ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2018


სახლი ფიჭვნარის პირას

სუსხიანი ღამე იდგა. აწრიალებული ქარი სულისშემძვრელი კივილით დაეხეტებოდა ქალაქის უკაცურ ქუჩებში, ფოთლებშემოძარცვული ჭადრის ხეები ბანგნასვამებივით არწევდნენ მორკალულ რტოებს, ვერცხლისფერლაქებიანი მთვარის მქრქალი შუქი ფიჭვნართან მდგომი სახლის დალაქავებულ შუშებსა და აბრეშუმის დაფხრეწილ ფარდებს კვეთდა და ნათელმოკლებული ოთახის სივრცეში ლაღად იღვრებოდა. ჭერდაბალ ოთახში მთრთოლარე ტოტების ბურუსმოსილი ჩრდილები ფარღალალა იატაკზე გართხმულ ხალიჩებსა და ცვილისფერ კედლებზე ისახებოდნენ და დავანებულ სიბნელეს ნაზად ერწყმოდა ფერმიმქრალი, ჭაობისფერი შუქი. ნაუცბათევად ხანმოკლე ჭრიალი და მჭექარე ბრახუნი გაისმა ოთახში, თითქოს კედელს ჩარჩოშემოვლებული სურათი მოწყდა და იატაკს დაენარცხა, თითქოს მიწამ დაიწყო რყევა, ჩუქურთმებით შემკული ჭაღი ხმაურიანად აქანავდა და ღრმა ბზარებმა ჭერი ნელინელ გაკვეთეს. უეცრად მრუმე ღრუბლებმა მოქუფრეს ვარსკვლავებით მოოჭვილი ცა,  ბროლივით თეთრი მთვარე ბურუსში ჩაინთქა, თავჩაქინდრულმა ჭადრებმა შეწყვიტეს დაგრეხილი ტოტების აქეთ-იქით რხევა და ოთახი წყვდიადში გაუჩინარდა. მხოლოდ ონავრულად მოქანავე ბრინჯაოს ჭაღის ჩუმი, შფოთსავსე ჭრიალიღა ისმოდა გამეფებულ დუმილში. მოულოდნელად შემოსასვლელი კარი გაიღო. მისაღებ ოთახში წაბლისფერთმიანმა ქალმა მსუბუქი ნაბიჯებით შეაბიჯა გაცვეთილი სპილენძის ლამპით ხელში. ცეცხლისფერმა შუქმა გაკვეთა ბნელუკუნეთი. ხაკისფერი ქურთუკით მოსილი ქალის ნაოჭგაჩენილ ნაკვთებს ონავრულად დასთამაშებდა გაჭვარტლული ლამპის შემოდგომისფერი შუქი. ქალი ნელი და ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა საძინებელს, არ სურდა დაღლილ-დაქანცული ქმრისთვის დაეფრთხო ძილი. ლითონის სახელური ნაზად ჩამოსწია და როდესაც მუხის კარის ზღურბლს მიღმა აღმოჩნდა, თითქოს მოჩვენება დალანდა... ოფლით დაცვარული თითებიდან გაუსხლტა ლამპა, დალეწილი ლამპიდან ჟანგისფერი სითხე ხალიჩაში ჩაიღვარა და შუშის ნამსხვრევები იატაკზე მიმოიფანტა. ზარდამცემი კივილის ჟრუანტელის მომგვრელი გამოძახილი გაისმა ქალაქის ცარიელ ქუჩებში და ფიჭვის ტოტზე ჩამომსხდარი ზარნაშოები ფიჭვნარის სიღრმეში მიიმალნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები