ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2018


ძმაო ქართველო, დაო აფხაზო...

,,ვარადას“ ვუსმენ სულგანაბული,
ამ მიწის ცრემლმა არსად გამიშვა...
და მახსენდება: ჩემი მამული
როგორ იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.

აღარ ტარდება ისინდი ჩვენში,
მესამე ძალამ ისე გაგვთიშა;
ნაღდ ქართველთა და აფხაზთა ხელში
სხვა პეწი ჰქონდა სოხუმს, სხვა ნიშა.

თუმც გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი,
დროებითია ჩვენი გათიშვა,
ვარ მადლობელი ყველა იმ დედის,
რომელმაც გმირი ჯარისკაცი შვა.

მე ფსოუს წყალი კიდევ მწყურია,
ოცნების წყარო თუ არ დამიშრა,
მჯერა: ვიხილავ დიოსკურიას,
ფოტოც დამრჩება ალბომს სანიშნად.

ძმაო ქართველო, დაო აფხაზო,
ხელი ჩამჭიდეთ, არსად გამიშვათ,
რომ სათანადოდ მეც დავაფასო
ის, ვინც იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები