ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ქრისტინე პახომოვა
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2018


ის კაცი

თემა: ომი რომ არ ყოფილიყო           

ქალაქში დაბრუნებამდე ორი დღით ადრე, დაუსრულებელი წვიმები შეწყდა და მზემ გამოანათა. საშუალება მომეცა ჩემი იდეა სისრულეში მომეყვანა. გამოვაცხადე, რომ სახლიდან ყველაფერი გარეთ უნდა გამეტანა და გამერეცხა. დედამ და ჩემმა ძმამ ერთმანეთს შეწუხებულებმა გადახედეს და “დავალების შესრულებას” შეუდგნენ. ჩემი ახირებული გადაწყვეტილება რომ რაღაც ავს მოასწავებდა შინაგანი უგრძნობდათ - მინდოდა სახლიდან ყველა ძველი ნივთი მომეშორებინა. მომეშორებინა წარსული, რომელიც სადღაც, მარილიან სანაპიროზე ტოვებდა დედაჩემს და არ აცხოვრებდა. მინდოდა მისი ჩვევები მომეშალა. მინდოდა აგრესიულად გამეწყვიტა ყველა შეხების და დანახვის შესაძლებლობა, რომელიც სიზმარში ჩაჰყვებოდა, შუაღამეს აღვიძებდა და გათენებამდე არ აძინებდა. ეს დიდი უსამართლობა იყო.

ჭურჭლით დავიწყე. პედანტურად დავალაგე თეფშები, ჭიქები, დანები, ჩანგლები, კოვზები ზომის და ფერების მიხედვით. უმეტესობა მათგანი არასდროს გამოგვიყენებია. ვუყურებდი და მახსენდებოდა, როგორ ჩამოყვა შუადღის ავტობუსს ის კაცი და ტომრებში შეფუთული ჭურჭელი, საბნები, თეთრეული, პირსახოცები, ცხვირსახოცები, თავსაბურავები, სათამაშოები და სხვა ნივთები ჩამოიტანა. ვუყურებდი როგორ შლიდნენ და ახარისხებდნენ. როდესაც ოთახი ყველამ დატოვა, მხოლოდ მაშინ მივუახლოვდი. გაკვირვებული ვუყურებდი ყველაფერს და თავი ფილმში მეგონა. ეს ნივთები არ ჰგავდნენ ნივთებს, რომლის ირგვლივაც მანამ ვცხოვრობდი, რომელთაც ვიყენებდი. ეს ნივთები ტელევიზორიდან გადმოსულ კადრებს ჰგავდნენ, რომლებთანაც არაფერი მაკავშირებდა - ჩუქურთმიანი კოვზები, სამარილეები, საფერფლეები, საყვავილე და სახილე ვაზები, ულამაზესი თეფშები, ატლასის საბნები, პრინტიანი საბავშვო ცხვირსახოცები, მედიდურ ფეხებზე შემდგარი ბროლის ჭიქები, ფუმფულა სათამაშოები… ერთ დღეში ეს ოთახი სხვა სამყაროდ იქცა, რომელშიც დაკარგული ბავშვივით ვიდექი. საკუთარ ეიფორიაში დაკარგულივით. ვხედავდი ამ ნივთებს ჩემი და-ძმის, დედაჩემის და იმ კაცის სახლში, ვხედავდი იმ სახლს  და ვგრძნობდი, რომ მე არ ვიყავი. მე არ ვიყავი იმერთიანობაში. ის სახლი გაცილებით ძლიერი, მყარი და ლამაზი იყო. ხოლო მე ამ ორ რეალობას შორის საგზაო ნიშანივით დავიბადე. დავეყუდე, როგორც წერტილი და აბზაცი. აბზაცი, რომელიც უკეთესს არ იწყებდა. ფუმფულა სათამაშოებიდანაც ყვითელი, თვალებდათხილი დათვი მერგო, დანარჩენი ჩემმა დამ წაიღო. სახსოვარი საკუთარი ტკბილი და უდარდელი ბავშვობიდან, რომელიც სიზმრებში მაინც უნდა დაებრუნებინა.

• გაბზარულია. გატეხილია. ფერი აქვს შეცვლილი. რაში გჭირდება, სახლში ადგილი არ გაქვს. კოროზია. ბზარი. კოროზია. ბზარი. კოროზია. ბზარი… - ვამბობდი მშვიდად და მიწაზე ვყრიდი ჭურჭელს. თავიდან დედის წინააღმდეგობა უფრო ძლიერი იყო, თანდათან კი შესუსტდა და ბოლოს მხოლოდ მშრალ სევდას ყლაპავდა და ოდნავ მიღიმოდა. მე ვსპობდი მის მატერიალურ წარსულს. ერთბაშად ვასრულებდი წლების წინ ნელ-ნელა დაწყებულ საქმეს, როცა უნებლიედ ვამტვრევდი აფხაზეთიდან გადმოტანილ ჭურჭელს და უდიერი მოპყრობით ვცვეთდი. ვყრიდი და “შემთხვევით” მიტყდებოდა რეცხვისას დაუზიანებელი ჭურჭელი. საოცარი ძალით ვივსებოდი, როცა წარმოვიდგენდი, რომ ახალ სახლში წარსულიდან არცერთ მოგონებას არ გადავიტანდით. რომ ამ სახლსაც მალე ისეთივე მშვიდი აგრესიით დავანგრევდი, როგორც ახლა ვანგრევდი მატერიალურად ჩემი ოჯახის უჩემო წარსულს.

ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან ტკბილი იყო. ყველგან ამას ვყვები. ლურჯი კომბინიზონი და წითელი ბათინკები მეცვა. კიკინები მეკეთა და ლოდინისგან ვცქმუტავდი. მაშინ მიყვარდა ზღაპრები, რომლებსაც ძილის წინ მიყვებოდნენ. ამ დროს ირმებიანი კედლის ხალიჩის ლურჯ ფოჩვებს ვეთამაშებოდი და მჯეროდა, რომ ერთხელაც ამ ზღაპრების სამშობლოში დავბრუნდებოდით.
ის კაცი, ძალიან მაღალი იყო. როცა ხელში ამიყვანა ვიფიქრე, რომ ცაში, ჩიტებთან თამაში შემეძლო. ტალღოვანი, ჭაღარა თმები ჰქონდა. მერე დედას მოეხვია. დედა ისეთი ლამაზი იყო მაშინ, როგორიც არასდროს მენახა და არც არასდროს მინახავს მას შემდეგ. როცა ჩავეხუტე მისი გულისცემის ხმა ნიჟარაში მოსმენილ ზღვის ხმაურს ჰგავდა და მეც არასდროს ნანახ ზღვას ვხედავდი.
შემდეგში სახლში ჩამოვიდა. დიდი ხნით. რაც დრო გადიოდა სახე უფრო და უფრო უსევდიანდებოდა და დილაობით დაღლილი იღვიძებდა. სადღაც დარჩენასა და წასვლას შორის ბრძოლით დაღლილი. ვხედავდი, როგორ უყურებდა ნივთებს, ადამიანებს. ყელში ადამის ვაშლ-გაჩრილი.
“სახლს უნდა მივხედოო” და დილის რეისს გაყვა. არ დამინახავს როგორ წავიდა, ბნელოდა. არც მოსული დამინახავს მას შემდეგ. მაგრამ ყოველთვის როცა ყვითელი ავტობუსი გზაზე გამოჩნდებოდა სუნთქვა მიჩერდებოდა და მანამ ვიყავი დაგუბებული, სანამ თვალს არ მიეფარებოდა.
ათი წლის ვიყავი როცა შევიძულე. 13-ის, როცა მასზე ლაპარაკი ავკრძალე. 17-ის, როცა სახლში მისულს კედელზე მისი და დედას ფოტო დამხვდა და ჩამოვახსნევინე. 22-ის, როცა გავიგე რომ მოკვდა და ჩემი ცხოვრება რატომღაც აირია. 25-ის, როცა გავიგე რომ ცოცხალი იყო.
იმ კაცმა ჩემი ხასიათი მოქსოვა. გამუდმებით რაღაცას ვაშენებ ან რაღაცის დასაკუთრებას ვცდილობ, თუმცა ვერცერთის ნაწილად ვერ ვგრძნობ თავს. იმ კაცმა გადაწყვიტა, რომ ყოველთვის რაღაც მოცემულობის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ყველგან განზე მდგომი ვიყო. იმ კაცმა გადაწყვიტა, რომ უნდა მძულდეს, უნდა მესიზმრებოდეს, როგორ მძულს, როგორ მძულს ყველა, ვინც ჰგავს და ყოველთვის როცა მასზე ვილაპარაკებ სიძულვილით ვიტირო. იმ კაცმა ყველაფერი წამართვა - დედა, და, ძმა, ჩემი თავი და სანახევროდ თავისთან წაიღო. ის კაცი მამაჩემია. ომი რომ არ ყოფილიყო, მამა მეყვარებოდა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები