ნაწარმოებები



ავტორი: ენ გეითს
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2018


Death clock

მე რომ მოვკვდები,
დამაყრიან ყვავილებს გულზე,
ყბას ამიკრავენ, ჩამაწვენენ კუბოში ვიწროდ,
გამიხსენებენ ერთი-ორჯერ საღამოს მწუხრზე,
ქარს გამატანენ, მოჩვენებას ატანენ    თითქოს.

როცა მოვკვდვები,
გადამივა კანიდან ფერი,
ჭიების წვიმა გამომაჭამს ვარდისფერ ბაგეს
და მერე ბნელში გამგზავრების დადგება ჯერი,
ჩემს მაგივრად კი, ვიღაც, ახალ სიცოცხლეს ბადებს.

მე თუ მოვკვდები,
გამიშლიან ქელეხის სუფრას,
ლეშით მშიერ ხალხს, დაედება სურვილის ფერი,
შესანდობარით მისურვებენ სამყოფელს, სუფთას,
ხორცად შემჭამენ, უგულონი, საფლავისფერნი...

თუკი მოვკვდები,
უნებლიედ, ან თუნდაც ნებით,
გადაფრინდები მთის მწვერვალზე, უხორცო, მჩატე,
ვიღაც უთუოდ დამიტირებს წმინდად და ვნებით,
გულში ჩაიკლავს მოგონების სევდიან დარდებს.

მე ხომ მოვკვდები,
ვერ დავარღვევ სამყაროს ადათს,
სიკვდილისფერი გამიხდება, მწუხარე გული,
მიმაბარებენ ზარ-ზეიმის იმედად ვალჰალს,
მკვდრის სამეფოში შეცურდება დაღლილი სული.

ვიცი, მოვკვდები,
მესაფლავე გამითხრის საფლავს,
გოჯებს დათვლიან, გაკვალავენ მიწაში სივრცეს,
ჩამაყოლებენ წმინდანის ხატს და ხავერდის თავშალს,
შემიფუთავენ უფერულ თმას, გაყინულ თითებს.

გარდავიცვალე,
უნებართვო შევწყვიტე სუნთქვა,
ძველი წიგნივით მომიჩინეს მტვრიანი თარო,
ღვინით დამნამეს, „მიუვაო“, ვიღაცას უთქვამს,
მესაფლავე კი,  უკანასკნელ სამძიმარს ამბობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები