ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2018


ნივთი

        ძალიან მიყვარს ჩემი თავი; ფრიად სასარგებლო რამ ვარ, ადამიანის მხედველობას ვიცავ. ბევრი ალბათ არც დაფიქრებულა იმაზე,  რაოდენ მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები, მხოლოდ თავს იწონებენ ჩემით.
    არადა, მართლაც კარგი შესახედავი ვარ. უბრალო არ გეგონოთ, ცნობილი ბრენდის ნაშიერი გახლავართ.  ეშხსა და მიმზიდველობას ვძენ ახალგაზრდას, როდესაც მირგებს თავის სახეს.
    დიახ, მზის სათვალე გესაუბრებით.
    მერედა, როგორ იხდენს პატრონი ჩემს თავს. უკვე ორი თვეა ერთად ვართ. ძალიან ვუყვარვარ, მეც პირნათლად ვასრულებ მოვალეობას, ლამაზად წამოვსკუპტები ხოლმე მის ცხვირ - პირზე.
    ნამდვილად კარგი პატრონი გამოდგა, ყურადღებიანი, ძალიან მიფრთხილდება, ლამაზი ბუდე მიყიდა, კარგად მასუფთავებს. თავის ოთახში მიმიჩინა ადგილი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს უკვე ძალიან დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ.
    უკვე ზაფხულია. ზღვის სეზონისათვის ემზადება. ეს ჩემი სეზონიცაა. როდის არაა, მაგრამ ზღვის განსაკუთრებულად, მთელი დატვირთვით ვმუშაობ. ჰოდა, დადგა ნანატრი დღე და გავემგზავრეთ.
    ახლაც ვწევარ მასთან ერთად პლაჟზე, თან საუბრებს ვუსმენ...
    - სად იყიდე? მაგარია!... მე არ მომიხდება? ...
    გადავდივარ ხელიდან ხელში, ხან ვინ მომისინჯავს, ხან ვინ.. საბოლოოდ მაინც პატრონისა ვარ, დღისით ზღვის ნაპირას, პარკში, ბაღში, კაფეში, ქუჩაში. საღამოს კი ვისვენებ, მზის ჩასვლა ხომ ჩემი არდადეგების მომასწავებელია.
    ერთი სიტყვით, მდგმომარეობით კმაყოფილი გახლავართ. ნივთისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენად გულისხმიერია პატრონი.  ყიდვიდან  სულ ცოტა ხანში დავრწმუნდი, რომ გამიმართლა, უმალ შევეჩვიე.

    ასე  გაიარა ზღვისპირა ქალაქში ერთმა თვემ. ერთ დილითაც მოვისმინე, პატრონი რომ ესაუბრებოდა ვიღაცას ტელეფონზე; „დღეს საღამოს მოვდივართ“, ანუ მივემგზავრებით.
    დღის მეორე ნახევარმა სწრაფად გაირბინა; ჩემოდანი ჩალაგდა, კარი დაიკეტა, პარკში გამოსამშვიდობებელი სეირნობისას ნაცნობებს ინახულებს, ქაქანებს, იცინის, იქვე სკამზე დამდო . . .  და ცოტა ხანში წავიდა, დამტოვა, დავრჩი. მინდა, მაგრამ ვერ დავუძახებ, მივისწრაფვი, მაგრამ ვერ დავიძვრები ადგილიდან.
    გავიდა რამდენიმე საათი. ხომ ვიცი, თვითონაც როგორ ნერვიულობს. ალბათ წამოიძახა კიდეც: ვაიმე, სათვალე დამრჩა! გულზე შემოეყრება, ხასიათი გაუფუჭდება. . . რა სულელი ვარ - იტყვის, მაგრამ საქმეს აღარაფერი ეშველება. მეც დამწუხრებული ვარ. უკვე მენატრება. ნეტა ხმის მიწვდენა შემეძლოს. ჩვენც გვაქვს ემოცია, პატრონის შეყვარება შეგვიძლია, ასევე მასზე გაბრაზებაც, მაგრამ რაიმეს გამოხატვის უფლება არ გვაქვს.
    დაღამდა. აგრილდა.
    - დაგტოვეს?
    ახლა შევამჩნიე, რომ გრძელ სკამზე დატოვებული სანთებელა იდო. შევატყვე  დაბოღმილი და გაბრაზებული ბრძანდებოდა.
    - შემთხვევით დამტოვა პატრონმა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ნერვიულობს - ვუპასუხე.
    - ეჰ, კარგია, რომ დარწმუნებული ხარ. აი, ჩემსას კი საერთოდ არ ვეხსომები.
    - რატომ? იქნებადა ძალიან სწუხს.
    - ეგ არაფერზე სწუხს. ისიც მიკვირს, აქამდე რომ შემინარჩუნა. ძალიან დაუდევრად მიმაგდებდა ხოლმე. ახლაც ასე მოხდა. გათენდება და მომისვრიან, შანსიც აღარაა, რომ ვინმემ მიპოვოს, ცეცხლიც ცოტა შემრჩა. დამთავრდა ჩემი ფუნქცია.
    ძალიან მინდოდა მენუგეშებინა.
    - დამშვიდდი, - ვეუბნები, - თუ მოგისვრიან, მიწა შეგჭამს, მაგრამ ხომ არ დაიკარგები; ისევ აღმოცენდები, კიდევ რაიმე ნივთი დამზადდება შენგან, სხვა სახეს მიიღებ.
    - ეეჰ, - ჩაილაპარაკა სანთებელამ და გაჩუმდა, მაგრამ მაინც მომეჩვენა, რომ ჩემმა სიტყვებმა შვება მოჰგვარა.

    დილით, როცა მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო, შევამჩნიე, მარტო ვიყავი.
    - შეხე, რა კარგი სათვალეა - მომესმა ხმა.
    - ალბათ ვინმეს დარჩა, მოდი წავიღებ . . . ამ სიტყვებთან ერთად დამავლეს ხელი და უცხო ადამიანის ჯიბეში აღმოვჩნდი. ცხოვრება ახალი პატრონის ხელში გავაგრძელე.
    გადიოდა დრო, მაგრამ არც ისე იოლი აღმოჩნდა მასთან მიჩვევა. ისევ ძველი მენატრებოდა, ვიხსენებდი, როგორი ყურადღებით, როგორ ფაქიზად მექცეოდა, ეს კი . . .  ხან მაგიდაზე მტოვებს, ხან მანქანაში, ხან - მეგობართან. მართალია, ყოველთვის დამიბრუნა, მაგრამ ეს ხომ ჩემთვის წვალება იყო. ერთხელაც რომ ვეღარ მიპოვოს ან ვინმემ გადამაგდოს, ან შუა ქუჩაში აღმოვჩნდე და ზედ მანქანამ გადამიაროს . . . არსებობის უაზროდ დასრულება არ მინდა.
      პიკნიკზე იყვნენ. საღამოხანს, როცა ყველაფერი დასასრულს უახლოვდებოდა, რაღაცაზე თუ ვიღაცაზე გადაიტანა ყურადღება და მანქანის სახურავზე შემომდო დაუდევრად. კიდევ კარგი, არ გადავვარდი. მანქანა, როგორც ყოველთვის, თვითკმაყოფილი იდგა. რა თქმა უნდა, შევამჩნიე, რომ არ ვეპიტნავებოდი. ესენი ხომ თავის თავზე შეყვარებულები არიან. რაც უფრ ძვირია, მით უფრო აუტანელია, მის გვერდით. თავიანთი ყოფა ისე აქვთ თავში ავარდნილი, თითქოსდა, თავისით მოევლინენ ამ ქვეყანას. არადა, სულ პატარა მიზეზი და იმხელა პრობლემას უქმნიან პატრონს, თავ-ბედს აწყევლინებენ. ოჯახს აკლებს და ამათ ახარჯავს.
    „მოგორავე ზარალი ხარ“ - გავიფიქრე შეფერადებული რკინის მახინის მიმართ და ლოდინი გავაგრძელე.
    . . .  ამ ჯერზეც ძლივს მიპოვა, აღარც ახსოვდა, სად ვიყავი, შემთხვევით მოვხვდი თვალში. აი, ასეთი უყურადღებოა. მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც ცოტათი შევეჩვიე. ნუ გაგიკვირდებათ, ნივთებმაც ვიცით შეჩვევა, შეყვარება.
      სიტყვამ მოიტანა და ერთხელ, მყუდრო ქუჩაზე კვნესა მომესმა. ჩვენ, ნივთებს ერთმანეთის გვესმის. ხედვა იქით მივმართე, საიდანაც ხმა მოდიოდა და მაჯის საათი დავინახე დაგდებული; მწარედ მოთქვამდა:
    - რამდენი წელია, პატრონს ვემსახურები. ერთხელაც არ ყოფილა ჩემით უკმაყოფილო. მაჯას ვუმშვენებდი. 9 წელი, 5 თვე  1 კვირა და სამსაათნახევარი გრძელდებოდა ასე. ზუსტად მახსოვს. დროის თვლა ხომ ჩემს ხელშია. ერთხელაც გამიფუჭდა რაღაც.
    - შეუსრულდა საპენსიო ასაკი - სიცილით თქვა ჩემმა ძვირფასმა პატრონმა, გული მეტკინა. 
    პირველად სცადა, რამე ეშველა ჩემთვის,  შეეკეთებინა ჩემი თავი. ერთხანს ვიმუშავე, მერე ისევ შეუძლოდ გავხდი. დამხედა, - ისევ გაჩერდაო და მომისროლა უკანმოუხედავად. რატომ მაგდებდა? მე ხომ იმდენ წარმატებულ მომენტში ვიყავი მის გვერდით. იქნებ ცოტათი ვეხმარებოდი კიდეც, მაგრამ ვის ახსოვს?! ხომ შეიძლებოდა,  კიდევ შევკეთებულიყავი, მემუშავა. სულაც ვინმესთვის მიეცა ჩემი თავი. იმ ახალს იქნებ ენახა კარგი ხელოსანი და ერთხანს კიდე ვიქნებოდი ერთგული მსახური. . .  ბოლოს და ბოლოს, როგორც მზრუნველ, გულისხმიერ პატრონს შეჰფერის, დამმშვიდობებოდა, მადლობა ეთქვა სამსახურისათვის და ისე გადავეგდე და არა, მივეგდე!
    ვერაფერი ვუთხარი, ის კი განაგრძობდა:  მე იმ ნივთებს არ მივეკუთვნები, რომლებიც პატრონის უყურადღებობას ან უდიერ მოპყრობას თვითმტვრევით, თვითგანადგურებით ხვდებიან, ეს დიდი სისულელეა, მაგრამ ხანდახან საჭირო.
    - არც მე შემიძლია, - ჩავილაპარაკე, - ეგ ჭურჭელსა და ნათურებს გამოსდით კარგად.

    ძალიან ძნელი ყოფილა შეყვარებულის ნივთად ყოფნა. მისი ემოციები ხშირად ჩემზე გადმოდის. ნერვიულად მომიხსნის, გამიკეთებს, ხან ჩემს ყურს ჩაიდებს პირში და მკბენს, ბრაზი გადმოაქვს. ეს რა დღეში ჩავვარდი.
    ჩემმა მეორე პატრონმა, შეზარხოშებულმა, წვეულებაზე გააჩუქა ჩემი თავი. ადრესატმა ძალიან მომიხდინა, აღარ უნდოდა ჩემი ხელიდან გაშვება. . .
    ერთი  სიტყვით, ჩემი ახალი მფლობელი, რა ხასიათზეც იყო, იმის მიხედვით მექცეოდა. როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, ისე მეფერებოდა, თავი ლეკვი მეგონა, როცა ცუდ ხასიათზე იყო,  ჯავრსაც იყრიდა ხოლმე.
      ერთხელ „იმასთან“ გაცხარებული დავის დროს შემთხვევით ჩამოვუვარდ.
      - ხომ არ გატყდა? - შეჰკივლა ჩემმა.
    - გატყდა და გატყდეს, ნეტა შენ...
    „ამას ვიღამ მისცა უფლება, ჩემზე ასე არხეინად ილაპარაკოს!?“ -ვფიქრობ მე.
    - მიჩვეული ვარ, ძალიან მიხდება . . .
    ნეტა ამ მეტიჩრებს ტვინი მისცა, მე - გამძლეობა.


                                                                        *  *  *

    - ოჰ, როგორ მიმძიმს, რა რთული პერიოდია, რა ცუდად დავცადეთ ერთმანეთი. ახლაც ერთად ვართ, ხელებს ნერვიულად მიჭერს; მინდა, ისე იყოს ყველაფერი, როგორც პირველი პატრონის დროს. არ გამოდის. ალბათ ისეთს ვეღარ ვიშოვი, ან ისეთი ვეღარ მიშოვის.
    ნეტა როგორაა? ხანდახან მაინც თუ ვახსენდები? როგორ წაუვიდა ცხოვრება ჩემი დაკარგვის შემდეგ? ალბათ ახალი შეიძინა, ვის ვეხსომები . . .
   
    გამოერკვა ფიქრებისაგან, ერთად გავუდექით გზას შინისაკენ. მას ჰგონია, რომ მარტოა, სინამდვილეში სულაც არაა მასე.  ერთხელ ძველებურმა ტელეფონის აპარატმა მიამბო: „ ოჯახი, სადაც ვიმყოფებოდი, სამი თვით სხვაგან მიდიოდა. იყვნენ სამზადისში, ბარგს ალაგებდნენ, ბავშვებიც ხალისით ეხმარებოდნენ მშობლებსო. უეცრად უფროსმა გოგონამ ოთახს თვალი მოავლო და თქვა: არ გეჩვენებათ, რომ ნივთებმა მოიწყინეს? იმ ნივთებმა, რომლებიც სახლში რჩებიან ჩვენს გარეშე. შეხედეთ: მაცივარი, კარადა, ჭაღი, ტელეფონიც კი სევდიანად გამოიყურება, გვემშვიდობებიან.
    - ეგ შენი განწყობაა, - მიუგო დედამ, გული გწყდება, დიდი ხნით რომ ტოვებ სახლს და გგონია, ეგენიც იმავეს განიცდიან. . .
    მაგრამ გოგონა არ ცდებოდა, ყველანი დავნაღვლიანდით. იმდენი ხანი უნდა ვყოფილიყავით გამოკეტილ სახლში, სამი თვე სიჩუმე, ყველაფერი ჩაკეტილ - ჩაგმანული იქნება, ფარდაც კი არ გატოკდება, სევდა . . .“ 
    დაიმახსოვრე ადამიანო, მეც მაქვს გრძნობა.

    დავყვები ცხოვრების იმ რთულ საბედისწერო გზებზე, რაზეც ადამიანს სიყვარული ატარებს. ხან ბედნიერები ვართ, მზეს ვირეკლავ მინაზე, თავმომწონე, თავდაჯერებულ იერს ვსახავ, მაგრამ როდესაც წყენა ან იმედგაცრუებაა, ნაღვლიან, აცრემლებულ თვალებს ვმალავ.  გულიდან ამოხეთქილ ემოციას უცხო თვალთაგან ვფარავ. - არ შეხედოთ, - ვეუბნები გამვლელებს და ამ დროს თითქოს უფრო ვმუქდები.
    - ნუ ჩხუბობთ, - მინდა ვუთხრა შეყვარებულებს, - ცხოვრება ხანმოკლეა თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, დატკბით სიყვარულით და შეგვირგეთ ჩვენც.
    სრულდება ჩემი სიტყვა. ყველაფერი კარგადაა. იმედია, აღარ განმეორდება ცუდი არაფერი, იმარჯვებს სიყვარული, სიგიჟე . . .  რა უხარიათ? რა, და რომ არსებობენ ერთმანეთს ხედავენ, რომ გაჩნდნენ და გაიცნეს ერთმანეთი . . . 
    მოიღრუბლა, წვიმა წამოვიდა; ეს ვის ადარდებს, თუნდაც წყალმა წაიღოს მთელი ქვეყანა. . .
    სიცილი, სისველე, კივილი . . .  ქოლგაც კი გადააგდო, ცოტა ხანში კი მე ვიგრძენი, როგორ დამავლეს ხელი და მომისროლეს, სადღაც ხიდს მიღმა გადავიჩეხე.
    ასე უბრალოდ მთავრდება ხოლმე არსებობა, ფუნქცია. გულდასაწყვეტია.
    როგორც ადამიანებს, ასევე ნივთებსაც სიყვარული იწირავს ხანდახან.
    აქამდე სხვის თვალებს ვუფრთხილდებოდი, ახლა მე ჩამიქრა სინათლე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები