ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2009


ლ ო ც ვ ა

              ზ ე ზ ვ ა ს

ღმერთო,დაიფარე ჩემი შვილი,
რომელიც სანგარშია;
რომელიც ბედისწერამ
ვარსკვლავების და ნაკადულების,
სიმღერების და საგალობლების
საყაროდან უცაბედად გამოიყვანა,
ეკლესიის წმინდა ჰაერით
და ვაჟა-ფშაველას წიგნებით გაზრდილს
კელაპტრის ნაცვლად იარაღი ააღებინა
და მტრის პირისპირ დააყენა
მშობლიურ მიწაზე...

ღმერთო,დაიფარე ჩემი შვილი,
რომელიც სანგარშია;
რომელიც ბეწვის ხიდზე
შენმა რწმენამ გადაატარა;
რომელმაც იხილა დაჭრილი მეგობრის
თვალებიდან ამონათებული
ტკივილის ვარსკვლავები;
რომელმაც დარდის
მაღალი და ნათელი კოშკიდან
სულ სხვა თვალით შეხედა სამყაროს.

ღმერთო,დაიფარე ჩემი შვილი,
რომელსაც განსაცდელმა
სიმშვიდის სამოსელი დაუკაწრა
მუქარის ეკლებით;
რომელსაც დახოცილი ფუტკრებივით
კალთაში უცვივა და თმაზე ეყრება
ჭურვებისაგან დაფლეთილი მიწის ნამცეცები;
რომელიც ესვრის და ებრალება,
რომელსაც სიბრალულის გარეშე ესვრიან.
უცოცხლე იმედი,წინაპრის ხმიანი,
და ტყვიები,მისთვის ნასროლი,
ყვავილებად აქციე სივრცეში,
თუ არადა,ყველა ტყვიის გზა
ჩემს გულში დასრულდეს,
რომ გაგრძელდეს სიცოცხლე შვილისა,
რომელსაც ენატრება
დედისაგან გაშლილი ლოგინის
სითბო,სურნელი და სირბილე,
მოსიყვარულე,სევდიანი გამოხედვა
პაპის ფანდურისა
და მამის ოთახიდან გამოფრენილი
ბუზღუნის კრაზანები,
ტელევიზორს რომ დასტრიალებენ;
რომელსაც ენატრება
ეკლესიის სითბო-სინათლეში
სანთელივით მდუმარედ დგომა;
რომელსაც ენატრება
სეირნობა გოგოსთან ერთად,
ზღვაში ბანაობა და ბურთის თამაში,
წიგნის ფურცლებიდან ამოზრდილი
პოეზიის აისები და საღამოები;
რომელსაც ენატრება სიახლოვე
ადგილის დედასთან,
წინაპრის სამარესთან,
ფშავის ერთ-ერთ სოფელში დარჩენილ,
გამოკეტილ,პატარა სახლთან.

ღმერთო,დაიფარე ჩემი შვილი,
რომელიც სანგარშია;
რომელსაც ომის სუსხმა
გაუჩინა პირველი ჭაღარა;
რომელსაც ნაადრევად დაეცა ფრთებზე
ამქვეყნიური სისასტიკის
ბასრი ნაპერწკლები;
რომელიც ჯარისკაცად არ დაბადებულა,
მაგრამ ბედისწერამ_უფრო სწორედ
სამშობლოს სიყვარულმა აქცია ჯარისკაცად
და წუთისოფლის უხავერდო ციცაბოებზე
ააქვს ტვირთი უმძიმესი და ულამაზესი_
მამულის ერთგულება...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები