ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2018


ბებურა

ნინო დარბაისელი

ბებურა
- - - -
,,მზიურ, ზღვიურ სამშობლოში       
შეგეწიოთ ერთი და
მონატრებულ სალამს გიძღვნით
შორი ჩრდილოეთიდან.

დედი, მამი, ეს წერილი,
იწერება კარნახით,
ვიცი, გული გაგელიათ   
მონატრებით, არნახვით.
ჰოსპიტალი, სანიტარი, -
ხელში -  მოკლე ფანქარი,
და ფურცელი, მზეც - ფანჯრიდან -
აი, ჩემი ამქარი.
თავქვეშ თეთრი ბალიში მაქვს,
მაღლა მიდევს კისერი.
დღეში სამჯერ - კარგი კვება,
პური გვაქვს და კისელი.
იალტა და თეირანი,
რუზველტი და ჩერჩილი...
მტერს საფლავზე დასტიროდეს
დედა - თმაგაჩეჩილი!
მთავარია გავიმარჯვოთ,
კარგად გვყავდეს სტალინი,
ვის ადარდებს განსაცდელი,
ჩვენი გადატანილი.
გენერალში არ გაცვალა შვილი,
მართლა კაცია,
მე  - რა? ვეღარ ამეტანა
ფეხის ამპუტაცია?
ეშელონი რომ წამოვა,
შენც შინ გაგაყოლებსო,
სადგურიდან - სოფლისკენაც
ჩვენ გიპოვით მძღოლებსო.
აღარ დამიდარდიანდეთ,
კიდევ ცოტაც მოიცათ,
ხედავთ?  - შვილი კარგადა გყავთ,
გულს იმედი მოიცა.

პასუხს ველი, სასურველი
მეტი რა დამრჩენია.
მტერს ბუნაგში ამოვბუგავთ,
გამარჯვება - ჩვენია!”

მინაწერი ირიბად, ბატიფეხურით:

,,თავს მევლება ჩვენებური
სანიტარი - ლილია.
ლამაზია, მაგრამ, რა ვქნა,
უკვე გათხოვილია.”

ეს - სამკუთხა ბარათია.
მამის ბიძამ, ბებურამ
ფრონტიდან რომ გამოგზავნა.
მახსოვს ჩემუნებურად,
ვარა ბაბოს სიკვდილამდე
შავი ეცვა, ებურა.
  ფოტო შეგვრჩა , ბებურა კი -
აღარ დაბრუნებულა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები