ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნოდარ კონცელიძე
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2018


არ იქნება

იმ ადგილას ვარ, სადაც დახურულ კარს მიღმა განაჩენია, განაჩენი იმის თაობაზე რაც ერთ დროს მოძრავი ახლავე შეწყვეტს მოძრაობას თუ არა, ენერგიის ბოლო ნატამალს ახლავე მოიხმარს თუ მოგვიანებით. სასოწარკვეთილება, რომელიც  წლებია ამ კედლებში ბუდობს ყველა შემომჭრელს ერთნაირად ყლაპავს და მეც აქ ახლახანს შემოვვარდი. ეს არის ადგილი, სადაც გულის უსაშველოდ ვრცელი ძარღვები ჩემს მიერ შეცნობილ ტკივილს ვერ იტევენ და მისი მატერიალურ სამყაროში ხორცშესხმის ერთადერთი გზა თვალებიდან ცრემლებად გადმოღვრაა. 

ჩემი მსგავსების ჩაწითლებული, სველი თვალები მაგრძნობინებენ, რომ აქ შემიძლია ვიყო ემოციური და განკიცხვით სავსე გარეგანი თვალები არ მღრნიან. დროგამოშვებით ემპათიის მზერებიც შემოაღწევენ ჩემს ყოფაში, თუმცა, როგორც აღვნიშნე, აქ შემიძლია ვიყო ემოციური და ეს არ მაწუხებს არც მე და არც ჩემს ტანჯვას უშლის როგორმე ხელს. დახმარების ჩუმი კივილები ჯვარცმულები არიან ჩემს გამომეტყველებაზე და მათი ამოცნობა სახის კუნთების ძალიან უცნაური და სპეციფიკური განლაგებით შეიძლება. ეს ყველაფერი ჩემს კაეშანს ააშკარავებს და სხვების თვალში წარმოვჩნდები როგორც ძალიან სევდიანი პიროვნება. თუმცა მე ეს არ მაღელვებს, რადგან ტკივილი არ მაძლევს საშუალებას ამ გამოაშკარავებაზე ვიდარდო. ეს არის ტკივილის დროებითი აღზევება ჩემს სხეულსა და სულზე.

ადამიანების თანაგრძნობის სიტყვები ჩემამდე აღწევენ როგორც შეუცნობელი ენერგიის დარღვეული ხმები და ყოველგვარი კანონზომიერი რეგისტრაციის გარეშე ქვეცნობიერში მეპარებიან; დაბალი და მაღალი სიხშირის ხმაური ყურებს ეხეთქება და მხოლოდ ქაოსის შემოტანას ახერხებს ჩემს ყოფაში; მკრთალი და კაშკაშა სინათლის სხივები თვალებში იღვრებიან და კვალად მხოლოდ უსწორმასწორობას ტოვებენ; ჰაერი ერთ ლუკმად მყლაპავს და უჰაერობაში სული მეხუთება; ნაჭრები, რომლებშიც გახვეული ვარ ჩემი დედაშობილობის დასაფარად, ჩემს შიშველ სხეულზე ძალადობენ; ერთადერთი გემო რასაც შევიგრძნობ გაუგონარი სიმწარეა...

და შემდეგ შენ მოდიხარ და შენი ნაზი სიტყვები გარკვევით აღწევენ ჩემამდე - "ყველაფერი კარგად იქნება". ჩემი არსება მთლიანად, ხარბად იწოვს სიტყვებს და ამ სიტყვების უკან არსებულ აბსტრაქტულ იდეას. "ყველაფერი კარგად იქნება" - შეუჩერებლად მიტრიალებს გონებაში, - "ყველაფერი კარგად იქნება..."

არ იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები