ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2018


ეძღვნება მთელ სპექტრს - ჰიმნოგრაფებიდან პოსტმოდერნისტებამდე

მე ვაპირებ დავწერო ლექსი იმაზე,
თუ რა არაფრისმაქნისი საქმიანობაა ლექსების წერა.
წარმოვიდგინოთ - დედამიწაზე
არ დაწერილა არასოდეს, არც ერთი ლექსი.
ნაწილმა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ ავტორი უამრავი "დამბურძგლა"  და  "შემეხო" ლექსის,
რაშიც აღებული გვაქვს ჰონორარი
ან შეიძლება სოლიდური  რამე პრემია.
ყველამ დავივიწყოთ, რომ არსებობენ ძეგლები, სახლ-მუზეუმები და პანთეონები.
ეს უკანასკნელი ზოგი ღიაა, ზოგი დახურული - მსგავსად საცურაო აუზისა,
და საბოლოო, მშვიდი ცურვის აბონემენტი
ზოგს - სულაც ცურვის უცოდინარს - გაუჩალიჩეს.
ესეც არ იყოს,
ეს ყველაფერი - "სიკვდილის შემდგომ"  სერვისია,
თან ისიც ძალზე  საეჭვოა -
ძეგლებს (ან საფლავებს) ორიგინალთა სულები  თავზე დასტრიალებდნენ.
თუმცა, ერთხელაც იყო
მირზა გელოვანი მესიზმრა.
შენმა მზემაო, ვისთანაც ხმა მიგიწვდება  უთხარიო,
ნუ ამომიღებენ ჩემი ჯარისკაცული საფლავიდანო,
მგზავრობას ცუდად ვიტან და
ჩემი ჩონჩხის დანახვაზეც გული ამერევაო.
მეც მინდა ჩემი თავი ჭაბუკად დამრჩესო.
აჰა, გითხარით!

პატარ-პატარა პირადი დასავიწყებლებიც არ დაგავიწყდეთ.
მე, მაგალითად,
დავივიწყებ რომ ერთმა ბიჭმა, ერთ გოგოს ჩემი ლექსით  აუხსნა სიყვარული.
ეს ამბავი ადრე ერთობ მათრთოლებ-ბაგემაცახცახებინებდა,
მაგრამ დავივიწყებ,
უამლექსოდაც მოახერხებდნენ უთუოდ რამეს.
აბა, ვის რა გვაქვს კიდევ  პირადი და დასავიწყარი?
აქ  - ტექსტში, ცარიელ ადგილს ვტოვებ, თქვენ ჩაამატეთ:
---------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------
კეთილი და პატიოსანი.
ახლა დავივიწყოთ კი არა და, გავიხსენოთ ის რომ,
დედამიწის ბინადართა უმეტეს ნაწილს
არასოდეს გაუგია რუსთაველი.
უფრო ახლო რაკურსი:
ძალიან ბევრი ვინმე ვიცი, ვინც თხოვნაზე:"ჩამოთვალეთ თანამედროვე ქართველი პოეტები", რიხიანად დაიწყებს და მურმან-ანაზე გაიჭედება.
მცირე ნაწილმა შეიძლება სტურუა-ხარანაული გიხსენოს - რამხელა სიხარულია!
ერთი მუჭა ხალხი თუ გეტყვის
ჩანტლაძის, ბაძაღუას, სამადაშვილის გვარს
ამათ ბათუც კი გაუგიათ, დანელია.
პოეზიის მანიაკებმა იციან რატიანი, ბაკურაძე, სარიშვილ-იათაშვილი.
საინტერესო ფენომენია შამუგია, ის შედარებით ბევრს გაუგია, ოღონდ შამუგია ხიხიაა, არ წაუკითხავთ, მაგრამ მაინც ხიხიაა.
მესხი!
შენ მოგიკვდა ჩემი თავი!
რაც მე შენი ლექსები მაქვს ნაკითხი: საჯაროდ, უჯაროდ,  ამ საჯაროში,
"იმ საჯაროსთან"...
მაგრამ მაინც,"გამოგვასახლეს".

არ შემეკამათოთ!
მე მთელ დუნიას ვგულისხმობ, სრულიად საქართველოს და მსოფლიოს,
თორემ ისე -
ჩემი თვალით ვნახე, ახალაიას "მტრედების იონას"  ფეისბუქზე 900 ლაიქი და 200 შეარი  ჰქონდა, ხოლო ზაზა მაღალაშვილის კედელი ისე  დაელტო  ცრემლს ბანოვანთა, რომ ლექსები და ფოტოები სველ  ქავერზე  თავად  სქროლავდნენ.
მაგრამ რა არის მსოფლიოსთვის ერთი სველი კედელი, თუნდაც 10 ჯერ 100 ლაიქი?
არც არაფერი!
საქმე არც მარტო ავტორის ცნობადობაშია.
არც ედისონის გვარი გაუგია ნახევარ დედამიწას,
მაგრამ ნათურა მშვენივრად უნთია.
რის მაქნისია?
რის მაქნისია, მეთქი, ლექსები?!
ერთი მუჭა ფანატიკოს-შემგროვებელი ყველაფერს ჰყავს,
გაგიჟდები ისეთ რამეებს აგროვებენ.
ლექსებსაც გამოუჩნდებოდა ვინმე და
გულებიან ალბომში მიმდევრობით ჩააწებებდა:
ეს კონვენცია, ეს ვერლიბრი. აი ტანკა, აი მინიმა, ესეც შაირი.
სამყაროს რა?
რა ხეირი?
მოდი, ახლა ასე მოვიქცეთ,
შემოდგომის პირია და  გადავთვალოთ ჩვენი  პოეტები :
გრძედების და განედების ბადეებიდან  გამოვფერთხოთ,
მერე ისევ  ვისროლოთ ბადე და ვითევზაოთ  ქვის ხანიდან  ნანოტექნოლოგიებამდე.  დიდი დიდი შეგვიგროვდეს ხუთი ათასი. (ხუთიათასმეერთე მე ვარ)
სულ-სულ უკლებლივ რომ  მოკრიბო, ვისაც თუნდაც ერთი წიგნი დაუწერია, (უი! რა წიგნი, თუნდაც ერთი ლექსი! წიგნით რომ ვზომო, გიო საჯაია დამესჯება! და  მაგას მერე,  ამ ლექსსაც კი ვერ ვაპატიებ)
ჰოდა იმას გეუბნებოდით, სრულიად რომ შეკრებ და მერე მაინც ცოტა გამოდის,
აი, ეგ ხალხი -
თავიანთი გაფრენებით, გადაფრენებით,
თავიანთი სტრესებით და ფსიქოზებით,
ფანტაზიებით,  ილუზიებით,
ყირამალა ცხოვრებით და განდეგილობებით
და სახლიდან გასვლებით და არდაბრუნებებით,
ათასი ნაბოდვარით და აწი საბოდვარით,
წლობით გაუყიდავი წიგნებისა და გამოუწერელი ჰონორარების მიუხედავად,
სიცოცხლის ნებაყოფლობითი მოსპობის მცდელობის მიუხედავად,
მუქთად და ბითუმად  და  უზარმაზარი ინტენსივობით
ასხივებს და ასხივებს, ასხივებს და ასხივებს -
სამყაროს გადამრჩენელ და გამწმენდ ენერგიას
და ყოველ ახალ თაობაში, თანდათან გაუმჯობესებული სალექსო "სეთინგების" წყალობით,
ამ დილით, კაცობრიობა გაცილებით უფრო ჰუმანურია, ვიდრე გუშინ საღამოს, ვიდრე გუშინ და ვიდრე შუა საუკუნეებში და ვიდრე გამოქვაბულში,
რომლის კედელზეც, მაქსიმალურად შესაძლო სინაზითა და ეროტიზმით
მამრ ჰომო პოეტიკუსს  თავისი  მდედრისთვის შეიძლება ამოეჩხაპნა
გრაფიკული პოეზიის უძველესი ნიმუში
ვეებერთელა მამონტის ასო!
ასე!
დღეს-
სამყარო გაცილებით უსაფრთხოა
და ადამიანის სიცოცხლის საშუალო  ხანგრძლივობა,
მუდმივად მზარდი.

...მაგრამ თუ მაინც , იგეგმება აპოკალიფსი,
პირველ რიგში -  პოეტები ამოწყდებიან
და ამის მერე
მოვა ჟამი სამუდამო  გამყინვარების!
............................................................
ულექსებო დედამიწის გეშინოდეთ!
ულექსებო დედამიწის გეშინოდეთ!
ულექსებო დედამიწის გეშინოდეთ!

28.08.2018.  38 გრადუსი ცელსიუსით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს