ნაწარმოებები



ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2018


...........

ადამიანი იძირება ყოფიერების დაკონკრეტებაში,
გამოცალკევებულობა ამძიმებს მის არსებობას და
სხეულს ძილს გვრის,
ემბრიონის პოზაში იძინებს დამძიმებული ადამიანი და
იძირება სიცოცხლიდან სიკვდილში.

ზოგადში იბადება სული,
ერთიანობის აღქმაში წარმოიშობა სიმსუბუქე,
ღმერთია დრო,
ადამიანი კი მას გვერდით მიჰყვება როგორ უმსუბუქესი სული და
თვალი ერთიანობის აღმქმელი,
მხოლოდ მისდევს დროის დინებას და აღიქვამს
კერძოს ზოგადში.

არასდროს არ აქვს მნიშვნელობები რომელიმე
კონკრეტული ადამიანების არსებობას,
კონკრეტულ ქმედებებს ან აზრებს.
მნიშვნელობა აღქმაა ერთიანობის.

უზარმაზარი ხის წინ ვდგავარ ,
უზარმაზარი მუხის ხე გადაჭდობილა ყოფიერების ტილოზე,
მაგრამ
უხილავია თვალისთვის მისი საწყისები,
ფესვები,
რომლებიც ალბათ ოკეანეებს უერთდება ბოლოს.

ჩემი სხეული გაჟღენთილია კონკრეტული ადამიანის ცხოვრებით,
მისი აზრებითა და ემოციებით არის დაბინდული სამყაროს თვალი,
რომელიც მხოლოდ მაშინ ხედავს,
როცა კონკრეტული ადამიანი ორივე თვალს ხუჭავს.

ამიტომ არის სიზმრები
ადამიანის ცხოვრებაზე უფრო რეალური ,
ამიტომ არის რომ სიზმარში ვერ იტყუები.

სხეულის სიმძიმეს ვეღარ გაძულო და
დახუჭა ორივე თვალი.
სწორედ მაშინ იგრძნო თითქოს ცა გაიხსნა და იქიდან
დაჰყურებდა ყველაფერს,
თავის თავსაც,
რომელიც მილიონობით მოფუსფუსე
არსებას შორის მხოლოდ ერთ- ერთი იყო.

იცხოვრო შენი ცხოვრებით ნიშნავს ,
უარი თქვა კონკრეტულობაში ჩაძინებაზე,
უარი თქვა საკუთარ ბედნიერებაზე თუ უბედურებაზე,
იცხოვრო,
ნიშნავს უყურებდე სამყაროს იმ წერტილიდან,
საიდანაც ყველაფერი ერთმანეთთან დამოკიდებულებაში არსებობს,
სადაც ვერ მოწყდები
ასე უბრალოდ ხის ტოტს და
ვერ იარსებებ დამოუკიდებლად.

მარტოობა ეს იმ ბავშვის ილუზიაა ,
ბავშვობაში რომ ეგონა
თუ თვალებს დახუჭავდა გაქრებოდა ხე ,
რომელიც ურჩხულად ეჩვენებოდა მას.
გაურბოდა არარსებულს ილუზიაში.
ახელდა თვალებს და ხე , რა თქმა უნდა, არ ქრებოდა. 
რა აზრი აქვს სახლში გამოკეტვას და გაქცევას ხეებისგან,
რომლებიც ურჩხულებად გვეჩვენება
თუ ისინი კვლავ ახერხებენ დაგიფრთხონ მშვიდი ძილი?
სულ ცოტა მეტხანს რომ გაგეძლო და შეგეხედა
შენი ურჩხულის სილუეტი ხომ ნელნელა გამოიკვეთებოდა და
მიხვდებოდი რომ ეს მხოლოდ ხეა.

დამოუკიდებლობა - ეს იმ ბავშვის ილუზიაა ,
სულ ახლახანს რომ ისწავლა სიარული და
ჰგონია ეს საკმარისია და
ახლა აღარ სჭირდება ხელის ჩაკიდება.

ინდივიდუალიზმი- ეს იმ ბავშვის ილუზიაა ,
საკუთარი მშობლები
ყველაზე ლამაზები რომ ჰგონია ამ  ქვეყნად.

ჩვენი არსებობა მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი,
როცა არ ვცხოვრობთ
ჩვენს კონკრეტულ ყოფიერებაში ჩაძირვით
და არც გავრბივართ მისგან.
ჩვენი არსებობა მხოლოდ მაშინ არის რეალური ,
როცა დროის დინებას მივყვებით და ყველაფერს
აღვიქვავთ განზოგადებაში.
ჩვენი შეგრძნებები მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი,
როცა
გვიყვარს არა კონკრეტულად,
არამედ ზოგადად ვუერთდებით სიყვარულის განცდას
და აღვიქვავთ ჩვენს თავს ერთ-ერთ ფესვად,
რომლიდანაც უზარმაზარი ხე ამოიზრდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები