ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2018


დღემდე მოსვლა

წარსულიდან ბევრს ვერაფერს ვიხსენებ,
არ მახსოვს რას მღეროდა დედა, ან და მღეროდა თუ არა საერთოდ,
არ მახსოვს როგორი ხმა ქონდა მამას,
და ჩემი სახლიც აღარ მახსოვს უკვე ჩემს სახლად.
აი ის დღე კი, როცა ოდნავ დიდი პიჯაკით,
და მხარზე გადაკიდებული ხელჩანთით მივდიოდი დილით ქუჩაში,
არასოდეს დამავიწყდება.
სულ ოთხნი იყვნენ, თეთრი, რუსული ვოლგის გარშემო,
ანუ სულ ხუთნი ვიყავით იმ ვოლგაში რამდენიმე წუთის მერე,
მტკიოდა შუბლი, რომელიც მანქანას მივარტყი როცა შიგ მტენიდნენ,
მეწვოდა წელი, რომელზეც ხელი მომიჭირეს როცა მანქანაში მტენიდნენ.
შუა გზაში თქვეს მოგვდევენო,
მამა მოგვდევდა, ჩემი მამა, ჩემი იმედი,
და მაშინ, როცა ეს იმედი მამის სახით ჩემს მუცელში გაჩნდა,
სახეზე ამაფარეს მძაფრი სითხით დასველებული ცხვირსახოცი
და მანამდე დავკარგე გონება, სანამ ფეხებს შორის მდუღარე შანთით
არ გამომიწვა მთელი სხეული მან, ვინც ამბობდა რომ ვუყვარდი.
თვალები რომ გავახილე, ვოლგის ფანჯრიდან დავინახე ხელებ აწეული მამა,
რომელიც ამბობდა რომ უკვე მას აღარ ვეკუთვნოდი,
და ულოცავდა თავის „სიძეს“ ბედნიერებას.
სოფელში მისულს დამხვდა ქალი, რომელიც მიყვებოდა,
რომ ისიც ჩემსავით მოიტაცეს, საბოლოოდ კი ყველაფერი ისე კარგად აეწყო...
მიმტკიცებდა რომ შევეშჩვეოდი, შევიყვარებდი,
მითუმეტეს თუ „მოსახდენი მომხდარი იყო.“
მე ვისმენდი და ერთ რამეზე ვოცნებობდი,
რომ ეს პირველი და უკანასკნელი სქესობრივი აქტი მასთან
არ გამხდარიყო მიზეზი ჩემი ფეხმძიმობისა,
რადგან აბორტის ფულს ვერსად ვიშოვნიდი,
დარჩენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო,
არც დავრჩენილვარ,
სამ დღიანმა ისტერიულმა კივილმა შედეგი გამოიღო და გამომიშვეს.
მამამ აღარ მიმიღო, რადგან თურმე ჩემში მხოლოდ გაუხეველი აპკი უყვარდა მამას,
დედამ აღარ მიმიღო, რადგან დედას ეშინოდა და ერიდებოდა მამის,
და უცებ ყველაფერი გაქრა,
ისე გაქრა რომ ამ გაქრობიდან ოცი წელი გავიდა უკვე და ყველაფერი კვლავ გამქრალია,
არ მახსოვს რას მღეროდა დედა, ან და მღეროდა თუ არა საერთოდ,
არ მახსოვს როგორი ხმა ქონდა მამას,
და აღარც მინდა რომ მახსოვდეს, რაც მთავარია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები