ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 სექტემბერი, 2018


დიდი პოეტი პაპიროსით

მე ის ლიტერატურული  საიტიდან გავიცანი.ლექსს  გამოვაქვეყნებდი თუ  არა,შემოვიდოდა  და  სულ დადებით შეფასებას  მიწერდა,ძირითადად ასე : ,,საღოლ  ,ჯიმა,მაგარია, .  ეს ,,ჯიმაც ,,  დავგუგლე ,მართლა  არ ვიცოდი, რას  ნიშნავდა და  დადგა  დღე  ,როცა იგი უნდა  გამეცნო.
დამირეკეს,  დაგვადექიო და  სადღაც  დიღმის  ბოლოში ,, დავადექი,, .
ირაკლიმ,მისმა უახლოესმა მეგობარმა,მომიბოდიშა,მთვრალიაო.მალევე შეიფხიზლა  და მახსოვს, მკლავზე კანის  გაჭრას  მთავაზობდა,ძმებად  გავიფიცოთო. ცხოვრებაში ნემსი არ გამეკეთებინა და დანის  დამსმელი ვიყავი? არ მახსოვს ,როგორ დავეხსენი,თუმცა კი დავეხსენი.
ვერ დავეხსენი მის გულს,მის ლექსებს .
ვკითხულობდი და მიხაროდა,
ვხვდებოდი რაღაც ახალი უნდა  დაბადებულიყო  ქართულ  პოეზიაში  და დიდი  დრო არ იყო დარჩენილი.
პირველ  რიგში ,რაც მასში მხიბლავდა–ეს  იყო  ბოჰემური, ვიონური,ხულიგნური სტილი.
მის  ყველა  ლექსში  ჩანდა  სიცოცხლის  სიყვარული და  სიცოცხლის  სევდა.

ჩვენ ახლა ოცდაორი წლისანი ვართ

                                      ირაკლი ყალიჩავას

უკვე ძალიან დიდი ხანია,
ფრჩხილებით ვფხაჭნით ზეცის კარებებს,
ჩვენ სადმე მირზა გელოვანივით,
ბალახს დავიფენთ ნატყვიარებზე.

დრომ ჩვენი ძმობა ვეღარ დაშრიტა,
უფალს მადლობას უნდა ვწირავდეთ...
ჩვენ თიკანაძის ბოლო მარშრუტით,
მხრებით ჩავზომავთ შხარას ძირამდე.

როცა ზაფხული ივლისს იშვილებს,
მზე როცა ჩასვლით ისევ მიჰქარავს,
ჩვენ როგორც გურამ რჩეულიშვილი,
ზღვასთან ბრძოლაში მხრებს გავიბზარავთ.

სიკვდილისთვის ხომ მუდამ გვცალია,
მეტყვი:,,აბა რა,ეგრე შეჩემა...."
მაგრამ სიკვდილი მართლა ბრალია,
თუ ცოლის ცრემლი არ დაგეცემა!


მახსოვს,რუსთაველზე რომ მოვდიოდით ერთხელ,  ,,ის  მთვრალი  იყო,როგორც ყოველთვის,, –მომიტრიალდა  და მითხრა : შენ ლადო ხარ და  მე –მირზაო. მას არ ქონდა  კომპლექსები, ამიტომაც  გასცდა  საზღვრებს,მე კი –შემრცხვა და მიმოვიხედე,ვინმე არ გვისმენდეს, არ დაგვცინოდეს–მეთქი.

მერე იყო,  თუ მანამდე– 

ლონდონი.1995

მეტროსადგური Notting Hill Gate‎,
შენ თბილისური სიფათით მდგარი,
ვიწრო ბაქანი ლოთით და გეით,
დგახარ ცოცხალი და მაინც მკვდარი.
მოგენატრება დამპალი ,,მაგნა”,
სოლოლაკური ყინვა და სუსხი,
აგინებ დედას ნავთობის მაგნატს,
დუბლინელ გოგოს სიყვარულს უხსნი
და მერე სადმე აუწევ კაბას…
ლონდონი წვიმით ლაყუჩებს ივსებს,
,,მეიფეარი”-ს მიაწვდი ნაფაზს
ორივე ფილტვში
ტრანზიტით ნისლებს.
Notting Hill Gate‎.
ქარია,
ცივა,
იქარვებ სევდას ღამეულ ბოლთით,
დალიე ძმაო ,,რიგალი ჩივას”
და მერე შუბლზე-სამუელ კოლტი!

ხომ საკვირველია,იჯდე  ჯიქიას  ქუჩაზე,მაღალსართულიანი სახლის აივანზე ,  ვიღაც ქართველი ემიგრანტი ბიჭის  ტყავში  შეძვრე და ემოცია გადმოსცე ამხელა  სინამდვილით.

ნელ–ნელა ასეთი ლექსები ბექასთვის  სავარჯიშოები გახდა.

მას შეუძლია იჯდეს და გისმენდეს...გისმენდეს,  გიყურებდეს,გსწავლობდეს და  სახლში  რომ  მიხვალ, მოგწეროს :

მე, გიო ზედვაკელი და ჯიმ მორისონი

ღამე. სიბნელე. ორი საათი
და ცარიელი ჯიქიას ქუჩა,
ჩვენ კი მივდივართ მთვრალი ტაატით
და პოეზიას ლექსები უჩანს.

მთვარე დაგვცქერის, როგორც ნაიბი,
სამი ვარსკვლავი ვალად დაედო
(რომ გადასრისა), ალბათ გაიგებს -
მივდივართ გზაზე ორი პოეტი.

შენ მეუბნები ხელს რომ არ ახლებ
მეძავებს. ჩამრჩა ლამის ანდაზად,
ვიცინით. თითო ჭიქა არაყი,
ამოგვაქ თითო ამოსუნთქვაზე.

ერთი კოლოფი Kent-ი გაბოლდა.
გდია მთაწმინდა - მკვდარი ბიზონი,
მერე კი რთავ და შენი მობილი,
ღამის სიჩუმეს ამორისონებს.

ცარიელია ჯიქიას ქუჩა,
და ხარებივით ხესთან დავებით.
პოეზიას კი ლექსები უჩანს,
როგორც გოგონას მუხლისთავები.

ეს  იყო ,დაახლოებით ათი  წლის უკან. ეს ლექსები იყო  განაცხადი იმისა ,რომ ათი წლის შემდეგ, აუცილებლად  დაიწერებოდა:  ,,  აგვისტოს რომანსები,,  ,,მტრედების იონა,,  ,, ორშაბათ დილის პენტატიქი,,  ,,ყვითელი კარი,,  ,,ლინდა,,...

ვკითხულობ ,ავდგები  ფეხზე,წრეს დავარტყამ ოთახს და ვფიქრობ ,ეს ხომ ის ბექაა,ვისთან ერთადაც თბილისის  ქუჩებში მიხეტიალია,ეს ხომ ის  ბექაა,ჩემს  ლექსებს  რომ მიკითხავდა და გამაზეპირებინა,ეს  ხომ ის  ბექაა ,ვისთან ერთადაც ... ქუჩებში  გოგონებს  ვაჩერებდით და ლექსებს  ვუკითხვდით ,ის  ბექაა,დიახ...ის  ბექა ახლა  დიდი  პოეტია,ჩემი ძველი,დიდი,მონატრებული მეგობარი,რომელსაც ,,ძმად არ გავეფიცე,,  იმის  გამო,რომ სისხლის დანახვის მეშინოდა.

გიო ზედვაკელი








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები