ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2018


სიყვარული

მისი ჩრჩილისგან შემოჭმული პიჯაკის უბეში რას არ ნახავდით: ხის გამხმარ ფოთოლს, ჭრელ კენჭს, პეპლის გაცრეცილ ფრთას, ძოწისფერი ლარნაკის ნატეხს, ინდაურის ან ბატის გაწკეპილ ბუმბულს, ჩამომტვრეულ ოქროს კბილს, ქაღალდის ნაგლეჯს, სადაც რაღაც ეწერა და არავის აკითხებდა, ჯერ არაო ... სულ მოხრილი, მხრების თრთოლვით დადიოდა, გეგონება ქვითინებსო. თავისივე მარცხენა ხელი ისე ჰქონდა მიკრული მკერდზე და მარჯვენა ხელითა ფარავდა, იტყოდი  თოთო ბავშვი თუ ჰყავს გადაწვენილი  მკლავზეო.  მერე წვერით გაბურძგნილ-გაჩეჩილ ლოყას თავისსავე ხელს მიადებდა და მიეფერებოდა: - შენი ჭირიმე, ჩემო გაუხარელოო, ჩემო საბრალოო...ამ სიტყვებსაც ისე ამბობდა გულის სისხლს ატანდა პირიდან.
რა დაგაქვსო, რომ ჰკითხავდით, სიყვარულიო, გიპასუხებდათ.
      ერთი ნახვით შეჰყვარებია. ღრუბლის მხრებზე დგომას ჰგავდა მათი შეხვედრა. მთის მწვერვალზე გულის ავარდნას, აქანებას, აქოშინებას. თითქოს იყვნენ და არც იყვნენო...უყურებდა ბიჭი და ნაწვიმარი გუბეებივით ემღვრეოდა თვალები. უყურებდა გოგო და ნამაყვლარივით ახმებოდა ბიჭი ზედ პირსახეს. იდგენ ჩანაცრილები,  ნადუმარები.
- რა შავწყალი გადაგესხათო?
- რა ავქარმა დაგქროლათო?
- რომელმა შეშლილმა ვარსკვლავმა შეგახვედრათო ?
-არაო, იუარეს გოგოს მშობლებმა. უცხო საქმრო გამოუძებნეს, უცხომიწისა, უცხოჰაერისა. გადმოიღეს ჭრელი ნარმა, ჩიგორგალი, ზამბაკები-სადაფქარები...
წყალთალია ცრემლებს ღვრიდნენ თურმე ორთავე. გადაწყვიტეს,  ნიშნობის დღეს უნდა გაპარულიყვნენ.
გათენდა და თვალსეირის საყურებლად დადგა მზეც ცაზე.
მოირთო გოგო ჩალამბარაყვავილებით, ჩალამძივით, ჩალაყვავილით, დაიჭირა აბილილები. მოვიდა საქმრო ღირსაცნობი, ღირსახსენებელი, უცხო.  რაღაცნაირად გამოიპარა გოგო სახლიდან, ჩავიდა მდინარესთან დათქმულ ადგილზე და  სად არის ბიჭი? დადგა თავთხელთან, ფიქრობს, წყალს გაჰყვეს თუ  იმ უცხო საქმროს?! გაიბზარა გოგო, ფხოჭნა  მიწა და ბალახი. აილუფხა ცრემლი და სისხლი. ჩიტვაშლებმა თავი დაღუნეს. ადგა და გაჰყვა შორიდან მოსულ საქმროს შორს, სხვა რა გზა იყო.
  გავიდა წლები.  ამბობენ იმ გოგომ მაინც ვერ გაიხარა, მშობიარობას გადაჰყვაო. გაიგო ეს ამბავი თუ არა, იქცა ეს ბეჩავ- ტერელაიც ტინად, ქვაგრილად.  აღარც გარეთ გამოდიოდა, აღარც ხმას სცემდა არავის. აღარც თავის თავს პატრონობდა,  გახდა, ჩამოხმა, ჩამოტიალდა. მისი ჩრჩილისგან შემოჭმული პიჯაკის უბეში რას არ ნახავდით: ხის გამხმარ ფოთოლს, ჭრელ კენჭს, პეპლის გაცრეცილ ფრთას, ძოწისფერი ლარნაკის ნატეხს, ინდაურის ან ბატის გაწკეპილ ბუმბულს, ჩამომტვრეულ ოქროს კბილს და როცა მკვდარი იპოვეს  და პირქვედამხობილი გადმოაბრუნეს, ერთი მუჭა მიწაც გადმოიპნა გულის უბიდან.  იმ დაკუჭულ ქაღალდზე  კი ანდერძად ეწერა: -ადამიანებო, ერთი სურვილი შემისრულეთ და სიკვდილის შემდეგ, ჩემს საფლავზე მოაპნიეთ ეს ერთი მუჭა მიწა, რომელიც იმ გოგოს საფლავიდან წამოვიღე და წლებია გულით ვატარეო.
მიწასთან ერთად ყველაფერიც ჩაატანეს, ხის გამხმარი ფოთოლიცა და ჭრელი კენჭებიც...აი, სიყვარულს კი ალბათ თვითონ  წაიღებდა თან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები