ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2018


პოლიქრონიონ (1)

  თამთა და გიორგი ერთ უბანში ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ, ეზოში მუდამ ერთად თამაშობდნენ. მხიარული უბანი იყო, საღამოობით ეზოში მუდამ ბავშვების ჟრიამული ისმოდა. რას არ თამაშობდნენ, რითი არ ერთობოდნენ, სრული მრავალფეროვნება ქონდათ: დახუჭობანაო, დამალობანაო, წრეში ბურთიო. ბიჭები გოგონებს ფეხბურთშიც კი აიყოლიებდნენ ხოლმე. გიორგი თამთაზე ერთი წლით უფროსი გახლდათ.
    საოცრად ლამაზი თვალები ქონდა თამთას, ლამაზი ქერა თმა, გული ქონდა თბილი, მზითსავსე, მუდამ ცდილობდა არავინ ეწყენინებინა, გული არავისთვის ეტკინა. ღიმილი იცოდა გასაოცარი, ეღიმილებოდა, ეფერებოდა გარშემო ყოველს, სითბოთი ავსებდა სამყაროს.
    ბავშვობაში დედას ცეკვაზე დაყავდა, ყოველ მოძრაობას, ყოველ ილეთს ძალზედ ადვილად ითვისებდა, მოქნილი იყო მეტად. ყოველი საცეკვაო ნომრის შესრულებისას სცენაზე მსუბუქად დანარნარებდა, სცენას უხდებოდა და სცენაც უხდებოდა მას, პედაგოგმაც ხომ ასე უთხრა თამთას მშობლებს მონაცემები აქვს და მახარებსო. საოცარი გრძელი კაბა და ლამაზი თავსაბურავი გოგონას ისედაც დახვეწილ სხეულს კიდევ უფრო ხვეწდა და ამშვენებდა. ცეკვა მისთვის იყო და იგი ცეკვისათვის, არ შეეძლო მას რომლის გარეშეც.
    ქორეოგრაფიული სტუდიის აღსაზრდელებს დიდი ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეესწავლათ, მრავალი  საცეკვაო ილეთი დაემუშავებინათ და ახლა სცენაზე მაყურებელთათვის საოცრებების ჩვენებას აპირებდნენ. ნინო მასწავლებელს გადაწყვეტილი ქონდა მისი ძვირფასი მოწაფეების მთელი გულით ნაშრომი, თვეების განმავლობაში შექმნილი მშობელთათვის წარედგინა, სურდა  დამსწრენი  ნორჩთა უნარ-შესაძლებლობებს გასცნობოდნენ. ღელავდა თამთა წინადღით, ის ხომ ჯერ მაინც ბავშვი იყო, ეფიქრებოდა მაყურებელი მას როგორ შეხვდებოდა და აი, თამთას გამოსვლაც მოახლოვდა. მეტად შვენოდა გოგონას ლამაზი, ქერა ნაწნავი, შვენოდა საოცარი სამოსი მეწამული, ნაზად, ფაქიზად ასრულებდა მოძრაობებს და ამ მოძრაობებში მთელ ენერგიას აქსოვდა.
    შემოქმედება გიორგისაც ეძვირფასებოდა, მას ლიტერატურა ხიბლავდა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მხატვრული კითხვის წრეზე სამსახურისგან თავისუფალ დღეს, შაბათობით მამას დაყავდა, იქ, სადაც ერთ დროს,
1918-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრება, ანუ პარლამენტი იყო განთავსებული. გიორგი ამ დღეს მეტად ბედნიერი იყო, მას ხომ შეხვედრა მისთვის ყველაზე ძვირფას თინათინ მასწავლებელთან, თბილ და საოცარ პედაგოგთან უწევდა. გიორგი ერთგულად ასრულებდა დავალებას და მხატვრულ კითხვაში დაოსტატებას დროის დიდ მონაკვეთს უთმობდა, ვარჯიშობდა, მეცადინეობდა. ქართული პოეზია მეტად ხიბლავდა, ტერენტი გრანელის სიტყვასთან, როგორც თავად პოეტი იტყოდა, მისი დაფერფლილი სულის ისტორიასთან შეხვედრას ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია, შეხვედრას კაცთან, რომელმაც ნერვების ფასად ფაქიზი სული და ღირებულება შეინარჩუნა. „უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი“, „ხატების წინ ხელაპყრობილი ვდგავართ მე და გაფითრება“, ეს და მისი სხვა ფრაზებიც, როგორც ლოცვები, მუდამ თან დაყვებოდა, ლადოს სხარტი, მგრგვინავი ლოგოსი, მისი ელვარე სული, ჯვარცმული ცხოვრება პოეტისა ბევრის მთქმელი იყო ამ პატარა ბიჭისათვის.
    ერთ დღესაც მამა მოსაცდელში იჯდა, როცა ოთახის კარი გაიღო და ბიჭი გამოჩნდა, მერე მასწავლებელიც გამოვიდა:
_ კარგი ბავშვია, ენერგიული, ხალისიანი, ხალისით, ინტერესით მეცადინეობს, მიხარია ამ ასაკში მისი ასეთი დამოკიდებულება, მისი ენთუზიაზმი, პოეზიას სხვაგვარი განცდა ჭირდება.
_ დიახ, მასთან სხვაგვარი ურთიერთობაა საჭირო, დაეთანხმა მამა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
    სასიამოვნოდ თბილოდა, მზე სხივებით ეფერებოდა ქალაქს. ნელი ნაბიჯით გაიარეს ქუჩა, მამადავითზე ავიდნენ. თვალწინ მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის საქართველოს ახალი და უახლესი ეპოქა იშლებოდა, მამა ბიჭს გენიალურ სახელებზე ესაუბრებოდა.
    თამთასა და გიორგის პროფესიული არჩევანი  მათმა ბავშვობისდროინდელმა ინტერესმა განაპირობა, რომლისკენაც გაუსაძლისი სწრაფვა ქონდათ. თამთამ ცეკვის სტუდია გახსნა,  მოწაფეები ყავდა საოცარი, დღის უმეტეს ნაწილს მათთან მუშაობაში ატარებდა, ენერგიული, აქტიური ბავშვები ყოველივეს სწრაფად ითვისებდნენ, თითქოს მთელი დღის მანძილზე დაღლას არც გრძნობდა,  სასიამოვნო საქმეს აკეთებდა და ასეთ წუთებში დრო მისთვის თითქმის არ არსებობდა. მოწაფეებში დიდ პოტენციას ხედავდა, შეეძლოთ სცენაზე ალი აებრიალებინათ და მაყურებლისათვის სასიამოვნო ემოციები ეჩუქებინათ.
    გიორგიმ მსახიობობა აირჩია, მხატვრული ტექსტის დეკლამაცია ხომ ბავშვობიდან ხიბლავდა. ჯერ კიდევ სასწავლო სცენაზე იხარჯებოდა ბოლომდე და მერეც როლებს მთელი ძალით, ენერგიით თამაშობდა. მას არ შეეძლო სხვაგვარად, ეს მისი სტიქია იყო, მისი ასპარეზი იყო ეს. ტელევიზიაშიც მუშაობდა, საავტორო გადაცემა ქონდა, მსმენელს დიდ ქართველთა შესახებ მოუთხრობდა, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, პეტრე მელიქიშვილისა და სხვათა შესახებ მთელი განცდით, სითბოთი და სიმძაფრით ესაუბრებოდა. ქვეყნის წარსული ქრონოგრაფია მისთვის ყველაფერი იყო, მატიანურ ქარიშხლებს ტკივილამდე მისული განცდის გარეშე ვერ აღიქვამდა. სურდა რომელიმე დიდი ქართველის როლი სცენაზეც ეთამაშა, მხატვრული თუ დოკუმენტური ფორმით იგი სცენაზეც წარმოეჩინა.
    მისი ერთ-ერთი როლი თამთამაც ნახა, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ბერძენ დრამატურგ სოფოკლეს პიესაში „ანტიგონე“ მეფე კრეონტის ვაჟის ჰემონის როლს თამაშობდა, როგორი ნამდვილი და ბუნებრივი იყო მისი სიტყვები, რომელიც მას თავისი ბუნების სიღრმიდან  ამოქონდა: „მამა, მე იმ გზით ვივლი, რომელზეც შენ მიმითითე, რადგან ესაა სწორი გზა, მაგრამ ერთ რამეში არ გეთანხმები, შენ თვლი, რომ ყველა საკითხის არსში წვდომა ძალგიძს და სხვის მოსმენას საჭიროდ აღარ მიიჩნევ, თუმცა მხოლოდ ერთ ადამიანს ყველაფერში წვდომა არ შეუძლია, ამიტომ საჭიროა სხვასაც მოვუსმინოთ, სხვისი აზრიც გავიგოთ“. როგორ ცდილობდა მშობელი დაერწმუნებინა, რომ მამის მხრიდან მეფის სიმკაცრით მოქმედება სწორი არაა და მიუხედავად იმისა, რომ ანტიგონემ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღით მოქმედი დამარხა ეს ძმის მიმართ სიბრალული იყო და მეფეს ტყვედპყრობილი უნდა გაენთავისუფლებინა, ისმენემ კი კანონით შეზღუდვის გამო დის მსგავსად მოქმედება ვერ გაბედა და თავისტკივილს განერიდა.
    ეს ყოველი მნახველის სულს საოცრად ლამაზად სწვდებოდა, ლამაზად იღვრებოდა მასში და ეს იყო ჭეშმარიტ კულტურასთან, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარება, ეს იყო პლატონისეული კათარზისი.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები