ნაწარმოებები



ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2018


მკერავი ნავნე

ღვთის მზერასავით ედგა მზე თავზე და დაჰნათოდა.  მაღალი კორპუსის პირველ სართულზე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა.  ფანჯრების წინ თავისი წილი პატარა ეზო  ხის ღობით შემოეკრა, ნაცარბუმბულა ბეღურებით აევსო.  ფანჯრის რაფა  სავსე ჰქონდა ხოლმე  ხშირად პურის ნამცეცებით, ხორბლის მარცვლებით, ხელიდან აცლილი დასორსოლავებული ცომით, ქერით ან კოპტონითაც.  გამოიხედავდა და მოაპნევდა საკენკს, გაიხედავდა და მოაპნევდა. ჭიკჭიკებდნენ,  ღუღუნებდნენ და წივწივებდნენ მერე  მისი ფანჯრების წინ  მტრედები და ჩიტები. ეგ ჯერ კიდევ რა იყო?
    კაბის ზემოდან წინსაფარები  ეკეთა  სხვადასხვანაირი.  ერთ წინსაფარს კოპლებიანი აბრეშუმის დიდი  ჯიბე ეკერა, მეორეს - ჩითის, მესამეს - ბამბაზიის... სულ ჭრელ-ჭრელები,  მორჩენილი ქსოვილებისგან.  მკერავი იყო და  დაჭრილ  ნაჭერებს არ  ყრიდა,  მერე იკერავდა  ან რთავდა ხან რასა და ხან რას. პატარა გოგოების პლასტმასის თოჯინების ტანსაცმელი ხომ მისი შეკერელი იყო და იყო... მიადგებოდნენ ეზოს მატრაკვეცები თხოვნით და ისიც უკერავდა ხან საბანს, ხან კაბას, ხან თავსაფარს,  ხან ნაჭრის ჩანთას, მოსავდა მათ თოჯინებსაც ათასნაირად. რვეულის ყდებსაც კი აწებებდნენ  ხოლმე მისი ძვირფასი ხავერდისა თუ ზარბაბის მატერიების დანარჩენებს, ალამაზებდნენ და წერდნენ შიგნით დღიურებს.
      გვიან ღამემდე ენთო ხოლმე პატარა  ნათურა საკერავი მანქანის გვერდით და მონოტონურად ისმოდა დაგვირისტებისა ან დალამბვის დროს საკერავი მანქანის რახრახი. უკერავდა საპატარძლოებს საბედნიერო  კაბებს, ქვრივბს - საჭირისუფლოს, მოსწავლეებს - სასკოლოს, დიასახლისებს -  ხალათებს, ავიწროებდა, აფართოებდა, ჩამოშლიდა, ტოტებს შემოჭრიდა- შემოუკეცავდა შარვლებს. მერე ყველა ნაჭერი ნაკუწებად თავთავიანთ ამბავს ტოვებდა, ზოგი სასიხარულოს, ზოგი - სამწუხაროს. იყო ამ სიხარულ- წუხილშიც ჩვენი მკერავი, თავისი ეზოს ნაცარბუმბულა ბეღურებით სავსე. სულ რიგი ედგა ადამიანებისა და ჩიტების. მაღაზიები ხომ  სავსე იყო ქსოვილებითა და ძაფებით, სადაფის ღილებით, მარგალიტის ქინძისთავებით,  მაგრამ მასთან პერიოდულად ერთი ქურთი ბაზაზი მოიდოდა ხოლმე. ფართლეულისა და საქსოვ- საკერავი  ძაფების  მოვაჭრე.  ფერად- ფერადი  ძაფებითა და ბაწრებით  ჰქონდა ხოლმე ჩანთა და კისერი  სავსე. აზიზა ერქვა, მაგრამ აზიზაც ისეთივე უცხო სიტყვა იყო  ბავშვებისთვის,  როგორც ბაზაზი, ამიტომ ზოგი აზიზა ძიას ეძახდა, ზოგი - ბაზაზი ძიას. ისიც იცინოდა და პასუხობდა, თავს არ არიდებდა.  წლების წინ ბაზაზის ცოლს თავი  ჩამოუხრჩია, ერთადერთი ბიჭი ჯარიდან სახლში მკვდარი რომ მოუსვენესო. დაასაფლავა ცოლი, ჩაალაგა ფერადი ძაფები და ბაწრები ჩანთაში, ზოგიც ყელზე შეიბა და დააქვს ასე ნაცნობ მკერავებთან კარდაკარო.  რატომ მოიქცა ასე, ვინ იცის, ეგ მარტო  თავად აზიზამ იცის.  ცოლს საფლავზეც  ფერადი ბაწრები შეაბაო, არა და ქალს ფერადი, მინდვრის ყვავილები ჰყვარებია...მოკლედ, დარდისაგან გალეული მთვარის დანარჩენია  ეს ჩვენი  ბაზაზი, არც ეს ჩვენი მკერავი უნდა იყოს უდარდელი. ერთხელ ბავშვი ჩავიყვანე, სკოლის ფორმის ქვედაბოლოს შემოსაკეცად და თავზე ძაფი დაადო, ისე ჩაინიშნა და შემოალამბა ზედ. ძაფი რაღად უნდა თავზე- მეთქი, დეიდა ნავნე და ბედი შემოეკერებაო. სიცილი ძლივს შევიკავე, მაგრამ მაინც გავუბედე, ჯერ ბედი რა არის და ისიც სკოლის ფორმაზე შემოკერებული - მეთქი. მასეც ნუ იტყვიო, მწარედ ჩაეცინა.  საპატარძლო კაბაზე კისერთან აწყვეტილი ღილი რომ ზედ შემომაკერა ბებიაჩემმა, იმიტომაც დავრჩი ბეღურებისა და ნაჭრების ამარაო.
- ეგ როგორ - მეთქი, და - აეგრეო!
    ნავნეს ბებია ჰყოლია მკერავი, საპატარძლო კაბაც ბებიას შინ შეუკერია. ზამთრის პირი იყოო, თოვლს დავასწროთ ქორწილი და თეთრი კაბით შენ იყავი ზამთრისა და თოვლის მახარობელაო. ზამთრის მახარობლობისა არ ვიცი და საპატარძლო კაბით კი ვხარობდიო, ხან რომელი სარკის წინ ვიდექი ხან რომელი სარკისაო. ქორწილის წინა ღამეს თოვლს დაუსწრია და მოსულა. ისეთი დიდი თოვლი იყო, ჩაიკეტა გზები, ჩაქრა სინათლეები,  ხეებზე ტოტების ჩამოტეხის ხმა ისმოდა ალაგო.
-მერე - მეთქი ?
- მერე თოვლი მოვიდა და სასიძო აღარო. დავრჩით მე, ბებია, დიდი თოვლი და ერთი მუჭა ბეღურები ერთადო.
-აღარც გაგიკითხია, აღარც გაგირკვევია რა დაემართა იმ კაცს, რატომ არ მოვიდა - მეთქი ?
-არაო.... არ მოვიდა და მორჩაო! ღილი ზედ არ უნდა შემოეკერებინა ბებიაჩემს და იმიტომო.
-უჰ, კარგი რა ნავნე დეიდა - მეთქი, კარგი რა!  ეგ ხომ ორივემ ვიცით რომ ტყუილია - მეთქი.
- რაც არის ეგ არისო. ამ ორიოდე წლის წინ ერთ ბეღურა გოგოს შევუკერე საპატარძლო კაბა და გავიგე, იმისი შვილი ყოფილაო.  აი, იმ საპატარძლო კაბის ნაჭერიო,  აი აზიზას  ჭრელი ძაფების ასხმულაო, აი, იმ ჭირისუფლის ძაძების ნაკუწიო, აი, ჩვენი მეზობლის ბიჭის შემოჭრილი შარვლის ტოტი, ავარიით რომ დაიღუპაო, აი, ამის ესაო, აი, იმის ისაო.... ნაჭრები, ნაჭრები, ნაჭრები, ნაირნაირები თეთრები, წითლები, მწვანეები, შავები...
გაიტანა ეზოში და დიდი ცეცხლი ააბურბურა.
-აბა, ეს ფერადი წინსაფრები მეთქი და არაო, ეგ საბედნიერო ამბებიდან შემორჩენილი ნაჭრებია, მაგითა ვკერავ წინსაფრებს, დიდ ჯიბეებს ვაკერებ და შიგ ვაწყობ კარგ ამბებს გულის საოხადაო.
      ნეტა ნატვრის ხეზე როგორი ამბების ნარჩენები ჰკიდია ხოლმე ფერად-ფერად ნაჭრებად, სურვილებს რომ ასრულებს, ან ვერ ასრულებს, გახედავ და ერთი შეხედვით ლამაზია, გახედავ და დაძონძილი ხე რაღაცნაირად შეგზარავს. მკერავი ნავნესავით  ალბათ არ არჩევენ სალხინო და სამწუხარო ამბების მონარჩენებს და იმიტომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები