეინი შენი ახლობელი იქნება! ჯიგარი ხარ... ჩვენ წავედით! ისე, რა სახლია, არა... არ გინდა, წრუწუნიჩ, ეგეთი გქონდეს!
როგორც იქნა, წავიდნენ. წრუწუნიჩმა გასულებს ზურგს უკან კარი ისე მიუჯახუნა, კედლები აზანზარდა. გუნებაამღვრეულმა სასტუმრო ოთახს შეაფარა თავი - შეფუთულ სამეულს დააცქერდა. წარმოიდგინა, როგორი გამოჩნდებოდა ოთახის ინტერიერში. ამან გუნება გამოკეთა და სამეულს ცელოფანი შემოხსნა, ზედ წამოწვა, ფეხები სახელურზე ისე შემოალაგა, ფეხსაცმლით ტყავი არ დაესვარა და ფიქრებში ჩაიძირა.
აშკარა იყო, მისი ცხოვრება კორექტირებას მოითხოვდა; თავისი ასაკისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიაჩნდა, რომ დაოჯახება ნაადრევი იყო; ჯერ კიდევ, ბევრი რამ აკლდა სრული ბედნიერებისათვის. მაგალითად, ავტომობილი (განა უბრალო, პრესტიჟული!), ბინის ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით კეთილმოწყობა, სამსახური... სამსახური? ჰო, სამსახურიც! აბა, როდემდე უნდა ევლო ხელსაწყოებით, საღებავებითა და ლაქებით დატვირთული მძიმე ჩანთით! ავეჯის სარესტავრაციო საამქროს გახსნიდა, მუშახელს დაიქირავებდა. თავად კოსტუმში გამოწყობილი კაბინეტში საუფროსო სავარძელში ღრმად ჩაძირული ფეხს ფეხზე გადაიდებდა და... არა, ხანდახან შრომაში თავადაც ჩაებმებოდა, როცა მის რომელიმე ახალბედა ხელქვეითს სუპერპროფესიონალის უშუალო შეშველება დასჭირდებოდა! მერე ისევ საუფროსო ფუმფულა სავარძელს დაუბრუნდებოდა, ფეხებს ამერიკელივით მაგიდაზე შემოაწყობდა, ლუდის ქილას თავს ახდიდა, ფართოეკრანიანი პლაზმური სუპერტელევიზორის პულტს მოიმარჯვებდა, ღილაკს თითს დააჭერდა და... საკაბელო ტელევიზია... პროგრამებია იმდენი, თანმიმდევრულად რომ მიჰყვე, დაძინებამდე ვერ ამოწურავ! ჰოდა, მერე რა, ძილი თუ მოერეოდა, დაძინებას წინ რაღა დაუდგებოდა?!.
ოცნებაში ჩაძირულ წრუწუნიჩს, ძილი მართლაც მოერია... წამოწოლილმა მხარი შეინაცვლა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ჩასთვლიმა...

***
- ადექი, წრუწუნიჩ, შე უქნარა, ლოთო! რაღა დროს ძილია! გუშინაც ჩასკდი ხომ იმ წუწურაქი გულოს იაფფასიანი არყით!
- რა ხდება, რა? - ნაბახუსევი წრუწუნიჩი თვალების ფშვნეტით წამოჯდა ჩაშავებულ, არეულ-დარეულ ლოგინზე, - ქალბატონო ჟენია, თქვენ ბრძანდებით? ნეტავ ცოტაც გეცლიათ. რომ იცოდეთ, რა სიზმარს ვხედავდი!
- რა დროს სიზმარია! ტელევიზიიდან გირეკავენ, რომელიღაც კონკურსში გაგიმარჯვია! სასწრაფოდ ტელეფონთან მიდი!¬
- კარგით რა, ქალბატონო ჟენია... რა დროს ხუმრობაა!
- მეც ხუმრობა მეგონა, უფრო სწორად, შენი მორიგი ოინი მეგონა: ვიფიქრე ვინმე შენიანს არეკინებდი ქირის გადაუხდელობის გამო, ოთახიდან რომ არ გამეძევებინე! მაგრამ მითხრეს, ტელევიზორი ტელეარხ ”მირაჟზე” გადართე და ყველაფერს მიხვდებითო! გადავრთე და დავინახე ის, ვისაც ველაპარაკებოდი! დილის გადაცემაა - იციან, ავეჯის რესტავრატორი რომ ხარ... ლოთიც რომ ხარ და ყალთაბანდიც, მე წამომცდა!
და წრუწუნიჩს გაახსენდა, რომ ორიოდე კვირის წინ ტელევიზიაში მართლაც გააგზავნა წერილი. საქმე ასე იყო: ტელეკომპანია ”მირაჟმა”, კერძოდ, დილის გადაცემამ ”ნუ გძნავს შენ!”, პროგრამაში მრავალფეროვნების შეტანის მიიზნით, გამოაცხადა კონკურსი საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანის ეთერში მისაწვევად; გამარჯვებულს უნდა შეეცვალა წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეული, ყველასათვის მობეზრებული კულინარიულ ჩანართი. წრუწუნიჩმა დილის გადაცემას მიაწოდა იდეა, მაყურებლისთვის კერძების დამზადების ნაცვლად, ბევრად უფრო სახეირო საქმე - ავეჯის რესტავრაცია ესწავლებინათ! როცა წრუწუნიჩმა ყურმილი აიღო, ისედაც დაბნეულს სულ აებნა თავგზა, რადგან ტელეჶწამყვანთან საუბრისას ტელევიზორიდან თავისი ხმა შემოესმა. ჟურნალისტმა რამდენიმე კითხვა დაუსვა და მერე ამცნო, თქვენ კონკურსში გაიმარჯვეთ, ეს დიდწილად თქვენმა ფრთიანმა გამონათქვამმა განაპირობა, რომლითაც გადაცემის მესვეურებს მოუწოდებთ, გაძღა ხალხი, საზოგადოებას რესტავრატორი სჭირდებაო! ამის შემდეგ წამყვანი წრუწუნიჩს გამოეთხოვა და სთხოვა, ყურმილი არ დაკიდოთ, ახლა ჩვენი თანამშრომელი ტელევიზიაში ვიზიტის დეტალებში გაგარკვევთო.
- რაო, რა გითხრა? ტელევიზიაში დაგაწყებინებენ მუშაობას? კი, მაგრამ შენ ვის რა უნდა ასწავლო, თავად არაფერი იცი! - ქალბატონი ჟენია ემოციური და ამავე დროს, ძალზედ ცნობისმოყვარე ქალი იყო, - ჰა, ამოღერღე, რა გითხრა...
- დღესვე უნდა მივიდე... ჯერჯერობით, მხოლოდ პირადობის მოწმობა წამოიღეო, შიგ რომ შემიშვან!
- მერე, მერე?
წრუწუნიჩმა თითქოს პირში წყალი ჩაიგუბა, კედელს მიშტერებოდა და დიასახლისის შეკითხვებს არ პასუხობდა. ბოლოს, როგორც იქნა, გონს მოვიდა და ჟენიას პირდაპირ მიახალა:
- ქალბატონო ჟენია, ფული უნდა მასესხოთ!
ქალი გაშრა, ამას წრუწუნიჩისაგან ნამდვილად არ ელოდა.
- ბიჭო, ქირა ორი თვეა არ გადაგიხდია! გეხვეწები, მორყეული სკამები გამიმაგრე და, ჯანდაბას, დავალიანებას გამოგიქვითავ-მეთქი! სხვა ხელოსანი რომ მოვიყვანო, ბევრად იაფი დამიჯდება! კიდევ მე მთხოვ ფულს, არა გცხვენია?!
- სკამებს ამ კვირის ბოლოს გაგიმაგრებთ... ჩათვალეთ, რომ უკვე გამაგრებულია! ხომ იცით, რა დაკავებული ვიყავი... არავითარი გამოქვითვა, მაგ საქმეში ფულს როგორ გამოგართმევთ! ახლახანს მსხვილი შეკვეთა ავიღე, სულ მალე, აი, ამ კვირის ბოლოს, ორი თვის ქირასაც გადაგიხდით და ორსაც წინასწარ მოგცემთ! ეხლა სულ რაღაც ათი ლარი მჭირდება, უნდა მოვწესრიგდე - დავიბანო... წვერი გავიპარსო... გზის ფულიც ხომ მინდა?! თუ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მილიონერი გავხდები - იცით, იქ როგორ უხდიან?! ახალ სკამებს გიყიდით!
- ვაი, შენს პატრონს... - ქალბატონმა ჟენიამ ხელი ჩაიქნია. მწარე ენა კი ჰქონდა წრუწუნიჩის დიასახლისს, მაგრამ კეთილი ქალი იყო და მდგმურს საძინებლიდან ათი ლარი გამოუტანა.
- ვიცი, ეს ათი ლარი ისეთ ხელზე მომეცით, ნახავთ, თუ მართლა მილიონად არ გადაიქცეს!
წრუწუნიჩმა თითქოს ახლაღა გაიაზრა, რაც მოხდა და გულმოცემულმა ქალბატონ ჟენიას ლოყაზე აკოცა და ადგილს მოწყდა; თავის ციცქნა ოთახს მიაშურა, ოთახს, რომელიც საკუჭნაოს უფრო ჰგავდა, - დაბალჭერიანი, უფანჯრო, კარი, დერეფნის გარეშე, პირდაპირ გარეთ, იტალიურ ეზოში გადიოდა. სივიწროვის მიუხედავად, ოთახში ერთი კაცისთვის სამყოფი ყველაფერი იყო - საწოლი, პატარა კარადა, რომელიც გარდირობისა და ბუფეტის მოვალეობას ერთდროულად ასრულებდა, მაგიდა, ორი სკამი, თარო და უცნაური მაცივარი! მაცივრის უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ კარებზე ბოქლომი ედო! მაცივარი ქალბატონ ჟენიას ეკუთვნოდა. ბინის სივიწროვის გამო და კიდევ იმიტომ, რომ მაცივარი აუტანლად გრუხუნებდა, ჟენიამ (ჯერ კიდევ წრუწუნიჩის მისვლამდე) ამ ოთახში გადმოიტანა. როცა წრუწუნიჩმა დაიქირავა ოთახი, მაცივარი მისი ყოფის განუყრელი თანამგზავრი გახდა. თავდაპირველად, მაცივარს ბოქლომი არ ედო და დიასახლისთან ერთად წრუწუნიჩიც სარგებლობდა მისი მომსახურებით - ლუდს აცივებდა, ძეხვს ინახავდა... ყველაფერი კარგად, ასე ვთქვათ, ჰარმონიულად მიედინებოდა, მაგრამ ერთხელაც (და მას შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერაც) გულოს იაფფასიანი არყით გვარიანად გამომთვრალ წრუწუიჩს ჟენიას გემრიელი კერძები თავის იაფფასიან ძეხვში აერია და შემოესანსლა. მართალია, დიასახლისმა მიყენებული მატერიალური ზარალი წრუწუნიჩს სულგრძელად აპატია, ოთახის ქირის ტარიფში არ აუსახავს, მაგრამ მას შემდეგ მაცივარი ბოქლომით საიმედოდ დაბეჭდა. სიხარულისგან თავგზააბნეული წრუწუნიჩი თავის მოწესრიგებას შეუდგა; ფიქრებში ჩაძირული დროდადრო გაურკვეველ სიტყვებს წამოისროდა და თან ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, კაცი იფიქრებდა, ეს ბიჭი მსახიობიაო.
”ტელევიზია უნდა დავიპყრო! რაღაც უნდა მოვიმექმოდო ისეთი, რაც ჯერ არავის გაუკეთებია! ის, რაც მოვიფიქრე, უეჭველად, კარგი რამ არის - რესტავრაციის გაკვეთილები... მართლა და მართლა, ტელემაყურებელს ყელში ამოუვიდა ამდენი საჭმელი! უფრო სწორად, კი არ ამოუვიდა, პირიქით, ქვეყანა მშიერია! სხედან დამშეული ადამიანები ტელეეკრანთან და ნერწყვს ყლაპავენ! კიდევ კარგი, უგემურ კერძებს რომ სთავაზობენ საბრალოებს! აბა, სად ქართველი კაცი და სად ბანანის სალათი! იმ სტუდიაში ნაღდი ”დოქტორსკი” ძეხვი და ცხელი ლავაში რომ შეიტანონ, მთლად გადაირეოდა ხალხი! ახლა მზარეულები აიღე, - ყველანი თვითმარქვიები არიან, კულინარიისა არაფერი გაეგებათ! მთელ ტელესივრცეში, მზარეულთა შორის ერთადერთი, ვინც თვითმარქვია არ არის, - მანუელია! კერძების მომზადება მხოლოდ მან იცის! მიუხედავად იმისა, რომ ტელემზარეულია - ესე იგი, ისიც სხვებივით მშიერ ხალხს აწვალებს, მაინც კარგი კაცია, გინდა თუ არა, სიმპათიით განეწყობი! ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ესპანელია, ესპანეთში დაიბადა, გაიზარდა და ქართველზე უფრო კარგად იცის ქართული! თუ ჩემმა გადაცემამ ქვეყნის ტელესივრცეში მთლიანად ჩაძირა კულინარიული ჩანართი და მანუელი უმუშევარი დარჩა, მე მეგობრულ ხელს გავუწვდი - ჩემს შოუში მოვიწვევ თანაშემწედ, ერთად ვასწავლით საზოგადოებას ავეჯის რესტავრაციას! შოუ... შოუ? - წრუწუნიჩი სიტყვა  ”შოუმ” როგორღაც სხვანაირად დააფიქრა, - ჰო, შოუ, სწორედ რომ შოუ!
გაკვეთილებს შოუს ხასიათი უნდა ჰქონოდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, რესტავრაციის მშრალი გაკვეთილები კულინარიულ ჩანართზე ბევრად სწრაფად მობეზრდება საზოგადოებას! ამას ის გარემოებაც დააჩქარებდა, რომ წრუწუნიჩი, სიმართლე ითქვას, არ იყო კარგი სპეციალისტი. მართალია, ტრაბახი უყვარდა, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგებოდა, იქნებ შტატში აყვანის ნაცვლად ტელევიზიიდან კინწისკვრით გამოეგდოთ. ყოფილა შემთხვევაც, რომელიმე ოჯახს სამუშაოდ დაქირავებული წრუწუნიჩი სწორედ ამგვარი არაცივილიზებული ფორმით გამოუგდია! მაგრამ წრუწუნიჩი იხტიბარს არ იტეხდა და აბობდა, ჩემი პროფესია, ისევე როგორც დიდი მეცნიერება, არაპროგნოზირებადი, არცთუ მთლად ზუსტიაო! რადგან სიტყვამ მოიტანა, ისიც უნდა ითქვას, რომ რესტავრაციაში, წრუწუნიჩის აზრით, უმთავრესია დამკვეთთან ურთიერთობის სწორი ფორმის შერჩევა. არის ხოლმე, ხელოსანი საქმეს თავს ბრწყინვალედ გაართმევს და დამკვეთი მაინც უკმაყოფილოა, ან პირიქით, ავეჯს უფუჭებს, დამკვეთი კი კმაყოფილია! ამ პროფესიის ეს თავისებურება წრუწუნიჩისათვის კარგად ნაცნობი რამ იყო და თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ იშვიათ ნეგატიურ გამონაკლისს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ (კინწისკვრით რომ გამოადგეს), წრუწუნიჩი თითეულ დამკვეთთან ინდივიდუალურად მიდგომის სწორი ფორმის შერჩევაში ვირტუოზი იყო - ხუმრობა, გულიანი სიცილი, ანეგდოტები! ასე რომ, ეჭვი არაა, სწორედ შოუს შესთავაზებდა მაყურებელს! ტელემაყურებლისათვის იქნებ არც არაფერი ესწავლებინა, მაგრამ ეს ”უსწავლელი საზოგადოება” მას მაინც ხელში აიტაცებდა! ”ბრავო, მაესტრო! ბრავო!” - წრუწუნიჩმა საზოგადოებას თავი დაუკრა... და როლებში შეჭრილმა, ახლაღა შეამჩნია, რომ არა ტელეკამერის წინ, არამედ თავის საკუჭნაო-ოთახში იმყოფებოდა.
ფიქრებში გართულს მაინც ბევრი რამის გაკეთება მოესწრო: პირი დაებანა, გაეპარსა, მეზობლის უთოთი ერთადერთი საგარეო ტანსაცმელიც გაეუთოვებინა და ტელევიზიაში წასასვლელად მზად იყო. უთო გამორთო, პირადობის მოწმობა მოიძია, თმა გადაივარცხნა და ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, ეზოს შუაგულში, ონკანთან, სწორედ ის მეზობელი შეამჩნია, ვისგანაც უთო ითხოვა (უთო დასაბრუნებელი რომ ჰქონდა, აჩქარებულს აღარც კი გახსენებია). ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია, მაშინვე ოთახში შებრუნდა!
უნდა ითქვას, წრუწუნიჩი ოდნავ ცრუ-მორწმუნე კაცი იყო და თუ სახლიდან გასულს მიზეზთა გამო უკან დაბრუნება მოუხდებოდა, ეს ცუდად ენიშნებოდა ხოლმე. ასე მნიშვნელოვანი დღის კინაღამ ჩაშლით დაფეთებულმა შვებით ამოისუნთქა, გადავრჩიო! უთოს ხელი დაავლო, ეზოში გავიდა და პატრონს მადლიერი ღიმილით გაუწოდა. უთოს პატრონს ”ფუმფულა მანანას” ეძახდნენ.
- ხოხ, წრუწუნიჩ, როგორ გამოპრანჭულხარ, ცოლი ხომ არ მოგყავს?
- არა, რას ბრძანებთ, რა დროს ჩემი ცოლია!
- ბიჭო, გავიგე, ჟენია გასახლებას გიპირებს!
- ვისა, მეე? რას ბრძანებთ!
- ბინის ქირას შენ არ უხდი... ლოთობ... აჰა, უკვე უთოც აღარ გათხოვა!
წრუწუნიჩი გააღიზიანა ”ფუმფულა მანანას” ცნობისმოყვარეობამ, უნდოდა, საკადრისი პასუხი გაეცა ამ არამკითხე მოამბესათვის, მაგრამ ჩქარობდა და იმის ახსნას ხომ არ მოჰყვებოდა, დავალიანების მიუხედავად ჟენიამ ათი ლარი მასესხაო. ადგა და მოკლედ მოუჭრა, უტიფრად მოატყუა:
- ქალბატონ ჟენიას უთო გადაეწვა! - და ისე დამწუხრებული სახე მიიღო, თითქოს ვინმე გარდაცვლილიყოს და მის ჭირისუფალს უსამძიმრებდა.

***
სანამ ტელევიზიას მიუახლოვდებოდა, თავი მხნედ ეჭირა, მაგრამ იქ მისულს რაღაც უცნაური, შიშთან ნაზავი გრძნობა დაეუფლა, - ძალიან დიდი რამ იყო ტელევიზია! მისი სიდიდე არა შენობის პარამეტრებში, არამედ მის შინაარსში მდგომარეობდა! მასმედია მეოთხე ხელისუფლება რომ არის, ეს უცხო არავისთვისაა, მაგრამ ახლა წრუწუნიჩისთვის ის არა მეოთხე, არამედ პირველი გახდა, რადგან მისი ბედ-იღბალი მთლიანად მასზე, მასმედიაზე იყო დამოკიდებული - ან ძველებურად დარჩებოდა სასმელს გადაყოლილი, რიგითი ავეჯის რესტავრატორი, ან... ცნობილი ადამიანი გახდებოდა! როცა ტელევიზიის გაბდღვიალებულ შესასვლელს მიუახლოვდა, მოჯადოვებულივით შედგა, ნაბიჯი წინ ვეღარ გადადგა, - იმ უცნაურმა, შიშთან ნაზავმა გრძნობამ ახლა დაუნდობლად შემოუტია. რა თქმა უნდა, იცოდა, მასმედია არ შეჭამდა, ანუ, ვერ წაართმევდა იმას, რაც ისედაც არ გააჩნდა, მაგრამ მიცემითაც რომ არაფერს მისცემდა, სწორედ ეს გარემოება თრგუნავდა. თავი ასე უმწეოდ არასდროს უგრძვნია! არადა, სულ ცოტა ხნის წინ, როცა თავის ოთახში აქ წამოსასვლელად ემზადებოდა, რაოდენ ენერგიული იყო - მასმედია უნდა დაეპყრო! შოუს დასადგმელად ემზადებოდა! თავის ფიქრებში ”უმუშევრად დარჩენილი” ტელე-სუპერმზარელი მანუელი თანაშემწედაც აიყვანა! და ახლა?.. ეეჰ!
ქვათქცეული ფეხების წინ გადადგმა რომც შესძლებოდა, ასეთ მდგომარეობაში ტელევიზიაში შესვლას აზრი არ ჰქონდა! უკან დაბრუნება გადაწყვიტა - სულს მოითქვამდა... ძალას მოიკრებდა! იქნებ გასამხნევებლად ასი გრამი არაყიც გადაეკრა! სხვათა შორის, წრუწუნიჩზე სასმელი დადებით ზეგავლენას ახდენდა, - გამბედაობა ემატებოდა, მჭერმეტყველი ხდებოდა! უბედურება ის იყო, ზომა არ იცოდა, ცოტას ყოველთვის ბევრს ამატებდა! ახლა თუკი დალევდა, მეტს აღარ დაამატებდა! ეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ არყის სუნით აყროლებული როგორ უნდა შესულიყო? რაც უნდა ყოჩაღად დაეჭირა თავი, სერიოზულად არავინ შეხედავდა, იფიქრებდნენ, ერთი ლოთბაზარა ვინმეაო!
უკან გაბრუნდა, მყუდრო ადგილი გამონახა, ქვაზე ჩამოჯდა და ფიქრს მისცა თავი. დადგა წუთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებისა: ვისთვის რა და, წრუწუნიჩისათვის - სმა თუ არ სმა, საკითხავი აი, ეს იყო! არ დალევდა და იქნებ ორი სიტყვაც ვერ გადაება ერთმანეთისთვის! ეს კი კატასტროფა იქნებოდა! და თუ დალევდა... თუ დალევდა... ”ჰო, უნდა დავლიო!” - დაასკვნა წრუწუნიჩმა! სასმელს, როგორც არასდროს ისე მოწყურებული, თავს ასე ინუგეშებდა: ას გრამ არაყს რა სუნი უნდა ჰქონდეს ისეთი, რომ მასმედიამ ვერ იტვირთოს! წრუწუნიჩი ვინ არის, როცა იმხელა ქვეყნის (რუსეთის) პირველი პრეზიდენტიც კი უცხო ქვეყანაში ვიზიტისას გვარიანად გამომთვრალი ბრძანდებოდა! თავად ტელევიზია ავიღოთ, აქ ხელოვანი ხალხი მუშაობს... ესე იგი, მათგან ბევრი ლოთია! არა, ლოთი კი არა, მსმელი! ჰოდა, რაღა მაინცადამაინც ჩემი ასი გრამი არაყი შეესობა ყველას თვალში, თვალში კი არა - ცხვირში! შეუძლებელია, ტელევიზიაში ყველაფერი ისე მოწესრიგებული და კრიალა ყოფილიყო, როგორც ტელეეკრანზე ჩანდა!
ალკოჰოლის მცირეოდენი დოზის როგორც წამლად ისე მიღებაზე საკუთარ თავთან შეთანხმებულმა წრუწუნიჩიმა საჭაშნიკესაკენ გასწია. იქვე, ტელევიზიის ახლოს. გზად ერთი მუჭა მზესუმზირა იყიდა, რომ არყის სუნი გაენეიტრალებინა.

***
საჭაშნიკე... ნახევრად სარდაფი, ჩაბნებული დარბაზი, ჩახუთული ჰაერი, სიგარეტის კვამლით შეზავებული კერძებისა და სასმელის მძაფრი სუნი და აქა-იქ, მაგიდებთან, ჯგუფებად შეყუჟულ შეზარხოშებულ ადამიანთა მოურიდებელი შეძახილები. ყველაფერი ეს აფორიაქებულ წრუწუნიჩს როგორც ჭრილობაზე წასმული მალამო, ისე ეამა.
- ასი გრამი დამისხით და ერთი კათხა ლუდი!
- რას მიაყოლებ?
- ერთი ღვეზელიც მომეცით!
წრუწუნიჩმა შედარებით მყუდრო ადგილი გამოარჩია, მაგიდას მიუჯდა, ლუდი მოწრუპა და არყით სავსე ასგრამიან ჭიქას ისე ჩააცქერდა, გეგონებოდათ, მარჩიელია და ჭიქის ძირზე მომავლის წაკითხვას ლამობსო. ასე დაჰყო რამოდენიმე წამს, მერე ერთი ღრმად ამოიოხრა, თავს წარმატება უსურვა და არყის ჭიქა სანახევროდ გამოცალა, მერე ლუდი მიაყოლა. ისევ ჩააცქერდა ჭიქას... იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში სპირტმა, - ხანდახან წრუწუნიჩი ძალიან მალე თვრებოდა! ახლაც შეიგრძნო ბახუსის ძალა - მის გულს ქვასავით მძიმე ტვირთი მოეხსნა! იგრძნო, როგორ ემატებოდა სიმხნევე.
ღვეზელი ჩაკბიჩა და ლუდი მიაყოლა. ისევ ფიქრმა წაიღო. რაღაცის იმედი ჰქონდა, მაგრამ რისი, თვითონაც არ იცოდა, - სასწალულს მეტად ელოდებოდა, ვიდრე საკუთარი შესაძლებლობისა სჯეროდა. თუმცა, სიმთვრალის მატებასთან ერთად ამის იმედიც სულ უფრო და უფრო ეძლეოდა. ჭიქაში დარჩენილი არაყი გამოწრუპა, ლუდიც ამოაშრო კათხაში, ღვეზელიც გადასანსლა და კმაყოფილი საჭაშნიკედან გამოვიდა.
ტელევიზიას მიადგა... ამჯერად შესვლა აღარ გასჭირვებია - მხნეობა ზომაზე მეტიც ჰქონდა... ფოიეში ადმინისტრატორს ისე მიახალა, მე გამოძახებისამებრ გამოვცხადდიო, გეგონებოდათ, ცნობილი ჟურნალისტი იყო.
- ვინ გამოგიძახა?
- ვინ და... გადაცემის ”ნუ გძინავს შენ!” პროდიუსერმა!
წრუწუნიჩმა მისდა უნებურად დაიტრაბახა. ის ხომ არა პროდიუსერს, არამედ ჯერ გადაცემის წამყვანს, მერე კი ერთ რიგით თანამშრომელს ესაუბრა. მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და დასძინა, ჩემს სახელზე საშვი უნდა იყოს დაშვებულიო. ადმინისტრატორმა პირადობის მოწმობა გამოართვა, მისი გვარი რაღაც სიაში გადაამოწმა, სადღაც გადარეკა, თავი დააქნია და ამის შემდეგ საშვი გამოუწერა. თან, აუხსნა, რომელ სართულზე რომელი ოთახი უნდა ეპოვა.
ოთახის პოვნა არ გასჭირვებია, მაგრამ როცა კარებზე დაკაკუნება დააპირა, შეყოყმანდა. თითქოს მხნეობამ უმტყუნა. ასი გრამი არაყი ძალას კარგავდა და წრუწუნიჩის გამბედაობა თან მიჰქონდა. დასაკაკუნებლად აღმართული ხელი ძირს დაუშვა - ბრაზი იმაზეც მოერია, ვინ მრჯიდა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წერილი რომ გამოვგზავნეო! აღარც წინ ჰქონდა გზა და აღარც უკან! გაიხედ-გამოიხედა - დერეფანში ხალხი ირეოდა... მისდა სანუგეშოდ, კარების წინ უშნოდ ატუზული კაცისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ცხადია, ასე დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. როგორღაც მოახერხა და საღი გონებით აწონჶდაწონა თავისი მდგომარეობა, მიხვდა: წინ თუ არ ჰქონდა გზა, უკან მეტად და მეტად მოჭრილი ჰქონდა! პირში ჰაერი დაიგუბა და კარზე დააკაკუნა. ნებართვას აღარ დალოდებია, ფართოდ შეაღო კარი და ოთახში შევიდა.
ეს იყო სატელევიზიო გადაცემის ”ნუ გძინავს შენ” სამუშაო სტუდია! სტუდია რომ იყო, ამაზე კარებზე გარედან მიკრული აბრაც მიანიშნებდა. რასაკვირველია, აბრა შენიშნა წრუწუნიჩმა, მაგრამ თავგზააბნეულს მისი წარწერის შინაარსის გააზრების თავი არ ჰქონდა. ეგონა, ჯერ ვინმე ჩინოვნიკთან მოუწევდა გასაუბრება, მერე კიდევ რაღაც-რაღაც პროცედურები ექნებოდა გასავლელი და ბოლოს, სტუდიაში აღმოჩნდებოდა. და რადგან ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, უფრო დაიბნა! სტუდიაში რია-რია იყო: ჩაწერა კი დაესრულებინათ, მაგრამ მაინც უამრავი ხალხი ირეოდა, მათ შორის, ბევრი ცნობილი პირიც შენიშნა! ყველანი იმ გრძელ, ბრჭყვიალა მაგიდას შემოხვეოდნენ, ჩვენ, ყველას, გადაცემა ”ნუ გძინავს შენ!” მსვლელობისას ტელეეკრანზე რომ გვიხილავს. მაგიდა სავსე იყო შამპანიურით, კონიაკითა და ათასნაირი ბუტერბროდებით. სტუდია თურმე თავის რომელიღაც ძალზედ მნიშვნელოვან იუბილეს აღნიშნავდა.
წრუწუნიჩმა ზურგს უკან კარები ჩუმად მიიხურა, მაგრამ წინ წაწევა ვეღარ გაბედა და დარჩა ერთ ალაგას გახევებული. მანამდე იდგა, სანამ არ მიაქციეს ყურადღება.
- თქვენ ჩვენთან ხართ?
- დახ, მე კონკურსში გავიმარჯვე... ავეჯის რესტავრატორი ვარ!
- ავეჯის? - ცოტა არ იყოს, დაიბნა შემკითხველი. - ააა! - და უცბად, ყველაფერს მიხვდა.
- ყურადღება! ყურადღება! გაიცანით: ჩვენი კოლექტივის ახალი წევრი - ის, ვინც საზოგადოებას რესტავრაციას უპირებს!
- ყმაწვილო, მართლა უპირებ ვიღაცჶვიღაცებს ცხვირ-პირის მიშპაკვლჶმოშპაკვლას? შენ არ იყავი, რომ თქვი, საზოგადოებას რესტავრატორი სჭირდებაო! რა იგულისხმე?
- მე, არა... უბრალოდ...
ყველამ გაიცინა. წრუწუნიჩის გამოჩენამ, მიუხედავად იმისა, რომ ორიოდ სიტყვა ძლივს წაილუღლუღა, კოლექტივში მხიარულება შეიტანა.
განსაკუთრებით ორი ახალგაზრდა (სხვათა შორის, აქ ყველანი ახალგაზრდები იყვნენ) - აკო და ვაკო - დაუახლოვდნენ წრუწუნიჩს. ორივენი, როგორც წრუწუნიჩმა დაასკვნა, სტუდიაში დაბალი რანგის მოხელეები იყვნენ. ჯერ ერთი, ისინი ტელეეკრანზე არასოდეს ეხილა; მეორე - დანარჩენებთან შედარებით თავი მოკრძალებულად ეჭირათ; და მესამე და მთავარი თვისება, რაც წრუწუნიჩმა მაშინვე შენიშნა - ორივენი სასმელს თავშეუკავებლად ეტანებოდნენ!
- რას დალევ?
- მე... - წრუწუნიჩმა უნებლიედ თითი ძვირფასი არყის - ”სმირნოვის” ბოთლისკენ გაიშვირა, მაგრამ იმავწამს გაიაზრა არჩევანი და ოსტატურად შეარბილა, - კონიაკს დავლევ... დიახ, კონიაკს!
- ჩვენც კონიაკს ვსვავთ...
კონიაკის თავისუფალი ჭიქა ვერ მოიძიეს და აკომ წრუწუნიჩს შამპანიურის ბოკალი კონიაკით ლამის პირთამდე აუვსო.
- აუჰ, ბევრი მომივიდა... გწყურებია!
- დაილოცე! - ვაკომ წრუწუნიჩის ბოკალს თავისი ჭიქა მიუჭახუნა, - კარგ დროს მოხვედი, დღეს, ჩვენი გადაცემის იუბილეა!
წრუწუნიჩმა დაილოცა და დალია. რამოდენიმე ხანს აღარავის გახსენებია, მაგრამ შემდეგ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - მაგიდის საპირისპირო მხარეს მდგომმა საოცრად სიმპათიურმა მომღიმარმა ქალმა ყველას გასაგონად მიმართა:
- კოლეგავ, უნდა გაგვეცნო! - ქალის ნათქვამს მსუბუქი ირონია დაჰკრავდა, - შენზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ავეჯის რესტავრატორი ხარ, რომ პროექტში გაიმარჯვე და არ დაგიმალავთ, შენი დიდი იმედი გვაქვს! დანარჩენი შენ უნდა გვითხრა - სახელი, გვარი და ასე შემდეგ!
- სიამოვნებით... - წრუწუნიჩი იქ მყოფთაგან თვითეულს ლამის პერსონალურად წარუდგა, ზოგს სახელით, ზოგს გვარით; ვიღაცამ ხუმრობით მიაძახა, ბარემ მამის სახელიც გეთქვაო!
- სახელი და გვარი რომ გაქვს, ეს კარგია, მაგრამ როგორც ხელოსანს, აუცილებლად ფსევდონიმი გექნება! ეს, ჩემო კარგო, ტელევიზიაა, აქ ფსევდონიმის გარეშე საქმიანობა დაუშვებელია!
წრუწუნიჩმა ერთი კი იფიქრა, ჩემი მეტსახელი ხომ არ სმენიათო, მაგრამ ეს აზრი იმდენად არარეალურად ეჩვენა, წარბიც არ შეუხრია, ისე იუარა, ფსევდონიმით ცხოვრებას არ დავუჯილდოვებივარო! სხვათა შორის, წრუწუნიჩი უკვე გვარიანად შეზარხოშებულიყო და აქედან გამომდინარე, სიტყვაუხვობდა, ”კოლეგათა” უვნებელ ირონიას ხუმრობით უპასუხებდა; იუმორის გრძნობა კი ჩვენ გმირს, სიმართლე უნდა ითქვას, არ ღალატობდა.
- ესე იგი, ამტკიცებ, რომ ფსევდონიმი არა გაქვს! - არა და არ ეშვებოდა ის სიმპათიური ქალი.
- ფსევდონიმი... არა, საიდან...
- აბა, იმ ქალს, ვინც ტელეფონთან მოგიხმო, რომ წამოსცდა, ”პრუწუნიჩზე” მეკითხებითო?
წრუწუნიჩმა ენაზე იკბინა. ქალბატონ ჟენიაზე (თუმცა, უკვე არა ქალბატონზე, არამედ უბრალოდ - ჟენიაზე!) ისეთი ბრაზი მოერია, ვთქვათ და, გამდიდრებულიყო, ერთი წლის განმავლობაში პრინციპულად ისევ იმ ”საკუჭნაოში” იცხოვრებდა და წასვლის წინ მთელი წლის ქირას არ გადაუხდიდა! ყველაზე მეტად იმან გააცოფა, ჟენიამ მეტსახელი რომ დაუმახინჯა, სად ”პრუწუნიჩი” და სად ”წრუწუნიჩი”! თუმც, სავარაუდოდ, ეს ჟენიას კი არა, ტელევიზიის თანამშრომლის ბრალი უფრო იქნებოდა, მაგრამ გამწარებული ჯოხს მაინც ჟენიაზე ტეხდა! კიდევ კარგი, თავი შეიკავა და მრისხანება სხვების დასანახად არ გამოუხატავს; ვითომდა ყველაფერი რიგზეაო, გაიღიმა, და ჟენიასა თუ მედიის წარმომადგენელთა შეცდომის გამოსწორებას შეუდგა.
- პრუწუნიჩი კი არა, წრუწუნიჩი - წრუ-წუ-ნა! მაგრამ ამასაც ისე, ძალიან იშვიათად თუ ვინმე დამიძახებს.
- წრუწუნიჩსაც არა უშავს, გადასარევი ფსევდონიმია! რადგან ფსევდონიმი გაქვს, შენ, ჩემო ძმაო, ჩვენთან ჩამოყალიბებულ ჟურნალისტად მოსულხარ!
”ბრავო! ბრავო!” _ სტუდიაში ლამის აპლოდისმენტები გაისმა. კიდევ ბევრი რამ სანაქებო ითქვა წრუწუნიჩზე და ამის შემდეგ მისი პიროვნება, ასე ვთქვათ, თანდათან დავიწყებას მიეცა. მოგვიანებით, წრუწუნიჩმა აკოსა და ვაკოსაგან შეიტყო ვინ იყო ის ქალი, ასე რომ ჩააცივდა ახალ თანამშრომელს, - გადაცემის პროდიუსერი ყოფილა და იმ პროექტის ავტორიც, რომლის წყალობითაც ის ტელევიზიაში მოხვდა. ამის გაგონებაზე წრუწუნიჩს თვალები გაუფართოვდა, დაფეთებულმა იმავწამს მზერა ქალს მიაპყრო, - თურმე ამ ქალის გუნებაჶგანწყობილებაზე ყოფილა მისი კარიერა დამოკიდებული!
ქალს, ანუ პროდიუსერს, მისი დაფეთებული მზერა არ გამოჰპარვია, ყველაფერს მიხვდა და დასამშვიდებლად, მეგობრულად თვალი ჩაუკრა, ჩანს, მოეწონა. წრუწუნიჩი სიხარულისგან ლამის ჰაერში შეხტა...
ბანკეტი დიდხანს აღარ გაგრძელებულა. ხალხი ნელ-ნელა გაიკრიფა. სანამ სტუდიიდან გავიდოდა, პროდიუსერმა წრუწუნიჩი მიიხმო და მეორე დღის თორმეტი საათისათვის სტუდიაში ხელსაწყოებიანად სარეპეტიციოდ დაიბარა. სტუდია ყველაზე ბოლოს წრუწუნიჩმა და მისმა ორმა ახალმა მეგობარმა - აკომ და ვაკომ დატოვეს. ჯერ გაცნობის დალიეს, მერე დამეგობრებისა, დედა-ტელევიზია, თავისთავად, განსხვავებული სასმისით ადღეგრძელეს! ვიღაც ახლად გარდაცვლილი, ხნიერი, მაგრამ ტელეარხის კოლექტივისათვის ძალზედ საყვარელი თანამშრომლის შესანდობარიც გადაკრეს და ბოლოს, სიცოცხლის გაგრძელებისა თქვეს! ერთი-ორი სადღეგრძელოც მიამატეს და ამასობაში კონიაკის გამოცლილ ბოთლს, სახელგანთქმული ”სმირნოვის” არყის დაცარიელებული ბოთლიც მიემატა!..
ტელევიზია წრუწუნიჩმა ბარბაცით დატოვა. შინ ავტობუსით დაბრუნება იუკადრისა! ტაქსს დაუქნია ხელი, გააჩერა, წინა სკამზე გაბღენძილი გამოიჭიმა და მძღოლს მედიდურად უთხრა: ”წავედით!” სახლთან მისულს, როცა მძღოლისთვის ფული უნდა გადაეხადა, ექვსი ლარის ნაცვლად მხოლოდ სამი აღმოაჩნდა, - საჭაშნიკეში უსინდისოდ გაყვლიფეს! შემდეგში დაგიმატებო, მძღოლი დაამშვიდა და მძღოლსაც სხვა რა დარჩენოდა, გამოართვა მთვრალს სამი ლარი და ავტომობილი ბურტყუნით დაძრა...

***
დილით, როცა ნაბახუსევზე საწოლში ტანსაცმლიანად ჩაძინებულმა წრუწუნიჩმა ძლიერი თავის ტკივილით გაიღვიძა, საათი უკვე ათს აჩვენებდა. მართალია, წინა დღის უკანასკნელი მონაკვეთიდან ბევრი აღარაფერი ახსოვდა, მაგრამ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ტელევიზიაში ხელსაწყოებიანად თორმეტი საათისათვის რომ უნდა გამოცხადებულიყო, კარგად დამახსოვრებოდა. სასწრაფოდ წამოვარდა საწოლიდან. ერთი კი შებარბაცდა, მაგრამ თავი შეიკავა და მზადება დაიწყო. სარკეში ჩაიხედა, წვერი შეიძლებოდა არც გაეპარსა, ტანსაცმელი კი ღამით რომ არ გაიხადა, დასჭმუჭნოდა და გაუთოებას საჭიროებდა. გადაწყვიტა, უთო ამჯერად ჟენიასთვის ეთხოვა - კარებზე მიადგა და ბრაგუნი აუტეხა; დიასახლისზე გაბრაზებული რომ იყო, ეს აღარც კი ახსოვდა.
- რა ხდება?! წრუწუნიჩ, შენა ხარ... გადამრევს ეს ბიჭი!
- ქალბატონო ჟენია, სასწრაფოდ უთო უნდა მათხოვოთ! თორმეტი საათისათვის ტელევიზიაში მელოდებიან!
- ესე იგი, წუხელ მთვრალი რომ მოხვედი და მეფიცებოდი, ტელევიზიაში მიმიღესო _ არ მატყუებდი?!
- რა დროს ტყუილია, ვაგვიანებ!
- კი მაგრამ...
- ვაგვიანებ!
- გაიხადე ეგ ტანსაცმელი, მე დაგიუთოებ! ჰე, ჩქარა! ერთ წამში აქ იყავი! მაგრამ... იმას მაინც ვერ დავიჯერებ, სტუდიაში შენი სადღეგრძელო რომ დალიეს!
- ჯიგარი ხარ, ქალბატონო ჟენია! - გახარებულმა წრუწუნიჩმა ჟენიასთვის დაპირებულ ახალ სკამებს, გუნებაში ახალი მაგიდაც დაამატა.
შინ შებრუნდა, საშინაო ტანისამოსი გადაიცვა და საგარეო ჟენიას დასაუთოებლად შეუტანა. მერე ხელსაწყოები მოიძია - საწოლის ქვემოდან მოზრდილი, გაცვეთილი ჩანთა გამოაჩოჩა და რაც კი რამ მასში ეწყო, ყველაფერი გულდასმით გადაამოწმა, არაფერი აკლდა. თუმც ხელსაწყოები და მასალები მაინც ეცოტავა, ჩანთაში ბევრი თავისუფალი ადგილი მოიძებნებოდა. რაც არის, არისო, თქვა გუნებაში და ჩანთას პირი მოუკრა. ამასობაში ჟენიამ დაუთოვებული ტანისამოსიც შემოუტანა და მალე წრუწუნიჩი მზად იყო ტელევიზიაში წასასვლელად.  ჯიბე მოიჩხრიკა და ჟენიას ნასესხები ფულიდან მხოლოდ ცოტაოდენი ხურდა რომ იპოვა, მაშინღა გაახსენდა, წუხელის ტაქსით შინ დაბრუნების ამბავი! საბედნიეროდ, სწორედ იმდენი შემორჩენოდა, რამდენიც ტელევიზიამდე მისასვლელად ავტობუსს ეყოფოდა. ბევრი აღარ უფიქრია, ჩანთას ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა. ეზოში გამოსულ მეზობლებს უხმოდ დაუკრა თავი და ისე სწრაფად გაეცალა, საბაბი არ მისცა გამოლაპარაკებისა; არადა, შეატყო, გამოლაპარაკება აშკარად უნდოდათ - არა მარტო ეზოს, ქუჩის ბოლოსაც მისწვდომოდა წრუწუნიჩის ტელევიზიაში მიწვევის ამბავი! სანამ ავტობუსში ჩაჯდებოდა, სულმა წასძლია, ფეხი აითრია - ნაბახუსევზე ერთი ჭიქა არაყი ქვეყანას ერჩივნა და იაფფასიანი არყით მოვაჭრე გულოს შეუარა. ფანჯარაზე მოკრძალებით მიუკაკუნა, მოკრძალებით იმიტომ, რომ ფული არ ჰქონდა და არაყი როგორმე ნისიად უნდა გამოერთმია! ოთხი ბოთლი ვალად ჰქონდა წამოღებული და თუ ახლა გულო ნისიაზე უარს ეტყოდა, ეს წრუწუნიჩისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნებოდა.
კაკუნზე ფანჯარაში გამოჩნდა ორმოცდაათიოდე წლის წითური ქალის მომღიმარი სახე.
- ვაჰ, წრუწუნიჩ, შენა...
- გულოჯან, უნდა მიშველო!
- შენისთანა დიდი კაცის შველა არავის დაეკარგება!
მისი გადიდკაცების ამბავი გულოს ყერამდეც მისულიყო და ეს წრუწუნიჩმა უმალ თავის სასარგებლოდ გამოიყენა. აქამდე თუ საბრალო მთხოვნელი იყო, ახლა პერსპექტიული ადამიანის იერი შეიფერა:
- იმ ძველ ნისიას ერთი ბოთლიც უნდა მიუმატო!
- თუ გინდა, ორიც იყოს!
- ორი... - გულოს მოულოდნელმა გულუხვობამ წრუწუნიჩი კინაღამ დააბნია, - კარგი, ორი იყოს! ხომ იცი, ჩემთან არაფერი დაგეკარგება!
- ვიცი! მთავარია, შენ თვითონ არ დამეკარგო - დიდ ადამიანებს პატარა ადამიანები ავიწყდებათ!
- რა გამოცანებით მელაპარაკები, ვერაფერი გავიგე!
-  მალე იაფფასიან არაყს აღარ იკადრებ! იცოდე, როცა დაგჭირდება, სხვანაირი ჩამოსხმის არაყსაც წამში გაგიჩენ, ისეთ არაყს, სუპერმარკეტებს რომ არ დასიზმრებიათ! - უთხრა გულომ და არყით სავსე ორი პოლიეთილენის ბოთლი გაუწოდა, თან, არყის ორი ჭიქაც მიაყოლა.
- თუ ქუჩაში დალევას აპირებთ, ჭიქებს გათხოვებ, ოღონდ, არ დამიკარგო!  ოთხი ბოთლისა ოთხი ლარი გმართებდა, ესეც თითო-თითო ლარი და ექვსი გახდა!
- ბრძენი ქალი ხარ გულოჯან! მოიტა ჭიქებიც, გამომადგება!
ის იყო, არყიანი ბოთლები ჭიქებითურთ ჩანთაში უნდა ჩაეწყო, რომ რაღაც მოაფიქრდა, - ჩანთიდანვე შავსაღებავიანი ქილა და ფუნჯი ამოიღო; ფუნჯი საღებავში ჩააწო და არყიან ბოთლებს მიაწერა: ერთს - F-1,  მეორეს - F-2! მერე ყველაფერი ჩანთაში ჩააწყო და გაოცებისაგან პირდაღებულ გულოს გაუღიმა.
- ეგ რა ქენი?
- ახლა ისეთ ადგილას მივდივარ, არ მინდა, მიხვდნენ, რომ ეს არაყია!
- ააა... ტელევიზიაში მიდიხარ! ბიჭო, სასმელს ცოტა მოერიდე, არ გამოგაგდონ!
- რას ამბობ, გულოჯან, იცი, იქ როგორ უყვართ სმა - პირველივე დღეს ყანწებით დამხვდნენ!
- ვაა... აბა, უყერე!
წრუწუნიჩი წასასვლელად მოემზადა.
- მოიცა, მოიცა! - შეაჩერა გულომ, ოთახში შებრუნდა და წამში ლანგარზე დაწყობილი ორი არყით სავსე ჭიქითა და რამოდენიმე კარამელით ხელდამშვენებული გამოცხადდა, - უნდა დაგლოცო!
წრუწუნიჩს გაეღიმა... დალოცვაზე უარს როგორ ეტყოდა, ერთი სული ჰქონდა ეზოდან გასულიყო, სადმე მყუდრო ადგილი ეპოვა და ასი გრამი არაყი გადაეკრა.
- ეს არის ის შენი სანაქებო არაყი, სუპერ-მარკეტებს რომ არ დასიზმრებიათ?!
- ის არ არის, მაგრამ არც ესაა ცუდი! ცუდი არაყი როდის მქონია!.. - თითქოს განაწყენებულს, გულოს სახე ისე მოეღუშა, წრუწუნიჩმა უხერხულობისაგან ბოდიში მოუხადა, - არაუშავს, შვილო... ვიცი, რომ კარგი გული გაქვს! მთავარია, შენ იყო კარგად... გლოცავ!
ჭიქები ერთიმეორეს მიუჭახუნეს; წრუწუნიჩმა დალია, კამფეტი მიაყოლა და არაყი შეაქო.
- ესეც შენ უნდა დალიო! - გულომ თავისი ჭიქა მისკენ მიაჩოჩა, - მე ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე... ხომ იცი, სულ წამლებსა ვსვამ...
- ამით შენ გაგიმარჯოს, გულო! ეგეთი ჯიგარი, ყველას გაჭირვების ტალკვესი რომ ხარ! ჯამრთელობას გისურვებ!
წრუწუნიჩმა მეორე ჭიქაც გადაკრა, გულოს მადლიერების ნიშნად თავი დაუკრა და ”სამსახურისკენ” გასწია!
სამსახურისკენ? დიახ, სამსახურისკენ! წრუწუნიჩმა თავის პროფესიას ახალი სახელწოდებაც კი მოუძებნა - ჟურნალისტ-რესტავრატორი!

***
ტელევიზიას რომ მიუახლოვდა, საათის ისარი თორმრტს მთელი ოცდაათი წუთით გადასცდენოდა. არ ესიამოვნა, პირველ დღესვე რომ დააგვიანა, არყის სუნი რომ ასდიოდა, ამანაც გააღიზიანა, - გულოზე მოერია ბრაზი... გუნებამოხარშული ლასლასით შევიდა ტელევიზიაში... იქ ადმინისტრატორი ისევ ის პირი დაუხვდა, რომელიც წინა დღით მორიგეობდა.
- ყოჩაღ შენ, გუშინდელის მერე რომ შეძელი მოსვლა! უთხრა ღიმილით ადმინისტრატორმა.
- მთელი ნახევარი საათით დავაგვიანე! არადა, პროდიუსერმა თორმეტი საათისათვის დამიბარა!
- ნუცამ დაგიბარა?
- ჰო, ნუცამ!
- გაგიმართლა! დაახლოებით ერთი საათის წინ გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა! აქ დაელოდები თუ ახვალ?
- ავალ...
გამხნევებული წრუწუნიჩი სტუდიას მიადგა. კარებზე დააკაკუნა, მერე შეაღო და ისეთი ტონით იკითხა, ქალბატონი ნუცა არ დაბრუნებულაო, თითქოს ლოდინით გული გადალეოდეს.
გადაღება, რაღა თქმა უნდა, დაესრულებინათ. სტუდიაში სულ სამი კაცი ტრიალებდა. ერთი დამლაგებელი იყო, დანარჩენი ორი კი ეცნო, წინა დღეს ბანკეტზე ნახა.
- მალე მოვა... შემოდი, დაელოდე!
- მადლობ, დერეფანში გავივლი... - იუარა დარცხვენილმა წრუწუნიჩმა და კარი გამოიხურა.
დერეფანში ყველასა და ყველაფერს აკვირდებოდა, თავი კი ისე ეჭირა, თითქოს მისთვის იქაურობა სულერთი იყო. პირველი წრის შემოვლისას ჩანთისთვის ხელი არ გაუშვია, მერეღა იგრძნო, რაღაც რომ ამძიმებდა, იმასაც მიხვდა, ჩანთიანად მოსიარულე ბაქანზე მოსეირნე მგზავრს რომ ჰგავდა. ჩანთა იატაკზე დადო და ბოლთის ცემას მოჰყვა.
ნუცა არ ჩანდა. დადიოდა წრუწუნიჩი წინ და უკან როგორც ტუსაღი და ფიქრობდა.
”უსამართლოდაა მოწყობილი ქვეყანა... დიდი განსხვავებაა საზოგადოების გარკვეულ წრეებს შორის, მაგრამ განსხვავება მხოლოდ პირობითია, ან სულაც, მოჩვენებითი! უბრალოდ, ვიღაცას მეტად გაუმართლა, ვიღაცას - არა! ვიღაცას უწვალებლად მიეცა, ვიღაცამ იწვალა და მაინც ცარიელზე დარჩა! ბედი, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს, ცხოვრების ზედაპირზე ატივტივებს, ვისაც არა - დაძირავს!”
წრუწუნიჩი თუ აქამდე მიიჩნევდა, რომ უიღბლო ადამიანი იყო, ახლა იმედი გაუჩნდა იღბალი მიეცემოდა, ბედს ეწეოდა! აღნიშნულ დასკვნამდე იმდენად არა ლოგიკას, რადენადაც წინათგრძნობას მიჰყავდა. აი, მაგალითად, ხომ აწუხებდა არყის სუნი რომ ასდიოდა, მაგრამ როგორღაც, გასული დღის მსგავსად, ახლაც გადარჩებოდა! ტელევიზიაში მისვლა რომ დააგვიანა, ეს ფაქტიც ხომ დაფარული დარჩა ნუცასთვის. ახლა მთავარია, რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვას, შეცდომა, რის გამოც ეს ყველაფერი, რაც ბედისაგან ძღვენად ეძლეოდა, წყალში ჩაყრილიყო! არადა, შეცდომის დაშვების საშიშროება არსებობდა!
წრუწუნიჩი გონიერი ბიჭი იყო, იუმორის საოცრად კარგი გრძნობა ჰქონდა, ოღონდ ხანდახან არასრულყოფილების კომპლექსი ეძალებოდა და ასეთ დროს მისი გონიერება და იუმორის ნიჭი სადღაც ქრებოდა. უამისოდ კი, ცხადია, მისი ტელეჟურნალისტური მოღვაწეობა მაყურებელში სიმპათიას ვერ მოიხვეჭდა! საამისოდ მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობდა: მხნეობისათვის მცირეოდენი ალკოჰოლი მაიც უნდა მიეღო!
მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენდა თავს: წრუწუნიჩი ვერ წარდგებოდა ტელემაყურებლის წინაშე მთვრალი, ან თუნდაც, ნასვამი! მას ამის გარეშე უნდა მიეღწია წარმატებისთვის, გაემარჯვა საკუთარ თავზე! და საერთოდ, დრო იყო, ალკოჰოლზე, როგორც სამარცხვინო სენზე, უარის თქმისა! ცხოვრების ჯანსაღი წესი ადამიანის კეთილდღეობის საწინდარია!!!
ასე რიხიანად თქმული ეს ფრაზა ჩემი სიტყვები არ გეგონოთ! წრუწუნიჩმა გუნებაში, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ სამი ძახილის ნიშნით წარმოთქვა. და საოცრებაც მაშინვე მოხდა - მისი მრისხანებით დამფრთხალი არასრულყოფილების კომპლექსი შეშინებული თაგვივით გაქრა! ის სტუდიის შესასვლელს მიუახლოვდა, არ დაუკაკუნებია, ისე შეაღო კარი და შევიდა.
- ქალბატონ ნუცას აქ დაველოდები!.. - თქვა და ჩანთა იქვე, კუთხეში მიდგა, თვითონ კი სტუდიის თვალიერებას მიჰყვა.
ყველაზე საინტერესო სტუდიის სტაციონალური ტელეჶკამერები ეჩვენა. კამერებს ხან ერთი მხრიდან შემოუარა, ხან მეორედან, ბოლოს, დაასკვნა, მაგარიაო! ამასობაში ნუცაც გამოჩნდა. მას წრუწუნიჩის დანახვაზე ღიმილი მოერია.
- გუშინდელი დღის შემდეგ თავს როგორა გრძნობ?
- მე... - დაიბნა წრუწუნიჩი.
- რომ დავაგვიანე, არაუშავს ხომ? - ნუცას უშუალი, მეგობრულმა ტონმა წრუწუნიჩს მხნეობა შეჰმატა, - წამოდი, გავისაუბროთ... ეს რა არის? აჰ, შენი ჩანთა! პირველივე, რაც უნდა გირჩიო: ჩანთა შესაცვლელია! ასეთი გაცრეცილი ჩანთით სიარული არც ტელევიზიას ეკადრება და არც შენ, მომავალ ტელე-ვარსკვლავს!
ნუცამ წრუწუნიჩი სტუდიის გვერდით დიდ, ნათელ დარბაზში შეიყვანა, სადაც უამრავი კომპიუტერი, მონიტორი და სხვა ათასი ჯურის სპეცტექნიკა იყო დამონტაჟებული. ტექნიკის გარდა, რაც წრუწუნიჩს თვალში არც თუ მთლად სასიამოვნოდ ეცა, მომსახურე პერსონალის ერთი შეხედვითვე შესამჩნევი, პროფესიონალიზმი იყო; განა შეშურდა, არაა, თვითონ ჩანდა მათ გვერდით უმწეო და უსუსური! ვიღაც კომპიუტერთან კლავიატურაზე ტექსტს ისე სწრაფად კრეფდა, გეგონებოდათ, როიალზე უკრავსო! ინგლისური ენა ხომ ყველა იქ მყოფმა, სავარაუდოდ, მშობლიურ ენაზე უკეთესად იცოდა! დარბაზის კუთხეში მინისამზარეულო მოეწყოთ, რამოდენიმე ახალგაზრდა (ორი გოგო და ერთი ბიჭი) ყავას რომ მიირთმევდა, ესეც თავისებურ ფენომენად ეჩვენა წრუწუნიჩს და თითქოს დაპატარავდა. ისეთმა დეპრესიამ შემოუტია, მხოლოდ არაყი თუ უშველიდა! არადა, ბედის ირონიით, ჩანთაში ერთის ნაცვლად, ორი ბოთლი ჰქონდა - F-1 და F-2...
დარბაზის ბოლოში, მინის კედლით გამოყოფილ კაბინეტში შევიდნენ. ნუცა მაგიდას მიუჯდა, კომპიუტერი ჩართო, მაგიდაზე გაშლილ ფურცლებს გადახედა, მობილურ ტელეფონშიც რაღაც გადაამოწმა, თან წრუწუნიჩს სავარძლისკენ მიანიშნა, ჩაჯექიო. ეს სწორედ რომ დროული იყო, - მთლად გაფითრებულიყო, მუხლები ეკეცებოდა. ნუცა საქმით გართული იყო და თავდაპირველად ვერ შეატო, მაგრამ თავი რომ ასწია და ფერდაკარგული წრუწუნიჩი დაინახა, შეშფოთდა.
- რა დაგემართა, ცუდად ხომ არ ხარ? ექიმს გამოვუძახებ...
წრუწუნიჩი ნუცას აფორიაქებამ გამოაცოცხლა. თავისი საქციელის შერცხვა და უხერხულად შეიშმუშნა. ზრდილობა მოითხოვდა, რამე ეთქვა, რაღაც ამოილუღლუღა და ქალს გულოს იაფფასიანი არყის ”სურნელი” შეაფრქვია. ნუცას სიცილი მოერია.
- შენ, ჩემო კარგო, პახმელიაზე ყოფილხარ!
წრუწუნიჩმა თავი მორცხვად დახარა.
- არ გეწყინოს, რომ ვიცინი - ყველაფერი რიგზეა! გამიხარდა, ჯანმრთელი რომ ხარ!
წრუწუნიჩმაც აუბა მხარი, თავადაც აფხუკუნდა, რა თქმა უნდა, სიმწრით. ნუცა წამოდგა, პატარა მაცივრიდან უცხოური კონიაკის ნახევრად სავსე ბოთლი გამოიღო და თეფშზე წვრილ ნაჭრებად დაჭრილ ”სნიკერსსა” და ორ ჭიქასთან ერთად წრუწუნიჩის წინ მაგიდაზე დადგა.
- დალიე, შენთვის წამალია! მე სმა არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან გადავკრავ ხოლმე, - შემთხვევას გააჩნია... შენ გაგიმარჯოს, წარმატებას გისურვებ ტელეკარიერაში!
წრუწუნიჩმა ნუცას მადლობა გადაუხადა და ახლა თავადაც ადღეგრძელა. ადღეგრძელა გულით. რომ არა თქვენ, არ მომეცემოდა შემთხვევა ცხოვრების რადიკალურად შეცვლის მცდელობისო! ამან გამომაფხიზლა, ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედეო!
მათ შორის ხანმოკლე დუმილი ჩამოვარდა. ნუცა ცხოვრებაში მოსწრებული ადამიანი იყო და მას დღეგრძელობა, კომპლიმენტი და სხვა ამის მსგავსი რამეები არა თუ აკლდა, მობეზრებულიც ჰქონდა, მაგრამ თუ კი აღნიშნული რამ ადამიანთა არა გონებიდან, არამედ გულიდან მოედინებოდა, ეს მის სხვებისათვის დაფარულ ფაქიზ გულს ძალზედ აღაგზნებდა.
- წრუწუნიჩ, ტელევიზია ცოცხალი ორგანიზმია, ჟურნალისტი მისი სამოსი, რომელსაც ან მოირგებს, ან _ არა! ”სამოსმა” ტელევიზიას თავი სათანადო დროსა და მოზომილად უნდა მიაწოდოს; ჟურნალისტი ტელევიზიას ვერ შესთავაზებს იმაზე მეტს, რაც მის პიროვნებაში ბუნებრივად მოიპოვება! ინდივიდუალიზმი, სხარტი გონება, იუმორი - ყველაფერი ეს უნდა ახასიათებდეს ტელეწამყვანს! გუშინ გულდასმით გაკვირდებოდი: თავიდან ძალზედ ჩაკეტილი იყავი, მერე და მერე, გალაღდი - გონიერი ბიჭი ხარ, კარგი იუმორი გაქვს! უნდა ისწავლო შენი შესაძლებლობების ნებისმიერ ვითარებაში თავისუფლად დახარჯვა! ავეჯის რესტავრაციაში გაკვეთილები არ არის ჩვენი სიუჟეტის მიზანი, ის მხოლოდ მიზეზია და ყველაფერი მის იქით იწყება! საერთოდ, ტელეწამყვანის განწყობილება გადამდებია! თუ შთააგონებ თავს, რომ ყველაფერი კარგადაა, ტელემაყურებელშიც იგივე განწყობილება დაისადგურებს. არავითარი თვითშეზღუდვა, კამერის წინ რაც შეიძლება მეტი უშუალობა უნდა გამოიჩინო! იყო ასეთი ცნობილი ამერიკელი ტელეჟურნალისტი - პიერ მარკერი, რომელსაც გადაცემები ხშირად ნასვამს მიჰყავდა! - და ნათქვამისთვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად ნუცამ პაუზა გააკეთა (სხვათა შორის, ამერიკელი ჟურნალისტის ამბავი წრუწუნიჩის გასამხნევებლად გამოიგონა).
გაოცებისაგან პირდაღებული წრუწუნიჩი ნუცას თვალებგაფართოებული შეჰყურებდა. მერე ისევ კონიაკის გამოცლილ ჭიქაზე გადაიტანა მზერა.
- კიდევ დალიე, ნუ გერიდება!
წრუწუნიჩმა კიდევ გადაკრა, თან ”სნიკერსიც” მიაყოლა. ახლა აშკარად იგრძნო ბახუსის ძალა.
- ვფიქრობ, სწორად გაიგე, რაც გითხარი! დანარჩენს გზადაგზა გასწავლი! უფროსების, მათ შორის ჩემი, რიდი რომ გაქვს, კარგია, ოღონდ ზედმეტიც ნუ მოგივა. იცოდე, მე შენი მეგობარი ვარ! - ნუცამ წრუწუნიჩის გამოცლილი ჭიქა შეავსო. - ახლა ჩვენი დამეგობრებისა დავლიოთ!
ორთავემ ბოლომდე გამოცალა ჭიქა.
- ახლა კი როგორც ავეჯში გაცნობიერებულმა ადამიანმა ერთი რამ მითხარი: რა არის MDF-ი მასალა და საერთოდ, ავეჯი რომელი მასალის ჯობია, ხისა თუ მდფ-ის?
- მდფ-ი, როგორც ამბობენ, თხილის ნაჭუჭისაგან მზადდება, გულისგან კი - ”სნიკერსი!” - წრუწუნიჩმა თხლად დაჭრილი ”სნიკერსის” ერთი ნაჭერი აიღო და სინათლეზე ისე გახედა, თითქოს იკვლევსო, - ”სნიკერსი” იაფი ღირს, ავეჯი - ძვირი. წესით, პირიქით უნდა იყოს!
წრუწუნიჩის ხუმრობაზე ნუცას გაეცინა.
- კარგია! პროფესიონალის თვალსაზრისით თანამედროვე ავეჯი ”სნიკერსზე” იაფი უნდა ღირდეს! ეს შეფასება აუცილებლად ტელემაყურებლის წინაშე დააფიქსირე!.. ხვალ დილის შვიდ საათზე სტუდიაში იყავი! მინდა, გადაცემის ეთერში გასვლის სრულ პროცესს კულისებიდან უყურო! - ნუცამ მაგიდის უჯრიდან ფული ამოიღო, - ჯერ ეს ასლარიანი გამომართვი და ისეთი ჩანთა იყიდე, ტელევიზიას რომ ეკადრება!
წრუწუნიჩი ასლარიანის დანახვამ დააბნია.
- თანხიდან ჩანთას რაც გადარჩება, ისე დახარჯე როგორც გენებოს! ტანისამოსის შერჩევით თავს ნუ გაირჯი - შარვალი და ფეხსაცმელი კადრში არც გამოჩნდება. თეთრ მაისურს ჩვენ მოგცემთ გადაცემის ლოგოთი - ”ნუ გძინავს შენ!” აბა, შენ იცი, დღეს ადრე დაწექი, დილით ადრე რომ ადგე! წარმატებას გისურვებ! ხვალამდე!
წრუწუნიჩმა ნუცას მადლობა გადაუხადა და თავის ჩანთას წაეპოტინა.
- აქედან სადმე სამუშაოდ მიდიხარ?
- არა, ბაზრობაზე უნდა წავიდე ჩანთის საყიდლად და მერე პირდაპირ სახლში. ბევრ რამეზე უნდა ვიფიქრო...
წრუწუნიჩის გულწრფელობაზე ნუცას გაეღიმა.
- ჰო, კარგია, იფიქრე... ოღონდ ეგ ჩანთა უმჯობესია ჩემთან დატოვო. არაფერი დაგეკარგება!
- დიახ, აქ იყოს! - მორჩილად დაეთანხმა წრუწუნიჩი და ჩანთა კუთხეში მიდგა, მერე ნუცას თავდაკვრით გამოემშვიდობა და გეზი ბაზრობისაკენ აიღო.

***
ჩანთისთვის ფული არ დაუზოგავს. სწორედ ისეთი იყიდა, როგორიც წარმოედგინა - სერიოზულ ადამიანს რომ შეეფერება და თანაც, ხელსაწყოების ჩასალაგებლად გამოდგებოდა! ჩანთა ისე მოსწონდა, მისი საწოლის ქვეშ შეცურება დაენანა და მაგიდაზე ისე დადო, ბალიშზე თავმიდებულს მისი ყურებით ტკბობა რომ შესძლებოდა!..
მაღვიძარამ უთენია დაიწკრიალა! წრუწუნიჩი წამოხტა, პირი გაიპარსა, ოდეკალონი იპკურა, თმა კოხტად დაივარცხნა და პირველკლასელის შემართებით მხარზე ჩანთამოკიდებულმა ტელევიზიისაკენ გასწია!.. უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეს, ნუცასაგან წამოსულს, წვეთი აღარ დაულევია! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ალკოჰოლის მიღების იოტისოდენა სურვილიც არ გასჩენია, თავის ერთიციცქნა ოთახში გამოიკეტა და მთელი საღამო, პირობისამებრ ფიქრში გაატარა.

***
გათენებული დღე თავისი შინაარსით დიდი ცხოვრებისეული ძვრების წინაშე მდგომი წრუწუნიჩისთვის თუმც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, თხრობის კუთხით დეტალურ ასახვას არ საჭიროებს. ამ დღეს განვითარებულ მოვლენათა თანმიმდევრობა სტაბილური და წინასწარ პროგნოზირებადი იყო, სიურპრიზებს არ შეიცავდა. წრუწუნიჩი დაესწრო გადაცემის ეთერში გასვლას - იმას, რაც ტელემაყურებლისთვის იყო განკუთვნილი და იმასაც, რაც კადრს მიღმა რჩებოდა. ტელეწამყვანებს გულდასმით აკვირდებოდა, განსხვავებას ეძებდა მათ ბუნებრივსა და კამერის წინ გამოჩენილ სახეს შორის. აშკარა იყო, ყოველი მათგანი, რაღაც დოზით, იტყუებოდა! ოღონდ ზოგიერთს შედარებით ლამაზად, ასე ვთქვათ, ოსტატურად გამოსდიოდა, დანარჩენებს კი ნაკლებად. ერთადერთი რამ, რაც წრუწუნიჩმა ტელეწამყვანებში უკლებლივ დააფიქსირა, მათი უკომპლექსობა იყო. მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა საკმარისი მსახიობური ნიჭი, ყველა მათგანი თავდაჯერებული იყო, რაც წრუწუნიჩს, მათგან განსხვავებით, არცთუ მთლად იოლად გამოუვიდოდა. კომპლექსებთან შერკინების ეფექტიან, მისეულ მეთოდს გარკვეული დოზით ალკოჰოლის მიღება რომ წარმოადგენდა, ეს ცნობილია, მაგრამ ვინ მისცემდა უფლებას, პირდაპირ ეთერში ნასვამი წარმდგარიყო! მართალია, როგორც ნუცამ უთხრა, ტელევიზიის ისტორიაში არსებობდა ასეთი გამონაკლისიც, ახლა უკვე მის კერპად ქცეული ამერიკელი ჟურნალისტი პიერ მარკერი, მაგრამ ის ასეთ ბუმბერაზთან გატოლებას ოცნებაშიაც ვერ გაბედავდა! აბა, სად ხონელი წრუწუნიჩი და სად - ამერიკელი პიერ მარკერი!
ფიქრებში ჩაძირულ წრუწუნიჩს სასოწარკვეთილება იპყრობდა. თუმცა, აზრი იმაზე, რომ გადაცემა სრულიად ჩვეულებრივ (ზოგ შემთხვევაში, უნიჭო!) გოგო-ბიჭებს მიყავდათ, როგორღაც ამხნევებდა მას, გარკვეული ხნით სასოწარკვეთილებას უქარწყლებდა. წრუწუნიჩში იმედი და სასოწარკვეთილება იმდენად სწრაფად ენაცვლებოდა ერთი მეორეს, რომ გარჩევა ჭირდა თუ რა დროს რომელი რომელს სჭარბობდა. ფიქრებში მძიმედ ჩაძირული ერთიორჯერ ნუცამ გამოარკვია - გამოელაპარაკა, მხარში მეგობრულად ხელიც კი ჰკრა.
გადაცემის დასრულების შემდეგ ნუცამ წრუწუნიჩი თავისთან მიიხმო და მისი მომავალი საეთერო მეწყვილე გააცნო - სიცოცხლით სავსე, მეტად კომუნიკაბელური პატარა ნინკა. (რატომ პატარა? ის ფიზიკურად სრულიადაც არ იყო პატარა! და ან, თუ ვინ იქნებოდა მისგან განსხვავებით დიდი, ამის გამორკვევა დაბნეულ წრუწუნიჩს, რაღა თქმა უნდა, არც კი უცდია! ერთი კი გაიფიქრა: ეს ასეთი დაქოქილი თუ პატარაა, დიდი ვინღა იქნებაო? და თავი იმით ინუგეშა ბედად პატარა რომ ერგო და არა, დიდი!) განა წრუწუნიჩს პატარა ნინკაში, რომ რაიმე არ მოეწონა, პირიქით,  ზომიერზე მეტადაც რომ მოეწონა, სწორედ ეს გახდა მიზეზი ისედაც დაბნეულის მთლად დაბნევისა! სამივემ სტუდიის ის ნაწილი დაათვალიერეს, საიდანაც წრუწუნიჩი და ნინკა ეთერში უნდა გასულიყვნენ - მაგიდა ჯერ კიდევ სავსე იყო სამზარეულოს ატრიბუტებით!
- ეს ყველაფერი აქედან გავა! - ნუცამ წრუწუნიჩს ქვაბებსა და ტაფებზე მიანიშნა, - გაზქურა თუ რაიმეში გამოგადგება, დავტოვოთ... გადახედე აქაურობას, თუ რაიმე შესაცვლელია, შევცვალოთ!
ენაჩავარდნილი წრუწუნიჩი თავის ქნევით ხან ეთანხმრბოდა, ხანაც რაღაცას უარყოფდა. გამუდმებული დუმილის გამო ნუცასაგან შენიშვნაც კი მიიღო:
- ტელეწამყვანმა რაც შეიძლება ბევრი უნდა ილაპარაკოს! ნინკა, - მიუბრუნდა ნინკას, - წრუწუნიჩის გამოცოცხლება შენ გევალება! თავიდან უჭირს, თორემ... ერთი თუ გაიხსნა, მერე იცოცხლე, ენად გაიკრიფება!
- ვიცი, მერე რაც ემართება... - ნინკამ სიცილით გაიხსენა ტელევიზიაში წუწუნიჩის პირველი ვიზიტი, - იმ საღამოს წრუწუნიჩმა ჩემი სადღეგრძელო პერსონალურად დალია... მაგრამ ეს შემთხვევა, როგორც ვატყობ, გადაავიწყდა!
- მართლა... უყურე შენ! - ნუცას სიცილი წასკდა, - იცოდა, შენთან ერთად რომ უნდა გაეკეთებინა გადაცემა?
- არა... ალბათ, არა! ყოველ შემთხვევაში, მე არ მითქვამს!
- ესეიგი, თავისით გამოგირჩია! - ნუცა და ნინკა ლაპარაკში ისე გაერთნენ თითქოს წრუწუნიჩი იქ არც იყოო, - აი, ეს მესმის! ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდა ეთერში ვინ გაუწევდა პარტნიორობას! ბიჭო, კიდევ სხვა ვისმეს სადღეგრძელო ხომ არ დაგილევია, აბა, გამოტყდი! - ნუცა სიცილს ვერ იკავებდა.
ნუცას სიცილი ნინკასთან ერთად წრუწუნიჩსაც გადაედო. ამის შემდეგ განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა. გადაწყვიტეს მომდევნო დღეს უკვე ეთერში გასვლა. ნინკა წავიდა. წრუწუნიჩმა კიდევ დაჰყო ტელევიზიაში რაღაც ხანი - თავისი ძველი ჩანთა მოიძია. ყველაფერი, რაც კი რამ მასში ჰქონდა, ახალ ჩანთაში გადაალაგა, ძველი, როგორც ბაბაჯანამ თავისი ქოშები, შორს მოისროლა! საღამოს, როცა იმ დღის შთაბეჭდილებებით ავსებული შინისკენ მიეხეტებოდა, დალევის დაუოკებელი სურვილი შემოაწვა. ბედად, იმ ასი ლარიდან ცოტაოდენი ფული კიდევ შემორჩენოდა და სუპერმარკეტში ერთი მოზრდილი ბოთლი უცხოური არაყი შეიძინა, მისაყოლებელიც არ დავიწყებია. მოზრდილი ბოთლი იმიტომ, რომ მარტო დალევას არ აპირებდა - ახლა მას ადამიანი სჭირდებოდა, ვისაც გულს გადაუშლიდა. შინ მისვლისთანავე ოთახი მოაწესრიგა, სუფრა გაშალა და ჟენია შეიპატიჟა. ჟენია მოქეიფე ქალი არ გახლდათ, მაგრამ რადგან უზომოდ ცნობისმოყვარე იყო, მიწვევას უყოყმანოდ დათანხმდა - უკეთესი საშუალება არ მიეცემოდა, წრუწუნიჩის ცხოვრების კულისებს მიღმა შეეჭყიტა! თვითონაც შეჰმატა სუფრას რაღაცჶრაღაცეები და მშვენიერი სუფრა გაშალა.
თამადად წრუწუნიჩმა თავისი თავი დანიშნა. სადღეგრძელოების პარალელურად, უყვებოდა ჟენიას, რაც ტელევიზიაში ნახა. სადღეგრძელოებს კი, ძირითადად, სიყვარულისას ამბობდა! სიყვარული, წრუწუნიჩის თქმით, უთვალავი სახეობისა ყოფილა  ხან ქალ-ვაჟის სიყვარულს წამოსწევდა წინა პლანზე, ხან მეგობრობაზე ლაპარაკობდა, პატარა ნინკაზე, როგორც ბრწყინვალე ადამიანზე, გაუთავებლად ილაპარაკა. განსაკუთრებით ის აწვა დარდად, ნინკას პერსონალური სადღეგრძელო რომ დაულევია მისი და მეორე დღეს აღარაფერი ახსოვდა!
- ბიჭო, ნამდვილად შეყვარებული ხარ! - დაუსვა წერტილი ჟენიამ წრუწუნიჩის გრძნობათა ბუნდოვან ღელვას! ეს იყო ის, რაშიც წრუწუნიჩი თავს ვერ გამოსტყდომოდა, - ეხლა, ერთი სადღეგრძელო მე მათქმევინე: წრუწუნიჩ, შენ სიყვარულს გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს, ჟენია დეიდა, გაუმარჯოს!
სასმელი არა მარტო წრუწუნიჩს, ჟენიასაც მოერია. ბოთლი არ გამოუცლიათ, მაგრამ სუფრასთან კარგა ხანს ისხდნენ, ლაპარაკობდნენ... როცა ჟენია წავიდა, წრუწუნიჩმა ბალიშზე თავი მიდო თუ არა, იმავწამს ჩაეძინა. თუმცა, მშვიდი ძილი არ ღირსებია, - მაწანწალა კატებმა მისი ოთახის სახურავზე ერთი ამბავი ატეხეს... სწორედ იმ დროს, კოშმარულ სიზმარს ხედავდა და ცალკე სიზმრისაგან და ცალკე კატების ხმაურისაგან თავზარდაცემული ფეხზე წამოვარდა. ამის მერე, აღარ ჩასძინებია; ნაბახუსევზე თავი საშინლად სტკიოდა. საათს დხედა... გათენებამდე (ანუ, მისი ეთერში გასვლამდე) ჯერ კიდევ რამოდენიმე საათი რომ იყო დარჩენილი, ეს სანუგეშოდ ეჩვენა! თუმცა, მერე და მერე, დრო თვალსა და ხელს შუა შემოეცალა. იქამდე, თუ მხოლოდ ფიქრი უწევდა ეთერიდან ქვეყნის წინაშე საჯაროდ წარდგომაზე, ახლა ფაქტის პირისპირ დადგა, შიშისაგან ააკანკალა.  სცადა თავი როგორმე გაემხნევებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. არა თუ არ გამოუვიდა, სულ უფრო ღრმად ჩაიძირა პესიმიზმისა და დეპრესიის მორევში. ბოლოს, ნუგეში ისევ სასმელში პოვა - ჭიქა არყით პირთამდე აავსო, წარმატების ნაცვლად თავის თავს ჯანდაბა ურვა და გამოცალა! მცირე ხანს შეიცადა, მერე ხელმეორედ შეავსო ჭიქა, ახლაც მხოლოდ ჯანდაბა გაიმეტა თავისთავისთვის და ლუკმა რომ არ ჩაუდია პირში, მესამე ჭიქაც მიაყოლა... მეოთხე! მოკლედ, გვარიანად გამოთვრა და გახალისდა, თუმც იმედი ტელევიზიის დაპყრობისა აღარ გასჩენია, დინებას დაჰყვა.

***
წრუწუნიჩი ტელევიზიაში დროულად მივიდა. გადაცემა ”ნუ გძინავს შენ!” დაიწყო. წრუწუნიჩის ეგრეთ წოდებული ”საავტორო ჩანართი” გადაცემის ბოლოს იგეგმებოდა. ასე რომ, საკმაო დრო ჰქონდა შესამზადებლად. თეთრი მაისური გადააცვეს, წარწერით - ”ნე გძინავს შენ!”  ჩანთა გახსნა... ხელსაწყოები და მასალა მაგიდაზე დაალაგა... ერთი კი გაიფიქრა, ამ ჩანთასაც გამოსაჩენ ადგილას დავდებო, მაგრამ ეს აზრი იმავ წამს უარყო, ხელი უიმედოდ ჩაიქნია და ჩანთა მაგიდას ამოაფარა.
ნერვიულობის ხარჯზე სიმთვრალისა აღარაფერი ეტყობოდა. მაგრამ ალკოჰოლის სპეციფიურ სუნს, პირიდან რომ ამოსდიოდა, ვერაფერს მოუხერხებდა და გადაწყვიტა ნაკლები ელაპარაკა. რასაც პროდიუსერი, რეჟისორი თუ ვინმე სხვა, დაავალებდა, მორჩილად ასრულებდა, ერთი სული ჰქონდა, ის დღე (და შემდეგი დღეებიც, სანამ ეთერში გასვლა მოუწევდა) მალე დასრულებულიყო! როცა უკანასკნელი რჩევა-დარიგებების ჩამორიგების შემდეგ სრული საეთერო მზადყოფნა გამოცხადდა, წრუწუნიჩს გული შეუქანდა.
- მოემზადეთ... სიგნალზე ვიწყებთ!
სიგნალი!
წრუწუნიჩს მუხლები მოეკვეთა! ნინკა მაყურებელს მიესალმა, ამცნო, რომ ეს იყო საცდელი ჩანართი და შემდგომში, მაყურებლის სურვილისამებრ, გაგრძელდებოდა ან არ გაგრძელდებოდა, და შემდეგ, წრუწუნიჩი წარადგინა.
- ავეჯის ცნობილი რესტავრატორი ბატონი წრუწუნიჩი!
წრუწუნიჩმა რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოიღო, მერე კი რის ვაიჶვაგლახით ამოღერღა:
- მე მაყურებლის წინაშე სახელითა და გვარით წარდგომას ვაპირებდი...
წრუწუნიჩი როდის და რის გამო შეარქვეს, თვითონაც არ იცოდა. ახსოვდა მხოლოდ ის, რომ სახელი ბავშვობიდან გამოჰყვა და ისიც, რომ მამამისს წრუწუნად არ იხსენიებდნენ.
- შენ საუცხოო ფსევდონიმი გაქვს! - ნინკამ ამ სიტყვებს მსუბუქი ირონიაც მიაყოლა, ალბათ, უნდოდა, წრუწუნიჩი გამოეფხიზლებინა.
სხვათა შორის, ნინკას ფანდმა გაჭრა - მისმა ნათქვამმა წრუწუნიჩის თავმოყვარეობასაც შეუღიტინა და შეახსენა კიდეც ტელეეთერში თავის დაჭერის უპირობო პრინციპი: თუნდაც სისულელე ელაპარაკა, მთავარია, ეს უკომპლექსოდ ეკეთებინა!
- ჰო, ფსევდონიმის გარეშე ცხოვრება ძნელია!
- ცხოვრება ძნელია... მით უმეტეს, ავეჯის რესტავრატორისთვის!
წრუწუნიჩმა ნინკას წარბების ქვემოდან გახედა:
- შენ საიდანღა იცი ავეჯის რესტავრატორის ცხოვრება?
- შენი ასისტენტი ვარ!
- ჰოო... - ამდენი გულის ხეთქვისა და დავი-დარაბის შემდეგ წრუწუნიჩს, რგორც იქნა, გაეღიმა. მთლად ვერ გამხნევდა, მაგრამ ხუმრობის სურვილის მსგავსი რამ გაუჩნდა, - ფსევდონიმი მარტო ავეჯის რესტავრატორის მშვენება არ არის. აქ მითხრეს, ფსევდონიმი რახან გაქვს, ჟურნალისტობამდე ბევრი აღარაფერი გაკლიაო!
- ხოო? - თითქოს სიტყვა ყელში გაეჩხირაო, ახლა ნინკამ გახედა წრუწუნიჩს.
მოვლენათა ასეთი განვითარება ნიშანი იყო იმისა, რომ გადაცემა შედგა და ის აღარ ჩაიშლებოდა - ნუცამ შვებით ამოისუნთქა.
- წრუწუნიჩ, სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, ეგებ ტელემაყურებელს ზოგადი წარმოდგენა შევუქმნათ შენი ხელობისა და თავად ხელოსნის - ავეჯის რესტავრატორის შესახებ. როგორი უნდა იყოს ავეჯის რესტავრატორი?
- ავეჯის რესტავრატორი... - წრუწუნიჩი ისე ჩაფიქრდა, ტელემაყურებელი იფიქრებდა, ამ კაცმა მთელ თავის განვლილ შემოქმედებით ცხოვრებას ერთიანად გადახედაო, - ავეჯის რესტავრატორს უპირველესად გარეგნობა უნდა ჰქონდეს შთამბეჭდავი! გარეგნობაში ხელსაწყოები და მასალები იგულისხმება. აი, თუნდაც ჩანთა ავიღოთ, რომელშიც რესტავრატორი თავის ავლა-დიდებას ინახავს. ჩანთა არ უნდა იყოს გაქუცული! - და წრუწუნიჩმა თავისი ახალი ჩანთა დიდი პატივით მაგიდაზე ამოაბრძანა.
ჩანთის ხსენებაზე ნუცას ღიმილი მოერია.
- ჩანთა მართლაც კარგი გქონია! - ნინკამ ისე გულდასმით იწყო ჩანთის თვალიერება, თითქოს პირველად ხედავდა, _ ოი... აქ რაღაც დაგრჩენია ამოსაღები - F-1, F-2 და ორი პატარა ჭიქა! - ყველაფერი ეს მან ჩანთიდან მაგიდაზე გადმოალაგა.
არყით მოვაჭრე გულოს ”ნობათის” პირდაპირ ეთერში გამოჩენაზე წრუწუნიჩს გააჟრჟოლა.
- ეგ ”რასტვარიწელია”, ლაქებისა და საღებავების გასაზავებელი. ერთი რუსულია, მეორე - თურქული! ესეც... უბრალო ჭიქებია!
- უბრალო ჭიქები კი არა, არყის ჭიქებია! წრუწუნიჩ, გამოტყდი, არაყის სმა ხომ არ გიყვარს?
- არა, რას ამბობ! მითუმეტეს, მუშაობის დროს სმა ვის გაუგია! ჭიქებში ”რასტვარიწელს” ჩავასხამთ, რომ ფუნჯები გავრეცხოთ!
- ორი ჭიქა რად გვინდა?
- ორი ფუნჯი გვაქვს! - წრუწუნიჩმა ყუთიდან ორი სხვადასხვა ზომის ფუნჯი ისე სერიოზული გამომეტყველებით ამოიღო, ნინკას სიცილი წასკდა.
- აჰა... საინტერესოა... არყის ჭიქები, რომლებშიც ეგრეთ წოდებული ”რასტვარიწელი” ასხია! ერთი ეს მითხარი, ”რასტვარიწელის” ქართულ შესატყვის რატომ არ ხმარობ? თუ არ ვცდები, ქართულად გამხსნელი ჰქვია!
- ჰო, თეორიულად გამხსნელია, მაგრამ პრაქტიკაში საქმე სხვაგვარადაა! აი, მაგალითად, ავიღოთ ”შკურკა”, რომელიც თეორიულად ზუმფარაა! მაგრამ თუ რესტავრატორი მასზე იტყვის, ზუმფარაა და ამ ზუმფარით ვაზუმფარებო, იცოდეთ, რომ თვითმარქვია რესტავრატორია! ეს ადამიანი ფილოლოგი იქნება, ან მწერალი! ნამდვილი რესტავრატორი, საქმის პროფესიონალი, სულ სხვა პიროვნება. როგორც კი ავეჯს გადახედავს, იტყვის: ეს ავეჯი რუმინულია, ეს პოლონური... ეს კი ჩვენი, ადგილობრივი - ხარაგაულისააო!
წრუწუნიჩი ენად გაიკრიფა. ნინკა გაოცებული შეჰყურებდა მეწყვილეს. დაბნეულმა ნუცას გახედა, ხომ არაფერს მანიშნებსო. წრუწუნიჩის აჭიკჭიკება გულოს ”ნობათის” გადაცემაში ჩართვის გაუთვალიწინებელმა შემთხვევამ გამოიწვია. თავიდან თვითონაც დაიბნა, მაგრამ მერე იუმორით მიუდგა მომხდარს და არა მარტო იუმორით მიუდგა, ბუნებით ცოტაოდენ ცრუმორწმუნე რომ იყო, მომხდარი ზებუნებრივ მინიშნებად მიიღო. და რადგან ჩათვალა ფორტუნა ჩემ მხარეს გადმოიხარაო, გამხნევებულმა არყის პირდაპირ ეთერში დაგემოვნების ფაქტიც არ გამორიცხა! თანაც, ყელი ისე უშრებოდა, სიამოვბებით ერთ რომელიმე F-თაგანს სულმოუთქმელად პირდაპირ ბოთლის ტუჩიდან გამოწრუპავდა.
წრუწუნიჩი ჭიკჭიკს აგრძელებდა:
- ავეჯის რესტავრატორობა რთული პროფესიაა! დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროფესია ჯანმრთელობისთვის მავნებელია! მტვრის, ლაქისა და საღებავის სუნს ადამიანის სასუნთქი ორგანო თანდათან მწყობრიდან გამოჰყავს! აი, მე, მაგალითად, მიუხედავად იმისა ახალგაზრდა ვარ, ყნოსვის შეგრძნება აღარ გამაჩნია, დავკარგე! ბუნებრივია, კითხვა დაგებადებათ, თუ ყნოსვის უნარი არ გამაჩნია როგორ ვარჩევ, მაგალითად, თურქულსა და რუსულ ”რასტვარიწელს” ერთმანეთისაგან, მათ ხომ ფერი არა აქვთ? - წრუწუნიჩმა მრავლისმეტყველი მზერა ჯერ ტელემაყურებელს ესროლა, შემდეგ, დაბნეულ ნინკას დააცხრა; თან ჭიქებში, ერთში F-1-დან და მეორეში F-2-დან ”რასტვარიწელი” ჩამოასხა, - როგორ ვარჩევ რასტვარიწელის წარმომავლობას და... გემოთი! დიახ, გემოს ვუსინჯავ! საბედნიეროდ, ყნოსვისაგან განსხვავებით გემოს შეგრძნება არ დამიკარგავს! აი, ეს... - წრუწუნიჩმა ერთჶერთი ჭიქა აიღო და მოწრუპა, - ეს თურქული უნდა იყოს! თუმცა, რუსულსაც გავს! ახლავე ზუსტად დავადგენ! - და ჭიქა გამოცალა, - ხო, ნამდვილად თურქული ყოფილა!
თვალებ დაჭყეტილმა ნინკამ რამოდენიმე წამს ხმა ვერ ამოიღო. იფიქრა, წრუწუნიჩი სადაცაა დაიხრჩობაო! მაგრამ, რადგან წრუწუნიჩს არაფერი არ დაემართა, მეორე, სავსე ჭიქა ორი თითით ფრთხილად აიღო და ჯერ შორიდან, თითქოს რაღაცის ეშინიაო, შემდეგ კი, ახლოდან დაყნოსა. დაყნოსა თუ არა, ყველაფერს მიხვდა, სიცილი წასკდა!
- ეს რუსული ”რასტვარიწელია”! - თქვა მან და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- შენ როგორღა მიხვდი სადაურია?
- შენგან განსხვავებით, ყნოსვის უნარი არ დამიკარგავს!
ერთმანეთის თვალებში ჩამყურე ნინკასა და წრუწუნიჩს შორის ჩამოვარდნილი დუმილი რამოდენიმე წამს გაგრძელდა.
- პირდაპირ ეთერში ვართ... - წრუწუნიჩმა, თითქოს თავის თავს შეახსენაო, პირი კამერისაკენ იბრუნა; სინამდვილეში, ნინკასთან თვალი თვალში რომ ჰქონდა გაყრილი ვერ გაუძლო, სახე აარიდა, - ცარიელ ჭიქას შევავსებ... მართალია, ფუნჯები ჯერ არ დაგვისვრია, მაგრამ ჭიქა იყოს სავსე, ადრე თუ გვიან, ის მაინც შესავსები გახდება!
- წრუწუნიჩ, წეღან მთელი ჭიქა ”რასტვარიწელი” რომ გამოცალე, რაიმეს მიყოლების სურვილი არ გაგიჩნდა?
- ”რასტვარიწელს” რა უნდა მივაყოლო, ფუნჯი?
ნინკას ისევ გაეცინა და სანამ რაიმეს იტყოდა, წრუწუნიჩმა დაასწრო:
- ესე იგი!.. - რიხიანად წამოიწყო მან, - ”რასტვარიწელის” წარმომავლობა დავადგინეთ, თუ რომელ ჭიქაში რომელი ასხია... - და უცებ ეს რიხიანი ტონი დაბნეულმა შეცვალა, - მაგრამ... დავადგინეთ კი? ჭიქები ამერია ერთმანეთში!
- მე მახსოვს, ეს რუსულია, ეს კი - თურქული!
- დარწმუნებული ხარ? მე, სადმე იქ, ჩემს სახელოსნოში, რომ შემეშალოს არაუშავს, მაგრამ აქ, პირდაპირ ეთერში, მთელი ქვეყნის თვალწინ, იცოდე, შეცდომის უფლება არ გვაქვს!
- კარგი, წრუწუნიჩ, თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია, შეამოწმე ხელახლად!
თვალებგაბრწყინებულმა წრუწუნიჩმა ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, გულში მისი კუმირის, ამერიკელი ტელეჟურნალისტის - პიერ მარკერის სადღეგრძელო თქვა და გადაკრა.
- ეს რუსული ”რასტვარიწელი” ყოფილა! - დაასკვნა.
- შენ ამ ტემპით თუ ამოწმე ”რასტვარიწელების” წარმომავლობა, გადაცემის ბოლოს ფუნჯები გასარეცხი დაგვრჩება!
- ხო, მართალი ხარ! ყველაფერი გულმავიწყობის ბრალია, არ ვიცი რა მოვუხერხო ამას! ჩემის აზრით, გულმავიწყობაც ლაქებისა და საღებავების სუნის ბრალია!
- ოჰ, როგორი სამწუხარო ფაქტია... თავს უნდა გაუფრთხილდე, ჯერ ძალზედ ახალგაზრდა ხარ!
ვითარების ასეთი მიმართულებით განვითარებამ, სტუდიაში მრავალი ცნობისმოყვარე ადამიანი შემოკრიბა. ხმა გავარდა, ვიღაც ლოთი რესტავრატორი პირდაპირ ეთერში სვავსო! აღნიშნული სიუჟეტისთვის განსაზღვრული საეთერო დროის ამოწურვის შემდეგაც კი, წრუწუნიჩი და ნინკა კარგა ხანს ეთერიდან არ გამოურთიათ. წრუწუნიჩმა სხვა და სხვა მიზეზთა მეშვეობით ”რასტვარიწელით” სავსე კიდევ რამოდენიმე ჭიქა დააჭაშნიკა!
- წრუწუნიჩ, სტუდიაში ტელემაყურებელთა კითხვები შემოვიდა. მაგალითად, გვეკითხებიან, ძაღლმა სკამის ფეხი გადაღრნა, რა გვეშველებაო? სხვათა შორის, ჩვენც გვაქვს შენთვის მომზადებული ერთი შესაკეთებელი სკამი!
- ჰოო, ძაღლმა სკამის ფეხი გადაღრნა? მაშინ ძაღლი უნდა დააბან!
- სულ ესაა, რასაც ურჩევ?
- მაშინ, აუშვან... და მეორე ფეხსაც გადაღრღნის!
- ბებო გენაცვალოთო, ერთი მოხუცი ქალბატონი ასე მოგვმართავს, საჟურნალე მაგიდაზე ცხელი ქვაბი დავდგი და ის ადგილი თეთრ ლაქად დარჩაო!
- ბებო... - ამოილუღლუღა წრუწუნიჩმა და სიმთვრალისაგან დაელმებული თვალებით ტელეობიექტივს ისე მიაჩერდა, კაცი იფიქრებდა, კითხვის ავტორ ბებოს ხედავსო, - ბებო, გადააგდე მაგიდა! - მერე ნინკას მიუბრუნდა, - ნინკა, სკამის ფეხი, მაგიდა - წვრილმანია! ჩვენ უნდა მოვამზადოთ უმაღლესი დონის რესტავრატორები! წარმოიდგინე: მომსახურების ზონა - ქვეყნის მასშტაბით ავეჯის სუპერმაღაზიათა ქსელი! მუზეუმები! იქიდან მომავალი სატელეფონო ზარები - გცალიათ, პატივცემულო რესტავრატორო? - არა, მომავალ კვირას დამირეკეთ! დიახ, რესტავრაცია ხელოვნებაა, რესტავრატორი კი - ხელოვანი! ავეჯის რესტავრატორი მოწოდებით მხატვარი უნდა იყოს!
- შენ მხატვარი ხარ?
- რა თქმა უნდა! ოღონდ, ხატვა ეს ის საქმე არაა,  ტელევიზორიდან ვინმეს ვასწავლო!
ნინკამ წრუწუნიჩს ცერად გახედა, ის კი განაგრძობდა:
- ნიკო ფიროსმანის ირემი ხომ იცი? - ნინკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, - ჰოდა, ეგ ირემი ჩემი დახატულია!
ამ მოულოდნელი განცხადების შემდეგ, თითქოს წინასწარ შეთანხმებულანო, ორივემ ეგრეთ წოდებული ”რასტვარიწელის”, ბოთლებს F1-ს და F2-ს შეხედა, რომლებიც წრუწუნიჩს თითქმის გამოეწრუპა.
- გასაგებია... - ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა ნინკამ.
თავდაპირველად, თუ წრუწუნიჩს ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო გადაცემა, ახლა ასეთი სურვილი ნინკას შემოაწვა. ის ახალბედა ჟურნალისტი იყო, ტელევიზიაში ფეხს ნაბიჯ-ნაბიჯ იკიდებდა და წრუწუნიჩის გადამკიდე ახლა სასოწარკვეთილი ფიქრობდა, წრუწუნიჩთან ერთად ტელევიზიიდან მეც მიმაბრძანებენო! კიდევ ერთხელ გახედა ნუცას, იქნებ მიშველოსო და მართლაც, ნუცამ ხელების ერთიმეორეზე გადაჯვარედინებით ანიშნა, სიუჟეტი კოხტად მოამრგვალეო.
ნინკამ თავი ხელში აიყვანა, ტელემაყურებელს ნაზად გაუღიმა და გამოაცხადა, ჩვენი დრო ამოიწურაო და სიტყვა წრუწუნიჩს გადაულოცა.
- წრუწუნიჩ, გადაცემის მიწურულს რაიმეს ხომ არ ეტყოდი ტელე-მაყურებელს?
წრუწუნიჩმა ობიექტივს გახედა, ხელი მედიდურად ასწია და ჩაიბურტყუნა:
- ავეჯს გაუფრთხილდით!

***
თვალცრემლიანი ნინკა ესიტყვოდ გავარდა სტუდიიდან. იქაურობა სიცილ-ხარხარით ზანზარებდა. მხოლოდ ნუცა არ იცინოდა (თუმცა, არც დაბღვერილი ჩანდა...). შორიდან ანიშნა წრუწუნიჩს, ჩემთან, კაბინეტში შემოდიო. წრუწუნიჩს ყველაზე მეტად ნინკას განაწყენება ადარდებდა და მაპატიეთო, საცოდავად ლუღლუღებდა. თავისი ავლადიდების ჩანთაში ჩალაგება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა, გაახსენდა, ჩანთა მისი საკუთრება რომ არ იყო. ყველაფერს თავი ანება და ნუცასკენ გაემართა.
- დაჯექი! - უთხრა ნუცამ ზღურბლზე ატუზულ წრუწუნიჩს.
ნუცა დუმდა, არაფერს ამბობდა. წრუწუნიჩს თვალები დახრილი ჰქონდა. ახლა უფრო აშკარად შეიგრძნო თავისი დანაშაული. სათქმელი არაფერი ჰქონდა, არადა, ნუცას დუმილი აიძულებდა, რაიმე ეთქვა.
- ხელსაწყოები მაგიდაზე დავტოვე. პარკს ან ყუთს ვნახავ სადმე, ყველაფერს შიგ ჩავყრი და წავალ!
- მაშ, ახალ ჩანთას ტოვებ... ხელსაწყოები მიგაქვს და მიდიხარ! სად მიდიხარ?
- არ ვიცი... ალბათ, ჯანდაბაში! - მხრები აიჩეჩა წრუწუნიჩმა.
- კი, მაგრამ ხვალ პირდაპირ ეთერში ნინკასთან ერთად შენს მაგივრად შენი ახალი ჩანთა გავა?
წრუწუნიჩმა ყურებს არ დაუჯერა.
- ისევ პირდაპირ ეთერში, ნინკასთან ერთად?..
- ჰო, ნინკასთან ერთად! იმედია, პარტნიორის შეცვლის პრეტენზია არ გაქვს!
- შეცვლის? არა, პირიქით!
- ვიცი, რომ პირიქით! მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი ხარ, აზროვნების უნარი მაინც გაქვს, ამიტომ მოკლედ გეტყვი: შემოსული სატელეფონო ზარებისა და SMS-თა რაოდენობით გადაცემამ ყველა რეკორდი მოხსნა! ვნახოთ, ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს!
- მე რომ ცუდი რესტავრატორი ვარ... - გულწრფელად აღიარა წრუწუნიჩმა.
- ვიცი, ავეჯის რესტავრაციისა ბევრი არაფერი გაგეგება! ავეჯის ბაზრობაზე, სადაც ხშირად დადიხარ, ჩემი ნათესავი მუშაობს, ბომბორა გოგია, შენი ამბავი გამოვკითხე და... - ნუცამ ღიმილით თავი გადააქნია, - ახლა წადი და აბა, შენ იცი, კარგად გამოიძინე... დილით არ დააგვიანო! და კიდევ, პირდაპირ ეთერში ”რასტვარიწელის” დალევა გეკრძალება! ”რასტვარიწელი” საკვები პროდუქტი არ არის და მისი აღნიშნული სახით გამოყენების პროპაგანდის უფლება არ გაქვს! თავისუფალი ხარ!

***
იმ დღეს აღარ დაულევია, თუმცა, სიმთვრალე კარგა ხანს გაჰყვა. ოღონდ ეს არა იმდენად ალკოჰოლის, რამდენადაც უზომო სიხარულის ბრალი იყო. ცნობისმოყვარე თვალს რომ არიდებოდა, ეზოში ქურდივით შეიპარა. ეშინოდა, სხვისთვის გაზიარებით სიხარული არ გაეფერკმრთალებინა! თანაც, მისი საქმე ხომ გადაწყვეტილი არ იყო - ვნახოთ, ხვალინდელი დღე რას მოგვიტანსო, უთხრა გამომშვიდობებისას ნუცამ.
ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც წრუწუნიჩმა შეხვედრა ისურვა, ქალბატონი ჟენია იყო. მისი კარი დაუკაკუნებლად შეაღო და მერეღა იკითხა, შეიძლებაო.
ჟენია მაგიდასთან იჯდა, ხელისგულებში ნიკაპი ჩაერგო, თვალზე ჯერ ისევ შეუმშრალი სიხარულის ცრემლი უბრწყინავდა და ტელევიზორს მისჩერებოდა.
- უყურეთ ხომ, დეიდა ჟენია?
- ვარსკვლავი ხარ, წრუწუნიჩ! ეს ნინკაც რა კარგი გოგო ყოფილა, ისე უხდებოდით ერთმანეთს!
ჟენიასთან გულითადი საუბრის შემდეგ წრუწუნიჩმა განმარტოება გადაწყვიტა. ჯერ ერთი, გული ისედაც მიუწევდა მარტოობისაკენ - მომავალი დღე ჰქონდა დასაგეგმი, და მეორე, წუხანდელი ღამის უძინარი იყო და პირდაპირ ეთერში გამოწრუპული გულოს იაფფასიანი არაყი - F-1 და F-2 თავისას შვრებოდა.
- დაღამებამდე ჯერ ბევრი დარჩა, მაგრამ ახლა მე წავალ და გამოვიძინებ! თუ ვინმემ მიკითხა, უთხარით, სახლში არ არის-თქო!
ჟენია მიხვდა, წრუწუნიჩმა ”მომკითხველებში” უბნის ლოთები იგულისხმა.
- დაწექი და გამოიძინე! თუ გინდა, შენი ოთახის კარს გარედან ბოქლომს დავადებ! როცა გაიღვიძებ, კედელზე მაგრად მომიბრახუნე და მაშინვე გაგიღებ!
- კარგი აზრია, მაგრამ ბოქლომს სად ვიშოვით?
- მე ვიცი, სადაც ვიშოვი, მომყევი!
ჟენია წრუწუნიჩს წინ გაუძღვა - ეზოში გასასვლელი კარი გამოაღო და გამოცდილი მზვერავივით მიიხედჶმოიხედა. არავინ იყო.
- შეგიძლია გამოხვიდე!
ორივენი წრუწუნიჩის ოთახში შევიდნენ. ჟენიამ ხალათის ჯიბიდან გასაღებების ასხმა ამოიღო, ერთ-ერთი გამოარჩია, მაცივარზე დაბნეულ ბოქლომს მოარგო და გააღო.
- ესეც ბოქლომი!
- მერე, მაცივარი?
- მაცივარზე ბოქლომის ახსნას ისედაც ვაპირებდი! სულ უნდა გამოვრთო, როგორ ადრიგინებულა ეს ოხერი!
- დეიდა ჟენია, არ გამორთო, პროდუქტი გაგიფუჭდებათ.
- შენ არხეინად იყავი.
ჟენიამ მაცივარი გამორთო, წრუწუნიჩს მშვიდი ძილი უსურვა და ოთახიდან ფრთხილად გავიდა. წრუწუნიჩმა ბოქლომის ჩხაკუნზე იგრძნო, როგორ გამოეთიშა მისი ოთახის ციცქნა სივრცე სამყაროს. ქურთუკი და ფეხსაცმელი გაიხადა და საწოლზე წამოწვა - ფიქრი სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. გვერდი იცვალა, მერე ისევ... ბოლოს, სახით ბალიშს დაემხო. ასე დაჰყო რამოდენიმე ხანს, სუნთქვაც კი შეიკრა - სიჩუმეს დაუგდო ყური. სიჩუმემ იცოდა ის, რაც წრუწუნიჩს აინტერესებდა და სჭირდებოდა! სიჩუმე კი დუმდა... ეს სიჩუმე თანდათან უჩვეულო, შორეულ, ყრუ გუგუნში გადაიზარდა, ოღონდ, მიუხედავად ხმოვანების შეძენისა, როგორღაც ისევ სიჩუმედ დარჩა, მხოლოდ სახე იცვალა და ბევრად უფრო შეუმჩნეველი გახდა, გაფერმკრთალდა, - წრუწუნიჩი ძილბურანში იმყოფებოდა, მალე უშფოთველი ძილით ეძინა.
ჟენია კი მიმსვლელ-მომსვლელს ვერ აუდიოდა. ყველაზე მეტად უბნის ლოთებმა შეაწუხეს, - წრუწუნიჩი დიდი კაცი გამხდარა და ამის აღსანიშნავად პურ-მარილს გამოვტყუებთო! იყვნენ ისეთებიც, ვისაც წრუწუნიჩისგან არა რაიმეს მიღება, პირიქით, მიცემა სურდათ - საბრალო ბიჭი გაჭირვებას ქიმიური ხსნარების სმამდე მიუყვანიაო და, ეგებ, ისევ ალკოჰოლს მივაჩვიოთო(!), ზოგმა არაყი მიუტანა, ზოგმა კონიაკი! რადგან წრუწუნიჩის კარს ბოქლომი ედო, მის ამბავს ჟენიას ეკითხებოდნენ. ჟენია მხრებს იჩეჩდა, წუხანდელის შემდეგ, აღარ მინახავსო!
როცა წრუწუნიჩმა გამოიღვიძა, უკვე დაბინდებულიყო. საწოლზე წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა, შიმშილისა და წყურვილის გარდა ძლიერი თავის ტკივილი იგრძნო. ”ჯანდაბა ამ გულოს არაყს, აღარასოდეს დავლევ!” - ჩაიბურტყუნა და წამოდგა. წყლით სავსე ბოთლი გამოცალა. ეზოში გასასვლელ კარს რომ დაეჯაჯგურა, მაშინ გაახსენდა გარედან ბოქლომით იყო დაკეტილი. ჟენიას კედელზე მთელი ძალღონით დაუბრახუნა.
- ახლავე, წრუწუნიჩ, ახლავე! - კედლის იქიდან ყრუდ შემოესმა დიასახლისის ხმა.
რამოდენიმე წამში გასაღების ჩხაკუნი გაისმა და ზღურბლზე ჟენია გამოჩნდა.
- ბოჭო, სახეზე როგორ დასიებულხარ... წადი, ხელ-პირი დაიბანე და ჩემთან შემოდი, - უთხრა ჟენიამ მდგმურს.
დიასახლისის ოთახში შესულს, სუფრა გაშლილი დაუხვდა.
- რას ზეიმობთ, დეიდა ჟენია?
- მომშივდა, შენც მშიერი ხარ... დაჯექი, ვჭამოთ!
- სანამ რაიმეს შევჭამ, იქნებ თავის ტკივილის წამალი დამალევინოთ! ანალგინი ან...
- მოიცა, თავის ტკივილის რა მაქვს? - დაფიქრდა ჟენია და კარადისაკენ მიბრუნდა, მაგრამ სანამ კარს გამოაღებდა, რაღაც გაახსენდა, - პახმელიაზე ხარ ხომ?
წრუწუნიჩმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
- აი, შენი წამალი - თაფლის არაყი! - უთხრა წრუწუნიჩს და სასმლით გალიცლიცებულ გრაფინზე ანიშნა, - ჩემმა დამ სოფლიდან გამომიგზავნა, - შენთვის ანალგინიც ესაა და ციტრამონიც!
წრუწუნიჩს ჟენიას ხუმრობაზე გაეცინა. მაგიდას მიუსხდნენ.
- თუ ვინცობაა, ჩემი არაყი არ მოგეწონა, აი იმ ბოთლებს ხომ ხედავ, - წრუწუნიჩს ოთახის კუთხეში მდგომ, სასმელით სავსე რამოდენიმე ბოთლზე ანიშნა, - ეს მეზობლებმა მოგართვეს - პირდაპირ ეთერში ჩვენი სადღეგრძელოს თქმა არ დაავიწყდესო!
- მართლა მეუბნებით თუ ხუმრობთ?
- რა დროს ხუმრობაა! თუ გინდა ნუ წაიღებ, დატოვე, ყველას თავთავის ძღვენს უკან მივუბრუნებ!
- არა, იყოს, გამომადგება... მადლობელი ვარ!
რამოდენიმე სირჩა არაყის გადაკვრის შემდეგ წრუწუნიჩს თავის ტკივილმა გაუარა. ურიგო ხასიათზე არც მანამდე იყო და ახლა სულ ენად გაიკრიფა. ჟენიას ხუმრობა, არაყზე რომ სთქვა, ”ანალგინიც ეს არის და ციტრამონიცო”, თავში უტრიალებდა, არა და არ ავიწყდებოდა.
- ჟენია დეიდა, მაკრატელი უნდა მათხოვოთ, ეგებ, რამოდენიმე თაბახის ფურცელიც გქონდეთ.
- ერთიც მაქვს და მეორეც, მაგრამ რად გინდა?
- ეს სიურპრიზია - საიდუმლოს ფარდას დილას, პირდაპირ ეთერში ავხდი!
- მანამდეც თუ ახდი, არაფერი დაშავდება, ხომ იცი, სამარე ვარ, - სცადა ჟენიამ საიდუმლოს დაცინცვლა, მაგრამ ამაოდ.
გემრიელად ივახშმეს. წრუწუნიჩმა ჟენიას მადლობა გადაუხადა, მოკრიბა მეზობლების მიერ მირთმეული ძღვენი, არც მაკრატელი და ქაღალდი დაავიწყდა და თავის ოთახს მიაშურა. ოთახში შესულმა ბოთლები მაგიდაზე დაალაგა, ფურცლებიც მაგიდაზე გაშალა, მაკრატელი მოიმარჯვა და საქმეს შეუდგა. ფურცლებს ოთკუთხედად ჭრიდა და ზედ დიდი ასოებით რაღაცას აწერდა. მერე ბოთლებს ისე მიაკრა, რომ იარლიყი არ დაეფარა. საქმეს რომ მორჩა, ბოთლები მუყაოს ყუთში ჩაალაგა, თავი მოუკრა და დილისთვის, ტელევიზიაში წასაღებად მოამზადა.

***
წრუწუნიჩს ნინკასთან შეხვედრა აღელვებდა. თავს დამნაშავედ თვლიდა და მოსაბოდიშებლად ვრცელი სიტყვა მოემზადებინა, თუმც ამის საშუალება არ მიეცა, ნინკა სტუდიაში მათი სიუჟეტის ეთერში გასვლისას მივიდა. შესაძლოა, ეს კარგიც იყო, წრუწუნიჩი ისე აღგზნებული იყო, ვინ იცის, რა სისულელეს ეტყოდა!
ნინკას უხასიათობისა არაფერი ემჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ გაბუტული ჩანდა, ეტყობოდა, წყენა მალე გადაუვლიდა. როცა თავდახრილმა წრუწუნიჩმა წარბებქვემოდან, მონანიე ადამიანის მზერით გახედა, თავი ვერ შეიკავა, გაეღიმა. ეს ღიმილი, შერიგების ნიშანი იყო.
ეთერში გასვლის დროც დადგა... გადაცემა დაიწყო.
- წრუწუნიჩ, აი, დაპირებული სკამი, რომლის რესტავრირება დღეს არ აგცდება!
- აი, ეს სკამი?
- დიახ, აი, ეს სკამი!
- მე კი მეგონა, აქ იმისთვის დადგეს, რომ მე დავმჯდარიყავი და ვაპირებდი, შენთვის დამეთმო!
- დაჯდომა და დასვენება შრომით უნდა დაიმსახურო!
- ჰო, შრომა... მეც სულ ამას ჩავჩიჩინებ თავს... ოღონდ დღეს, ცოტა არ იყოს, შეუძლოდ ვარ, თავის ტკივილი მტანჯავს!
- თავი გტკივა? ”რასტვარიწელის” ბრალი იქნება!
- ალბათ... სხვათა შორის, ”რასტვარიწელის” დალევა ამიკრძალეს და სიმართლე გითხრა, მისი ხელახლად დაჭაშნიკების სურვილი არც მაქვს. ერთადერთი, რის დალევასაც ვფიქრობ, წამალია - თავის ტკივილის წამალი!
თუ აქამდე წრუწუნიჩი ტელეკამერის მიმართულებით ლაპარაკობდა, ახლა პირადად ნინკას მიმართა:
- ნინკა, როცა ადამიანს თავი სტკივა, რომელი წამალი უნდა დალიოს?
ნინკა მიხვდა, წრუწუნიჩი მორიგ ოინს რომ ამზადებდა.
- ალბათ, ანალგინი!
- ანალგინი? ჰო, ეგ მაქვს!
და წრუწუნიჩმა მუყაოს ყუთიდან სამვარსკვლავიანი კონიაკის ბოთლი ამოიღო, რომელსაც რეცეპტის მსგავსი ქაღალდის მოგრძო ნაჭერი ჰქონდა მიწებებული. ზედ მოზრდილი ასოებით გარკვევით ეწერა: ”ანალგინი - ჯანდაცვის სამინისტრო!”
- ხომ ხედავ წარწერას? ა-ნალ-გი-ნი! ეს მედიკამენტი თხევადი სახით პირველად ვნახე, მაგრამ საფუძველი არ მაქვს მასში ეჭვი შევიტანო, რადგან ზედ გარკვევით აწერია: ”ჯანდაცვის სამინისტრო”. შეუძლებელია, ჯან დაცვის სამინისტროს რაიმე შეშლოდა!
წრუწუნიჩმა ”ანალგინი” დაისხა და დალია.
ნინკამ მალულად ნუცას გახედა, იქნებ მის რეაქციას მაინც მიეხვედრებინა, როგორ მოქცეულიყო. ის კი წრუწუნიჩის საქციელს სრულიადაც არ აღუშფოთებია, პირიქით, სიცილი ვერ შეიკავა. ნინკამ სკამს ხელი წაავლო და მაგიდაზე ისე დადგა, მაყურებელსაც და წრუწუნიჩსაც შესაკეთებელი ადგილის დანახვა რომ შესძლებოდათ - სკამს საზურგე ჰქონდა ჩაჩეჩქვილი.
- ოოო, ეს მართლა დაზიანებული ყოფილა! თვდაპირვრლად, ეს ადგილი უნდა ”დავშპაკლოთ”!
- წრუწუნიჩ, გადაცემაში საკმაოდ მოგვიმრავლდა უცხოური სიტყვები, თუ მათ ქართულ შესატყვისებს არ ვიხმართ, იქნებ ეს სიტყვები, ბრჭყალებში მაინც მოგვექცია!
- გადასარევი აზრია! მაშ, გადავუსვათ სკამის დაზიანებულ ადგილს ”შპაკლი-ბრჭყალებში”!
წრუწუნიჩმა რკინის კოლოფი გახსნა, იქიდან ინსტრუმენტით ამოიღო ჩასქელებული ყვითელი მასა, დაუმატა მცირეოდენი წითელი პასტა, გადაზილა და შესაკეთებელ ადგილს გადაუსვა.
- ამას დრო უნდა, ”შპაკლი-ბრჭყალებში” კარგად უნდა გაშრეს! მანამდე კი ჩემს თავის ტკივილს მივხედოთ! ერთი ჭიქა `ანალგინი“ ნახევარი ტაბლეტის ტოლია _ აქედან გამომდინარე, ”ანალგინი” წყვილად უნდა მივიღო!
წრუწუნიჩმა ”შეცდომა” გამოასწორა, - დაისხა კიდევ ერთი ჭიქა ”ანალგინი” და დალია. ნინკამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ წრუწუნიჩმა დაასწრო:
- ვიცი, რაც უნდა მკითხო: ამდენ წამალს რომ ვსვავ, წყალს რატომ არ ვაყოლებ! ჩვეულებრივი წყლისა რა მოგახსენო, აი, გამოხდილი წყალი კი, მთელი ბოთლი მაქვს!
წრუწუნიჩმა ყუთიდან ამოიღო მორიგი ბოთლი (ქარხნული იარლიყით - ”ხორბლის არაყი”) და მასზე მიკრულ ”რეცეპტზე” ეწერა: გამოხდილი წყალი ” აფთიაქი #57. შეავსო ჭიქა ”გამოხდილი წყლით” და... დალია!
- ოხ, რა მწარეა, ეს გამოხდილი წყალი!
- როგორ ატყობ, თავი დაგიამდა?
- შენ წარმოიდგინე, არა!
- ესე იგი, კიდევ უნდა დალიო?
- მეტს აღარ დავლევ, შედეგს დაველოდები... იმედია, ”ანალგინი” ფალსიფიცირებული არ არის! ახლა კი, დროა, სკამის ”დაბრჭყალშპაკლულ” სკამს მივხედოთ! ოჰო, უკვე გამშრალა!
წრუწუნიჩმა ფითხწასმული მონაკვეთის ზუმფარით ფაქიზი დამუშავება იწყო.
- ნინკა, აბა, SMS-ებს გადახედე, ტელემაყურებელთა შეკითხვები ხომ არ შემოსულა? საინტერესოა რას წერენ ჩვენზე!
- SMS-ი უამრავია, სანამ გავეცნობით, მანამდე ჩვენს მაყურებელთან საუბარი გელიუს, როგორც ქალბატონი ამბობს, შენ მასთან ავეჯის სარესტავრაციოდ ყოფილხარ!
- მეე... - წრუწუნიჩი დაიბნა, მონიტორს მიაჩერდა, - ქალბატონი მაყვალა... - კბილებში გამოცრა, მაგრამ სასწრაფოდ გონს მოვიდა, - არა, არ ვიცნობ! უფრო სწორად, არ მახსენდება!
საქმე ის არის, რომ წრუწუნიჩი იმ ქალბატონთან ოჯახში მართლაც იყო ნამყოფი და ეს მშვენივრად ახსოვდა; უარყოფის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ქალბატონი მაყვალა იმ იშვიათ დამკვეთთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ვინც წრუწუნიჩი ოჯახიდან ცოცხმოღერებულმა გამოაცილა!
- არ იცნობ? - ნინკა, ცოტა არ იყოს, დაიბნა.
ამასობაში, დიალოგში ქალბატონი მაყვალა ჩაერთო:
- წრუწუნიჩ, როგორ არ გახსოვარ - მე, მაყვალა დეიდა! დიღომში ვცხოვრობ... საუცხოოდ შემიკეთე ავეჯი! შენი დიდი მადლიერი ვარ!
წრუწუნიჩმა გაოცებისაგან პირი დააღო, რადგან ქებას არ ელოდა.
- საუცხოოდ შეგიკეთეთ ავეჯი? - წრუწუნიჩი გაიბღინძა, - გესმის, ნინკა... ქალბატონო მაყვალა, ახლა გიცანით!
- შვილო, წრუწუნიჩ, სად დაიკარგე! რამდენი რამ დამიგროვდა შესაკეთებელი!
- ქალბატონო მაყვალა, გამიხარდა თქვენი ნახვა! ცოტა მოგვიანებით, აუცილებლად შემოგირბენთ... უბრალოდ, ეს დღეები რაღაც სულ თავი მტკივა!
- შვილო, თუ თავი გტკივა, ციტრამონი დალიე!
- ციტრამონი? ციტრამონი მომეძებნება!
მორიგი ბოთლი, რომელიც წრუწუნიჩმა ყუთიდან ამოიღო, არაყი ”სარაჯიშვილი” იყო, ხოლო მასზე მიკრულ რეცეპტზე, სიტყვა ”ციტრამონი” იკითხებოდა. ბოთლს თავსახური მოხსნა, დაისხა და დალია.
ქალბატონი მაყვალა მონიტორიდან გაქრა.
- ხედავ, ნინკა, ანალგინი ფალსიფიცირებული შემოუჩეჩებიათ!
- ციტრამონიც ფალსიფიცირებული რომ აღმოჩნდეს?!
- ასეთი შემთხვევისათვის, უებარი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი - დოლოფენი მაქვს შემონახული!
- დოლოფენი თუ გქონდა, ციტრამონით და ანალგინით რას იჭყიპებოდი?!
- დოლოფენი ძვირად ღირებული პრეპარატია... ვუფრთხილდები!
- ვთქვათ, დოლოფენმაც არ გიშველა, თადარიგში კიდევ გაქვს სხვა პრეპარატი?
წრუწუნიჩმა ყუთში ჩაიხედა.
- არ მაქვს, ყუთი დაცარიელდა!
- აბა, დაღუპულხარ და ეგ არის!
- რატომ დავღუპულვარ _ თადარიგში გამოხდილი წყალი მაქვს!
- გამოხდილი წყალი რაღა შუაშია?!
- პრეპარატებს გახსნაში დაეხმარება! აუჰ!
- რა მოხდა?
- ”შპაკლი-ბრჭყალებში” უხარისხო გამოდგა, ჩამოვარდა! არა უშავს, სწრაფად შრობადი წებოთი თავის ადგილას მივაწებებთ! - წრუწუნიჩმა წებოს პაწაწინა ბოთლს თავი მოხსნა, გადაუსვა მოწყვეტილ მასას და თავის ადგილზე მიაწება, - ”გასაშკურკი” კიდევ ცოტა დარჩა, მაგრამ ახლა მას `შკურკა“ რომ მივაკაროთ, ხელახლად მოწყდება! როცა ზედ ფერს გადავუსვამთ, არაფერი შეეტყობა! როგორც რესტავრატორები ვამბობთ, წმენდაში დაჯდება!
წრუწუნიჩმა საღებავების შეზავება დაიწყო.
- ოსტატო, მინდა, გკითხო: ეს ამდენი საღებავი, სითხე, ფხვნილი, ჩანთიდან რომ ამოალაგე - რესტავრირების დროს ყველაფერი გესაჭიროება?
- არა, მაგრამ აუცილებელია, ჩანთა უამრავი რამით იყოს გამოტენილი, ეს რესტავრატორს დამკვეთის თვალში, დამაჯერებლობას მატებს!
- რას მატებს?
- როგორ გითხრა? კლიენტს აბნევს!
- აბნევს?
- ჰო... ასეთი რამ საჭიროა, ისევ და ისევ დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე! ბევრჯერ მქონია შემთხვევა: დაზიანებული ავეჯი კარგად აღვადგინე, მაგრამ - რად გინდა... დამკვეთის გული ვერაფრით მოვიგე! სხვა დროს პირიქით ყოფილა: რესტავრირება არ გამოდის, მაგრამ დამკვეთი, რესტავრატორის პიროვნული ღირსებით მოხიბლული, მაინც კმაყოფილია და ფულს იხდის!
- მაინც იხდის?
- იხდის! თუმცა, ფული არ არის მნიშვნელოვანი! მთავარია, დამკვეთის კმაყოფილება! აი, ეს არის ჯილდო რესტავრატორისათვის! ასე, რომ, ავეჯის დამწყებო რესტავრატორებო, ნუ დაიზარებთ ჩანთით ზედმეტი ბარგის თრევას! აიღეთ ბოთლი, ჩაასხით მასში რაიმე სითხე და დიდი ასოებით მიაწერეთ, მაგალითად - “კმც”!
- “კმც”?
- “მცკ” იყოს, რა მნიშვნელობა აქვს!
ლაპარაკ-ლაპარაკში წრუწუნიჩმა კიდევ რამოდენიმე ჭიქა “თავის ტკივილის წამალი” გამოცალა და სკამის დაზიანებული მონაკვეთის შეფერადება დაასრულა.
- მზად არის სკამი!
- აი, ის ადგილი რომ უსწორმასწოროა და თანაც, ფერი შესაბამისი არაა?
- ეგ არაა პრობლემა! როგორც წეღან გითხარი, მერე და მერე, ყველაფერი წმენდაში დაჯდება!
ნინკას ღიმილი მოერია, წრუწუნიჩი კი მოიღუშა, თითქოს ეწყინა, ნახელავი რომ დაუწუნეს.
- ნინკა, მოდი საზოგადოებას რაიმე სხვა ხელობა ვასწავლოთ! მე ხომ ყველაფერი ვიცი: კედლების ამოყვანა, ლესვა, სამღებრო სამუშაოები...
- ჭრა, კერვა, თმის შეკრეჭვაც ხომ?!
- კი... რა პრობლემაა?!
- ამჯერად ჩვენი დრო ამოიწურა! შემდეგ გადაცემაში ვასწავლოთ!
- ეჰ, ნინკა... შემდეგი გადაცემა, ალბათ, აღარ იქნება! რომ იცოდე, როგორ არ მინდა აქედან წასვლა...
წრუწუნიჩმა სევდიანი თვალები ნინკას მიაპყრო.
- წრუწუნიჩ, ამჟამად კედლის ასაშენებლად არც მასალა გვაქვს და არც დრო! მაგრამ, რადგან აქედან წასვლა არ გინდა და თან სურვილი გაქვს, საზოგადოებას შენი “ცოდნა” გაუზიარო, დარჩენილი ორიოდ წუთი შენს განკარგულებაშია!
- ორიოდ წუთი კიდევ მაქვს? - წრუწუნიჩი ჩაფიქრდა და ერთ წამში სახე ისე გაუბრწყინდა, აშკარა იყო, რაღაც ძალზე საინტერესო რამ მოიფიქრა, - მაშინ, გასწავლით თუ როგორ გავათეთროთ ფული!
- ფული გავათეთროთ?!
- ჰო... ნუ გეშინია! ხურდის გათეთრება იოლი საქმეა! გეცოდინება ტაფებისა და ქვაბების სახეხი ფხვნილი “რაქშა”. დააყრი “რაქშას” ხურდას და ხეხავ... თოვლივით გათეთრდება! აი, ქაღალდის ფულის გათეთრებაა ძნელი! ამისთვის ერთი ჩვეულებრივი ქათქათა ქაღალდი და ათლარიანი მჭირდება! ისე, ხუთლარიანიც გამომადგება, მაგრამ წვალებად არ ღირს!
- აი, ქაღალდი, ათლარიანის კი რა მოგახსენო, თუმცა მოიცა.
ნინკამ ჯიბე მოიჩხრიკა.
- აი, ვიპოვე! ოღონდ ხუთლარიანია!
- კარგი, იყოს, სულ არაფერს ჯობია!
წრუწუნიჩმა ფული მაგიდაზე დადო. ფურცელი მიკეცჶმოკეცა, ერთი ნაწილი ჩამოახია, შემდეგ გაშალა და ყველას დასანახად შიგ ხუთლარიანი ჩადო. მერე დაკეცა და სრესვას მოჰყვა.
- ახლა ისე გათეთრდება შენი ფული, ვეღარც კი იცნობ! ერთი... ორი... სამი... თითქმის მზად არის! ნინკა, იქით გაიხედე! თვალი, ხომ იცი, ძაღლზე უარესია - გათეთრების გადამწყვეტ პროცესს თუ ეცა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება!
გამხიარულებულმა ნინკამ წრუწუნიჩს ზურგი აქცია. წრუწუნიჩმა გაიხედჶგამოიხედა, თითქოს ამოწმებდა, ხომ არავინ მითვალთვალებსო, შემდეგ სწრაფად გახსნა გადაკეცილი ქაღალდი, ამოიღო ხუთლარიანი და ტელემაყურებლის თვალწინ მშვიდად ჩაიდო ჯიბეში, ფურცელი ისევ დაკეცა და თითქოს არც არაფერი მომხდარაო, სრესა გააგრძელა.
- აჰა, დატკბი შენი ქათქათა ხუთლარიანით!
და მან ფურცლიდან წინასწარ ჩამოხეული ნაწილი სახეგაბრწყინებულმა გამოაძვრინა.
- ეს არის ჩემი ფული?!
- ეს არის! ვერ წარმოიდგენდი ხომ ასე თუ გაქათქათდებოდა?
- ახლავე დამიბრუნე ჩემი ფული!
- აჰა, აიღე...
ნინკამ უფრო კატეგორიული ტონით დააპირა ფულის გამოთხოვა, მაგრამ ვეღარ შეძლო, რადგან სიცილი მოერია და ესღა ამოღერღა:
- მე უარს ვაცხადებ მის მიღებაზე, დამიბრუენე ისეთი, როგორიც თავდაპირველად იყო!
- ისეთი საიდან დაგიხატო?!
- დახატე! შენ ხომ მხატვარი ხარ!
- კი, ბატონო, დავხატავ... რა პრობლემაა! დახატვაც არ უნდა, სხვას მოგცემ, ხუთლარიანების მეტი რა მაქვს! მაგრამ მანამდე ერთი თხოვნა მაქვს: შენც კარგად ხედავ, მე, როგორც რესტავრატორმა, ამოვწურე თავი - დაზიანებული სკამი კი აღვადგინე, მაგრამ რად გინდა, ვინ არ არის ჩემი დამფასებელი... მოკლედ, მე აქ აღარ დამედგომება და წასვლის წინ ავტოგრაფი მომეცი!
ნინკას გაეცინა.
- რატომ იცინი? ეს ავტოგრაფი სამახსოვროდ არა მარტო შენგან, სრულიად ტელევიზიისაგან გამყვება! აი, ამ გაქათქათებულ ხუთლარიანზე წამიწერე შენი სახელი და გვარი! - და ის ფურცლის ნაგლეჯი გაუწოდა, ხუთლარიანად რომელსაც ასაღებდა.
- კარგი, რადგან ასე მნიშვნელოვანი ყოფილა შენთვის ეს ავტოგრაფი...
- ოღონდ თვალები დახუჭე!
- რაა?
- თვალები დახუჭე... სიურპრიზი მაქვს!
ნინკამ კალამი მოიმარჯვა და თვალები დახუჭა.
- მზად ვარ! სად არის გაქათქათებული ხუთლარიანი?
- ა ბატონო!
წრუწუნიჩმა ნინკას, ფურცლის ნაგლეჯის ნაცვლად, მისივე ხუთლარიანი შეუცურა და ნინკამ ხუთლარიანზე ხელი მოაწერა. როცა თვალები გაახილა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე; ხუთლარიანის დატაცება სცადა, მაგრამ წრუწუნიჩმა დაასწრო:
- ეს ავტოგრაფი ჩემი საკუთრებაა!
- წრუწუნიჩ, ვერ გადამირჩები!
წრუწუნიჩმა თავი მოისაწყლა და ნინკას ჩურჩულით უთხრა:
- რა დროს ჩხუბია, ჩვენი საქმე ვერ არის კარგად! ფული ხომ გავათეთრეთ, ჰოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, ალბათ, უკვე ჩვენს დასაპატიმრებლად მოდის! მე უნდა მოვცოცხო! თუ განდა, გამომყევი, თუ არა და, შენი საქმისა შენ იცი!
- ოხ, წრუწუნიჩ... ეს რა ხათაბალაში გამხვიე!

***
სტუდიაში იმაზე მეტი ცნობისმოყვარე შემოკრებულიყო, ვიდრე წინა დღეს. წრუწუნიჩი და ნინკა სტუდიიდან ტაშითა და ხარხარით გააცილეს. ნუცა მათ ფეხდაფეხ მიჰყვა.
- წრუწუნიჩ, ჩემს კაბინეტში შედი, პოლიციისგან მე დაგიცავ!
წრუწუნიჩს გაეცინა, პირი კაბინეტისაკენ იბრუნა, ოღონდ ფეხი აითრია - ნინკა მისატოვებლად არ ემეტებოდა...
- ნუ გეშინია, ნინკას არ დააპატიმრებენ! - მიუხვდა ნუცა.
კაბინეტში მისვლამდე ნუცას წრუწუნიჩისათვის სხვა არაფერი უთქვამს. წრუწუნიჩი გრძნობდა, რომ მისი საქმე, მიუხედავად დაზიანებული სკამის უხეიროდ აღდგენისა, ცუდად არ იყო. თუმცა, თუ რა მოხებოდა ამის შემდეგ, გამოცნობა არ შეეძლო, - იქნებ, დაეტოვათ ტელევიზიაში და იქნებ, არა! კაბინეტში ნუცამ იგი სკამზე თავის პირისპირ დასვა, უსიტყვოდ თვალი თვალში გაუყარა და ასე დაჰყო რაღაც ხანს. წრუწუნიჩმა ვერ გაუძლო მის მზერას, თვალები დახარა.
- და... - ბოლოს მრავლისმეტყველად თქვა ნუცამ, - შენი აზრით, დღევანდელი გადაცემა რა გამოვიდა?
წრუწუნიჩმა მხრები აიჩეჩა.
- სიუჟეტის ღირებულება მაყურებლის გამოხმაურებით შეიცნობა! მოკლედ, ასეა საქმე: ჩვენ მიტინგებისა და მანიფესტაციების ეპოქაში ვცხოვრობთ, მე რომ შენ ახლა დაგითხოვო, ტელემაყურებელი, დაგვარბევს!
- ესე იგი, მტოვებთ... - წრუწუნიჩი სიხარულისაგან ფეხზე წამოიჭრა.
- დაჯექი, დაჯექი! - ნუცამ ძალზედ სერიოზული გამომეტყველება მიიღო (წრუწუნიჩს ცივმა ოფლმა დაასხა), - გაშიფრული ხარ... პოლიცია გეძებს! შენც და მეც, სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ “რესტავრატორი წრუწუნიჩი”! სულ მალე, ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი გახდები!
წრუწუნიჩს სიტყვა ყელში გაეჩხირა, ფერი დაკარგა.
- ახლა ერთი რამ გულწრფელად უნდა მითხრა: როგორ გაბედე პირდაპირ ეთერში გამოთრობა? დღეს კიდევ არა გიშავს, გუშინ ფეხზე ძლივს იდექი!
- თვითონაც არ ვიცი, ეს როგორ მოხდა! არაყი თავისთავად ჩაერთო გადაცემაში, ცუდად ვიყავი, გადაცემა ჩაშლის პირას იყო და უცბად თვალწინ წარმომიდგა პიერ მარკერი... თითქოს, ჩემს პირისპირ იდგა...
- ვინ მარკერი?
- პიერ მარკერი... თქვენ არ მიამბეთ ამერიკელ ჟურნალისტზე, ტელეწამყვანზე, ხშირად გადაცემა ნასვამს მიჰყავდაო!
ნუცას ახლაღა გაახსენდა თავისი ტყუილი და სიცილი წასკდა.
- წრუწუნიჩ, პიერ მარკერი არ არსებობს, ის შენს გასამხნევებლად გამოვიგონე!
წრუწუნიჩმა გაოცებისაგან პირი დააღო, მაგრამ ყველაფერი რომ გააცნობიერა, მასაც გადაედო ნუცას სიცილი. როცა ორივენი დამშვიდდნენ, ნუცა მისი დაწინაურების საკითხს დაუბრუნდა.
- საქმეზე გადავიდეთ. შენი თანაწამყვანი, სხვა, ნინკაზე მეტად გამოცდილი ჟურნალისტი იქნება!
- ნინკა? - გაფითრდა წრუწუნიჩი, შიშმა შეიპყრო და შიშთან ერთად კიდევ რაღაც სხვამაც, იგრძნო რომ გონების მოკრებით ვერ ახსნიდა იმას, რაც გულში ედო და გადაწყვიტა საქმე არა გონებისთვის, არამედ თავის გულისთვის მიენდო, - ცხოვრებაში ყველაფრის კეთება მიჭირს, მაგრამ ხანდახან ისე ხდება, რაც მიჭირს, უეცრად სრულიად თავისუფლად გამომდის! თავდაპირველად, ნინკამაც შემბორკა, მაგრამ მერე... - წრუწუნიჩს სიტყვა გაუწყდა, - მერე... - ვერც მეორე ცდაზეც მოაბა აზრს თავი; ბოლოს, როგორც იქნა ამოღერღა, - ნინკა აღმოჩნდა ის, ვისთან ერთადაც ყველაფერი თავისუფლად გამომდის!
- ესე იგი, ნინკასთან ერთად?!
- თუ შეიძლება...
- აჰა... ეს იმაზე მეტია, მე რომ ვფიქრობდი!
მცირეოდენი დუმილის შემდეგ ნუცამ მონიტორის მეშვეობით ნინკას მოუხმო. წრუწუნიჩს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.
- შენ შეგიძლია, წახვიდე... არაფერს გპირდები, თავად არ ვიცი, რას გადავწყვეტ!  უთხრა წრუწუნიჩს.
წრუწუნიჩმა კაბინეტის კარი გააღო თუ არა, ზღურბლზე ნინკა შეეჩეხა. იქვე, კართან აიტუზა და ნინკას გამოსვლას დაელოდა. ნინკამ საკმაო ხანს დაჰყო ნუცასთან. ეს დრო წრუწუნიჩს საუკუნედ ეჩვენა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა. მისი გამომეტყველებით, წრუწუნიჩი ვერ მიხვდა, თუ რა შედეგით დასრულდა მათი საუბარი.
- რა გითხრა?
ნინკამ მაშინვე არ გასცა პასუხი, წრუწუნიჩი გააწვალა.
- თვალები დახუჭე... ახლა, მე მაქვს შენთვის სიურპრიზი!
წრუწუნიჩმა თვალები დახუჭა. იმავდროულად გონებაში ყველა სავარაუდო შემთხვევა განიხილა თუ ნინკას რა შეიძლება ჰქონოდა ჩაფიქრებული. აზრი, რატომღაც, სილის გაწნაზე შეაჩერა. რა თქმა უნდა, ეს სილა მეგობრული იქნებოდა, სულ რაღაც ორიოდე დღის განმავლობაში ამდენი თავსატეხი რომ გაუჩინა! თვალებდახუჭულმა მსუბუქი ტკივილის მოლოდინში სახე ოდნავ დამანჭა... რამოდენიმე წამის ზლაზნით გავლის შემდეგ, მოხდა ის, რასაც წრუწუნიჩი ყველაზე ნაკლებად ელოდა: ნინკამ ლოყაზე აკოცა!
წრუწუნიჩი გაშრა, გაქვავდა! ნინკამ არხეინად გააგრძელა გზა, მერე მიუბრუნდა და ღიმილით დაეკითხა:
- არ გამაცილებ?
წრუწუნიჩმა თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავის დაქნევა შეძლო.
- რაღას დგახარ, წავიდეთ!
ტელევიზია ისე დატოვეს, ერთი-მეორისათვის არაფერი უთქვამთ. კარგა ხანს იარეს და დუმილი ნინკამ დაარღვია:
- მართლა ლოთი ხარ თუ იგონებ?
- შენ როგორ ფიქრობ?
- ლოთობ და თან ლოთს არ ჰგავხარ!
- ლოთს თავშეკავება არ შეუძლია, მე კი შემიძლია სასმელს არ გავეკარო!
დაეჭვებულმა ნინკამ წრუწუნიჩს ცერად გახედა და გაეცინა.
- როგორ დაამტკიცებ?!
- დაბადების დღეზე დამპატიჟე და ნახავ, ერთ წვეთსაც არ დავლევ!
- ჩემს დაბადების დღემდე შორსაა!
- მაშინ სხვის დაბადების დღეზე დამპატიჟე, ერთად წავიდეთ!
- რაღა დაბადების დღეს ვუცადო, ახლავე შეგამოწმებ, მე გეპატიჟები!

***
ტავერნის პირობაზე დარბაზში სიმყუდროვე იყო: ერთმანეთისაგან დაბალი ტიხრით გამოყოფილი მაგიდები; ყოველი მაგიდის თავზე წითელი აბაჟური ანათებდა; კედლებზე ძველი თბილისის ამსახველი ფოტოები ეკიდა; ხალიჩებით მოფენილი დარბაზის ერთ კუთხეში ძველებურ სკამზე არღანი იდო, თუმცა მეარღნე არსად ჩანდა!
ნინკა და წრუწუნიჩი დასხდნენ. მათ წითელ წინსაფრიანი მიმტანი მიუახლოვდა, მაგიდაზე მენიუ დადო, გაიღიმა და ოდნავ უკან დაიხია. ნინკამ წრუწუნიჩს ანიშნა მენიუ აიღეო. წრუწუნიჩმა მენიუ გადაშალა და ისე სერიოზული სახით ჩაუყვა, თითქოს ასეთ სიტუაციებში დიდად გამოცდილი ვინმე ბრძანდებოდა, მაგრამ მალე დაბნეულობა დაეტყო, - ვერც ერთი ნაცნობი კერძის დასახელება, მაგალითად, ქაბაბი, ხინკალი, სუპჶხარჩო და ა. შ., მენიუში ვერ აღმოაჩინა.
- ვერაფერი გავიგე, უცხოურად წერია! - წაიბურტყუნა უკმაყოფილოდ.
- ქართულად წერია... - დაიბნა მიმტანი.
- ნინკა, იქნებ შენ გაარკვიო რაიმე! ნინკა, - მიუბრუნდა მიმტანს წრუწუნიჩი, - უცხო ენების სპეციალისტია!
- რომელი ღვინო ჯობია? - წინანდალი, მუკუზანი თუ მანავის მწვანე! - ჰკითხა ნინკამ.
- მანავის მწვანე...
- ესე იგი, მანავის მწვანეს დავლევ... და აი, ესენი მოგვიტანეთ! - ჩამოუთვალა ნინკამ მიმტანს არჩეული კერძები.
მიმტანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და მაგიდას გასცილდა.
- წრუწუნიჩ, შენ ცხოვრებაშიც ისეთივე ადამიანი ხარ, როგორიც პირდაპირ ეთერში იყავი?
- არა, ცხოვრებაში ბევრად უფრო ბუნებრივი ვარ!
ნინკას გაეცინა, წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა ბევრად უფრო ბუნებრივი წრუწუნიჩი.
მალე ლანგრით ხელდამშვენებული მიმტანიც გამოჩნდა, მაგიდაზე შეკვეთილი საჭმელ-სასმელი ლამაზად დაალაგა და თბილი ღიმილით იქაურობას გაეცალა.
წრუწუნიჩმა ჭიქები შეავსო - ნინკას ღვინო დაუსხა, თავად ლიმონათი. ნინკამ სასმისი ასწია:
- კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა! ამ ჭიქას, ბოლომდე დავცლი!
ნინკამ მართლაც ბოლომდე გამოცალა და სახე ოდნავ დაემანჭა... არ იყო ჩვეული სმას. წრუწუნიჩი სადღეგრძელოს სიტყვიერად შეუერთდა, ლიმონათი მოწრუპა და ნინკას ჭიქა შეავსო. შემდეგი სადღეგრძელო მათი მომავალი წარმატებისა იყო. ამჯერად ნინკამ მხოლოდ მცირეოდენი ღვინო მოწრუპა.
- ოო... ეგ სადღეგრძელო ბოლომდე უნდა დალიო! მე არ ვსვამ, ამიტომ ჩემი წილიც შენ უნდა მიირთვა!
და ნინკამ წრუწუნიჩის ხათრით კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. მერე ამ ჭიქასაც სხვა მიჰყვა და მანავის მწვანე თვალსა და ხელს შუა გაქრა.
- ეს რა მიყავი, მთვრალი ვარ! - კისკისებდა ნინკა, - წამოდი, სახლში წავიდეთ!
- სად, სახლში?
- ჩემს სახლში!
- საკუთარი სახლი გაქვს?
- მაქვს, ოღონდ მამაჩემისაც არის, დედაჩემისაც და ჩემი ორი დისაც!
- შენებს გინდა, ჩემი თავი გააცნო?
- გიცნობენ!
- საიდან?!
- ტელევიზორიდან!
- აა... სულ დამავიწყდა!
ნინკა წამოდგა თუ არა, შებარბაცდა, წრუწუნიჩმა ხელი შეაშველა. ანგარიში გაასწორეს, მიმტანს მადლობა გადაუხადეს და ტავერნიდან გამოვიდნენ. ქუჩაში ნინკამ თავის “კავალერს” ხელ-მკლავი გაუკეთა და როგორც ნასვამ ადამიანს სჩვევია, ათასი სისულელის როშვას მოჰყვა. მისი სახლი იმ ადგილიდან არც თუ შორს იყო და გზა, სეირნობაში, ფეხით განვლეს. როცა დანიშნულ ადგილს მიუახლოვდნენ წრუწუნიჩი ფორიაქმა მოიცვა, რადგან ჰაერზე გამოსულ ნინკას სიმთვრალე იმაზე მეტად მოერია, ვიდრე ეს ტავერნაში ჩანდა. მაგრამ რაღა უნდა ექნა, ნინკას მშობლები ჩხუბითა და დავიდარებით რომც შეხვედროდნენ, ის მათთვის პირადად უნდა ჩაებარებინა ხელში!
ნინკა მრავალსართულიანი სახლის მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. სადარბაზოში შესულებმა, ლიფტის ღილაკს დააჭირეს თითი... ამაოდ, არ მუშაობდა!
- ისევ გაფუჭდა... წამოდი, ფეხით ავიდეთ!
- ავიდეთ!
ყოველი ახალი საფეხური, წრუწუნიჩს გულის ძგერას უძლიერებდა, - ნინკას მშობლებთან შეხვედრა აღელვებდა.
ნინკამ ზარის ღილაკს დააჭირა თითი. კარი ხუთიოდე წლის ხუჭუჭთმიანმა გოგომ გააღო. დაინახა თუ არა ნინკა და წრუწუნიჩი გახარებული ყვირილით გაიქცა:
- ნინკამ სტუმარი მოიყვანა!
- შენი დისშვილია? - ჩასჩურჩულა წრუწუნიჩმა ნინკას.
ნინკამ გაოცებით გახედა.
- ჩემი დაა!
ამასობაში სხვა კიდევ უფრო პატარა, სამიოდე წლის გოგომ გამოყო თავი, სტუმარი შეათვალიერა... და ისიც გაუჩინარდა.
- ესეც ჩემი დაა!
- რა პატარა დები გყოლია...
- არც მე ვარ დიდი! შემოდი! დეე... მაა... სად ხართ?!
ოთახიდან  ნინკას “დეე” და “მაა” ერთიმეორის მიყოლებით გამოიშალნენ. წრუწუნიჩი გაოცდა იმდენად ახალგაზრდა მშობლები ჰყავდა ნინკას. ორივე პირდაღებული შეჰყურებდა მთვრალ ნინკას.
- ეს წრუწუნიჩია! ჩვენ დაგვაწინაურეს... და ავღნიშნეთ!
რადგან ნინკას სიტყვებმა დაძაბულობა მეტნაკლებად მოხსნა, ახლა წრუწუნიჩი შეეცადა სიტუაციის ბოლომდე განმუხტვას:
- ორივენი, დილის გადაცემის ძირითად წამყვანებად გადაგვიყვანეს!
- რა დალია, ასე რომ დათვრა, “რასტვარიწელი”? - ჰკითხა წრუწუნიჩს ნინკას მამამ. 
- მანავის მწვანე... ერთი ბოთლი!
- ვაიმე, შვილო... წამოდი, დაწექი! – “დეე” ნინკას საძინებლისაკენ გაუძღვა.
ნინკამ ერთი კი წაიბურტყუნა, რა დროს ძილია, სტუმარი გვყავსო და დედას მორჩილად გაჰყვა.
- დაჯექი! - უთხრა ნინკას მამამ კორიდორში მორცხვად ატუზულ წრუწუნიჩს.
თავდახრილი წრუწუნიჩი სასტუმრო ოთახში დიდ, ოვალურ მაგიდას მიუჯდა.
- შენ სიმთვრალისა არაფერი გეტყობა, შენ მაგივრადაც ნინკა სვამდა?!
- დიახ...
- ვერ გავიგე?!
- პირობა დავდე, სასმელს არ გავეკარები-მეთქი და მან შემამოწმა!
- ააა... თურმე, რაში ყოფილა საქმე! - და “მაა”-ს ისეთი სიცილი წასკდა, ნინკას დებმა კარში ერთდროულად შემოყვეს თავები, რა ხდებაო.
- მე მიშა მქვია... ოღონდ, მიშა ძია არ დამიძახო! შენ და ნინკა, ლამის ჩემი და მერის (დადამისის) ხნისა ხართ!
- ბატონ მიშას, დაგიძახებთ!
- ოო, ეს მომწონს! მოკლედ... კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში! წრუწუნიჩი რომ ხარ, ეს უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, ნამდვილი სახელიც ხომ გაქვს, მითხარი!
წრუწუნიჩმა უთხრა.
- გვარი დიდებული გაქვს, სახელიც... მაგრამ წრუწუნიჩი უფრო გიხდება!
- როგორც გენებოთ, იყოს წრუწუნიჩი!
- მთელი ქალაქი თქვენს გადაცემაზე ლაპარაკობს... თუ ასე გააგრძელეთ, მალე კიდევ დაგაწინაურებენ! ახლა კი იმის გათვალისწინებით, რომ ქალიშვილი გამომითვრე და თანაც შენი ფეხით მეწვიე ოჯახში, აქედან ისე არ გაგიშვებ, სანამ ნინკასავით არ გამოგათრობ! მე არც ”რასტვარიწელი“ მაქვს და არც “აცეტონი”, ნატურალური ღვინო მაქვს, ჩემი ხელით დაწურული!
- გმადლობთ, მაგრამ... როგორ დავლიო? ნინკას სიტყვა მივეცი!
- ნინკა ვერ გაიგებს... სძინავს! როცა გაიღვიძებს, მე არაფერს ვეტყვი! მერი! - მოუხმო მეუღლეს.
მერის ნაცვლად ოთახში ისევ გოგოებმა შემოყვეს თავები.
- მოუსვით აქედან! მერი!
მერი გამოჩნდა.
- რა გაყვირებს! დაიძინა, არ გააღვიძო!
- სუფრა გაშალე, წრუწუნიჩი ღვინოში უნდა დავახრჩოთ!
მერიც იმ მაგიდას მიუჯდა, რომლის გარშემოც ისინი ისხდნენ. გოგოები, როგორც კუდები, დედას ზურგს უკან ამოეფარნენ და წრუწუნიჩის თვალიერება იწყეს.
- ამათ კიდევ ღვინო უნდათ? ყავას მოგიდუღებ, შვილო... ნამცხვარსა და მურაბასთან ერთად...
- რა დროს მურაბაა? სუფრა გაშალე!
მერი დაემორჩილა ქმარს.
- ბავშვებო, აბა წამოდით, მომეხმარეთ!
სუფრის გაწყობის მოლოდინში რამდენიმე ხელი ნარდი ითამაშეს. ამასობაში გოგოებმა მაგიდაზე თეფშები, დანები და ჩანგლები ჩამოალაგეს.
- ეს რა ყოჩაღი გოგოები გყოლიათ! რა გქვიათ?
- კატო! - თქვა უფროსმა და სამზარეულოსაკენ გაიქცა.
- მეთ კატო! - ენის ჩლიფინით თქვა უმცროსმა.
- შენ კატო კი არა, სალომე ხარ! - გაუსწორა მამიკომ. - ნუ გავიწყდება შენი სახელი!
სალომეს შერცხვა და ისიც სამზარეულოსაკენ გაიქცა.
მალე სუფრა გაიშალა და პირველი სადღეგრძელოები ითქვა. თავიდან მაგიდას ბავშვებიც უსხდნენ. შემდეგ, მობეზრდათ პატარებს ერთ ალაგას ყოფნა და ოთახში სირბილი დაიწყეს; მალე გაუშინაურდნენ სტუმარს, - “წრუწუნიჩ!” - დაუძახებდნენ და სიცილით ემალებოდნენ. წრუწუნიჩიც ხალისით ეთამაშებოდა მათ. ამასობაში კი, სადღეგრძელოს სადღეგრძელო ემატებოდა და წრუწუნიჩი გვარიანად გამოთვრა!

***
სახლში მისულმა და უკვე გამოძინებულმა რაც გაიხსენა, ეს იყო ის, თუ როგორ ჩასვა ნინკას მამამ ტაქსში, როგორ გადაუხადა მძღოლს ფული და გამომშვიდობებისას, ხელი დაუქნია. ესე იგი, რაღაც სისულელე არ ჩამიდენია, რადგან მამამისმა მშვიდობით გამომაცილაო! - გაიფიქრა და საწოლიდან თავი წამოსწია. შემდეგ, წამოჯდა საწოლზე, ფეხსაცმლის ძებნა იწყო... და რომ ვერ იპოვა,  გაოცდა, - სად უნდა დამეტოვებინა ფეხსაცმელიო?! სცადა საწოლის ქვეშ უფრო ღრმად შეეხედა, დაიხარა და უცებ აღმოაჩინა, რომ ფეხსაცმელები ზედ ეცვა (ისე ჩასძინებოდა, არც გაუხდია.). - აუჰ... - ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. კარებთან მივიდა, გამოაღო, გარეთ გაიხედა - ბნელოდა... ოთაში შებრუნდა, მაგიდაზე მდგომ მაღვიძარას დახედა, ღამის ორი საათი იყო. - აუჰ... - კიდევ ერთხელ ამოიოხრა, წამოწვა საწოლზე და ძილი გააგრძელა. ფეხსაცმლის გახდა ამჯერად აღარ დავიწყებია.

***
რამდენიმე დღე წრუწუნიჩი და ნინკა ეთერში არ გამოჩენილან. სტუდიაში ინტენსიურად მუშაობდნენ ახალი წამყვანების მომზადებისა და გადაცემის ფორმატის გადასხვაფერებისთვის, - სცენარები იწერებოდა, იღებდნენ საცდელ კადრებს და ა. შ. ერთჶერთ ძირითად სიახლედ გადაცემაში ქველმოქმედების ფაქტორი უნდა ჩაერთოთ: გაჭირვებული ოჯახებისათვის თუ ბავშვთა სახლებისთვის სპონსორის პოვნა, მოხუცთა თავშესაფრების ამბების გაშუქება, ინვალიდთა დახმარება და სხვა. ოღონდ ეს ყველაფერი მსუბუქად უნდა მიეწოდებინათ მაყურებლისთვის, რომ არ დაეთრგუნათ!
- ბავშვებო! - უთხრა ნუცამ თათბირზე ნინკასა და წრუწუნიჩს, - მთავარია, გადაცემის ფორმატი არ დავარღვიოთ. ყველაზე მეტად, წრუწუნიჩ, შენი უშუალობის, ლოგიკას გაცდენილი ფანტაზიის იმედი მაქვს! წარმოიდგინე, სტუდიაში გვეწვია ცნობილი ბიზნესმენი... შენი აზრით, როგორ უნდა აღვუძრათ მას ქველმოქმედების სურვილი?
- როგორ და... პატივი ვცეთ, - საუკეთესო ყავა დავალევინოთ ნამცხვრითურთ! ისე მოვექცეთ, რომ იგი დავალებული დარჩეს და წასვლის წინ მომსახურების ანგარიში წარვუდგინოთ! იცით, რა ღირს აეროპორტში ერთი ფინჯანი ყავა? - თვრამეტი ლარი! ნამცხვარზე აღარაფერს ვამბობ!
ყველას გაეცინა.
- იმ მოხუცთა თავშესაფარში, საიდანაც სამიოდე დღის წინ დაგვიკავშირდნენ, ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებას თვრამეტი ლარი კი არა, სულ ცოტა, თვრამეტი ათასი ლარი დასჭირდება!
- წრუწუნიჩი ისეთია, - საუბარში ნინკა ჩაერთო, - სტუმარს ერთის ნაცვლად ათას ფინჯანს დაალევინებს!
- მე მარტო ვერაფერს შევძლებ! ნინკა, ამ საქმეში თუ შენი სრული მხარდაჭერა არ მექნა, არაფერი გამოვა!
- რას გულისხმობ? - დაინტერესდა ნუცა.
- შიგადაშიგ სიურპრიზების ჩართვის უფლება უნდა მომცეთ!
- კარგი, წრუწუნიჩ, მაგრამ ერთი რამ გეკრძალება, - ნუცამ თითი დაუქნია, - ისეთი არაფერი ჩაიდინო, რითიც გადაცემას ჩაძირავ!
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა წრუწუნიჩი და კმაყოფილი მხრებში გაიშალა.
ნინკამ მას თვალები მრისხანედ დაუბრიალა, მიუხვდა, სიურპრიზებში რასაც გულისხმობდა.

***
დადგა დღე, უფრო სწორად დილა, როცა წრუწუნიჩისა და ნინკას ექსპერიმენტული გამოშვება ეთერში უნდა გასულიყო. სტუდიის ინტერიერმა გარკვეულწილად ცვლილება განიცადა. იქაურობას დაემატა რამდენიმე ფუმფულა სავარძელი და ოვალური ჟურნალის მაგიდა. ეს კომფორტი, სტუდიაში სტუმრების სათანადო პატივით მიღების მიზნით შეიქმნა.
უკანასკნელი გაფრთხილებები... უკანასკნელი მზადება... კიდევ ცოტაც და, ეთერში გასვლის ნიშანი გაიცა!
ნინკამ ტელემაყურებელს გაუღიმა, წრუწუნიჩი კი ისე აწრიალდა, თითქოს ვიღაცას ემალებოდა.
- წრუწუნიჩ, რა მოგივიდა, ტელემაყურებელს მიესალმე!
- რა წრუწუნიჩი, რის წრუწუნიჩი! ეს სახელი პირველად მესმის, მე გივი ვარ!
რა თქმა უნდა, გივი არ იყო წრუწუნიჩის ნამდვილი სახელი და ნინკა მიხვდა, მისმა პარტნიორმა რაც იგულისხმა.
- რომელი გივი? იმ ერთ-ერთი კინოფილმის პერსონაჟი ხომ არა, მთელი ფილმის მანძილზე რომ არ გამოჩნდება?!
- გამოიცანი, სწორედ ის ვარ!
- სახელი შეიცვალე... რა ხდება?
- პოლიცია მეძებს! უშიშროებაც!
- რა დააშავე?
- ფული გავათეთრე... შენი ხუთლარიანი, დაგავიწყდა?!
- ააა... რა გეშველება!
- ყველაფერი რიგზეა, მე ხომ უკვე გივი ვარ!
- გივი... გივი... ეს შენი ახალი სახელი რაღაც გვეუცხოება მეც და მაყურებელსაც! იცი, რას გეტყვი, ძალოვნები დარწმუნებულნი იქნებიან რომ შენ სახელს შეიცვლიდი! ჩათვალე, ისინი უკვე სხვა, ყველა ნებისმიერი სახელით გეძებენ! შენც, აიღე და, ისევ წრუწუნიჩად დარჩი! ვის მოუვა აზრად რომ შენ, ისევ შენ ხარ?!
- ბრძნული აზრია! აი, რას ნიშნავს ქალის ჭკუა... შენი სახელი დამავიწყდა, შემთხვევით, ევა ხომ არ გქვია?!
- არა, მე ევა არ მქვია! ნინკა ვარ!
- ხო, გამახსენდა! მოკლედ, იყოს ნება შენი - წრუწუნიჩად დავრჩები! მაგრამ... როგორ გითხრა... რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს... ასე მგონია, ვიღაც მითვალთვალებს! შესაძლოა, აქ სადმე ფარული კამერა იყოს დამონტაჟებული!
- ჰოო... ყურადღებით იყავი!
- ყოველი შემთხვევისათვის, შენც თავი ისე დაიჭირე, თითქოს აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება!
- მე რაღა შუაში ვარ?!
- შუაში კი არა, თავში ხარ! ფული შენი იყო... ესე იგი, ჩემი თანამზრახველი ხარ! სულ ცოტა, სამუდამო კატორღას მოგისჯიან!
- დედა...
- ნუ გეშინია! მე თუ დამიჯერებ, შენი საქმე კარგად იქნება!
- რა უნდა გავაკეთო?!
- რა და, თუ სტუდიაში გამომძიებელი შემოგვივარდა, სიტყვა არ ათქმევინო, ისე მიახალე, რომ პირველად მხედავ! რომ საქმეში მარტო იყავი, თანამზრახველი არ გყოლია, ასე უფრო ნაკლებს მოგისჯიან! დანარჩენს ჩემს თავზე ვიღებ!
- კარგი, წრუწუნიჩ, ისე მოვიქცევი, როგორც მირჩევ! გამომძიებელს მოვახსენებ, რომ შენ ფსიქიატრიული სავადმყოფოს პაციენტი ხარ!
წრუწუნიჩი ისე მოიღუშა, კაცი იფიქრებდა ნინკასგან ამას არ მოელოდაო, დადუმდა, მერე პირში ჰაერი ჩაიგუბა და...
- ნინკა, ცხელ გულზე ცივ “ბორჯომს” ხომ არ დალევდი?
წრუწუნიჩმა მაგიდის ქვემოდან “ბორჯომის” გაუხსნელი ბოთლი ამოაცურა, თან ორი პატარა შუშის ნათალი ჭიქაც მოაყოლა, - ერთი თავად დაიდგა, ერთიც ნინკას წინ დაუდგა; მოხსნა ბოთლს თავი და ჭიქები შეავსო.
- როდის აქეთ დაიწყე “ბორჯომის” არყის ჭიქებით სმა?!
- იაპონიაში “ბორჯომს” სუფრის კოვზებით სვამენ! თუ გგონია, ამ ბოთლში არაყია, ცდები! შეგიძლია შეამოწმო, ნამდვილი ”ბორჯომია”! - უთხრა წრუწუნიჩმა ნინკას და ჭიქა გამოცალა.
ჭიქაში სითხე მართლაც მინერალური წყალივით შუშხუნებდა. ნინკამ ჭიქა ფრთხილად მიიტანა ცხვირთან, დაყნოსა და მოსვა.
- მართლაც, ”ბორჯომია”, გამოსწორებულხარ!
- ჰო, რა ხანია, სასმელს სათოფეზეც არ ვეკარები! და ამას, შენ გიმადლი - შენ გამომასწორე! ამიტომ სიურპრიზი მოგიმზადე! ოღონდ, ჩვენი ტრადიციისამებრ, თვალები დახუჭე!
- წრუწუნიჩ, იცოდე, ვერ გადამირჩები!
წრუწუნიჩმა უცოდველი გამომეტყველება მიიღო.
ნინკამ თვალები დახუჭა. წრუწუნიჩმა ამჯერად მაგიდის ქვემოდან თაიგული ამოაცურა, მასთან ერთად კი ”ბორჯომის” სხვა, ოდნავ ნაკლული ბოთლი, რომელშიც არაყი ესხა. ის კი, რომელშიც მინერალური წყალი იყო, მაგიდის ქვემოთ დამალა.
ნინკამ თვალები გაახილა.
- ოი... რა ლამაზი თაიგულია, გმადლობ, წრუწუნიჩ!
წრუწუნიჩმა მორცხვად თავი დახარა.
- ”ბორჯომი” კიდევ ხომ არ გინდა? აჰ, შენ ჯერ პირველიც არ დაგილევია! მე კი ერთ ჭიქას კიდევ დავლევ!
ნინკას არაფერი შეუმჩნევია, თაიგულით იყო გართული...
- სხვათა შორის, წრუწუნიჩ, ახლა მწვანე ჩანართის დროა!
- მწვანე ჩანართი რაღაა?! - წრუწუნიჩმა ისე გულუბრყვილოდ იკითხა, თითქოს სტუდიაში შემთხვევითი გამვლელი ყოფილიყოს.
ნინკამ მკაცრად გახედა.
- ჰო, კაი... რას ბრაზობ? უბრალოდ, დამავიწყდა! პირველად მიმყავს ეს გადაცემა!
- ჩვენი კორესპონდენტი სპეციალისტთან ერთად ტელემაყურებელს გააცნობს კაქტუსთა ნაირსახეობას და მათ მოვლის წესებს!
- ოო... მე ვიფიქრე, რაღაც განსაკუთრებული რამ იქნება!
- ნუ ბუზღუნებ! სადაცაა ჩაგვერთვებიან!
- ჩაგვერთვებიან თორე ეგენიც, სემირამიდას ბაღიდან ჩაგვერთვებიან!
- წრუწუნიჩ!!!
- ხო, კარგი... მე ვაფასებ ეკლიან მცენარეებს! შემდეგი თაიგული აუცილებლად კაქტუსების იქნება!
ნინკამ მაგიდაზე მუშტი დაარტყა.
წრუწუნიჩმა ტუჩებზე თითი მიიდო და ხელები, როგორც სამხედრო ტყვემ, მაღლა ასწია.

***
მწვანე ჩანართის დასრულების შემდეგ კადრში ისევ ნინკა და წრუწუნიჩი გამოჩნდნენ. ნინკამ, ჩვეულებისამებრ, ტელემაყურებელს გაუღიმა, წრუწუნიჩი კი ხელებში თავჩარგული მაგიდაზე პატარა, თეთრ ბურთულას უაღრესად სერიოზული გამომეტყველებით დასჩერებოდა.
- იცი, რა არის ეს?
ნინკამ პასუხი არ გასცა, რადგან წრუწუნიჩმა ისე დასვა კითხვა, აშკარა იყო, პასუხის გასაცემად თავადვე ემზადებოდა.
- ეს მშრალი სპირტია!
დუმილი, რომელიც არც თუ დიდ ხანს გაგრძელებულა, ნინკამ სიცილით დაარღვია.
- წრუწუნიჩ, ოღონ ახლა ეგ ბურთულა არ გადაყლაპო და...
- და, რა?! რაიმე რომ გთხოვო, შემისრულებ?!
- არა!
- ვყლაპავ!
- კარგი... მხოლოდ ერთ თხოვნას!
წრუწუნიჩმა კმაყოფილებით გაიღიმა.
- სათხოვარს ოდნავ მოგვიანებით გეტყვი! მთავარია, შესრულების პირობა არ დაარღვიო, გახსოვდეს, მთელი ქვეყნის წინაშე დადე! მშრალი სპირტის გადაყლაპვას კი სულაც არ ვაპირებდი! მე იმაზე ვფიქრობდი, რომელ ჭკვიანს მოუვიდა აზრად სპირტის გაშრობა!
- ერთხელაც იქნება ყველაფერზე ერთად გაგებინებ პასუხს! - თითის დაქნევასთან ერთად, ნინკამ წრუწუნიჩს თვალებიც დაუბრიალა.
- ნინკა... მგონი, რეკლამის დროა!
- რეკლამის კი არა, ახლა პატივცემული ამბროსის სტუდიაში სტუმრობის დროა!
_ პატივცემული ამბროსი უკვე მობრძანდა? რას უყურებ, ნინკა, მოვემზადოთ!
ნინკამ თეთრი წინსაფარი გადაიცვა, წრუწუნიჩმა ”პეპელა” მიიბნია მაისურის საყელოზე, ორივემ მკლავებზე ქათქათა სუფრის ტილოები გადაიკიდა და სტუდიაში შემოსულ პატივცემულ ამბროსს შეეგებნენ!
ბატონი ამბროსი ქვეყანაში ერთ-ერთი მეტად ცნობილი და დაფასებული ადამიანი ბრძანდებოდა - დიდი ბიზნესმენი და ქველმოქმედი.
- დაბრძანდით, ბატონო ამბროსი! - ორივემ მოწიწებით მიაცილა სტუმარი სავარძლამდე.
- გმადლობთ! თქვენ რაღას უცდით, რატომ არ სხდებით?
- ჩვენ ”ოფიციანტები” ვართ!
- ააა... თურმე, რატომ გამოიყურებით ასე უცნაურად! მე თქვენ რაიმე უნდა დაგიკვეთოთ?
- დიახ! - განაცხადა წრუწუნიჩმა რიხიანად, - სამწუხაროდ, მხოლოდ ყავა და ნამცხვარი გვაქვს!
- დიდებული არჩევანი გქონიათ... სიამოვნებით გეახლები ყავასა და ნამცხვარს!
- აბა, ნინკა, ძვირფას სტუმარს ყავა და ნამცხვარი მიართვი!
ნინკამ წინასწარ გამზადებული ლანგარი დაუდგა ბიზნესმენს წინ.
- იმედია, ფასები მაღალი არ გაქვთ!
- რას ბრძანებთ, ბატონო ამბროსი, ყავა ნამცხვართან ერთად სულ რაღაც თვრამეტი ათასი ლარი დაგიჯდებათ!
ბიზნესმენს ყავა სასულეში გადასცდა.
- ვალი გაქვთ?! - ძლივს ამოთქვა, როცა ხველებას მორჩა.
- ჩვენ - არა! აი, მოხუცთა თავშესაფარს კი!
და დიდ მონიტორზე გამოჩნდნენ თავშესაფრის ბინადრები, - ქურთუკებსა და ქუდებში ჩაფუთნული მოხუცები.
- ბატონო ამბროსი, თავშესაფარში ცენტრალური გათბობის სისტემა რომ დამონტაჟდეს, ზუსტად თვრამეტი ათასი ლარია საჭირო!
სტუდიაში დუმილი ჩამოვარდა.
- ჰოო... ნამცხვარიც გემრიელი გქონიათ და ყავაც! თქვენ ისეთი საქმიანი ხალხი ჩანხართ, სალარო-აპარატიც გექნებათ, ალბათ, ქვითარსაც მომცემთ... ჰმ... - ჩაახველა ბატონმა ამბროსიმ, - საქმე ის არის, რომ ამხელა თანხა თან არ მაქვს! იძულებული ვარ, ჩეკი გამოვწერო! - ბიზნესმენმა გულის ჯიბიდან წიგნაკი ამოიღო, გადაშალა, რამოდენიმე სიტყვა წააწერა და ”ოფიციანტებს” გაუწოდა.
ნინკამ ღიმილით გამოართვა და დახედა თუ არა, სახე შეეცვალა. სასწრაფოდ წრუწუნიჩს გაუწოდა.
- პატივცემულო ამბროსი, აქ ოცი ათასი ლარი წერია!
- ხურდა მოხუცებს დაუტოვეთ, გმადლობთ!
მერე კი ბატონი ამბროსი მადიანად შეექცა ყველაზე ძვირად ღირებულ ყავასა და ნამცხვარს, თან წამყვანებს მხიარულად ესაუბრებოდა. მოკლედ, ბატონი ამბროსი, ნინკა და წრუწუნიჩი თავადაც გახალისდნენ და მაყურებელიც გაართეს. მოგვიანებით, როცა ბატონი ამბროსი გააცილეს, წრუწუნიჩი ნინკას მიუბრუნდა.
- ნინკა, აბა, ჩაიხედე ჩვენს განრიგში, ახლა რისი დროა? იქნებ ცაცია მიხა ჩაგვერთო შუაგულ კახეთიდან!
- ვინ?!
- როგორ თუ ვინ? ცაცია მიხა ჩვენს კორესპონდენტთან ერთად თავის მარანში დგას და ჩვენ გველოდება!
- რა მარანი, რის მიხა?! ფრანგი მზარეული უნდა ჩავრთოთ - სალათს დაგვიმზადებს!
წრუწუნიჩს სახე მოეღრიცა.
- ფრანგი მზარეული არ ვიცი მე! გოგო, სალათა გვინდა ჩვენ, ქართველებს?! აგე, მიხა გვასწავლის, როგორ დავამზადოთ ათი კილოგრამი ყურძნისაგან ასი ლიტრი სუფთა ღვინო!
- ხო, კარგი, კარგი... მოიწვიე ის შენი ფრანგი ”მესალათე”! მაგრამ... აბა, სად არის? სანამ სტუდიაში შემოვიდოდი, დავინახე ის კაცი ლილოს ბაზრობისაკენ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა!
- ლილოს ბაზრობისაკენ რა უნდა? რატომ გარბოდა?
- ვიღაცამ უთხრა: ჩვენი სტუდიის სამზარეულო ლილოს ბაზრობის წინ მდებარე ”ზაბიგალოვკაში” გადაიტანეს, გადაღებები იქ იქნებაო!
- შენს მეტი ვინ ეტყოდა მაგას?!
- მე როგორ ვეტყოდი, ფრანგული არ ვიცი!
- იმან იცის ქართული!
- მე კი არ ვუთხარი, არამედ, ვუპასუხე! მკითხა და ვუპასუხე! ამაში დიდი განსხვავებაა!
- პოლიციაში ვრეკავ!
ნინკამ მობილური ტელეფონი მოიმარჯვა.
- ოღონდაც, შენ ნუ დარეკავ! მე თავად გავაკეთებ ამას, - ძალოვნებს ნებაყოფლობით თუ ჩავბარდები, შესაძლოა, სასამართლოზე სასიკვდილო განაჩენი გამინახევრონ!
- სასიკვდილო განაჩენის განახევრება რას ნიშნავს?
- რას და, მხოლოდ დამხვრეტენ! დახვრეტის შემდეგ, აღარ ჩამომახრჩობენ!
წრუწუნიჩმა უბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, აკრიფა - 022!
- პოლიციაა? იცით, მე... - წრუწუნიჩმა ნინკას თავი ისე მოაჩვენა, თითქოს სიტყვა ოპერატორმა გააწყვეტინა; ინფორმაციამ, რომელიც მას მიაწოდეს შოკში ჩააგდო. - არა, პატივცემულო... წვრილმანია... თავად მოვაგვარებთ ყველაფერს!
ტელეფონი გათიშა.
- ნინკა, გაიგე? პოლიციის გამოძახება ფასიანი გამხდარა!
ნინკამ ბორჯომი დალია...
- გამოუსწორებელი ხარ წრუწუნიჩ, ჩართე ეთერში ის შენი ცალხელა მიხა!
- ცალხელა კი არა, ცაცია მიხა!
- ვინც გინდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს!

***
შემოსული ზარებისა და SMS-თა მაჩვენებლით გადაცემა ეთერში ანშლაგით მიედინებოდა. სიუჟეტთა შინაარსი და თანწყობა, რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ წრუწუნიჩის, ეგრეთ წოდებული ”სიურპრიზების” სერია, არამედ ის დიდი შემოქმედებითი ჯგუფის დაუღალავი შრომის ნაყოფს წარმოადგენდა. მაგალითისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ცაცია მიხა, სულაც არ იყო კახელი გლეხი და მას ოდესმე, არც ღვინის დაყენებასთან ჰქონია საქმე! სიუჟეტის იდეა წრუწუნიჩს მოუვიდა აზრად, ხოლო ჯგუფმა ამ იდეას ხორცი შეასხა, მინიატურულ სპექტაკლად გადაქცია:
გლეხი კაცის სამოსში გამოწყობილ, ლოყებ-ღაჟღაჟა, სქელო ცაცია-მიხას თავზე კახური ქუდი გვერდულად ჩამოეფხატა, თვალებზე, როგორც სიცილიელ მაფიოზს, კუპრივით შავი სათვალე დაებნია, წელზე დოინჯი შემოერტყა და ეთერში წარდგენის მოლოდინში იბღინძებოდა. კორესპონდენტის დასახასიათებლად ცნობილ გამოთქმას მოვიშველიებ: არც თევზი იყო და არც ხორცი, - გამხდარი, წელში მოხრილი, ზღარბივით ყალყზე დამდგარი თმებით.
- ჩვენ, ეთერში ვართ? ნინკა! წრუწუნიჩ! რაზ... რაზ... ალიო! აჰა, ჰო... ეთერში ვართ! მოგესალმებით! ჩვენ ვიმყოფებით შუაგულ კახეთში, კერძოდ - ცაცია მიხას ღვინის მარანში!
კადრში გამოჩნდა ადგილი, რომელსაც კორესპონდენტმა ღვინის მარანი უწოდა. იქაურობა არა მარანს, არამედ გაპარტახებული ლიმონათის ქარხნის საწყობს უფრო ჩამოგავდა - მიმოფანტული ყუთები, ბოთლები, დამსხვრეული კასრები... თუმც მოსჩანდა ისეთი ნივთებიც, რომელიც არც დამსხვრეული იყო და არც ძირს ეყარა - ცაცია მიხას ხის გრძელ მაგიდაზე ერთი-მეორის მიყოლებით ჩაემწკრივებინა შუშის ბოცები, პლასტმასის კასრი, ვედროები, ქვაბები, ძაბრი, შლანგი და სხვა ატრიბუტი, რაც ”მეღვინეს” თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.
- პატივცემულო მაყურებელო, ახლა ბატონი მიხა ჩვენს თვალწინ სასწაულს მოახდენს: ათი კილოგრამი ყურძნისაგან ას ლიტრ სუფთა ღვინოს დააყენებს! ხომ ასეა, ბატონო მიხა - ას ლიტრს! - ჰკითხა კორესპონდეტმა მიხას.
- მაა! - ცაცია მიხამ დასტურის ნიშნად ხელები გაშალა.
- მაგრამ... ყურძენს რომ ვერ ვხედავთ?
- აგე, ყურძენი... - მიხამ ხელი წაავლო ათ ლიტრიან ბოცას, - ეს შარშანდელი ნაღდი ღვინოა!
- კი, მაგრამ... თქვენ ხომ დაგვპირდით, ყურძენი იქნებაო?!
- ბიჯო, ათი ლიტრა ღვინოი ათ კილო ყურძენზე მეტი არ არი?!
- ვაპროტესტებ! ჩვენ ყურძენზე შევთანხმდით!
- შვილო, სადღაა კახეთში ყურძენი? ყურძნის ნაცვლადა გლეხებს საზამთროი მოგვყავს!
- ყურძენი! ყურძენი! თანაც, რითი დაამტკიცებთ, რომ მაგ ჭურჭელში მართლაც ნაღდი ღვინო ასხია?! - არ მოეშვა კორესპონდენტი.
- ეეე, ვერან! მე კახელი მიხა ვარ, ქალაქელი პიჟონი კი არა! რახანა ვამბობ, ესე იგი, ეგრეა!
- აბა, აბა! შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონდეს! მე ვიჩივლებ!
- შვილო, შე... - მიხამ სიტყვა არ დაამთავრა, კუთხეში მიგდებული მოზრდილი საზამთრო აიღო და კორესპონდენტს მიაჩეჩა. - აჰა, ეს შენა და გაჩუმდი!
კორესპონდენტმა საზამთრო შეათვალიერჶშემოათვალიერა და გაჩუმდა. მიხამ საქმე გააგრძელა:
- მოკლედ ეგრე: თავდაპირველადა ვიღებ ათ ლიტრა ღვინოსა და ვასხამ ას ლიტრიან კასრშია! ვამატებ ზედა ოთხმოცდაათ ლიტრა წყალსა! - მიხამ ქვაბებსა და ვედროებში წინასწარ მომარაგებული წყალი კასრში ჩაცალა, - შემდეგა, ღვინო-მჟავა ფხვნილსა დავაყრი და სპირტსა დავასხამ გემოვნებითა! ღვინო თუ ქორწილითვინ გინდა, სპირტი ბევრი უნდა უქნა! თუ ჭირისუფრითვინ გინდა, სპირტ ნაკლებსა უზამ! ეხლა ფერი დაგვრჩა... რა ფერსაც მაინდომებ, იგეთი ფერი იქნება - აგე, ”კალორი”! - მიხამ თითი მინის ქილებისაკენ გაიშვირა, რომლებშიც მუქი, ჩასქელებული ხსნარები ესხა, - თუ ქვევრში დაყენებული ღვინო გინდა გამოვიდეს, ეგაცა არაა პრობლემა - ტანინი და მისი ჯანი!
მიხა უეცრად კორესპონდენტს მიუბრუნდა, რომელიც ისევ საზამთროს დასჩერებოდა.
- ბიჯო, დაანებე თავი მაგ საზამთროსა, არავინ წაგართმევს! აქეთ მამხედე... - მიხამ კასრიდან თავისი ნახელავი ერთი ჭიქა ”ღვინო” ამოიღო და კორესპონდენტს გაუწოდა, - აჰა, შვილო, დალიე! იგეთია, სულა ძარღვებში წავა!
- ეგ რო დავლიო, ხო გამისკდა თავი!
მიხას კორესპონდენტის უარი არ ეპიტნავა.
- თავი არა, ტრაკი! დალიე მეთქი!
- აბა, აბა! პირდაპირ ეთერში უწმაწური სიტყვები არ იყოს!
- მუდრეგო! სადა ხედამ უწმაწურსა?! ეგა თუ უწმაწური რამ არი, მა რაღას დაატარებ თანა?!
- რომ დავატარებ აღნიშნულ ადგილს, მე მას შარვალი მიფარავს!
- მერედა, ვინ გითხრა შარვალი ჩაიხადეო?! ვინ არი, ეე, ვერანა! დამეკარგე აქედანა თორე, შენცა და მაგ შენ ტელევიზიასაცა დე...
ცაცია მიხა პირდაპირ ეთერიდან გამორთეს.
ეკრანზე რეკლამა გამოჩნდა.

***
გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა: ახალი ამბები - პოლიტიკა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, ჭორები, ჰოროსკოპი, ამინდი და სხვა! მოითავეს და ეთერი ისევ წრუწუნიჩისა და ნინკას ”შეხმატკბილებულმა” დუეტმა დაიკავა. წრუწუნიჩი უცნაურად ცქმუტავდა... ამ ეპიზოდში სცენარის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული რაიმე განსაკუთრებული ჩანართი და ნინკა მიხვდა, წრუწუნიჩი მორიგი ”სიურპრიზისათვის” რომ ემზადებოდა.
- რა დაგემართა, რას ცქმუტავ? - ჰკითხა ნინკამ.
- ვერ ხედავ, ჩვენი ოპერატორი რაღაცას გვანიშნებს, მაგრამ რას, ვერ ვხვდები! რაო, რაო?! არ მესმის! - წრუწუნიჩმა ყურებზე ხელები მიიბჯინა, - რაო, კამერა გაიჭედაო! ნინკა, გაიგე? ობიექტივს შენკენ ვეღარ ატრიალებს! კადრში მხოლოდ მე ვჩანვარ!
- მართლა? ესე იგი, მე თამაშგარე მდგომარეობაში ვარ?
- ჰო, მაგრამ მე ამას არ დავუშვებ! ჩემს ადგილს გითმობ!
- მერე, შენ?
- მე? კარგი, ორივენი ერთად დავსხდეთ ჩემს სკამზე!
- დავეტევით?!
- რა თქმა უნდა!
- წრუწუნიჩ, ნამდვილი ჯენტლმენი ხარ!
ნინკა წრუწუნიჩს გვერდით მიუსკუპდა.
- ნინკა, მოდი, ზურგი-ზურგ დავსხდეთ, ვითომ მდინარის პირას რიყის დიდ ქვაზე ვსხედვართ...
- ჰო, ასე ჯდომა სჯობია! ასე თითქოს მდინარის ჩუხჩუხიც სხვანაირად ისმის... - ნინკაც აჰყვა წრუწუნიჩს ოცნებაში, _ ჩიტების ჟრიამული...
- არა, ჩიტებს სძინავთ! ღამეა, თავზე მთვარე გვადგას...
- ჰო, მართალი ხარ, ღამეა! აი, ვარსკვლავი მოწყდა...
- ნინკა, შეგიძლია, კიდევ დიდხანს იჯდე ასე?
- შემიძლია!
- მთელი სიცოცხლე?
- ...
- დუმილი თანხმობის ნიშანია! ნინკა, წამომყევი ცოლად! ჩავთვალოთ, რომ ეს ის თხოვნაა, რომლის შესრულებასაც სულ ცოტა ხნის წინ მთელი ქვეყნის წინაშე დამპირდი!
დუმილი ჩამოვარდა.
- წამოგყვები!.. - თქვა ნინკამ მორცხვად.
ასე შეირთო წრუწუნიჩმა პირდაპირ ეთერში ცოლი!
P.S.  ბედნიერი ოჯახი შექმნეს, გამრავლდნენ: ბიჭი, გოგო... ბიჭი, გოგო... მათი ტელედუეტის დროებითი დაშლა მხოლოდ ნინკას დეკრეტში გასვლისას ხდებოდა.



                                           

                  რამოდენიმე წლის შემდეგ




დროთა განმავლობაში წრუწუნიჩი და ნინკა საყოველთაოდ ცნობილ, საზოგადოებისთვის საყვარელ ტელეწამყვანებად იქცნენ. მიუხედავად პოპულარობისა, მათ შესძლეს პირვანდელი უბრალოებისა და უშუალობის შენარჩუნება. იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთი ადამიანი წრუწუნიჩს ბატონობით მიმართავდა, - ”ბატონო წრუწუნიჩ, ასე და ასეო...” მაგრამ, ეს ორი სიტყვა ”წრუწუნიჩი” და ”ბატონი”, იმდენად არ ეთავსებოდა ერთი მეორეს, რომ წრუწუნიჩი ყველასათვის, ისევ და ისევ, უბრალო წრუწუნიჩად დარჩა! რაც შეეხება ნინკას, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დროში მრავალშვილიანობა გმირობის ტოლფასია, საზოგადოებამ დაასკვნა: ნინკა, სულ მცირე, ნინად უნდა წოდებულიყო! ასე დაასკვნა და ასეც მოხდა!

ტელეკომპანია  ”მირაჟი”
ხუთშაბათი, 16.IV

14.00სთ. პირდაპირ ეთერში გადაიცემა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი წრუწუნიჩისა და ნინას მონაწილეობით.

                                    აღნიშნული დღის 14.00სთ.


სტუდიის შუაგულში მომღიმარი ნინა გამოჩნდა. თბილად მიესალმა ტელემაყურებელსა და სტუდიის კიდეში, რამოდენიმე რიგად მჯდომ ოციოდე სტუმარს და იმის ნაცვლად, კონცერტი გახსნილად გამოეცხადებინა, დაბნეულმა თვალების აქეთ-იქით ცეცება იწყო. ყველა მიხვდა, რომ ის წრუწუნიჩს ეძებდა. სტუდიაში ჩამოწოლილი მხიარული დუმილი რამოდენიმე წამში ნინას მობილური ტელეფონის წკრიალმა გაფანტა (აბონენტის ხმა, რომელიც ნინას დაუკავშირდა, რაღა თქმა უნდა, ყველას გასაგონად გაისმა):
- წრუწუნიჩი ვარ, სადაცაა სტუდიაში შემოვაბიჯებ!
- გადაცემა დაიწყო... სად ხარ აქამდე?!
- უნივერმაღ ”ბავშვთა სამყაროში” ვივავი... სავსე ტომარა პისტოლეტები შევიძინე!
- რაში გჭირდება?
- დეპოზიტზე ანგარიში არ მაქვს... წამი-წამზე მობილური გამეთიშება, - მოვალ და გეტყვი!
ტუ... ტუ... ტუ... - კავშირი გაწყდა.
- გადამრევს ეს კაცი! - ჩაილაპარაკა ნინამ.

***
ზურგზე ტომარამოგდებული წრუწუნიჩი სტუდიაში ქოშინით შემოვარდა.
- აი, შეხედე, ნინა... - ტომარა გადმოაპირქვავა, - ეს იარაღი ერთ დივიზიას ეყოფა!
- ეს ხომ სათამაშოებიაა?!
- სათამაშოები უძახე შენ... თითოეული მათგანი პლასტმასის პაწაწკინტელა ნამდვილ ბურთულებს ისვრის! გვარი დამავიწყდა იმ ოხერის... აი, ის, საყოველთაოდ ცნობილი მანიაკი რომ იყო, - თავისი ერთჶერთი მსხვერპლი სწორედ ასეთი პისტოლეტით გამოასალმა სიცოცხლეს! ოღონდ, ამ შემზარავი საქმისთვის მას ზუსტად ათი ათასი ერთეული ტყვია (პლასტმასის პაწაწკინტელა ბურთულა) დასჭირდა! საბრალო მსხვერპლს ათი ათასივე ცალ, ღია თვალში თანმიმდევრულად დააცალა!
- ცალ, ღია თვალში? - ვითომდა გაკვირვებით, გაიმეორა ნინამ.
- ხო, სწორედ, ცალ თვალში! ბურთულების აღნიშნული რაოდენობა ორივე თვალზე რომ გადაენაწილებინა, მსხვერპლში ეს გამოიწვევდა ხანგრძლივ შოკს და სრულ დაბრმავებას! ანუ, გადარჩებოდა ის უბედური!
- კი მაგრამ, ვინ იყო ასეთი, ასე ხანგრძლივად თვალდაჭყეტილი რომ გაუჩერდა?! იტყუები რაღაცას!
- ჰო... - შეიშმუშნა წრუწუნიჩი. - შესაძლოა ჯერ სხვაგვარად მოკლა და შემდეგ, ესროლა! რა მნიშვნელობა აქვს ამას! მთავარია, პისტოლეტი რაღაცას ისვრის, ესე იგი, ამ ნივთით ნებისმიერი ადამიანის შეშინება შეიძლება! აი, შენ, მაგალითად, არ გეშინია?! - წრუწუნიჩმა ნინკას სათამაშო პისტოლეტი მიუშვირა, თან გადატენა, - თვალი მაჩვენე, თვალი!
- მომწყდი თავიდან! გადარეულო! - აკივლდა ნინკა, სახეზე ხელები აიფარა და წრუწუნიჩს ზურგი აქცია.
- აჰა, ხო შეგეშინდა?! გოგო, მართლა კი არ გესროდი... უბრალოდ, დაგარწმუნე, რომ ასეთი პისტოლეტით ადამიანების შეშინება შესაძლებელია!
- კი, მაგრამ... ვის შეშინებას აპირებ?! ან, რატომ აპირებ?! შენ საქველმოქმედო კონცერტზე იმყოფები, პოლიგონზე კი არა! სტუდიაში ისე შემოვარდი, არც ტელემაყურებელს მისალმებიხარ, არც სტუმრებს!
- აა, ჰო... მივესალმები... პრობლემა არაა! მაგრამ... - წრუწუნიჩმა ნინას სახე ყურთან მიუტანა და ყველას გასაგონად ჩასჩურჩულა, - სწორედ მაგათ შეშინებას ვაპირებ! რომ იძახი, საქველმოქმედო კონცერტიაო, - სად ველოდოთ, ვინ რას გაიმეტებს საბრალო ბავშვებისათვის?! უნდა წავართვათ! არსენა, ხომ გახსოვს, - მდიდარს ართმევდა, ღარიბს აძლევდა! ჰოდა, არსენას უნდა მივბაძოთ!
ნინამ მძიმედ ამოიოხრა.
- კაცო, ის არსენა იყო... შენ წრუწუნიჩი ხარ!
- ეგ რა შუაშია?!
- იმ შუაშია, რომ არსენა დააპატიმრეს... ჩვენ უარესი დაგვემართება!
- ჩემთან ერთად ხარ, ნუ გეშინია! ქვეყნად ჩვენი დამჭერი რომ იყოს ვინმე, აქამდე დაგვიჭერდა! გახსოვს, ძალოვნებთან ჩვენი პირველი კომფლიქტი, - შენი ხუთლარიანის პირდაპირ ეთერში გათეთრების ფაქტმა გამოიწვია?! მას მერე, ისაო, ესაო, მაგათ მიზეზს რა გამოულევთ?! ყველაფერი გათვლილი მაქვს: დღევანდელი ”ღონისძიების” დასრულებისთანავე აქედან ისე გავქრებით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები გაოცებისაგან ჰაერში ხელებს გაასავსავებენ! რაც მთავარია, კვალს არ დავტოვებთ(!), თუ როგორ და რანაირად ახლა რომ გითხრა, სტუდიიდან სტუმრები გაგვექცევიან! - წრუწუნიჩმა მრავლის მეტყველად ჩაახველა, - დავიწყოთ კონცერტი: აჰა, შენ ერთი პისტოლეტი, ფრთხილად, დატენილია... ქალო, მე კი ნუ მიშვერ, ტელემაყურებელს მიუშვირე! განსაკუთრებით, ბიზნესმენები გამოარჩიე!
სათამაშო პისტოლეტ მომარჯვებულმა ნინამ ღიმილით გამოაცხადა, რომ ჩვენს წინაშე წარსდგებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა ვოკალური ტრიო - ”სიმი”, გიტარის თანხლებით! სამი ახალგაზრდა, გიტარა მომარჯვებული ვაჟი სტუდიის სცენაზე ღიმილით გამოიშალნენ, მიკროფონის წინ ოვალი შეკრეს და ის იყო, სიმღერა უნდა დაეწყოთ, მათ წარბშეკრული წრუწუნიჩი მიუახლოვდა, ერთჶერთ მათგანს მუცელზე სათამაშო პისტოლეტი მიაბჯინა და უბრძანა:
- გაიცინე!
არა მარტო პისტოლეტ მიბჯენილს, დანარჩენებსაც ისეთი სიცილი წასკდათ, პირი სასადილოს უთავსახურო ქვაბებისავით დააღეს. დააღეს და, წრუწუნიჩმა მაშინვე იმარჯვა: სამივეს პირები, როგორც კვალიფიცირებულმა სტომატოლოგმა, ისე შეუმოწმა.
- არა... - ნაღვლიანად დაასკვნა, - ამათ ოქროს კბილები არა აქვთ!
სტუდიაში ყველა გაშრა, უცაბედად ვერ მიხვდნენ თუ რა იგულისხმა წრუწუნიჩმა. გაურკვევლობის აღმოფხვრას ნინა შეეცადა:
- შენ რა, მათ კბილების დაძრობას უპირებდი?!
- ჰო... აბა, ჯიბეების გაჩხრეკას აზრი არა აქვს, - სტუდენტები არიან... ფული არ ექნებათ!
- დავიღუპე... - ჩურჩულით თავში ხელები შემოირტყა ნინამ.
- ნინა, ნუ ნერვიულობ! ყაჩაღობა დასწყისშია ძნელი... მერე და მერე, ბრაზიც კი გერევა ”დაზარალებული” ღიმილით რომ არ იტრიალებს ჯიბეებს!
წრუწუნიჩი და ნინა განზე გადგნენ, სცენა ტრიოს დაუთმეს. უნდა აღინიშნოს, რომ ტრიომ განსაზღვრული სამი სიმღერის ნაცვლად, ორიც რის ვაიჶვაგლახით შეასრულა, - წრუწუნიჩის გადამკიდე ხან ერთს წასკდებოდა სიცილი, ხან მეორეს. ერთხელაც, სამივე ერთდროულად ახარხარდა, რამაც სიმღერის ჩაშლა გამოიწვია. ამ ნეგატიურ ფაქტს, რაღა თქმა უნდა, კონცერტის მსვლელობაზე უარყოფითად არ უმოქმედია. როცა ”სიმმა” იქაურობა დატოვა, სცენას ისევ ”პისტოლეტმომარჯვებული” წრუწუნიჩი და ნინა დაუბრუნდნენ. წრუწუნიჩი, როგორც გამცდილი ყაჩაღი, ”პისტოლეტს” ისე ატრიალებდა. ამის შემდეგ, რაღაც ხანს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ძირითადად, ნინა აქტიურობდა, - გამოაცხადა საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, ბანკის ანგარიში, სადაც მსურველები თანხებს გადარიცხავდნენ და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. სტუდიის მონიტორზე კადრები აჩვენეს, თუ ბავშვებს თავშესაფრებში რაოდენ არასახარბიელო პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. ბოლოს, დრო დადგა კონცერტის მორიგი მონაწილენი წარედგინათ სცენაზე - ქართულ-ხალხური ფოლკლორული ანსამბლი ”უშბა”, მესტიიდან! ტაში! ჩოხებში გამოწყობილი, ხანჯლებით წელდამშვენებული რვა კაციანი ჯგუფი მაყურებლის წინაშე ომახიანად წარსდგა. წრუწუნიჩმა, ისინი, ჯერ შორიდან შეათვალიერა... შემდეგ, მიუახლოვდა, - ანსამბლის წევრებს თვალი თვალში გაუყარა, წელში გაიჭიმა და ასე გაჭიმულმა, მათ თავი ღირსეულად დაუკრა! ასეთი საქციელის შემდეგ, წრუწუნიჩი ნინას მიუახლოვდა.
- ნინა, ამათ ზედმეტი არაფერი აკადრო... ”ხმლები” აქვთ!
ისევ სიცილი, ისევ ხარხარი...
”უშბას”, ”სიმისაგან” განსხვავებით, რეპერტუარი არ შეშლია. მალე, ისინიც გაუჩინარდნენ სცენიდან. კადრში ისევ წრუწუნიჩი და ნინა გამოჩნდნენ.
- რა ხდება? - იკითხა წრუწუნიჩმა, თან ”პისტოლეტს” ლულაში ჩახედა და სული ჩაბერა. - ჯერ არავის მოსვლია ხო აზრად, ნებით გადმოაპირქვავოს საფულე?! დავუცადოთ კიდევ, მცირე ხანს... - მოკლე პაუზის შემდეგ გააგრძელა, - ...ისე, ნინა, შენ როგორ ფიქრობ: თუ ვინმემ ბავშვებს ნებით შემოსწირა თანხა, უდღეგრძელებელს ხომ ვერ გავუშვებთ ეთერიდან?!
- წრუწუნიჩ! ეთერში მორიგი ლოთობის უფლებას არ მოგცემ!
- არა, ქალო... რა ლოთობა! უბრალოდ, აი აქ, დეკორაციის უკან, ერთი ბოთლი შავი ღვინო ვიპოვე - ”ბადაგონი...” ესაა და ეს!
- წრუწუნიჩ! - ნინამ ახლა უკვე მუშტი მოუღერა წრუწუნიჩს.
- ეს ღვინო მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა! მოდი და თავად წაიკითხე იარლიყზე რა აწერია: ბა-და-გო-ნი! ასეთი ღვინო, ცხოვრებაში არ მღირსებია! ვერ გადავაქცევ!
წრუწუნიჩმა ბურტყუნით ბოთლს თავი მოხსნა, ჩამოასხა ღვინო ჭიქაში, იმ ჭიქაში, რომელიც იგივე დეკორაციის უკან ასევე შემთხვევით იპოვნა და... არ დულევია! ბოთლი და სავსე ჭიქა სცენაზე შემაღლებულ, კარგად გამოსაჩენ ადგილზე (იარლიყით ტელემაყურებლისაკენ) პატივით შემოდგა.  ამის შემდეგ, ის ბოლთის ცემას მოჰყვა. ორი-სამი წრეც არ ჰქონდა გავლილი, მოუთმენლობა დაეტყო.
- კი მაგრამ, სადამდე უნდა ველოდოთ?! ვერ ვიტან დუმილს, სიჩუმეს! ახლა სტუდიაში უნდა ისმოდეს კივილი, წივილი! აი, ასეთი: ფული მომეეცი! არა მაქვს! როგორ არა გაქვს! აჰა, წაიღე... - და ეს: ”აჰა, წაიღე...”, ჩემო ნინა მე თუ მკითხავ, მელოდიაა! ეჰ, ჯანდაბას ჩემი თავი, სანამ ვინმე დასაყაჩაღებელი გამოჩნდებოდეს, შენ მე დამაყაჩაღე!
- მე შენ დაგაყაჩაღო?
- ჰო, ჩქარა, სანამ გადავიფიქრე!
- შენ რა, გინდა თქვა, სტუდენტებისაგან განსხვავებით, ფული გაქვს?!
- შენ ხელში ფული რანაირად გამიჩერდება - ბავშვის კვებაო, ისაო, ესაო... ეჰ! ერთი ნახატი მაბადია, საკუთარი ხელით დახატული, - ძვირად გაიყიდება!
- ოო... ეს ძალზედ საინტერესო შემთხვევაა - ამდენი წელია გაიძახი მხატვარი ვარო და... ვნახოთ, როგორი ხატვა იცი! შემოიტანე ნახატი!
- გიჟი კი არა ვარ, ნებით შემოვიტანო! პისტოლეტის მუქარით უნდა მაიძულო მისი შემოტანა!
ნინას გაეცინა.
- გოგო, რას იცინი! ყაჩაღი ხარ თუ ჟურნალისტი? მრისხანება უნდა გამოაჩინო!
- აჰა, გიშვერ პისტოლეტს, - დაუყოვნებლივ, მოიტანე ნახატი! - ნინამ წარბები შეკრა.
- აი, ეგ კარგია! ოღონდ, ძალიანაც ნუ აჩქარდები, მაცადე, ჩემი პისტოლეტი დავმალო... თორემ, ზოგიერთები იფიქრებენ, რომ ჩვენ ერთმანეთი დუელში გამოვიწვიეთ! აჰა, მზადა ვარ! ვიწყებთ! - წრუწუნიჩმა უმწეო ადამიანის გამომეტყველება მიიღო, - არ გაგივარდეს, შენი ჭირიმე... აი, უკვე მომაქვს!
წრუწუნიჩმა სტუდიაში რაღაც უცნაური, ფარდაგადაფარებული კონსტრუქცია შემოაგორა.
- ეს რა არის? ქანდაკებას უფრო გავს!
- ეს მოლბერტია! მასშია ჩამაგრებული ჩემი ”შედევრი”! შეგიძლია, შემოხსნა ფარდა!
ნინა ფარდით დაფარულ ”შედევრს” მიუახლოვდა...
- შენ, თავად რატომ არ შემოხსენი ფარდა?! რაიმე ოინს ხომ არ მიმზადებ?!
წრუწუნიჩმა უარის ნიშნად ხელები გაასავსავა.
- კარგი, გენდობი... ძალიან მაინტერესებს, რა იმალება შიგნით!
ის, რაც მოლბერტზე ფარდის ჩამოხსნის შემდეგ გამოჩნდა, შედევრისა რა მოგახსენოთ და, ნახატის ცარიელი ჩარჩო ნამდვილად იყო. თუმცა, ამ ჩარჩოს კიდეებში შემორჩენილი ტილოს ნაგლეჯები მიუთითებდა იმაზე, რომ მასში ოდესღაც მართლაც იყო ფერწერული ნამუშევარი მოთავსებული.

     

- ვინ გაგინადგურა ”შედევრი”?
- რა ეტყობა მას განადგურებულის?! საუცხოო, სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოებია!
ამ სრულყოფილ, მხატვრულ ნაწარმოებში (ანუ იმ სიცარიელეში, რომელიც ჩარჩოს შიგნით იყო), ნინამ ირონიულად მიავლ-მოავლო ხელი, თითქოს ამოწმებდა, მართლაც სიცარიელე არის თუ მეჩვენებაო, და სანამ რაიმეს იტყოდა, წრუწუნიჩმა დაასწრო:
- ამ ”შედევრთან” დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სახელწოდებაა: ”ვანდალიზმი”!
- ”ვანდალიზმი” ჰქვია მას?
- ჰო, ვანდალიზმი ჰქვია! აი, მითხარი: მხატვრობაში უფრო ზუსტად, უფრო მკაფიოდ, სხვანაირად, როგორ შეიძლება ასახო ეს თემა?!
- ჰოო... - ნინამ მრავლის მეტყველად გადააქნია თავი, - ყოჩაღ, წრუწუნიჩ! ქმარი მხატვარი მყოლიხარ და ჩემდა სასირცხვილოდ, ეს არ ვიცოდი!
- ახლა ხომ იცი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ვფიქრიბ, დავიმსახურე ერთი ჭიქა ”ბადაგონი”!
- არ დაგიმსახურებია! ეს შენი ”შედევრი” ნებით რომ შემოგეწირა, სხვა საქმეა! და ვინაიდან ის მუქარის ძალით წაგართვი, ერთი ჭიქა ღვინო მე უფრო მეკუთვნის!
ნინა მიუახლოვდა ბადაგონით სავსე ჭიქას და... მოწრუპა.
- კიდევ კარგი, ბოლომდე არ გამოცალა! - ჩაიბურტყუნა წრუწუნიჩმა.
- რა თქვი?!
- არაფერი! 
- ჰო, მოკლედ... წაგართვი მე ეს ”შედევრი”! ეხლა, რა ვუყო მას?
- აუქციონი მოვაწყოთ, ვნახოთ, გადაცემის ბოლომდე მასში ვინ რამდენს გადაიხდის! შემოსული თანხა, რა თქმა უნდა, ბავშვებს მოხმარდებათ!
- კარგი აზრია... ვნახოთ ვინ რამდენს გადაიხდის!
კონცერტი გაგრძელდა - მოცეკვავეები... ისევ მომღერლები... ვიღაც ცნობილმა პოეტმა ლექსები წაიკითხა! და თანდათან ტელემაყურებლისაგან გაღებული პირველი შემოწირულობანიც გამოჩნდა.


ბანკის ანგარიშზე ზოგმა სოლიდური თანხა ჩარიცხა, ზოგმა მცირედი. ზოგმა ისურვა თავისი სახელი საქვეყნოდ გამოცხადებულიყო, ზოგმა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. წრუწუნიჩი და ნინა სტუდიაში შემოსულ ყოველ ახალ სატელეფონო ზარს წარბშეკრული და პისტოლეტმომარჯვებული ეგებებოდნენ! სულ მალე, წრუწუნიჩის ”შედევრსაც” გამოუჩნდა მყიდველი - პიროვნებამ მასში სოლიდური თანხა შესთავაზა! ამ უკანასკნელი შემთხვევით აღფრთოვანებულმა ნინამ, მეუღლეს მხარი გაკრა, - ეე, ბიჭო, ”კლიენტი” ხელიდან არ გაუშვაო!
- მოიცა, ნინა... ჩქარობ! კბილებამდე შეიარაღებულნი ვართ... იქნება, ვინმეს მეტი ”წავგლიჯოთ”!
და მართლაც, მცირე ხნის შემდეგ, სხვა პიროვნებამ ”შედევრში” გადასახდელი თანხა გააორმაგა! უფრო მოგვიანებით, ვიღაცამ გაასამმაგა! შემდეგ, ამ უკანასკნელის ”რეკორდიც” მოხსნეს... კიდევ, კიდევ და წრუწუნიჩმა, რა იგრძნო, ზედმეტი მოსდიოდა, აუქციონი დახურულად გამოაცხადა - ”ვანდალიზმი” გაიყიდა! რამოდენიმე წუთში ბანკმა დაადასტურა თანხის ანგარიშზე დაფიქსირება. ”ვანდალიზმთან” დაკავშირებით, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კურიოზული თავგადასავალი: სტუდიაში დარეკა მამაკაცმა, რომელმაც სურვილი გამოთქვა შეეძინა წრუწუნიჩის ნებისმიერი მხატვრული ნამუშევარი.
საგონებელში ჩავარდნილმა წრუწუნიჩმა თავი მოიქექა...
- დაა... - თქვა ”მხატვარმა”, - თქვენ, პატივცემულო, ტერიტორიულად სად ცხოვრობთ? - მიმართა სატელეფონო ხაზზე მყოფს.
- ვაკეში...
- ოო... ესე იგი, ვაკიდან გმირთა მოედნამდე რამოდენიმე წუთში მობრძანდებით! ცირკის სალაროებიც იქვეა, სახეზე იმედია მიცნობთ, გელოდებით ”შედევრით”! ფული რაც შეიძლება ბევრი წამოიღეთ - შეგევაჭრებით! ჩვენი გარიგების შესახებ არსად სიტყვა არ დაგცდეთ! ”ოპერაციის” დასრულებისთანავე, მე თქვენ არ გიცნობთ, თქვენ მე! - წრუწუნიჩმა შემპარავი მზერა მოავლო იქაურობას, _ კავშირის დასასრული! _ თქვა მან და ხელი ისე დაიქნია ქვევით, თითქოს ტელეფონის ყურმილი ეჭირა და აპარატს დაახეთქაო.
- ნინა, რაღაც ხანს სტუდიაში ჩემი მაგივრობა შენ უნდა გასწიო... ძალიან კი მერიდება, მაგრამ საპირფარეშოში ვარ გასასვლელი!
სტუდია ახარხარდა. წრუწუნიჩმა მორცხვად გააგრძელა:
- ნინა, რატომ იცინი? ასეთი რამ, ყველას შეიძლება დაემართოს... ნუ, მოკლედ, ჩათვალე, რომ მე უკვე საპირფარეშოში ვარ! ტელემაყურებლისაკენ მიბრუნდი, აქეთ ნუ იყურები!
ხარხარმა უფრო იმძლავრა.
- ნინა, ისევ მიყურებ?! პირდაპირ, უხერხულ სიტუაციაში მაგდებ - მართალია, ჯერ საპირფარეშოს წინკარში, ონკანთან ვდგავარ, პირზე წყალს ვისხავ, მაგრამ შემდეგ... მიხვდი, ხომ?!
ნინას წრუწუნიჩისთვის თვალის არიდება არც კი უცდია.
- ნინა! უკანასკნელად გაფრთხილებ: გაიხურე კარები! თუ არ გაიხურავ, მეც იგივეს გაგიკეთებ, როცა სახლში მოხვალ!
ნინამ ”საპირფარეშოში მყოფ” მეუღლეს, როგორც იქნა, ზურგი აქცია. წრუწუნიჩმა შვებით ამოისუნთქა და იქაურობას კიდევ ერთხელ მოავლო შემპარავი მზერა. ამის შემდეგ, მოლბერტში ჩამაგრებულ, გაყიდულ ”ვანდალიზმს” მიუახლოვდა, მოხსნა მოლბერტიდან, იღლიაში ამოიჩარა და გასასვლელისაკენ ფეხაკრეფით გაემართა.
- წრუ-წუ-ნიჩ! - დაუძახა ნინამ.
წრუწუნიჩმა წაიყრუა.
- წრუ-წუ-ნიჩ! - ახლა უფრო ხმამაღლა დაუძახა ნინამ.
წრუწუნიჩი ერთ ალაგას შედგა, - ნინას ცივად გახედა... სტუდიაში წრე შემოუარა და ”ვანდალიზმი” ძველ ადგილზე, მოლბერტზე დააბრუნა, და ვითომდა სასხვათაშორისოდ, თავის მართლებას მოჰყვა:
- ძალიან ცუდ ადგილზე იდო... სულ მთლად დაიმტვერა! იმხელა თანხა გადაიხადა მისმა ახალმა მფლობელმა! პირდაპირ, არ ვიცი...
- წრუწუნიჩ, ვფიქრობ, ხატვას შენ სერიოზულად უნდა მოკიდო ხელი!
- ხოო... ეგ კარგი აზრია, მაგრამ ეხლა იმ კაცს რა ვუყო, ცირკის სალაროებთან რომ მელოდება?!
- არა უშავს, შენ ნახატებს სხვა მყიდველები გამოუჩნდებიან! ახლა კი, გულზე დარდი რომ შემოგეფანტოს, შეგიძლია ერთი ჭიქა ”ბადაგონი” მიირთვა!
- შენ პირს შაქარი...

***
დრო მოვიდა კონცერტის მორიგი მონაწილენი წარედგინათ. წრუწუნიჩმა ნაღვლიანად ერთი კიდევ გახედა ”ვანდალიზმს”, ხელი ჩაიქნია და სცენიდან გასვლის წინ, ჩაიბურტყუნა: ”რა კლიენტი გავუშვი!..” მომღიმარმა ნინამ სცენაზე გომომსვლელნი წარადგინა... ისევ ცეკვა, ისევ სიმღერა! ამასობაში კი, შემოწირული თანხა სულ მაღალ და მაღალ ნიშნულს აღწევდა. ყოველი მუსიკალური ჩანართის შემდეგ სცენას წრუწუნიჩი და ნინა უბრუნდებოდნენ:
- ნინა, აი, ხომ ხედავ ”პისტოლეტის” ძალას, ბანკში ანგარიშზე რამხელა თანხამ მოიყარა თავი! შენ კი არ გეწყინოს და, შენიშვნა უნდა მოგცე (რადგან თანხა უფრო მეტიც შეიძლებოდა მოქუჩებულიყო) - მეტი მრისხანების გამოჩენა გმართებს! ეს მრისხანება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ხაზზე ტელემაყურებელია, - კივილით უნდა გადახტე განზე... გადმოხტე! მართალია, ხელთ ყუმბარები არ გვიპყრია, მაგრამ... რა გენაღვლება, გაიქნიე ეს ცარიელი ხელი - იქნება მაინც აფეთქდეს რამე! შენ ზოზინებ... მიხვრა-მოხვრა გიჭირს... მგონი, გასუქდი კიდეც! შემთხვევით, ორსულად ხომ არ ხარ?!
- ორსულად ვარ! ოღონდ, შემთხვევით არა!
წრუწუნიჩმა პირი დააღო.
- როგორ?!
- როგორ თუ როგორ?! როგორ და ისევ ისე, როგორც წინა შემთხვევებში!
წრუწუნიჩი ნინას მიუახლოვდა და მის ოდნავ გამობურცულ მუცელს დააშტერდა.
- აა, ხო... გამახსენდა, ეს როგორ მოხდა!
სტუდიამ წრუწუნიჩი და ნინა მხურვალე აპლოდისმენტით დააჯილდოვა.
- რადგან ორსულად ხარ, - წრუწუნიჩმა ღიმილით გააგრძელა. - თავს ძალიანაც ნუ დაიტვირთავ... ნერვიულობა არ შეიძლება შენთვის! წეღან რომ თქვი - არსენასავით დაგვაპატიმრებენო(!), არც კი გაიფიქრო ეგ სისულელე! თავისუფლად იმოძრავე სტუდიაში, ნაფეხურებსა და თითის ანაბეჭდებს რომ ვტოვებთ, ამაზე არ იდარდო! სტუდიიდან ჩვენი გასვლის თანავე, აქ ქვაჶქვაზე აღარ დარჩება! ამის შესახებ წეღანაც ვაპირებდი თქმას, მაგრამ... დარბაზიდან სტუმრები გაგვექცეოდნენ!
- რა გაქვს ამისთანა ჩაფიქრებული, სტუდია ხომ არ დამინე?!
- სწორედაც რომ დავმინე! ტელევიზიაში აწყობილი ბომბის შემოტანა, კოლეგავ, მოგეხსენება, რთული საქმეა! მე ის აქ დაშლილი შემოვიტანე... მოდი ეხლა ერთად ავაწყოთ!
წრუწუნიჩმა ერთ-ერთი დეკორაციის უკნიდან პოლიეთილენის გამჭირვალე პარკი გადმოიღო, რომელშიც თხუთმეტიოდე, ნატურალური, ყვითელი ლიმონი იყო ჩალაგებული. ნინას მიუბრუნდა:
- ეს ”ლიმონკებია”!
- რაა?!
- ნუ... როგორ აგიხსნა  ”ლიმონკა” დიდი რაოდენობით შეიცავს ფეთქებად ნივთიერებას! ამ პოლიეთილენის პარკში კი, თავად ხედავ, აღნიშნული რამ არა თითო-ოროლა, არამედ, მრავლად არის თავმოყრილი! ბომბის დასამზადებლად, ასევე გვესაჭიროება ენერგიის წყარო, რომელმაც ნაპერწკალი უნდა წარმოშვას, - ეს არის: ”კრონა”!
”კრონათ“ წოდებული მცირე ზომის ელექტრო ბატარეა, წრუწუნიჩმა ჯიბიდან ამოიღო და პოლიეთილენის პარკში ჩაუძახა...
- ეს კი, ”ბოლტია”! ქართულად მას ჭანჭიკი ქვია. რკინის ნაჭერი აფეთქების ტალღას მეტად დამანგრეველს ხდის! ბომბის სრულყოფისათვის, ასევე ჩვენ დაგვჭირდება საათი, - აფეთქების ზუსტი დრო რომ განვსაზღვროთ!
წრუწუნიჩმა, საათის ამოსაღებად ისევ შარვლის ჯიბეში ჩაიყო ხელი. მაგრამ... მისდაგასაკვირად, იქ საათი ვერ აღმოაჩინა. სხვა ჯიბეები მოიჩხრიკა... ვერც იქ იპოვა! მცირეოდენი ფიქრის შემდეგ, ყველა ჯიბე ხელახლად, საგულდაგულოდ გადაამოწმა, - ისევ ამაოდ! და ამის შემდეგ, გაახსენდა:
- საათს რა უნდა ჯიბეში?! საათი მაჯაზე მიკეთია!
ყველას დასანახად აიწია სახელო და მაჯა გამოაჩინა...
დარბაზი სიცილ-ხარხარში ჩაიფლო, რადგან წრუწუნიჩს არც მაჯაზე აღმოაჩნდა საათი!
- საათი არ მაქვს! - თქვა მან.
- საათის გარეშე არ აფეთქდება ეგ შენი ბომბი?
- აფეთქებით კი აფეთქდება, ოღონდ ჩვენთან ერთად და არა ჩვენს გარეშე! იცი რაა ნინა, შენ უნდა მათხოვო შენი საათი! არ იდარდო, ახალს გიყიდი!
- მე არ მაქვს საათი!
- რატომ არ გაქვს?!
- შემპირდი გიყიდიო... და აი, უკვე მერამდენე წელია გელოდები!
- მართლა? ნუ, კარგი... რაც არის, არის, საათს უეჭველი გიყიდი! მითუმეტეს, შეგპირებივარ! მაგრამ ეხლა, სასწრაფოდ საათი უნდა ვიშოვოთ! სტუდიაში უამრავი სტუმარი გვყავს... ვინმეს ეთხოვე!
- არავინ არ მათხოვებს!
- რატომ არ გათხოვებს? უთხარი: სცენაზე ილუზიონისტი გვყავს მოწვეული და შენი საათი სჭირდებაო!
- შენზე ვუთხრა, რომ ილუზიონისტი ხარ?
- ჰო, ვითომ ილუზიონისტი ვარ! ეგრე, მცირე ხნით, მგელიც ხომ იყო წითელქუდას ბებია! იმას, ვისაც საათს სთხოვ, ილუზიონისტის ხსენებაზე ცირკი გაახსენდება! მარტო საათს კი არა, სიამოვნებით თვითონაც თან გამოგყვება! რატომ არ გამოგყვება, ბილეთში ფულს არ იხდის და რა ენაღვლება! ოღონდ, მამაკაცი არ წამოიყვანო... გადაგვაყოლებს იმ თავის საათს! ვინმე გოგო წამოიყვანე, - როცა მიხვდება, რაშიცაა საქმე, ერთი-ორს წამოიტირებს და გაჩერდება! სხვა მეტი რა უნდა დაგვაკლოს?!
- კარგი, წრუწუნიჩ, გემორჩილები... მივალ სტუმრებთან, ამოვარჩევ რომელიმე გოგოს, ვისაც საათი აქვს და... - ნინას სიტყვა გაუწყდა, ახლა უფრო მწარედ შემოირტყა თავში ხელი, - რას მაკეთებინებს ეს კაცი! - და ფეხათრევით სტუმრებისაკენ გაემართა.
იქ გამოარჩია ერთი გოგო, უთხრა, რომ მისი საათი ილუზიონისტს სჭირდებოდა და ისიც შესთავაზა, სურვილისამებრ ან თავის ადგილზე დარჩენილიყო, ან საათთან ერთად ”ილუზიონისტს” მიახლებოდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ”მსხვერპლმა” მახეში თავისი ფეხით გაბმა არჩია.
- ოოო... ეს რა საპატიო სტუმარი მოგიყვანია! - აღფრთოვანდა წრუწუნიჩი, ნინას მიუახლოვდა და ყურში (რა თქმა უნდა, ახლაც, ყველას გასაგონად) ჩასჩურჩულა:
- საათი აქვს?
- ვერ ხედავ, მაჯაზე რომ უკეთია! - უყვირა ნინამ.
- რას ყვირი, სტუმარი არ დამიფრთხო! გაიღიმე და... დანარჩენი, მე ვიცი!
წრუწუნიჩი ”საბრალო გოგონას” მიუახლოვდა და სანამ რაიმის თქმას მოასწრებდა, ამ უკამასკნელმა, მაჯიდან საათი სიცილით მოიხსნა და გაუწოდა.
- ოოო... - აღფრთოვანება, როგორც მცირე ხნის წინ, ახლაც ისე გამოხატა წრუწუნიჩმა, - თურმე, თქვენ უკვე ყველაფრის საქმის ყურში ყოფილხართ! საერთაშორისო ანტი-გამნამღველთა მსოფლიო ასოციაცია ”ნაღმები ყველგან!” არ დაივიწყებს თქვენს მიერ ნებაყოფლობით გაწეულ ფასდაუდებელ ღვაწლს! გთხოვთ, დაბრძანდეთ სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილ საპატიო სკამზე, რომელიც აქვე სცენაზე დგას!
წრუწუნიჩმა ბომბის უკანასკნელი კომპონენტი (მაჯის საათი) პოლიეთილენის პარკში ჩაუძახა, პარკს თავი მოუკრა და თვალებგაბრწყინებულმა, ნინას ახარა:
- ბომბი მზადაა!
- მზადაა?
- მზადაა!
- ეხლა რაღა უნდა ვქნათ?!
- რა და... - წრუწუნიჩმა ნინას საათის პატრონზე ჩურჩულით მიანიშნა, - ეს გოგო აქედან არ უნდა გავუშვათ! თუ გავუშვებთ, წავა და პოლიციაში დაგვაბეზღებს: საათი წამართვესო! პოლიციელების ამბავი ხომ იცი, იმავწამს ყველაფერს მიხვდებიან! მოკლედ, მე მის ყურადღებას მივიპყრობ... ამასობაში, შენ უკნიდან მიეპარე, სკამს წაავლე ხელი და სდრუზე! მართალია, ეს მისი ”დადუმების” არაცივილური მეთოდია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს!
- სკამი როგორ ვდრუზო, როცა თავად ზის ამ სკამზე?!
- ჰო, მართალი ხარ... სკამს ვერ სდრუზავ! ნახე, ნახე, შესახედავად რა პატარა გოგოა და წინასწარ როგორ ყველაფერი გათვალა! არაუშავს, ნინა, სხვაგვარად მოვახდენთ მის ”დადუმებას”! შენ წინა მხრიდან შემოუარე და გაართე, ამასობაში მე უკნიდან მივეპარები და მის სკამქვეშ ბომბს დავამონტაჟებ, სწორედ იმ ბომბს, ახლახანს რომ დავამზადეთ!
- კი, მაგრამ... მე როგორ უნდა გავართო იგი?
- როგორ და... ლამაზი ქალი ხარ - მუხლები აჩვენე!
- ჩემ მუხლებს ყურადღებას არ მიაქცევს... ეგეც ხომ ქალია!
- აა, ხო... ქალია! - წრუწუნიჩი საგონებელში ჩავარდა და უცებ წამოიყვირა, - ჩხუბი დაუწყე, შეაგინე! ასეთი სახითაც შეიძლება ყურადღების მიქცევა! მაგრამ... - იმავწამს, თავადვე უიმედოდ ეჩვენა თავისი იდეა, - ვერ შეაგინებ... შენ ხომ ქალი ხარ!
- წრუწუნიჩ, აი, ხომ ხედავ, გამოსავალი არ არის! უნდა დაშალო ეგ შენი ბომბი!
- არავითარ შემთხვევაში! მისი აწყობა დიდ წვალებად დამიჯდა! ნინა, სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად მარტივად არის, - დაეჭყანე, ენა გამოუყავი, ნებისმიერი საშუალებით სულ რამოდენიმე წამით მიიქციე მისი ყურადღება! მე, ამასობაში, ზურგიდან მივეპარები, - ჰოპ... და მორჩა!
წრუწუნიჩი აღარ დაელოდა, როდის შეასრულებდა ნინა მის უკანასკნელ მითითებას, სკამზე მჯდომ ”განწირულ გოგონას” ზურგიდან შემოუარა, ეგრეთ წოდებული ”ბომბი”, სკამქვეშ შეუგდო და თითქოს, არც არაფერი ხდებაო, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სტვენით გასცილდა!
- ნინა, გეთაყვა, მითხარი რამდენი ხნის შემდეგ მოვა ბომბის მექანიზმი მოქმედებაში?
- აბა, ეგ მე საიდან უნდა ვიცოდე?!
- როგორ თუ საიდან, საათის ისრები საჭირო დროზე არ დააყენე?!
- როგორ უნდა დამეყენებინა, როცა ”ბომბი” ხელში არც კი მჭერია?!
- ხო, ხელში არ გჭერია... მაგრამ, მე მაინც შენი იმედი მქონდა! დავიღუპეთ... ბომბი ნებისმიერ წუთას შეიძლება აფეთქდეს!
- ესე იგი, მოვკვდებით?!
- ნინა! შენ თუ გადარჩი, ჩვენი შვილები როცა წამოიზრდებიან უთხარი მათ: მამათქვენი მტრის მიერ დადებულ ნაღმზე აფეთქდაო... სამაგიეროდ, სხვები გადაარჩინაო!
- წრუწუნიჩ, ნუთუ ვეღარასოდეს ვნახავთ ერთმანეთს?!
- პანიკაში ნუ ჩავარდები! ვცადოთ, იქნებ, გადავრჩეთ კიდეც - მე ვიცი, რასაც მოვიმოქმედებ!
წრუწუნიჩი ”დანაღმულ გოგონას” ღიმილით მიუახლოვდა...
- ხომ არ მოიწყინეთ აქ, ჩვენთან, ტელევიზიაში?
უარის ნიშნად გოგონამ სიცილით თავი გააქნია.
- ესე იგი, მოგწონთ ჩვენთან! აქაურობა მართლაც და, ბრწყინვალე ადგილია! წამობრძანთით, ახლოდან დაგათვალიერებინებთ სტუდიას!
წრუწუნიჩმა გოგონას ხელმკლავი გაუკეთა, ხოლო მეორე, თავისუფალი ხელით ”ბომბს” (ანუ, ყვითელი ლიმნებით სავსე პოლიეთილენის პარკს) დასწვდა და ზურგსუკან ისეთნაირად ამოიჩარა, ვითომდა ხელთ არაფერი ეპყრა; საუბარი გაუბა:
- თქვენ რომ გენახათ, თუ როგორ გამოიყურებოდა აქაურობა რამოდენიმე წლის წინათ, გაოცებისაგან შეჰყვირებდით! რადგან რამოდენიმე წლის წინათ აქ არაფერი იყო! იყო მხოლოდ უკაცრიელი ტრამალი, ალაგ-ალაგ, გაუვალი ჯაგნარი! ჩვენ, ჟურნალისტები, მოვედით, მოვიყვანეთ ტექნიკა, მუშები! დღევანდელი დღესავით მახსოვს პირველი დღე, ტელევიზიას საძირკველს რომ ვუყრიდით, - პირადად მე, ნიჩაბი მეკავა! მოგეხსენებათ, დაპროექტება, მშენებლობა... ეს კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული. მარტო მლესავებმა იმდენი წაიღეს! აი, ბოლოში, იმ სვეტს ხედავთ? - წრწუნიჩმა დაბნეულ გოგოს სტუდიის კიდისაკენ გაახედა, სადაც სვეტის მსგავსი არაფერი იდგა, - ეს სვეტი ბავარიიდან ჩამოვიტანეთ, ბერლინელი არქიტექტორის მიერ დამზადებული კონსტრუქციაა!
- ვერ ვხედავ სვეტს!
- აჰ, ვერ ხედავთ? ეს იმიტომ, რომ სვეტი ჩვენგან ძალიან შორს არის... მართლაც და, ირგვლივ თვალუწვდენელი სივრცეა, არა!
სტუდია სიდიდით, ყველაზე მეტი, თხუთმეტი მეტრი თხუთმეტ მეტრზე თუ იქნებოდა.
- ახლა აქეთ მობრძანდით... ტელეკამერებს შეგიძლიათ ხელით შეეხოთ! აი, ეს არის ტელევიზია! მიხვდით ხომ, თუ რატომ ვეძახით ჩვენ, ჟურნალისტები ტელევიზიას ჩვენს სახლს?! რაღად გვინდა სხვა სახლი, როცა ამისთანა სახლი გვაქვს! ჰო, მართლა, სახლთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ: თქვენ გაქვთ სახლი? - დაბნეული გოგო სანამ გაიხსენებდა ჰქონდა თუ არა სახლი, პასუხი წრუწუნიჩმა თავის კითხვას თავადვე გასცა, - ოჰ, როგორ არ გაქვთ სახლი! აი, ვხედავ კიდეც თქვენ სახლს... თაროზე ჩაიდანი დგას! ჩაის ფერიც იქვეა... თქვენ გყვარებიათ ჩაი! ჩაი მარგებელი... გადასარევი გემოვნება გაქვთ! განა რა შეიძლება იყოს ჩაიზე უფრო კარგი?!
წრუწუნიჩის კითხვაზე გოგონამ მხრები აიჩეჩა.
- თუ თქვენ პასუხი არ გაქვთ, მე გეტყვით: ჩაიზე უკეთესი შესაძლოა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, სხვა სორტის ჩაი! როგორც ბრძანა ვლადიმერ ვისოცკიმ - ”მთებზე უფრო მაღალი შესაძლოა იყოს მხოლოდ მთები!” იცით, მე თქვენთვის საჩუქარი მაქვს... რადგან თქვენ ჩაი გიყვართ! - წრუწუნიჩმა გოგოს გაუწოდა ზურგს უკან დამალული ლიმნებით სავსე ”ფეთქებადი” პოლიეთილენის პარკი.
ისინი სტუდიაში ხელმკლავით წინ და უკან დასეირნობდნენ. გოგონამ პარკის თვალიერება იწყო, ლიმონებში ჩაფლულ თავის საათს ღიმილით დასჩერებოდა; წრუწუნიჩმა იგრძნო, გოგონა სადაცაა რაიმეს შეეკითხებოდა და სიტყვა, ამჯერადაც თავად დაასწრო - თითქოსდა ძალზედ დამფრთხალი, ერთ ალაგას შედგა:
- შესდექით! სიფრთხილე გვმართებს - სტუდიაში ჩვენ დანაღმულ ტერიტორიას მივუახლოვდით! ვიცი, გაგიკვირდებათ, რა უნდა სტუდიაში დანაღმულ ტერიტორიას?! ჩემი ბრალია! თავად არ ვიცი, სტუდია რატომ დავნაღმე! საჭიროა, რომ ყოველი ნაბიჯი ზუსტად ისეთი ტრაექტორიით გადადგით, როგორც ამას მე მოვიმოქმედებ და... არ აფეთქდებით! თქვენი აფეთქება არამც და არამც არ შეიძლება, რადგან... თქვენთან ერთად მეც ავფეთქდები!
წრუწუნიჩმა გოგონას ხელმკლავი გააშვებინა, მაჯაზე ნაზად მოკიდა ხელი და მის დასანახად, ერთი ნაბიჯი წინ ისეთნაირად გადადგა, თითქოს იატაკში მართლაც და ჩამალულ ნაღმებს ფეხს არიდებსო.
- აი, ხედავთ, რა იოლია ადამიანი დარჩე სახსალამათი! მეხსიერებაში ჩემი ნაბიჯის კოპირება ხომ მოახდინეთ, ახლა თქვენი ჯერია, გთხოვთ, მომბაძოთ! აი, ასე... ოოო!!! რა საოცარი ნაბიჯი გადადგით - ჰაეროვანი... პლასტიური... რიტმული... ”რაცია”! არა, ”გრაცია”! ისევ შემეშალა, უნდა მეთქვა: ”ბრავო”! - წრუწუნიჩმა, გოგონა მოკრძალებული აპლოდისმენტით დააჯილდოვა, - ასეთი მოძრაობის შემყურე, მე მივხვდი: თქვენ ქორეოგრაფი ბრძანდებით! იცით, ამას სხვას არ ვეტყოდი... (სხვები ვერ გამიგებენ!) ბავშვობაში ჩემმა მშობლებმა სამეჯლისო ცეკვების წრეზე შემიყვანეს! მაგრამ... მხოლოდ ერთი კვირა ვიარე! - წრუწუნიჩმა მტკივნეულად ჩაქინდრა თავი, - რატომ არ მეკითხებით, თუ რატომ ვიარე აღნიშნულ წრეზე მხოლოდ ერთი კვირა?!
- რატომ იარეთ მხოლოდ ერთი კვირა?
- საცეკვაო დარბაზი გადავწვი!
როცა გოგონამ სიცილით გული იჯრა, მწუხარე წრუწუნიჩმა გააგრძელა:
- მას შემდეგ აირია ჩემი ცხოვრება! ერთთავად მალვაში ვარ... სად მითენდება, სად მიღამდება, თავად არ ვიცი! ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი - ბატონი ვანო(!), სწორედ იმ დღიდან მოყოლებული გამწარებული მეძებს... მე, ვემალები! ის მეძებს... მე ვემალები! მეძებს... ვემალები! განა ეს ცხოვრებაა?! არა და, ხომ შეიძლებოდა მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარებულიყო - არ გადამეწვა ის ოხრად დასარჩენი დარბაზი! ნახეთ მოვლენათა საპირისპირო განვითარება: მინისტრი მეძებს... მე კი, მას ვეგებები! ის მეძებს... მე ვეგებები! მეძებს... ვეგებები! აი, ცხოვრება! ოოჰ...
ამოიოხრა წრუწუნიჩმა და გააგრძელა:
- გამოვიდოდი თქვენსავით პატიოსანი ადამიანი! პროფესიით ვინ? ვინ და... რა მნიშვნელობა აქვს ამას, თუნდაც, ავეჯის რესტავრატორი! - ხელი ჩაიქნია, - წამობრძანდით!
წრუწუნიჩმა ის იყო ნაბიჯის გადადგმა დააპირა, დაფეთებულმა შეჰყვირა და ერთ ალაგას შედგა.
- კინაღამ დამავიწყდა: ნაღმები! სიფრთხილე... სიფრთხილე გვმართებს! მიბოძეთ თქვენი ხელის მტევანი... აბა, დავიძრათ!
წრუწუნიჩმა გოგონას ხელი რაც შეიძლება მაღლა ააწევინა, ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და წრეზე ისეთნაირად დატრიალდა, პარტნიორისათვის ხელი არ გაუშვია. აღნიშნული მოძრაობა, როგორც ვალსის ერთ-ერთი ილეთი, თავის დაკვრითა და მეორე ხელის განზე გაშლით დაასრულა.
- აი, ხედავთ, რა ოსტატურად ავერიდე ნაღმს?! ახლა, თქვენი ჯერია!
ამჯერად, გოგონა დაბზრიალდა წრუწუნიჩისამებრ, ერთი ნაბიჯით წინ გადაიწია და ილეთის სრულყოფისათვის, თავისუფალი ხელის განზე ჰაეროვანი გაშლითა და მსუბუქი ბუქნით, ტელემაყურებელს თავი დაუკრა.
წრუწუნიჩმა გოგონას ხელი გაუშვა, რათა ორივე ხელის განზე გაშლით აღფრთოვანება უფრო ხაზგასმით გამოეხატა.
- თქვენს არა თუ მოძრაობაში, ჩასუნთქვა ამოსუნთქვაშიც კი სჩანს ქორეოგრაფი რომ ბრძანდებით! - წრუწუნიჩმა ხელები ერთხელ კიდევ გაშალა განზე, - თუ შეიძლება, მომეცით თქვენი ავტოგრაფი! ქაღალდი არ მაქვს, მაგრამ... არა უშავს, ხელის მტევანზე წამიწერეთ თქვენი სახელი და გვარი!
გოგონას საწერკალამი არ აღმოაჩნდა.
- როგორ, საწერკალამი არ გაქვთ?! აბა, ავტოგრაფებს როგორ არიგებთ?! აჰ, არ არიგებთ! კარგით, თუ გარკვეული მიზეზებისდა გამო ავტოგრაფის მოცემა არ შეიძლება, მაშ, სანაცვლოდ მიბოძეთ თქვენი სავიზიტო ბარათი!
გოგონა სიცილისაგან კინაღამ წაიქცა.
- ვერ დავიჯერებ, რომ სავიზიტო ბარათი არ გაგაჩნიათ?! თქვენ, სავიზიტო ბარათი... ააა, მივხვდი: თავმდაბლობა! მე მესმის თქვენი! რა გაეწყობა... აქეთ მობრძანდით! სხვათა შორის, ეს წუთია დანაღმულ ტერიტორიას გავცდით! აქედან თქვენს სახლამდე გზა გრძელია, სამაგიეროდ, მშვიდობიანი! იმედია, კმაყოფილი დარჩით სტუდიაში მოწყობილი ექსკურსიით! მე და ნინას ძალზედ გვიჭირს თქვენთან განშორება... იქნებ, მცირე ხნით კიდევ დარჩენილიყავით ჩვენთან?! და სანამ გოგონა გადაწყვეტდა დარჩებოდა თუ არა მათთან, წრუწუნიჩმა მას გამოსამშვიდობებლად ხელი დაუქნია.
- ნინა! - წრუწუნიჩი ახლა ნინას მიუბრუნდა, - ამ მწუხარე განშორების ჟამს დაუქნიე ჩვენს მეგობარს შენი საყვარელი ცხვირსახოცი!
ნინამ, ხელების მოძრაობით მიახვედრა წრუწუნიჩი, რომ მას არ ჰქონდა ცხვირსახოცი. წრუწუნიჩმა იმავწამს გამოსავალი იპოვა, ახალი მითითება მისცა ნინას:
- ასეთ შემთხვევაში, ”სელპაკის” ერთჯერადი ხელსახოცი მაინც გექნება, ის დაუქნიე!
არც ერთჯერადი ხელსახოცი აღმოაჩნდა ნინას.
- მაშ, დაუქნიე ის, რაც გაქვს!
მომღიმარმა ნინამ გოგონას ხელის მტევანი დაუქნია. გოგონამაც დაუქნია ნინას ხელი და სტუმართა შორის თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა. წრუწუნიჩი, `აფეთქების“ მოლოდინში წელში მოიხარა, ყურები თითებით დაიხშო და ასე მოკაკულმა გააყოლა წასულს თვალი. შემდეგ, წელში გაიმართა და როგორც მზვერავმა, შუბლზე ხელის მიბჯენით, იქაურობას მოავლო თვალი.
- მე მას ვერ ვხედავ... ესე იგი, საკმაო მანძილზე დაგვშორდა! რაც იმას ნიშნავს, სამშვიდობოზე გავედით! - წრუწუნიჩმა, ხელები ერთიჶმეორეზე დაატყაპუნა.
- წრუწუნიჩ! - მიმართა ნინამ, - როგორ არ გრცხვენია: ადამიანი ”მოუსვლელში” გააგზავნე და სიხარელისაგან, ლამის იცეკვო?!
- ხო... მართალი ხარ! მეც ძალზედ ვწუხვარ... აუცილებლად გამოვსწორდები! ეხლა, იცი რა მინდა გითხრა: ერთ ჭიქა ”ბადაგონს” კიდევ დავლევ რომ გულზე შემოწოლილი დარდი ოდნავ მაინც გავიქარწყლო!
ნინამ უიმედოდ ჩაიქნია ხელი.
გახარებული წრუწუნიჩი ”ბადაგონს” ეცა, გამოწრუპა სავსე ჭიქა და ცარიელი ხელახლად შეავსო.
- ისე, ნინა, რა მაინტერესებს თუ იცი: ლამისაა გამოვცალე ეს ბოთლი და ახლა დავფიქრდი მასზედ, თუ ის აქ, სტუდიაში, დეკორაციის უკან საიდან გაჩნდა?! ალბათ, ”ბადაგონის” სათაო ოფისიდან შემოწირულობის სახით მოგვართვეს!
- შემოწირულობის? ღვინო რაში სჭირდებათ ბავშვებს?!
- ბავშვებს ღვინო რომ არ სჭირდებათ, სწორედ, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას დავლიო ის! კამფეტები რომ შემოეწირათ, კი არ შევუჭამდი!
- წრუწუნიჩ, თავს ნუ იკატუნებ!
- რას გულისხმობ თავის კატუნში?!
- დილით, ”სუპერმარკეტში” რომ შევედით, ალკოჰოლური სასმელების სექციას ეცი ვითომდა ლიმონათის საყიდლად! რა უნდა ალკოჰოლური სასმელების სექციაში ლიმონათს?!
- ესე იგი, შენ ფიქრობ: ეს ღვინო მე ჩემი თანხით შევიძინე და კომპანია ”ბადაგონს” ბავშვებისთვის არაფერი შემოუწირავს?!
- დიახ!
- უყურე შენ ”ბადაგონის” კომპანიას... არც კი სცხვენიათ! - ჩაიბურტყუნა წრუწუნიჩმა, მიუახლოვდა ღვინის ბოთლს და ისეთნაირად შეაბრუნა, იარლიყი დამალულიყო, - ”ბადაგონი”, არა ისა! ”ადესაა”, - რაიონიდან გამომიგზავნეს!
როცა ნინამ სტუდიის სტუმრებთან ერთად სიცილით გული იჯერა, კონცერტის მორიგი მონაწილე წარადგინა და სცენა დატოვა.

***
სცენაზე ხელახლად გამოჩენილი წრუწუნიჩი და ნინა ერთმანეთში ისე საუბრობდნენ, თითქოს სტუდიაში მათ გარდა არავინ იყო:
- სულ არ ყვარებიათ ”ბადაგონის” მესვეურებს ბავშვები... იმიტომაცაა, ლიმონათს რომ არ აწარმოებენ!
- წრუწუნიჩ, რას ერჩი იმ ხალხს?!
- რას და, ხომ შეეძლოთ შემოეწირათ ერთი ყუთი ღვინო!
- ღვინო?
- ჰო, ღვინო... ბავშვებს ვადღეგრძელებდით!
- რა გეშველება...
- შენ ფიქრობ, დღეგრძელობა საქმე არ არის?! მაშ, არ გცოდნია თუ რა ძალა აქვს სიტყვას!
წრუწუნიჩი, ეგრეთ წოდებული ”ადესის” სანახევროდ გამოცლილ ბოთლს მიუახლოვდა.
- რაო, წრუწუნიჩ, ”ადესა” ხომ არ გინდა მიირთვა?!
- ხოო, შეიძლებოდა ერთი ჭიქის დალევა... ჩემი მშობლიური მხარიდან არის გამოგზავნილი!
- კაი, ახლა... - ნინამ სოფლური აქცენტით წარმოსთქვა, - ნემეტანი ნუ გეიჭყიპები მაი შენი ”ადესით”, თუ არა, მოგიწევს ისევლე საპირფარეშოში გაქცევა!
ამასობაში, სტუდიაში სატელეფონო ზარი შემოვიდა. წრუწუნიჩმა და ნინამ, ჩვეულებისამებრ ”პისტოლეტები” მოიმარჯვეს. აბონენტი, რომელიც მათ დაუკავშირდა, არც მეტი, არც ნაკლები, კომპანია ”ბადაგონის” მენეჯერი აღმოჩნდა. წრუწუნიჩმა თავი მხრებში ჩარგო და სცენიდან გაპარვა დააპირა.
აბონენტი: ”წრუწუნიჩ! სად გარბიხარ, ეს წუთია ერთი ყუთი ღვინო გამოვგზავნეთ! ხოლო ბავშვებისათვის, სოლიდური თანხა!”
- მართლა?! - თვალები გაუბრწყინდა წრუწუნიჩს.
სტუდიამ კომპანია ”ბადაგონი” აპლოდისმენტით დააჯილდოვა. წრუწუნიჩმა ხელი მოკიდა ”ადესად” გადაქცეულ ”ბადაგონის” ბოთლს და იარლიყით, ისევ ტელემაყურებლისაკენ შეაბრუნა.
- ნინა! საოცრება თუ გინდა: ეს ”ადესა” კი არა, ”ბადაგონი” ყოფილა! უნდა ბოლომდე გამოვცალო - ამისთანა ღვინო ცხოვრებაში არ მღირსებია!
სტუდიამ, ამჯერად, აპლოდისმენტით წრუწუნიჩი დააჯილდოვა.
კონცერტი გაგრძელდა...
- ნინა, იდეა მაქვს: უბეში მიდევს ”დავთარი”, რომელშიც მითითებულია საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენზე დაწვრილებითი ინფორმაცია. ყოველ მათგანს დავუგზავნოთ გამაფრთხილებელი შინაარსის წერილი ბოლოში მიხატული თავის ქალითა და გადაჯვარედინებული ძვლებით! თავის ქალა და ძვლები იმისთვისაა საჭირო, რომ მიხვდნენ: ჩვენ არ ვხუმრობთ!
წრუწუნიჩმა უბიდან ვითომდა მართლაც ამოიღო დავთარი... ”სიას” ჩახედა.
- სიაში პირველი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი უფროსი მეგობარი, პატივცემული ამბროსი წერია!
- წრუწუნიჩ, რას ამბობ, პატივცემული ამბროსი დავაყაჩაღოთ?!
- პატივცემულ ამბროსს ვერ დავაყაჩაღებთ - ტყვიას ტყვიაში აჯენს... გაჭირვებულ ადამიანს გაფიქრებულიც არ აქვს, რომ ის უკვე ჯიბეს უვსებს! ისე, უბრალოდ, წერილი მივწეროთ, მივულოცოთ რაიმე!
- რა მივულოცოთ?
- რა და... 23 თებერვალი, არა! ახალი წელიც უკვე დიდი ხანია გავიდა! დაბადების დღე მივულოცოთ!
- როდის აქვს?
- არ ვიცი, მაგრამ... ჩვენ, რიგით ადამიანებს, დაბადების დღე ყოველ წელიწადსა გვაქვს და მას, იმხელა შესაძლებლობების პატრონს, დაბადების დღე, სულ ცოტა, წელიწადში ოცი მაინც ექნება! ჰო და, გავარტყავთ რომელიმეს სიახლოვეში! საბეჭდი მანქანა გვესაჭიროება, ტექსტი რომ დავბეჭდოთ!
- საბეჭდი მანქანების მეტი რა გვაქვს... შენ ოღონდ ინებე! - ნინამ ხელები ისეთნაირად მოიმარჯვა, თითქოს წინ საბეჭდი მანქანა ედო.
- ვაა, ასე უცბად სად იშოვე საბეჭდი მანქანა? ალბათ, რომელიმე კანცელარია დააყაჩაღე?!
- ჰო, დავაყაჩაღე... სახელმწიფო კანცელარია!
- სახელმწიფო კანცელარია დააყაჩაღე?! - დაფრთხა წრუწუნიჩი.
- ნუ ღელავ, ”კუდი” არ გამომყოლია! ვერ გცნობ, კოლეგავ!
- კარგი... მისწერე: მოგესალმებით, პატივცემულო ამბროს! გილოცავთ დაბადების დღეს! საჩუქარს ვერ გჩუქნით, რადგან... არ გაგვაჩნია ტყვია-წამლის ფული! ფული-ც კი(!) - ჩაასწორე!
- მზადაა!
- უკვე ამობეჭდე?! რა სწრაფი ხარ... შენ, შემთხვევით, სადმე მდივნად ხომ არა ხარ ნამუშევარი?
- ვმუშაობდი... მთელი ორი წელი!
- ვაა! - აღფრთოვანდა წრუწუნიჩი, - რა დამთხვევაა: მე, ზუსტად მაგდენივე ხანს, ავეჯის რესტავრატორი ვიყავი! ძალიან პატარაა თბილისი...
სხვა ბიზნესმენებთან დასაგზავნი წერილები მისალოცი შინაარსისა არ იყო და მიხატული თავის ქალითა და ძვლებით დააბოლოვეს.

***
ფანტასტიურ ნიშნულს მიაღწია შემოწირულმა თანხამ. ის ერთი ყუთი ღვინო, ”ბადაგონმა” წრუწუნიჩს რომ გაუგზავნა, სცენაზე წითელ ლენტშემოკრული შემოიტანეს. ადრესატმა ჩაიბარა ძღვენი და, სანამ სცენაზე კონცერტის მორიგი მონაწილე წარსდგებოდა, გულში ჩახუტებულს დაატარებდა. კონცერტის მორიგი მონაწილე კი, თითქოს განგებ შეირჩა, ანსამბლი ”თამადა” იყო, რომელმაც შეასრულა სიმღერა  ”ღვინო არის ამ ცხოვრების ლაზათი და მშვენება...”.
კონცერტის მიწურულს, როცა სცენა უკანასკნელად დაიკავეს წრუწუნიჩმა და ნინამ, წრუწუნიჩი დამწუხრებული ჩანდა:
- წრუწუნიჩ, ასეთი დაღვრემილი არასოდეს ყოფილხარ! იმიტომ ხომ არა, რომ საქველმოქმედო კონცერტისათვის განკუთვნილი საეთერო დრო ამოიწურა?
- მაგიტომ არა!
- მაშ, რატომ?
- რატომ და... ის გოგო ხომ გახსოვს, სტუდიიდან დანაღმული რომ გავაცილეთ, ჩაი რომ უყვარდა! ტელევიზიიდან გასულს თავი დაუდია და, პირდაპირ ერაყში ჩასულა!
- მერე?!
- რაღა მერე... საბრალო, პოლიციის შენობის სიახლოვეში აფეთქებულა!
- დედა!
- ვეღარც დედა უშველის მაგ საქმეს და ვეღარც მამა! გამოუკვლევიათ: ვინ იყო, საიდან იყო... იციან ჩვენი სტუდიიდან რომ გავიდა! ერთი სიტყვით, ალყაში ვართ! ჩვენს ირგვლივ პირველი რკალი ქართულმა ”სპეცნაზმა” შეკრა! მათ მომდევნო რკალში ამერიკული ქვეითი ჯარი დგას! შემდეგ: ქართული არმია! ინტერპოლი... ადგილობრივი პოლიცია, უშიშროება... სნაიპერები!
ნინას თვალზე ცრემლი მოადგა...
- მშვიდობით წრუწუნიჩ!
- მე რატო მემშვიდობები? ტელემაყურებელს დაემშვიდობე... და, მომყევი: სტუდიაში საიდუმლო გასასვლელია, იმედია, ხვრელში ჯერ კიდევ გაეტევი!



                                                                              ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები