ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2018


ნამდვილი ამბავი ( II ნაწ.)

გვერდით ოთახში - მისაღებში ცოლის ცხედარი ედო. ასეთ დასასრულს ვერასოდეს წარმოიდგენდა. თვითონ თორმეტი წლით იყო ცოლზე უფროსი, თან ერთი წელია დაავადებას ებრძოდა.
უძლურებას ებრძოდა, არ ეგუებოდა. ქაღალდივით გაფითრებული ეზოში გადიოდა და ბოსტანს ბარავდა.  ამ უხეში ვეება ხელებით მარტომ ტრაქტორის სამუშაო შეასრულა. შრომა ბავშვობიდან ჰქონდა შესისხლხორცებული.  დრო რომ აირია და ჩაიმ ფასი დაკარგა, მიადგა და წერაქვით და ბარით ჰექტრამდე პლანტაცია ამოთხარა. ახლო-მახლო ეკალბარდიანი მიწებიც აითვისა, სამ შვილს ცალ-ცალკე შემოუღობა და თხილი დაურგო.  ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ახალ საქმეს გეგმავდა.უფროსი ბიჭი გასარიგებელი ჰყავს. ხის "ბელეტაჟი" მაინც უნდა დაედგა მისთვის. კიდევ უამრავი რამ აქვს გააკეთებელი.
ახლა, ცოლის შემდეგ საბოლოოდ დანებდა ავადმყოფობას. ბრძოლის ჟინი დაკარგა.
ზის ლალი ბიძის სასთუმალთან და უკვირს, ასე მშვიდი სევდით რომაა მოცული. ერთი წლის წინ მისი ავადმყოფობა რომ გაიგო, ეგონა ქვეყანა ჩამოიქცეოდა. ის ხომ მთელი სანათესაოს იმედი და კედელი იყო. დროდადრო ლადოს კრუნჩხვა გაუვლის. ამ დროს ლალის მისი ხელები უჭირავს.
- ეს კრუნჩხვა რაღაა ნეტა, ა? - უკვირს ლადოს.

- ლადო, დედას გადაეცი, რომ დირექტორთანაა დაბარებული. ძალიან ბევრი გაცდენა დაგიგროვდა. -  გერონტი მასწავლებელმა " თემში" საქმეზე ჩასული ლადო  გამოიჭირა და საყვედურებით აავსო.
- კაი რა, მასწ. ყანის აღება მოსასწრებია. თუ გაწვიმდა იმ ღელე-ღურდადან სიმინდს ზაურიეს ხარებიც ვერ ამეიტანენ. თვითონ შევალ დირექტორთან. დედაჩემი რაღად ვატარო ამხელა გზაზე - პასუხობს ლადო და სკოლისკენ მიდის.
რა ქნას, ოჯახში სამი სუსტი ქალი ჰყავს. არც დედას, არც დებს ფიზიკურად მისი მეათედიც კი არ შეუძლიათ. სანამ ესმა ბებია ცოცხალი იყო ომიდან გადარჩენილ შვილს და სიძეს ეძახდა დასახმარებლად. ახლა არც ბებია არის და ისედაც,  ყოველთვის ვინ მოგეხმარება?!
ბებიას გახსენებაზე, უნებურად ის სურათი გაუცოცხლდა, ერთი ტაფა შემწვარი ხორცი დედამ სამზარეულოს ფანჯრიდან ძაღლებს რომ გადაუყარა.

მას შემდეგ, რაც შვილი ომში დაკარგა და რამდენიმე წელში ქმარიც დაეღუპა, ესმა იყი ოჯახის თავი. შემოსავლის თითოეულ მარცვალს აკონტროლებდა და უფრთხილდებოდა. ყველა კერძი მისი მითითებით კეთდებოდა სახლში. სხვანაირად როგორ უნდა  მოქცეულიყო ესმა. ამათ გარდა კიდევ ერთი ომშიდაკარგული შვილის  და ორი დაქვრივებული ქალიშვილის ოჯახები ჰყავდა მისახედი.
ლოლა მორჩილი რძალი იყო ვერაფერში ეწინააღმდეგებოდა დედამთილს. მხოლოდ იმას ახერხებდა, როცა ესმა დასაძინებლად დაწვებოდა (ღმერთს მადლობა, რომ ადრე იძინებდა) კასრში ჩამარილებულ ღორის ხორცის ნაჭრებს ცოტ-ცოტას ჩამოაჭრიდა, ისე, რომ დედამთილს არ შეემჩნია და სახელდახელოდ შეუწვავდა შვილებს.
გურული "კუხნიდან" ხუთიოდ მეტრში იყო ოდა-სახლი, სადაც ესმას ეძინა. ბევრჯერ გაუღვიძებია ესმა შემწვარი ხორცის სუნს. ფანჯრიდან გადმოდგებოდა და მკაცრი, მაღალი ხმით დაიძახებდა:
- ხორცის სუნი მცემს!
შეშინებული ლოლა მთელ კერძს ჯარგვალთან მოდარაჯე ძაღლებს მიუყრიდა.
 
- ლალი, ალბომი მომიტანე - მოითხოვა მოულოდნელად. "გარდასულ ახლობელთა სახეები მოენატრა," იფიქრა ლალიმ და ფოტოები სათიტაოდ მიაწოდა.
"ლაღობს გული ამ დიდ დროში,
ყველას ესმის ჩვენი ხმები.
ასე ტკბილად მეზობლები
ვისვენებდით ბახმაროში."
კითხულობს ფონურ წარწერას 1962 წელს გადაღებულ, ჯგუფურ ფოტოზე, სადაც ლადო ბიძია, დედამისი - ნაზი და დეიდა- მარიამიც არიან. წამიერად ფოტოს ირგვლივ მოიყარა თავი მისმა ფიქრებმა.
დიდი დრო! - ფიქრობს ლალი და სევდიან-ირონიული ღიმილი დასთამაშებს ბაგეზე.
დიდი დროა!  ასე თვლის ყველა.
17 წელია გასული მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან. ყველა ჭრილობა მოიშუშა, "დიადმა" საბჭოთა სამშობლომ. ფოტოზე ყველა ახალგაზრდა აწგაჭირვებითგაზრდილი ობოლია. უფრო ძველი ჭრილობა - 30-იანი წლების რეპრესიებიც დავიწყებასაა მიცემული. აქ აღბეჭდილთაგან სამ- ოთხ ადამიანს მაინც ჰყავს ვინმე ხალხის მტრად შერაცხულ- დახვრეტილი. მათ შორის - ამათი ბიძაც-ესმას სიძე.
ნეტავ, რით უნდა ემტრო იმ დროს გლეხს ქვეყნისთვის, როცა საკუთარ რაიონულ ცენტრს არც კი  სცილდებოდა.დიდი- დიდი ბარვის დროს ცაცია ფეხის გამოყენებით თუ გადავიდოდა წესს. ან, კოლექტივის მიერ პირიდან გამოცლილ ლუკმაზე თუ დაიწუწუნებდა.
"დიდი დრო!
უკვე  მემკვიდრეობით მიღებული აქვთ ფანატური სიყვარული სტალინის მიმართ.  ისევე როგორც წინა თაობამ, არ იციან, ან არ უნდათ იცოდნენ, რომ მათ საამაყო გმირს სამშობლოდ საქართველო ეპატარავებოდა და თავს რუსად თვლიდა. ფიქრობენ, რომ ყველა სახელმწიფო მკვლელობა სტალინის გარემოცვაში ცბიერად შეპარული ბოროტი "გადმონაშთების "დამსახურება იყო. გულუბრყვილო ბელადი კი ვერაფერს ხვდებოდა.
ადამიანი ფანატიზმისკენაა მიდრეკილი. ღმერთი აუკრძალეს და მათაც სტალინი გააღმერთეს. არამარტო "უღმერთო" ადამიანები არიან მიდრეკილი ფანატიზმისკენ. "ომი და მშვიდობა" სავსეა იმპერატორ ალექსანდრეს მიმართ მონური სიყვარულის მაგალითებით და არამხოლოდ "ბნელი" მასების მხრიდან. სხვა, უამრავი მაგალითიც არსებობს.ადამიანს კი ეპოქა არ ცვლის.
დიდი დროა!
ახლა უკვე მშივრები აღარ არიან რეპრესიებს და მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილი ქართველობა. ახლო-მახლო კურორტებზე დასვენების საშუალებაც კი აქვთ. შეძლებულ ოჯახებს უკვე აქვთ შავ-თეთრი ტელევიზორი. რადიოლა კი ყველა ოჯახშია.
ამ "ბედნიერ" და " ლაღ თავისუფლებაში" მონეტერე მოქალაქეებს გულწრფეკად ებრალებათ კაპიტალისტი მჩაგვრელების უღელქვეშ მდრტვინავი ამერიკელი მშრომელები. ამერიკელები - იმიტომ, რომ იქ არის ბოროტების ბუდე.
წარსულს ჩაბარდა ყველა ტკივილი და ახალგაზრდობა ლაღად და ტკბილად ისვენებს კურორტზე. სახეზე ის ღიმილი აქვთ, რომელიც ამბობს, რომ  ადამიანს სიცოცხლე მხოლოდ ბედნიერებისთვის ეძლევა. ღიმილი, რომელიც ცხოვრებისგან არანაირ სისასტიკეს არ ელის.
ლადო მამის - ნიკოს ასლია, ოღონდ მასზე დაბალია. გოგოებსაც გამოყვათ მამის თვალ- წარბი.
ამ დროისთვის ნაზის ძუძუს ქვემოთ უკვე აქვს ცერცვის მარცვლისტოლა ჯირკვალი, რომლის ექიმისთვის ჩვენება წარმოუდგენლად ამორალურია ქალიშვილისთვის. ამიტომ, როცა წამოტკივდება, ზედ არყიან საფენს იდებს და უყუჩდება.
კურორტ ბახმაროში ელექტროენერგია ჯერ არ გაუყვანიათ. საღამოობით ფიჭვნარიდან ხმელ ტოტებს ეზიდებიან და მთელი უბანი უზარმაზარი კოცონის ირგვლივ იკრიბება.
ნაზი ფანდუს ჩამოკრავს, ლადოს მშვენიერი ბანი აქვს. დები კი პირველ-მეორე ხმას მიაშველებენ და  სივრცე ზღაპარულ სამყაროს ემსგავსება. კოცონიდან აჭრილი ნაპერწკლები ტკბილხმოვან ბგერებთან ერთად მიიწევენ ღამეული ცისკენ. ლადოს გამორჩეულად "გაფრინდი შავო მერცხალო" უყვარს. დააგუგუნებს და მამის უნახავობის, არხსომების სევდას ამოაყოლებს.
კოცონთან ყოველ საღამოს ერთი ბიჭი გადმოდის მეზობელი უბნიდან. კოცონს უყურებს, სიმღერებს უსმენს და დროდადრო მეოცნებე მზერას აპარებს ნაზისკენ. ხორცსავსე სახე აქვს, მაგრამ ისეთი ნათელი ღიმილი აქვს, გეგონება ვიღაცამ შინგნიდან იდუმალი შუქით გაანათა.

შემოდგომაზე მშვენიერი ქორწილი გადაუხადა ლადომ ნაზის და ლაშას.

ლალი ხუთი წლის ყავდა ნაზის, თათია კი ოთხის, როცა ლაშას უცნაური ქცევები დაჩემდა. მოულოდნელად წამოენთებოდა, თვალები ჩაუსისხლიანდებოდა და  არაადექვატური ხდებოდა. ნაზი საგულდაგულოდ მალავდა ბასრ იარაღებს. მდგომარეობა რომ არა და არ გამოსწორდა, შეუთვალა ლადოს - ჩამოდი, შენი დახმარება მჭირდებაო. ( მსობლიური სოფლიდან 30 კილომეტრის მოშორებით იყო გათხოვილი.)
ბავშვები მარიამმა დაიტოვა. ლადომ და ნაზიმ ლაშა წაიყვანეს ექიმთან. ექიმმა აუცილებლად ჩათვალა რამდენიმე კვირით მისი საავადმოფოში დატოვება.

მას შემდეგ დროდადრო უწევდა ლაშას იქ დაწოლა მკურნალობა.

იმ ზამთარს  უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა. ფანჯრების სიმაღლემდე დადო და ისევ ცრიდა და ცრიდა, ალმაცერად და ხვავრიელად. თან ქარბუქი აქ ცხრებოდა. ლადომ შეშა და ძროხისთვის ჩალა მოუმარაგა დას. საჭმელიც აქვთ და პურის მარაგიც, მაგრამ ნაზი შიშობს, ვაითუ თოვლმა  კარები ამოუქოლოს. გადაწყვიტა, სანამ გაკვალულ ბილიკს თოვლი დაფარავს, მეზომბელთან გადაიყვანოს ბავშვები და ის ღრამე იქ გაათიონ. თათია ხელში აიყვანა, მეორე ხელი ლალის ჩაჭიდა და ქარბუქს შეება. წინ ძლივსძლივობით მიიწევენ. ჭიშკრამდე ოცი მეტრი აქვთ გასავლელი. მეზობლის ეზომდე კიდევ ასი მეტრი იქნება. მიდიან და ქარი უკან აბრუნებთ. თათია სახით გულზე ყავს მიხუტებული. მას და ლალის კი სახე და თვალები ცივი ფიფქებით ევსებათ. ხილვადობა ჭირს. წინ გუმანით მიიწევს. ჭიშკართან ახლოს მეტრამდე სიღრმის ორმოა და ეშინია, იქით არ წაიყვანოს ქარმა. ამის გაფიქრება იყო და ლალი  ორმოში ჩაუვარდა.
დიდხანს იწვალა და როდის-როდის მოახერხა ორმოდან ბავშვის ამოყვანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები