ნაწარმოებები



ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2018


გზა.

,,ადამიანი არის მცდელობა“

თორნიკე საბაშვილი

***

გზა მდინარეა, გამდინარე, გაუტოპავი,
ქარიშხალია, ალაგ-ალაგ ქართა ზვირთებით...
გზა მოგზაურის საგზალია როგორც ოქტავას
და პოეზიის უჩვეულოდ მდგრადი სინთეზი...

გზა საყარია, საპყრობილე შიშის თარეში
-ქარსაცავებში ჩაკარგული ალელუია,
გზა ეფემერის ფანტომია რომლის გარეშეც
ყველა ტაძრამდე მიმავალ გზას გვერდს აუვლიან...

ბედუინები, ტალახდება მერე თანდათან
გზა წელგამწყდარი, ნესტრიანი და დაკლაკნილი,
როცა სავსეა მოთმინების  ბოლო მათარაც
და ესესაა უგზოობამ წამოგაკივლოს..

და ცივ თვალებში იბუდებენ თეთრი დღეები
შავი ამბებით, ირწევიან მზერის ტალღებზე,
რისი დანახვაც იოლია მაგას ეხები
რომ უმნიშვნელო არსებობამ არ  დაგაბეზღოს..

ნაგავსაყრელზე სოციუმის, გზა მდინარეა
გზა ტიხარია, ქარიშხლებში ქართა ზვირთებით
და უთავბოლოდ ღმერთკაცივით დაიარები
ადამიანის და მცდელობის რაღაც სინთეზი..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები