ნაწარმოებები



ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2018


მინიმალისტურები

გონებით იყო ათეისტი,
ხოლო გულით ყოველდღიურად
ხვდებოდა უფალს, ცის ფრინველებში ახმიანებულს;
ველის ყვავილთა სიმრავლეში აფერადებულს;
მაწანწალა ცხოველების ალერსისმწყურვალ გამოხედვაში.

*
ოცი წლის წინათ გადაღებულ
ფირს ვუყურებდი.
ამ ხალხმრავალი სუფრის წევრთა
დიდი ნაწილი
დღეს სასაფლაოს მკვიდრი გამხდარა...
და როგორ გინდა არ გაგიჯდეს ფიქრში სიკვდილი.

*
ნაადრევად ჭკნობამორეულ ბოსტანს
სულზე მიუსწრო გლეხმა სარწყავით...
ალბათ ასეთი კმაყოფილი იყო
უფალიც, ცისარტყელა რომ მიუძღვნა ნოეს.

*
როგორც დავრდომილ მოხუცს -
ბავშვობა,
"მობრძანდის" ხმა ენატრება,
ცხოველების სათარეშოდ ქცეული ეზოს
მოდარაჯე ჩაჟანგულ ჭიშკარს.


*
ცხოვრება - დიდი ილოზიონისტი
ოინებს ხლართავს
დღეები - თოკზე აკინძული ბანქოს მწკრივი
მიირწევა ქარის სისწრაფით.
ვინ იცის, როდის გადაჭრის ამ მწკრივს
მისი ავტორი.
იქნებ თვითონაც ილუზია  ვარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები