ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2018


მოთხრობათა კრებული „დღიური“ - 9. რაც გინდათ დაარქვით

უამრავი ხალხი ადი-ჩადიოდა ამასოფლის შარაგზაზე. ამ უამრავიდან დიდ ნაწილს წინ ერთი გზა ედო, დანარჩენებს ზოგს საით და ზოგსაც საით. დიდ ნაწილს თუ ერთი გზა ედო, რაღა გასაკვირია, რომელიღაც, მანამდე ერთმანეთისთვის უცნობმა სამმა მგზავრმა შეხვედრისთანავე ერთად სიარული რომ გადაწყვიტა. და აი, ისინიც, გადაწყვეტილების თანახმად, ერთად გაუყვნენ ამასოფლის გზას.

იმ სოფელს, რომლის აღსაწერადაც ამჟამად ვემზადები, თავიც ჰქონდა და ბოლოც, მაგრამ იქაურობას ერთი საოცრება დასჩემებოდა. ეს საოცრება... თუმცა ამ საოცრების შესახებ, მოგვიანებით იყოს. ახლა კი აი, რას ვიტყოდი: საერთოდ, ყველამ უნდა ვიცოდეთ... არასწორად დავიწყე? ხო, კარგი: უნდა ვიცოდეთ კი არა, ვიცით - ყველამ ვიცით(!), რომ ადამიანს გზად იმდენი რამ შემოეყრება, ყველაფერი რომ შეამჩნიოს და დააფიქსიროს, არც მეტი არც ნაკლები, ჭკუიდან გადავა! კიდევ კარგი, მთლად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ბრმები რომ ვართ... აჰ, მაპატიეთ, მაპატიეთ - თქვენ არა ხართ ბრმები! ბრმები მე და თითო-ოროლა ჩემისთანანი ვართ. მაგრამ... იბადება კითხვა: რატომღა ხართ ბედნიერები? თუკი კითხვა თქვენთვის, ცოტა არ იყოს, გაურკვეველი გამოდგა, მაპატიეთ, მაგრამ გამოდის ის ვერ გაგიგიათ, ვერ დაგინახიათ, რაც თქვენი საღი მხედველობის, ანუ გონებამახვილობის საკითხს, ცოტა არ იყოს, არყევს (!)... უი, უი, სულ დამავიწყდა: მე ხომ სისულელეებს ვჩმახავ - სისულელეებს! გეთანხმებით. გეთანხმებით ყველაფერში (ეს დღეს. ხვალ - არ ვიცი).

რადგან ასეთი, ცოტა არ იყოს, უცნაური კუთხით წარმემართა თხრობა, დროს ვიხელთებ და წარმოგიდგებით: ერთი უბრალო, შეშლილი ადამიანი ვარ და ამ გარემოებიდან გამომდინარე, ბევრი ლაპარაკი მიყვარს პროზაში. როცა რაიმეს გეტყვით, ნათქვამზე კარგად დაფიქრდით, დაჯერებით კი, არაფერი დამიჯეროთ.

გინდ ისე ჩამითვალეთ, გინდ ასე, მე კი პირდაპირ ამ სახით უნდა მივყვე: ჩვენ, სისულელეების მჩმახველებს, ანუ შეშლილებს, ჩვენი სისულელე ისე არ გვხიბლავს და გვატკბობს, როგორც თქვენ, გონიერთ თქვენი სიბრძნე. გთხოვთ, ამ საკითხში ნუ შემეკამათებით - შეშლილებმა ვიცით ჩვენი შეშლილობისა, სისულელეებისა. ჰოდა, რადგან ჩვენ ჩვენი სისულელე არ გვხიბლავს და გვატკბობს, თავსაც არ ვიკლავთ მისი ძიებით - ის ჩვენთან თავისით მოდის. ჩვენ, გამომდინარე სიბრძნის დეფიციტიდან, სწორედ ამ უკანასკნელის მოძიების მცდელობაში ვართ, მაგრამ საბოლოოდ, სიბრძნის ნაცვლად, ხელთ ყოველთვის სისულელეები გვრჩება. ასე, რომ მეც შევუდგები სიბრძნის ძიებაში სისულელეების პოვნას.

შეშლილი კი ვარ, მაგრამ იმდენი მაინც მესმის, იმ ერთად მოსიარულე, აქამდის ჩვენთვის უცნობ მგზავრთა სამეულის პიროვნების გამოკვლევას არ მივყვე. არ მივყვე, რადგან თუ სამ შემთხვევით შემხვედრს შორის საერთო ენა გამოინახა, თავისთავად ისინი ამასოფლის უამრავ მკვიდრთა დიდი ნაწილის წარმომადგენლები არიან - ესე იგი, გონიერნი, რომელთაც სიბრძნე ხიბლავთ, ხიბლავთ და ხშირად თავის თავშიც ეძებენ მას - პოულობენ კიდეც, და შემდეგ ქვეყნიერებას თავს ახვევენ - ბედნიერნი თავიანთი ბუნებრივი ინტელექტით! თუმცა, ინტელექტი ყოველთვის მხოლოდ ბუნებრივია, მისი ხელოვნურობა ვის გაუგია! ჰოდა, მითხარით, განა რა შემიძლია მათ შესახებ ვთქვა მე, შეშლილმა?!
ზემოხსენებულნი გონიერნი გონიერებად თუნდაც იმიტომ მიმაჩნია, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მხიარულად განვლონ თავიანთი სავალი (ლარივით სწორი, ფართო) გზა. და აი, ჩვენი მგზავრებიც, ათასნაირი სახარბიელო ხერხის გამოყენებით მიჰყვნენ თავიანთი ცხოვრების სავალი წუთისოფლის გზის სიცილ-კისკისით შელამაზებას. არ ვიცი, რამდენი იარეს, ბევრი თუ ცოტა (ჩემთვის გაურკვეველია, თუ რამდენად ედიდებათ მათ თავიანთი ნაბიჯი), გზად ერთ უცნაურ ადამიანს გადაეყარნენ. უცნაური გზის პირას მიმჯდარიყო და ცარიელ ქვასანაყში ქვას აკაკუნებდა... რას ნაყავდა? რას და არაფერს! ვინ იყო ეს უცნაური? მოდით, ამ კითხვას ჩემთვის, ფარულად გავცემ პასუხს, რათა თქვენს წინაშე აღარ გამოვავლინო ჩემი შეშლილობის მადასტურებელი კიდევ ერთი ნიშანი (უკანასკნელით თავს მოგაბეზრებთ). მე მხოლოდ აღგიწერთ, თუ რა მოხდა იმ ამასოფელში, ამასოფელში, რომელსაც თავიც ჰქონდა და ბოლოც. თქვენ კი, თქვენის შორსმჭვრეტელობით განჭვრიტეთ ის, რაც ჩემთვის... ერთი სიტყვით, განჭვრიტეთ ის, რაც მე საყოველთაო ნორმალურობით ვერ განმიჭვრეტია: უცნაურის დანახვაზე ჩვენი მგზავრები ერთ ალაგას შედგნენ და... (კარგად დაიხსომეთ!) თავდაპირველად გაოცდნენ, შემდეგ ჩაფიქრდნენ და ბოლოს, გაიცინეს. ამის შემდეგ გააგრძელეს გზა ისე, თითქოს არც არანაირ უცნაურობას გადაყროდნენ; და უცნაურისთვისაც შეუმჩნეველი დარჩა მათი გამოჩენაც, გაუჩინარებაც.

იცით, რას ვიტყვი? რადგან ჩემს თავს ოფიციალურად ვუწოდე შეშლილი, უფლება მაქვს, რაც მომესურვება, ის ვთქვა - ოღონდ, მაინც თავისი შერბილებებით; შერბილების გარეშე არ შემიძლია, მიუხედავად ყველაფრისა. არ ვიცი, შეშლილობაშია თუ არა თავისუფლება, მაგრამ მე, როგორც ხედავთ, ამ სახით ვიღებ მას.

აი, დროც მოვიდა იმ ამასოფლისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებანი გაგაცნოთ, რომელიც იქაურ მკვიდრთა პიროვნულ არსებას ახასიათებდა. ესე იგი, უნდა გავაღრმავო, ანალიზი გავუკეთო სიტყვებს: „გაოცდნენ“, „ჩაფიქრდნენ“ და „გაიცინეს“. მაგრამ ამას არ მოვიმოქმედებ, მიზეზად კი შემდეგს მოვიტან: ერთ ჩემ პატარა, ცხოვრებისეულ შემთხვევას გავიხსენებ, რომლის შემდეგ, წესით, უნდა გამიგოთ, აღარ მომთხოვოთ გაღრმავება, გაანალიზება. ერთმა კეთილმა ადამიანმა, რომელმაც ჩემი ერთი ნაწერი წაიკითხა, გულითადი რჩევა მომცა (რათა წერის მანერა  დამეხვეწა), აღმეწერა სულ უბრალო რამ - თუნდაც, როგორ მოსწია ადამიანმა სიგარეტი; და აი, მეც დავიწყე: როგორ გამოვიდა ეს ადამიანი ბინიდან სადარბაზოში თამბაქოს გასაბოლებლად, და თქვენ წარმოიდგინეთ, აღვწერე კიდეც, მაგრამ, ჩემდა უნებურად, სიუჟეტი გავაგრძელე და განვავრცე. თხრობა კი იმით დავამთავრე, რომ ამ ადამიანმა თავი მოიკლა! ეს უკიდურესობა მოიტანა მხოლოდ და მხოლოდ გმირის პრიმიტიულობამ. მერწმუნეთ, სხვის მოსაკლავად ან სხვა რაიმე მსგავსი სერიოზული მიზეზით რომ გამომეყვანა ის საწყალი სახლიდან, თავს არავითარ შემთხვევაში არ მოიკლავდა. სერიოზულ ყოყმანში მისმა პიროვნულმა პრიმიტიულობამ ჩამაგდო. მიუხედავად იმისა, რომ ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შესძლებდა ის ადამიანი თავის მოკვლას, რომელიც საკუთარ ოჯახშიც ვერ ეწევა სიგარეტს, საბოლოო ჯამში ფაქტს ვერ გავექეცი, ყოყმანი რეალობამ შთანთქა და მე „სინამდვილე ჩემთვის“ დავინახე. რაღა დაგიმალოთ და, ალბათ მეც სწორედ იმიტომა ვარ ცოცხალი, სხვა მისთანებთან ერთად, სახლში სიგარეტის მოწევა რომ შემიძლია. ნუ, ეს მე, მაგრამ ლაპარაკი სხვაზეა - ლაპარაკი პრიმიტიულობაზეა. მეშინია პრიმიტიულობის, გავურბივარ - არ მინდა ვინმე მოვკლა. სხვა საქმეა, თუ რამდენად პრიმიტიულ საქმედ ითვლება იმ ამასოფლის მკვიდრთა (კერძოთ სამეულის) ვინაობის დაწვრილმანება, რომელნიც აქამდე მხოლოდ სამი სიტყვით მყავს წარმოდგენილი - აი, ეს სამი სიტყვაც: “გაოცდნენ”, “ჩაფიქრდნენ” და “გაიცინეს”. მაგრამ ამ მხრივ აი, რას ვფიქრობ: რაიმეს მრავლობა მისივე პრიმიტიულობას წარმოშობს (ბანკირებს გული არ ეტკინებათ - ფული არაა მხედველობაში), პრიმიტიულობას წარმოშობს, მიუხედავად იმისა, ვინც და რანიც არ უნდა იყვნენ ისინი. ამ საფუძველზე მე ჩემს სამეულს პრიმიტიულთა ჯგუფს მივაკუთვნებ; ისინი ხომ ამასოფლის უამრავ მკვიდრთა დიდი ნაწილის წარმომადგენლები არიან - თუნდაც რომ გონიერნი იყვნენ. ჰო, ჰო, მე მათ გონიერებს ვუწოდებ. მაგრამ, მე ხომ შეშლილი ვარ... იქნებ, პირიქით? შესაძლებელია! ოღონდ აქ ჩემი დასკვნა, უბრალოდ, ზედმეტია. მათი თავი თქვენთვის მომინდვია, მათი ყველაფერი, გარდა ერთისა - “გაოცდნენ”, “ჩაფიქრდნენ” და “გაიცინეს”.
ხოო... ეხლა უკვე აღარც კი ვიცი რა გითხრათ? მათ თავს მთლიანად თქვენ გთავაზობთ და ამავე დროს, ძუნწი ადამიანივით, ვერ ველევი. მართალია, წარმოგიდგინეთ მხოლოდ სამი სიტყვით, მაგრამ სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული მთელი მათი პიროვნული სახე, ღირსება, რადგან ისინი ამით იწყებიან და ამითვე მთავრდებიან. რა აზრი აქვს აჩუქო სხვას უზარმაზარი კოსმოსური სივრცე  და შენთვის დაიტოვო ის ერთადერთი და ერთი ციცქნა პლანეტა, რომელიც ამ სივრცეში ობლად გამოკიდულა? რა ვქნა? ალბათ, ჩემი ენა მე არ მეკუთვნის! რაც არის, არის. ყველაფერი იქით იყოს, დამითმეთ, მე ხომ შეშლილი ვარ! ნუ მომკლავთ და ნუ მომაკვლევინებთ იმ სამ გმირს, რომელთაც სიკვდილი აზრადაც არა ჰქონიათ!

მაშ, ასე, წინასწარი შეთანხმება-თხოვნის თანახმად, აღარ უნდა მივყვე კუდში უცნაურს განშორებულ, ჩვენთვის უკვე ნაცნობ მგზავრთა სამეულს. მათ ნაცვლად ჩემი არჩევანი არაფრის მნაყველზე უნდა შეჩერდეს. რომელიც, სიმართლე გითხრათ, სულიერად ჩემთან უფრო ახლოა, ვიდრე ისინი; მაგრამ არა! სწორედ ჩემი პირობის მიუხედავად, თქვენ წარმოიდგინეთ, მე მაინც მათ, პრიმიტიულთა სამეულს გავყვები, მხოლოდ არცთუ იმ სახით, რომელსაც საერთოდ გაყოლა ჰქვია. გავყვები ბრმად, რადგან თვით ისინი მიმაჩნია ბრმებად!
არ იფიქროთ, ასეთი რიხის შემოტანით (ბრმები ვუწოდე...) მავიწყდებოდეს, რომ შეშლილი ვარ. არა, სწორედ შეშლილობამ მომაპოვებინა ეს რიხი - ამისთვის ვემზადებოდი; თუმცა, სულ მალე პირვანდელ მოკრძალებას დავუბრუნდები. ესე იციან შეშლილებმა - მიდი და მოსთხოვე რამე, თუკი გონიერი ხარ! რომელმა კრიტიკოსმა უნდა მომაძახოს: „შენი ნაწერი სისულელეაო!“, როდესაც, თუკი იგი ჭეშმარიტი კრიტიკოსია, თავადვე მოისაზრებს, რომ ჩემგან მტკიცე დასტურის მეტს ვერაფერს მიიღებს.

თანახმა ვარ: ზედმეტად გადავუხვიე!

არ ვიცი, ჩვენმა მგზავრებმა ბევრი იარეს თუ ცოტა (და არც არასდროს მეცოდინება ჩემს გარშემო აღმართული საშინელი კედლის გამო, რომელიც ჩემი უბედურების ერთ-ერთი მიზეზია). მხოლოდ ერთი ვიცი და ისიც იმიტომ, რომ ის ყველასთვის ხილულია (კედლის იქიდანაც ჩანს): ისინი მიაბიჯებდნენ თავიანთ ლარივით სწორ, ფართო გზაზე ისე, არსაით გადაუხვევიათ და თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ აქ მოხდა ის საოცრება, რომლის შესახებაც სიტყვა თხრობის დასაწყისში კინაღამ წამომცდა: არ იფიქროთ, ჩვენს მგზავრებს დედამიწისთვის წრე შემოევლოთ (არა, სად შეუძლიათ ამდენი!), მაგრამ ისინი კვლავაც იმ ადგილს მიადგნენ, სადაც უცნაური ადამიანი ცარიელ ქვასანაყში ქვას აკაკუნებდა, არაფერს ნაყავდა. ვიმეორებ: არავითარი გზიდან გადახვევა, მით უმეტეს, უკან დაბრუნება - მათი მიზანი მხოლოდ წინსვლაა! და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც იმავე ადგილზე აღმოჩნდნენ, თითქოს წინ არც წასულანო. ეს ყველაფერი მეც საოცრებად მეჩვენება, მაგრამ რა ვქნა? ეს ასე იყო. ამ ყველაფერში ერთი-ორი ნაცნობი და ოდესმე მაინც მრავალი უცნობი დამეთანხმება.
იქაური საოცრება მხოლოდ იმ ფაქტით არ იფარგლება, რაც უკვე გაგიმხილეთ. საქმე ისაა, რომ წინ წასულ და ფაქტობრივად იმავე ადგილზე მყოფ სამეულს ახსოვდა განვლილი გზის ყოველი ადგილი. უცნაური ადამიანიც სწორედ რომ მშვენივრად ამოტივტივდა მათ მეხსიერებაში, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ: მათი ყურადღება ოდნავადაც არ გამახვილებულა მასზედ, თუ რის გამო აღმოჩნდნენ ერთსა და იმავე ადგილზე ორჯერ, მიუხედავად შეუპოვარი წინსვლისა. არ ვიცი რისი ბრალია ეს ყველაფერი. იქნებ ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ მათი ინტელექტით სავსე ტვინის უჯრედები ასეთი წვრილმანებით ზედმეტად არ იტვირთება. ასეთი ადამიანები, ალბათ, იმდენად გონიერნი არიან, რომ სისულელეებს ვეღარც კი ამჩნევენ. ამას მხოლოდ მე და ჩემისთანები ვაქცევთ ყურადღებას და, ალბათ, რაიმეს პოვნა გვინდა მასში - როგორც წეღან მოგახსენეთ: შევუდგები გონიერების ძიებაში სისულელეების პოვნას. შემდეგ... ბომბი აფეთქდა... არა, არა, ეს ისე ვთქვი, რათა ჩემი შეშლილობის საკითხი კიდევ ერთხელ შემეხსენებინა თქვენთვის. გულს ნუ გაიტეხს ნერავინ, თუკი ვინმე ვერ გამიგებს (თუკი ვინმე?).
აი, ამჯერად კი ვეღარ განვუდგები ჩემს მიერ წამოყენებულ შეთანხმება-თხოვნას, რომლისთვისაც სიტყვათა კორიანტელი არ დავიშურე. არ გავაღრმავებ სიტყვათა შინაარსს „გაოცდნენ“, „ჩაფიქრდნენ“ და „გაიცინეს“, მოკლედ კი ვიტყვი: თვითონ ჩვენმა მგზავრებმა გააღრმავეს, რაღაცნაირად გაბერეს, მასშტაბი გაუზარდეს - სანახაობით ხელახლად გაოცებულებმა მიიკითხეს, მოიკითხეს, გაიხსენეს, შეადარეს, ერთსა და იმავეს ამტკიცებდნენ - უცნაური შეშლილიაო, და მაინც, საკამათოდ ჰქონდათ საქმე. მათი მდგომარეობის ამ ფაზას ჩვენ, რაღა თქმა უნდა, „ჩაფიქრება“ - ფიქრი ვუწოდეთ. ბოლოს, თითქის თავადაც გაერკვნენ უაზრობის უაზრობაში და... სხვას დაეკითხნენ, შემთხვევით გამვლელს, ვინმე ფილოსოფიურად მოაზროვნე პირს, რომელიც შეუმჩნეველი ბილიკიდან გამოჩენილი თავშეყრილთ ის წუთია წამოსდგომოდა - ყოველივე ამის შესახებ თქვენ რას ფიქრობთო? ახალმოსულმა არაფერი თქვა - ეტყობოდა, ბუნებით მდუმარე კაცი იყო. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს არაფრის მზიდი სცენა, რომ გზად ერთ სულიერად დაავადებულს არ გამოევლო. სულიერად დაავადებული აღაშფოთა უცნაურის დანახვამ - მოიცა კაცო, სად გაგონილა არაფრის ნაყვა, წყალს მოგიტან, წყალი ნაყეო!
მართალია, სულიერად დაავადებულის სიტყვებს უცნაურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, მაგრამ სამაგიეროდ მის ნაცვლად იქ მყოფნი ჩასწვდნენ აზრის სიღრმეს -ისედაც ჩაფიქრებული ფილოსოფოსი მეტად ჩაფიქრდა; მგზავრთა სამეულმა კი თავისი იქ ყოფნის მოცემულ ფაზას მომდევნო ფაზა შეუნაცვლა: “ფიქრი” “სიცილმა” შეცვალა. იცინოდა პირველი, იცინოდა მეორე და რაღა თქმა უნდა, იცინოდა მესამე.

მორჩა! მე დავისვენე - სამეულმა გზა გააგრძელა; უნდა ვიჩქარო ამბის თხრობა, თორემ საცაა ზურგიდან ისევ მომადგებიან. სულიერად დაავადებულიც უკვე კარგა ხნის წასული იყო, როცა ფილოსოფოსი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ უცნაურს დაეკითხა - სცადა გაეგო, იყო თუ არა უცნაური საღი გონების.
- მერედა, მე მაგას რად მეკითხები?
- აბა, ვის ვკითხო? - უცნაურისგან შემობრუნებულ კითხვას კითხვითვე გასცა პასუხი.
- ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან რაიმეს თქმა უაზრობა იქნებოდა, - წამოიწყო უცნაურმა, - მაგრამ არც ართქმაში დევს აზრი. ორი უაზრობიდან რომელიმეს არჩევაც თვით უაზრობაა, მაგრამ რადგან გაინტერესებს, მეც გეტყვი. - წამით შეყოვნდა, ქვასანაყს ჩააჩერდა, - შენ რომელი შეშლილი გინახავს, თავის შეშლილობას აღიარებდეს? ყოველ მათგანს თავისი ქმედება გონიერებად მიაჩნია და ამიტომაც არიან შეშლილნი. და თუკი ვინმე მაინც დაიბრალებს - შეშლილი ვარო, მოტივირებული იქნება რაიმე მიზეზით, რაც უკვე მის გონიერებაზე მიანიშნებს. ასე, რომ რა კატეგორიისაც არ უნდა ვიყო, შენ ჩემმა პასუხმა არ უნდა დაგაკმაყოფილოს, რადგან პასუხი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება - გონიერი ვარ!
სიტყვის დასრულებისას უცნაურს სახეზე მკრთალი ღიმილი მოერია, ისევ ჩახედა ქვასანაყში სიცარიელეს და ქვის ორიოდე ჩაკაკუნების შემდეგ გააგრძელა, ისე, მოსაუბრისთვის არც აუხედავს.
- სხვათა შორის, შეშლილთა “გონიერება‘‘ თუ ჩვენთვის შეშლილობაა, ჩვენი გონიერებაც ხომ მათთვის იგივეს ნიშნავს?! რომ დავუკვირდეთ, ორი თავისებური ბანაკი ყალიბდებდა, ერთმანეთის პირისპირ მდგომი. საერთოდ, ადამიანი გვერდიდან უკეთესად ჩანს. ნათქვამიც არის - შეხედე შენს თავს გვერდიდან! გვერდიდან კი ჩვენ შეშლილები ვჩანვართ, რადგან ეს გვერდი შეშლილთა პოზიციაა. იბადება სიტყვები (შესაბამისად მცნებებიც) – “ჩვენ”, “ისინი”, “ეს ბანაკი”, “ის ბანაკი”... ჩემი თავი მექანიკურად “ამ ბანაკს” მივაკუთვნე. არა, ამ ბანაკს კი ვეკუთვნი, მაგრამ საქმე ისაა, ამ ბანაკში გონიერთა სადგომს ვგულისხმობ. მაგრამ ისინი, ვინც იმ ბანაკშია, ანუ შეშლილნი, ხომ თავიანთ ბანაკსაც ჩვენსავით “ამ ბანაკს” უწოდებენ და მასში ასევე გონიერთა სადგომს გულისხმობენ? იბადება კითხვა: ვისი “ეს ბანაკია” ჭეშმარიტი “ეს ბანაკი”, ჭეშმარიტ გონიერთა სადგომი? ორივე მხარე გონიერი არ შეიძლება იყოს, მაშინ ერთმანეთს შეშლილებად არ შევრაცხავდით. ამ შემთხვევაში უფრო სავარაუდო იქნებ ორივე მხარის შეშლილობის საკითხიც იყოს?!
იგი დადუმდა. რაღაცა ხნის შემდეგ ამოიოხრა და გააგრძელა:
- რა არის, იცი? უაზრობის თქმას ხომ აზრი არა აქვს, ძალიან ცუდია, როდესაც იტყვი და ამით მის სრულ სახეს გადააწყდები! - წამით შეყოვნდა, შორეთს გახედა, უფრო მძიმედ ამოიოხრა და ამ ამოოხვრით უცებ გულზე რაღაც მოეშვა. - თუმცა, არ თქმასაც მოჰყვება ვაი! მხოლოდ სხვაგვარი ვაი! ეჰ, ვაი, ვაი! ჰოდა, ჩვენცა ვთქვათ, ვაფრქვიოთ აზრი! სხვა რაღა გვრჩება, ჩვენ ხომ მივიწევთ უაზრობისკენ და აი, ვეძიოთ საძიებელი იქ, სადაც გვაქვს ძებნის შანსი, მაინც ვეძიოთ, თუნდაც ვიცოდეთ, რომ ძებნა ამაოა.
უცნაურმა კიდევ ჩამოაყალიბა რაღაც აზრები, ბევრი იმსჯელა, ბოლოს გამოაცხადა - ჩიხში მოვხვდითო.
- ჩვენ გვინდა დავადგინოთ, ვართ თუ არა გონიერნი, საღი გონების. ამას მსჯელობა უნდა, ღრმა ფიქრი, მაგრამ არ ვიცით, ეს მსჯელობა, ფიქრი იქნება თუ არა ჭეშმარიტი, საღი, ჯანმრთელი. სასაცილოა, თან სატირალიც - უსასრულობაშია ყველაფრის პასუხი. აზრი არა აქვს ამტკიცო, ვინ გონიერია და ვინ შეშლილი. ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი გონებით კმაყოფილი. რა გენაღვლება, იყავ თუნდ გონიერი და თუნდ შეშლილი. - გაეღიმა და დაამატა, - კიდევ მკითხავ, ვარ თუ არა საღი გონების?
ფილოსოფოსს სიტყვა არ უთქვამს, უარის ნიშნად გააქნია თავი და იქაურობისგან გასაცლელად მოემზადა.
- მაშ, შენ ჩემი გონით, გონიერი ხარ! - უკვე გაცლილს გააყოლა უცნაურმა სიტყვები და ამით მცირე ხნით კიდევ შეაყოვნა, თითქოს რაღაც ახალი დაანახა, გაახსენა, რომელსაც იგი კიდეც ხედავდა, კიდეც ესმოდა, მაგრამ მისთვის მაინც ახალი იყო.
- თუ გინაყია წყალი ოდესმე?
- მთელი ცხოვრება. - ნაღვლიანად გასცა პასუხი.
- რატომ შეცვალე წყალი არაფრით?
- ჩვენ ყველა წყლის მნაყველები ვართ. გვიხარია, რადგან გვჯერა მისი დანაყვის. ხოლო როდესაც ადამიანი შეიგნებს წყლის დაუნაყველობას, რაღა აზრი აქვს მის ნაყვას - შეგნებულად თავის ტყუებას, შეგნებულად არაფრის ქმნა  სჯობს!
- მაშ, საერთოდ რაღას ნაყავ, თუნდ მაგ არაფერს?
- ეეხ... - უსაზღვრო ნაღველი ამოაყოლა უცნაურმა სიტყვებს, - არ შემიძლია არ ვნაყო!
ამის შემდეგ ისინი უსიტყვოდ დაშორდნენ. იმ დღის შემდეგ ფილოსოფოსი წინანდებურად ქმნიდა ნაშრომებს, შემოატარებდა მთელ სოფელს და შემდეგ თვისივე ხელით ისე ანადგურებდა, კაციშვილს არ ახედებდა შიგ.

ასე დამთავრდა ჩემი ნათხრობი.
იმედია, შეშლილისგან სხვას არც ელოდით.

რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ...

                                                                                                1986 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები