ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2018


ამაოება

ესეც მთელი სამყარო.
ვრცელი და ჩუმი.

ხეები. ქუჩა. ლამპიონი.
და ჭრელი კატა.

მიაბიჯებ და იმარცვლები
მტვრად და ხმაურად
და არც კი ამბობ,
რომ ამ ღამით გეუცნაურა -

მარტოობისგან დარჩენილი ცივი სიჩუმე.
რომელშიც არც კი იძირები,
მხოლოდ ტივტივებ.

ვერ ვცნობ ვერავის,
ვერ იხსენებ ვერც ერთ სილუეტს...
ვერ მიაგენი ვერც შენს ოთახს,
ვერც შენს სამყოფელს...

და ვარაუდით გავლილ გზებზე გხვდება სიცოცხლე,
რომელსაც თუმცა სულ იზომებ,
მაინც ვერ ირგებ....

მუდამ დიდი გაქვს,
ან პატარა,
ან მხრებთან - ვიწრო.
არ გშვენის,
თუმცა უგერგილოდ მაინც ატარებ

და ყველა ნერვით აკონტროლებ საკუთარ ფიქრებს,
რომ პრობლემები საჭმელივით ხორხში გადაგცდეს,

რომ მოინელო ყველა სევდა,
ყველა ტკივილი,
რომ გამართულმა გაიარო
და არ შეგეტყოს,

რა მძიმე არის უყურებდე ამაოებას
და გძულდეს ირგვლივ გადაშლილი მთელი სამყარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები