ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 სექტემბერი, 2018


჻჻჻

ფანჯრის რაფაზე ჩემთან ერთად სხედან მტრედები,
თეთრი მტრედები, შიგადაშიგ შავი ბუმბულით დალაქავებულები.
ასე გავიდა 20 წელიც,
და ჩემი ცხოვრების მეოთხედი, თუ მეხუთედი (არავინ იცის),
სიტყვების სწავლაში, დალაგებაში, შეწყობაში და თანწყობაში.
შენ რა გგონია?
ახლა რომ მარჯვენა თვალიდან ორი დიდი ცრემლის გორგალი ჩამომვარდა,
მართლა მიყვარხარ?
შენ რა გგონია რამეს მივტირი?
გული მწყდება?
20 წელია ლაპარაკი ვერ მისწავლია,
20 წელია ხმას ვერ ვიღებ სხვის გასაგონად...
განსაკუთრებით თუ რთული წყობა აქვს წინადადებას, მითუფრო თუ რთული განწყობა...
შენ რა გგონია?
პირველი ხარ თუ უკანასკნელი?
ჩემს სიტყვებს ცრემლებით რომ ვუნამავ, მერე სათითაოდ ნაკუწ-ნაკუწ ვუგლეჯ და ასო-ბგერა  ვუკითხავ?
შენ გგონია ეს ნაწერიც ხელოვნების მცდელობაა, წერის მცდელობაა?
თერაპიაა, მე ჩემს ნაწერებს, ფურცლის ნაგლეჯებს,
სათითაოდ ჩემს ტკივილს ვჩუქნი,
ჩემს სისხლს ვაპკურებ და ერთად ვაწყობ საქაღალდეში,
ასე იკინძება ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორია...
შენ რა გგონია?
ასე იოლია,
ასე მარტივია,
ჩუმი ავადმყოფი იყო,
ქუჩაში დადიოდე,
სწავლობდე, მუშაობდე,
ნაცნობებს უღიმოდე,
სხვების სიხარული გიხაროდეს,
მერე მიხვიდე სახლში და ისევ ისე,
სიტყვები ნამო ცრემლებით...
შენ რა გგონია?
ასე მარტივად ექიმთან მიხვალ,
წამლებს ჩაყლაპავ,
ნემსებს გიჩხვლეტენ
და გამოკეთდები,
ჩვეულებრივ, საშუალო-სტატისტიკურ ადამიანს დაემსგავსები,
ილაპარაკებ,
თავისუფლად,
არც წყობა დაგამძიმებს,
აღარც განწყობა?
ფანჯრის რაფაზე ჩემთან ერთად სხედან მტრედები,
თეთრი მტრედები,შავი ბუმბულით დალაქავებულები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები