ნაწარმოებები



ავტორი: აფციაური666
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2018


ფიქრობენ ვარსკვლავები თვითმკვლელობაზე?

დღეს პირველი ოქტომბერია,უკვე.
განთიადს ერთად შევხვდით მე და ენჯი.არ იფიქროთ,რომ ამერიკული ნოველის სტილს ვითვისებ,თანაც ძალით.ენჯი ჩემი კატაა.ერთი წელი გავიდა, რაც ერთად ვხვდებით დილას, ღამეს და განთიადს.
მის თვალებს სევდა ამძიმებს, ღრმა და მელანქოლიური აზრები იყრის თავს მისი თვალების ცრემლიან კუთხეებში.მართალია კატაა,მაგრამ თვალები ხომ სულის სარკეა. რამდენი ადამიანის თვალებში შემძვრალა ჩემი ცნობისმოყვარე მზერა, მაგრამ ასეთი ერთეულებს ჰქონდათ, როგორიც ენჯის.
ჩვენ ერთად ვისწავლეთ სიყვარული.
მან მასწავლა, რომ სიყვარული არ მოითხოვს ლაპარაკს.
ყურადღება უყვარს კატას, როგორც ყველა ადამიანს.
მას სჯერა, რომ ყველა ფსიქოთერაპევტი ცდება და ადრე თუ გვიან, თითოეული პაციენტის აზრს ჩაწვდებიან და გაიგებენ, რომ ისინი ავადმყოფები კი არა,თავისუფლები არიან. ფსიქიატრული კლინიკები ცარიელი იქნება.
ზუსტად ეს განგვასხვავებს მათგან.
ეს ენჯის თვალებში ამოვიკითხე.
ვარსკვლავებზე დაკვირვება უყვარს. ხანდახან ჰგონია, რომ დედამიწის გარდა არის კიდევ სხვა პლანეტა, სადაც ადამიანები და კატები ერთმანეთთან გამართულად საუბრობენ. ეს მისი საყვარელი პარალელური სამყაროა.
მახსოვს, თვეების რომ იყო მკითხა „იცი რა ჰქვია ადამიანს, ვინც კატებს შეისწავლის?“ საქმეს იმაზე სერიოზულად მივუდექი, ვიდრე ის ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი და მან მიპასუხა „კატალოგი“. ეს, ალბათ, კატებისთვის ძალიან სასაცილო ხუმრობაა, მაგრამ მისგან ისიც ვიცი, რომ სიცილი ტკვილთან გასამკლავებელი ერთადერთი საშუალებაა.
გალაქტიკა უყვარს და შორეული სივრცეები. შინაგან თავისუფლებას ეძებს.
ეს მგონი ის ერთადერთი ცხოველია, რომელსაც კომფორტის ზონა ყველაფერს ურჩევნია. რაღაცნაირად ეგოისტია, მაგრამ თუ დაუკვირდები, ყველა ეგოისტები ვართ, უბრალოდ განსხვავდება ინტერესები. ალტრუიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაც, კი ეგოიზმის დამადასტურებელია.
ჯერ კიდევ ვერ გათენდა, მე და ენჯი ისევ აივანზე ვსხედვართ, ყავით, სიგარეტით და ყვავილებით შემოსაზღვრულ პატარა სივრცეში.
ჩემს კალთაში უყვარს დაძინება. სახლში შემოსვლისას მომეკრუტუნება და დამყვება ყველგან, რადგან იცის,რომ დაღლილი ვარ და აუცილებლად დავჯდები.
თვითმკვლელობას ვერასდროს გაამართლებს. მგონი, მხოლოდ ამაში არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ვარსკვლავებზე ყველაფერი იცის. მითხრა,რომ თურმე შესაძლებელია,აღარ არსებობდეს ის ვარსკვლავი,რომელიც ახლა ცაზე ანათებს,და ეს მნათობი წერტილი, უბრალოდ სხივია,რომელიც მილიარდი წლის წინ წამოვიდა ჩვენკენ და სანამ ჩვენამდე მოაღწია აფეთქდა კიდეც.
დეპრესიას ერთად ვებრძოდით.
ისიც შორსაა კატებისგან და მეც ადამიანებისგან. თითქოს, ჩვენი შეხვედრა დიადმა ძალამ გადაწყვიტა. რასაც თქვენ „ღმერთს“ ეძახით.
თუ ტკივილს ებრძვით აუცილებლად უნდა მიიყვანოთ სახლში კატა.
ფიზიკურ ტკვილსაც ებრძვის თავისებური ტალღებით,მაგრამ შინაგანი,ღრმა ტკვილის განქარვება თითქოს მათი თანდაყოლილი პროფესიაა.
ბავშვებმა ბევრი კითხვის დასმა იციან. ხშირად ისეთებიც,რომლებზეც პასუხი არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ ხომ ყველა ბავშვები ვართ, უპასუხო კითხვებით და გაოცებული სახეებით. თითქოს, ბავშვებისგან მხოლოდ თავდაჯერებულობა განგვასხვავებს. როგორი რთულია ბავშვების კითხვებს გასცე პასუხები.
სადღაც წავიკითხე, თუ ქალს არ შეუძლია კატის სიყვარული, ვერც შენს შეყვარებას შეძლებსო, ალბათ, ასეცაა.
  ჟანგიანი ღრუბლები ქარმა გადაფანტა და ცაზე ერითროციტების გროვები დატოვა.
მენსტრუალური ორთქლის ფენები და მეწამური ზღვის ტალღები შემორჩა ბარიერს,რომელიც ჩემსა და კოსმოსს შორისაა.
  ყველაფერი შავ-თეთრია, როცა დეპრესია ყელში გიჭერს ორივე ხელს და თვალებიდან სენტიმენტები მოგდის წვიმასავით.
  ახლაც კალთაში მიწევს და მოუსვენრად სძინავს. ქუთუთოებს სწრაფად ამოძრავებს და ნელ-ნელა ფეხებსაც რიტმში ითრევს. ალბათ, ისევ კოშმარს ხედავს.
შიშნარევი სევდიანი მზერა შემომაგება და თვალებით მკითხა: „ფიქრობენ ვარსკვლავები თვითმკვლელობაზე?“.
როგორი რთულია ბავშვების კითხვებს გასცე პასუხები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს