ნაწარმოებები



ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2018


შენ და შემოდგომა

ქარებს აყოლილი ხეთა არითმია,
წვიმის მონოლოგი აჭრილ ამინდებზე,
ვიდრე სიკვდილამდე წამებს დამითვლიან,
მანამ სიცოცხლეზე ფიქრი მაიმედებს.

უკვე ორი თვეა ლექსმაც მიმატოვა,
სულის შემოდგომას ცვივა იმედები,
ცრემლად გაყინული სისხლი წამოთოვა,
თუმცა ნაადრევად მე არ დავნებდები.

ღამის სიჩუმეში ვწევარ ნამთვრალევი,
შენთან გაწყვეტილი მოკლე ზარის შემდეგ,
მთხოვე დამეძინა - მაგრამ ეს თვალები
ვამჩნევ უცილობელ ზეცას დაითენებს.

ღამემ გამიტყუა დროის სარტყელიდან,
ვიწრო ცისქვეშეთმა ვეღარ დამიტია,
ფიქრის უთავბოლო წანწალს ავყევი და
უკვე მერამდენედ - აღარც დამითვლია,

თითქოს სიკვდილის წინ ვნახე გამოფენა,
ცუდად შერჩეული გზების ისტორიით,
ფიქრმა წარსულიდან ისევ გამოფინა
ბედი უკუღმართი სავსე ირონიით.

თუმცა ვინ უჩივის როცა შენი სუნთქვა,
რაღაც მისტიური ძალით მაჯილდოებს.
დილამ ღამის ბინდი უკვე შეისუნთქა
და მზეც ჩაიხუტებს მალე აკიდოებს.

ხეებს შეჩვეული ქარის აკორდებით,
სახლში ფოთოლცვენამ ისევ შემოთოვა...
მიყვარს არეული ფერთა ამინდები -
სულში შემოსული შენ და შემოდგომა...

---------
ვწერ და სულ არ ვიცი ჩემი ნალექსარი,
სევდით დაგნამავს თუ ღიმილს დააპირებ...
დღესაც მაპატიე თუკი გარეწარი,
ლექსზე დამშეული სული დავაპურე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები