ნაწარმოებები



ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2018


ღვთისავრული


...
ღვთისა ვარ რადგან არაფერს ვიტევ
ღვთისა ვარ რადგან ყველაფრის მტევი
ამ დატევებით მიტევებს ქრისტე
ამ უტევობით ვერ მიტევს მტერიც.

....
დროა ვუმტვრიოთ დევის მარანს ძმებო ზეკარი
მოთოვოს თუნდა გრაალებით, ფერისცვალებით
ჩვენ დედის ძუძუდ გვიწოვია ნარზე ეკალი
ჩვენ ეკლებივით გვიკრეფია ჩიტისთვალებიც.

....
როგორც თავხნულზე მძიმე ნაჩლიქარს
დავყურებ მამულს. უფალო მიმძიმს.
და მგლის ლეკვივით ჯაგში გაჩრილ ქარს
სულის ნეკნს ვუმტვრევ სიავით, სიმწრით.

...
ღმერთი გაივლის ვით ფერდში შუბი
ვით შუბლში ტყვია, ნეკნებში დანა
წამოგაჩოქებს შეხების შუქი
და აგიფეთქებს სისხლში ზაფრანას.
დააზრობს მიწას მუხლების სუსხი
ღმერთს კი შესცივა განა, შენ, განა...
გაივლი მასში ვით ფერდში შუბი
ვით შუბლში ტყვია, ვით ნეკნში დანა.

...
ეს მერამდენედ იწერება ღმერთო სამადლოდ
ეს მერამდენედ საცოდავად ანდა ცოდვისთვის
და ვიდრე ერთი მეორეში ყინულს გაადნობს
ვიდრე მადლობას გადვიხდიდე მოხდით ბოდიშის-
-უნდა იცოდე ჩემგანაც რომ ვერ დაგივარგდი
ვერ შეგირჩინე ნათლულ სისხლში ბჭეთა სიმაგრე
ქარყინულიდან ამოვვარდნილს ვგავდი გივარგის
ყელში მიჭერდა ძველი გველის ბასრი სიანგლე.

...
დაწურეთ ყველა ჟრუანტელი: ცოდვა და მადლი
დაწმინდეთ. მიწა ნაგლეჯ ფერდებს ვეღარ იკემსავს
თუ ჩამქოლავენ მადლობის ქვით... ქეჯნას და ქადილს
ცოდვის ქვასავით რა ხელი აქვს მადლის რიყესთან.
მერე?
მერე დაბეჭდეთ სულის ბეჭდით, ცის დერგში დადგით
და დერგი იგი აიტანეთ მხრებით ქრისტესთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები