ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნანა 1978
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2018


ბავშვი N.107 (თავი I, პროლოგი)

  ნაადრევი თოვლი აბეზარი ქერტლივით მოედო მიწას, აცივდა. ჩამოტეხილ ფანჯრის რაფაზე მოკალათებულმა გოგომ თხელი საბანი მოხერხებულად მოიხვია ტანზე და დამწუხრებულმა, გადახედა ბავშვებით გავსებულ ეზოს. უხაროდათ პატარებს პირველი თოვლის მოსვლა, ატკრიაცებულები, გაანცებულები დარბოდნენ  დაძველებული საქანელებით მორთულ ეზოში და გამალებულები, ცდილობდნენ როგორმე მოეხვეტათ თოვლიან-ტალახიანი გუნდები. ჯერ თხელი იყო თოვლის საფარი, ალაგ-ალაგ დათხელებული  საბანივით, ზოგან შავად მოჩანდა სველი მიწა, გახუნებულ მესერთან თავი ამოეყო მოყვითალო, გაფშეკილ ბალახებს.
შუა სექტემბერი იდგა, საკმაოდ ციოდა. ცას მუქი ღრუბლები უხვად შემოჯაროდა, შუბლი შეეკრა და საწვიმრად ემზადებოდა.  მოწყენილი და შემცივნებული ბეღურები კანტიკუნტად ჩამოსკუპებულიყვნენ ფანჯრის სველ რაფებზე და უხალისოდ კენკავდნენ ერთიოროლად შემორჩენილ პურის გამხმარ ნამცეცებს. თოვლი მთლად აიზილა ტალახში, ბავშვები აღარ გუნდაობდნენ, ახლა ძველ სკამებზე ჩამოსხდნენ და რაღაცაზე გამალებული კამათი გამართეს.
  მოიწყინა,  შიშველი ფეხი ფრთხილად ჩამოდგა მორყეული რაფიდან,  საბანი ჩამოსრიალდა და იატაკზე მოეფინა. შეცივდა, სწრაფად გადაიცვა  ტომარასავით მუხლგამობერილი სპორტულები, სქელი, წაბლისფერი თმა ცხენის კუდივით გამოისკვნა იდეალურად მომრგვალებულ კეფაზე და  სარკეში თავის ანარეკლს ყურადღებით დააკვირდა. მოგრძო, თხელი სახის კონტური ჰქონდა, მომშვილდული, სიმეტრიული წარბები, ნუშის ჭრილის ყავისფერი თვალები, პაწაწა, დაჭორფლილი ცხვირი, ლოყებზე ანცად დახტოდა ორი პაწაწინა ნაჩვრეტი. ტანად საშუალო სიმაღლის იყო, კაფანდარა, თხელი კიდურებით, ალბათ დედას ჰგავდა...ნუუ..ასე ჯეროდა თვითონ..ალბათ დედასავით  ნაზი, სიფრიფანა და მსუბუქი იყო, დედასავით გაუბედავი, ბუტია და მტირალა..
  ბავშვმა თვალები დახუჭა და ეცადა გონებით წარმოედგინა, როგორი იქნებოდა დედა..ლამაზი უნდა ყოფილიყო, თბილი,  გულში ჩახუტებისას უნდა გაეთბო და დაემშვიდებინა, ენუგეშებინა და დაეცვა ....თვითონ კი..ეეჰ..თვითონ როგორ ჩაეხუტებოდა თავის დედიკოს,  როგორ დაუკოცნიდა  საყვარელ სახეს, როგორ მოუყვებოდა სულმოუთქმელად თავის ამბებს...ცრემლი მოწყდა და ლოყაზე ჩამოგორდა...თვალები გაახილა, დაბინდული მზერა მოავლო  საავდროდ მოქუფრულ ცას.
  ბავშვთა სახლში დერეფნები ავად ჩაბნელებულიყო, სინესტის და სიცივის სუნი იდგა, სამზარეულოსთან ახლოს მუდამ ბორშჩის სუნი ტრიალებდა, საძინებელ ოთახებში-სიმარტოვის, უმწეობის, უნუგეშებელი ცრემლის, დირექტორის კაბინეტში-რაფაზე შემოდგმული ქოთნის იების... მათსავის სევდის სუნით გაჟღენთილიყო ბათქაშაყრილი კედლები, გახუნებული ხის მძიმე კარები,  მორყეული მერხები, კედლის საათიც კი...
ფანჯარა ფართოდ გამოაღო, რაფაზე შედგა, ერთხანს ზემოდან დაფიქრებული დაჰყურებდა სულგანაბულ ბავშვებს, მერე თვალებზე ხელები აიფარა და გადახტა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები