ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: აფციაური666
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2018


ცხოვრების სპოილერი

თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანს.
შემდეგ აცნობიერებ, რომ შენ იყავი ერთი პატარა სპერმატოზოიდი, რომელმაც სხვებს დაასწრო.
თავკომბალასავით დიდი თავით და გრძელი შოლტით.
როგორც კლასის ალბომზე.
ოღონდ უფრო პატარა.
თეთრი, როგორც სახატავის პირველი ფურცელი.
რამდენიმე წელი გავა და შენ გააცნობიერებ, რომ უკვე ბაღში დადიხარ.
გეზიზღება ბაღი. დაძინება. და მშობლები.
მშობლები ცდილობენ შენს დახმარებას, რეალურად მხოლოდ თავიანთ დასვენებაზე ფიქრობენ. ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა, მაგრამ ახლა ჩემზე არ ვსაუბრობთ.
შემდეგ შეგიყვანენ სკოლაში.
ბაღის შემდეგ სკოლა გაგრძნობინებს, რომ დიდი ხარ.
გაგრძნობინებს იმას, რისი იმედიც გქონდა.
შენ დიდი ხარ.
სკოლაში გაიცნობ ბევრ ადამიანს.
კარგს.
ცუდს.
ეს სამყარო საშინელი ადგილია.
ყველაზე მოგებიანი სიკვდილი ბავშვობაშია. რადგან არ იცი სიცოცხლის არსი.
არ იცი, რის გამო იხოცება ათასობით ადამიანი.
არ იცი, რომ ადამიანებს,რომლებსაც ჰგონიათ თავისუფალი არიან,უბრალოდ ხანგრძლივ მონობაში არიან.
არ იცი, როგორი სიძულვილია დალექილი ადამიანთა ორგანოებში.
არ იცი, რომ ქვეყანა დღითი დღე შორდება იმ დემოკრატიას,რომლისთვისაც ვერასდროს მიგვიღწევია.
შენ სუფთა ხარ.
არ ერთვები სამყაროს პროექტში „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“.
და შენ წყვეტ სქელ ჯაჭვს.
შენ თავისუფლად მიდიხარ.ჩვენგან განსხვავებით.
მაგრამ ჩემს ნაწერს თუ კითხულობ,ესე იგი,არსადაც არ წასულხარ.
შენი ცხოვრება ტორნადოსავით ტრიალებს და ბევრ რაღაცას იგებ სიცოცხლის შესახებ.
კითხულობ.
ისმენ.
კითხვებს სვამ.
შემდეგ უნივერსიტეტია.
ეს საშინელი ადგილია.
არასდროს მესმის იმ ადამიანების,რომლებსაც სტუდენტობა ენატრებათ.
ლეგენდის თანახმად, უნივერსიტეტშიც ბევრ საინტერესო და საჭირო ადამიანს გაიცნობ, მაგრამ ეს ჩემთვის თბილისის დაარსების ლეგენდასავითაა.
საინტერესო განვითარება არცერთს არ აქვს.
შემდეგ შეიძლება სიყვარულიც გეწვიოს.
მუხლების კანკალი,მუცელში პეპლები,მოკლედ,ენდორფინების უდიდესი ტალღა.
მაგრამ არ დაგავიწყდეთ,რომ მუცელში მოფართხალე პეპლები,მაინც სწორ ნაწლავს გაივლიან.
უკვე იმ ასაკში შედიხარ, რომ შენში იწყება ბრძოლა, პატარაობასა და დიდობას შორის.
ის მომენტია, როცა ვისკი, სექსი და ტოი-ბოქსი გინდა.
შემდეგ გაიმარჯვებს პირველი ორი და უკანასკნელს, შვილებისთვის იყიდი.
ცხოვრებაში დგება ის მომენტიც, როცა სიცარიელის შიში დაისადგურებს ირგვლივ.
რა თქმა უნდა, სულიერი არა.
მაცივარში არსებული სიცარიელე.
რაღაც სამსახურსაც იპოვი. შიმშილით სიკვდილის შიში კარგი მოტივატორია.
შემდეგ წლები ისე სწრაფად გავა, რომ სახის ნაოჭებში შინაგანი სევდა დაიბუდებს.
როგორც დჰარმა და მისნაირი მშვიდი ღმერთები.
ჩემი აზრით, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ, ვისაც ვენატრები და ჩემზე ფიქრობენ. და საერთოდაც თავის მოტყუება მაგრად ამშვიდებს.
ეს უკვე „პენსიაზე გავდივარ“ ასაკია.
შემდეგ პენსიასაც იღებ, მაგრამ არ იცი ამდენი ფული სად ჯანდაბაში წაიღო.
მარხავ. წვავ. ხარჯავ. აგებ. კარგავ.
რაც გინდა ყველაფერი მოგდის.
იახტა და ფერარი.
ვილა და ვერტმფრენი.
მაგრამ მაინც გადაწყვეტ თბილი პური და კარაქი წაუღო შვილიშვილებს, რადგან დილის შვიდი საათია და ისინიც მალე გაიღვიძებენ.
და პენსიაც ქრება.
ღმერთო, რა უბედურებაა ამ ქვეყანაში დაბერება.
ბოლოს უკვე ტიტრები ამოდის და ქასთში შენი სახელი და გვარი პირველი ჩნდება, სიცარიელიდან ამოდის, რაღაც მომენტში შუაშიც გაჩერდება და ბოლოს უსასრულობაში მიდის, სასიამოვნო საუნდტრეკთან ერთად.
ესაა თანამედროვე პანაშვიდი.
შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან.

თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანს.
შემდეგ აცნობიერებ, რომ შენ იყავი ერთი პატარა სპერმატოზოიდი, რომელმაც სხვებს დაასწრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები