ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2018


ოქტომბრელი

ოქტომბრელი
      ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ.  ერთი ხის  საწოლი მაქვს, მატყლის ერთი ქვეშაგებლით,  ერთი საბანითა და ერთი ბალიშით,  ჭურჭლის ერთი  კარადით,  წიგნის  ერთი თაროთი,  ერთი სკამით, ერთი მაგიდით, ერთი  ძველი  მაცივარით „მინსკი“ და გახუნებულ ყვავილებიანი ერთი ხალიჩით.
      მაქვს მეთქი ისე ვამბობ, მაქვს კი არა და, როცა ვიქირავეთ  ბინა დამხვდა ეს ყველაფერი. ორ-ორი კი მე მივამატე:  ორი თეფში  ჩემთვის და  ბაქაროსთვის, ორი ჩანგალი  ჩემთვის და ბაქაროსთვის, ორი ჭიქა ჩემთვის და ბაქაროსთვის, ორი ქვაბი ჩემთვის და ბაქარ.... თუმცა სად არის,  აბა,  ბაქარო?  ჩემი ბაქაროოოი.... ჭირი ეცეს ჩემთვის ავი თვალით შემომხედსაც, ნაცილი ეტაკოს ჩემთვის  ცუდის მსურველსაც და ბნედამაც დააფეთოს  ჩემთვის ბაქაროს წამრთმევიც....
აეგრე! 
      არა, როგორ აურია ტვინი მაგ თავ-ფეხ-კისერ მოსამტვრევმა, მაგ ქალობა თუ გოგოობა გასახუნებელმა, მაგ გველხოკელამა, როგორ „დაიჩურთა“ ჩემი ბაქაროი თავისთვიის.... ხელათ, ფხაკ-ფხუკ და  ხელი  მოაწერინა, „ვსიო“ ბაქარო ჩემი ქმარიაააო!  რათა, რა ჩემი ქმარი  ვერ გახდებოდა ?! რა ვერ ვიჟღურტულებდით ერთ ჭერქვეშ  ჩვენი აივნის მერცხლებივითა?!  ეგ, ეგ,  ტყვიო მოსახვედრი რომ არ გადაგვდგომოდა გზაზედა ? მეტირება, მეტირება და ჰოოო, ვტირიიი !...
    ადგნენ, დადარდიანებული, აჩალული ჩემებიცა და გამომაშორეს, გამომაცილეს სოფელ-ქვეყანას და ჩამომიყვანეს  ქალაქში. ბევრი ვეძებეთ, ბევრი ვეცადეთ, ჰა და  ჰა, დამლაგებლად კი მომაწყო ჩემმა შანსიანმა ბიძაშვილმა ბანკში,მაგრამ სამსახურის მერე,  გული ლამის გადმოხტეს და გადმოგორდეს ყარფუზა ლეღვივითა ამ გახუნებულ ხალიჩაზედ. უიმეეე, ამ ოთხ კედელში მაინც რომ მივეცემი ფიქრის მდინარესააა....ფიქრი კიდე იგრე  მოედინება, იგრე მოღურღურებს ხოლმე  როგორც ფანიაანის წყალი. 
      ჩასულა ჩემი ბიძაშვილი  და გაჯგიმულს კი უთქვამს გამვლელ- გამომვლელებისთვის, ბანკში მოვაწყე  ბეციაო, ყველას კი თვალები დაყვლეპია, მაგრამ რა იციან ბანკში რომ დამლაგებლადა ვმუშაობ.  ჰაი, ბაქარო, ბაქაროო, მოგიკვდეს შენი ბეცია, ვის ხელში ხარ, ბიჭო, ვის სარეცელს ათბობ....ჰოიი !!!
    დამდის დარდის მდინარე, ბიჭოო,  ამ ჩემ ქვამარილ გულს მილოკავს და მილოკავს, ვატყობ გალეული კენჭივით დამირჩება საგულეშიდ.
      დასამშვიდებლად და გულის გადასაყოლებლად ბავშვობას ვიხსენებ.  ჩემი ბავშვობის სკოლას -  სერზედ წამოჭიმული არქანგელოზის საყდარივითა.  ავდიოდით ბილიკიიით, ავდიოდიიით, ავდიოდიიით და, მივაღწევდით მიუწვდენელსა. ვალიკო მასწი. ქუდსაც იხდიდა ხოლმე სკოლაში შესვლის წინ.
          სკოლის დერეფნებში  რაღაცნაირი, ჭალიდან მობერილი ნიავისა და კაკოს  დარგული წნორების  სურნელება იდგა. და ეზო, ეზოს არ იკითხავთ? მარუსა დამლაგებელმა რომ  აკეცილი ჩითის წინსაფრიდან ჩამოიფერთხა გაზონებში ლავანდის თესლი, სკოლის თეთრ კედლებსაც კი  ლილისფერი დაჰკრავდა... მერე სურნელიი, რა მათრობელა სურნელი იდგაა სკოლის ჭიშკარს მიუახლოვდებოდით თუ  არა...
      ახლა  ჩემი ვარდ-ბილილა  მასწავლებელი,  ჯერ ძროხას რო გადენიდა, მერე ბოსელს რო გამოხვეტავდა, მერე გაიხდიდა ბამბაზიის ხალათსა და გადაიცვამდა თავის ბაიკის კაბასა, მამამთილმა რომ  ჩამოუტანა რუსეთიდან და ზამთარ- ზაფხულ სულ  ეგ ეცვა გაუხდელადა და წამოვიდოდა სკოლაში. ისე, მგონი მაგ ბაიკის კაბითაც დაასაფლავეს ის საცოდავი.  ვარდო ერქვა და მოფერებით მთელი სოფელი ვარდ-ბილილა მასწს.  ეძახდა. გაფურჩქნული იყო ვარდივით, მაგრამ ერთი ამბის შემდეგ შემჯავრდა ჭირივთ, აღარც მინდოდა გახსენება არც მისი სახელისა და არც მისი ბაიკის კაბისა, ვაი-ვაგლახით  დავამთავრე მის ხელში ოთხი კლასი. მაღალ კლასებში რომ გადავედი თვალს ვარიდებდი ხოლმე დერეფნებში, არც მის დაკრძალვაზე წავსულვარ.
      ვწმენდ,  ვალაგებ და თვალწინ მიდგას ჩემი სკოლა და იქ გატარებული თითოეული წამის სიტკბოს ვგრძნობ. მიდიხარ ბაწარაღებულ ბილიკზე, მიდიხარ  თანდათან მაღლა, ხან ცას  გაუღიმებ, ხან მიწაზე - ჭიანჭველას. გზად პავლეს მოჩორკნილ სკამზე შეგიძლია ჩამოისვენო კიდეც, მაგრამ  ეგ უფრო გაკვეთილების მერე. დილით  ზარის დარეკვას ხო უნდა მიასწრო. წაადგები სერის თავზე ორთსართულიან ხის შენობასაც. ერთი სართული ქვისაა და მეორე -  ხისა. ეზოში ვასოს თხა ძოვს,  სკოლის ეზოში ნუ ამაბამ, მაგ სამგლესაო- ჯავრობს ყოველდღე დირექტორი. გაიხედავ და ხან ფარა მოჩანს ერთი ფანჯრიდან, ხან  ყვავილებით მორთული მოლი. აი, ფანჯარასთან კიდე ბაქაროს მერხია. სულ ჩემი მეზობელი გულო უზის გვერდით, არცა დგება და არც აცდენს, რომ რამე მოვიმიზეზო და გვერდით მივუსკუპდე ბაქაროს, ბავშვობაშიც არა მქონდა  იღბალი რაა.  კლასის კედლები  ნახევრად ცისფერია, ნახევრად- თეთრი....
      ერთი დღეც არის,  მოვიდა ახალი  სასწავლო ნაწილი  კრეპ-ჟორჟეტის კაბითა და ქუსლიანი ფეხსაცმლით.  მთელი სკოლა დიდიან-პატარიანად იმ ქალბატონს შენატროდა, ზოგს „პუდრ-პომადა“ მოსწონდა, ზოგს კაბის მატერია, ზოგს ქუსლიანი ფეხსაცმელი,  სულ პაკი-პუკით რომ დადიოდა სკოლის დერეფნებში, ზოგს კიდევ იმის მიხვრა-მოხვრა, ღიმილი, საუბარი. ბავშვებიცა ვბაძავდით ხოლმე.  ერთ დღესაც  ჩვენი დამრიგებელი შემოვიდა ფაცა-ფუცით, გაკვეთილზე უნდა დაგვესწროსო. აბა, მიალაგეთ კლასიო, მოაწესრიგეთ მერხებიო,  ლამაზად დასხედით სკამებზე, მხრებგაშლილებიო და ხელები უკან წაიღეთო! თან წინასწარ მითხარით, რომელმა იცით გაკვეთილი კარგად, რომ გამოგიძახოთ და არ შევრცხვეთო. მე ბეჩავმა ავიწიე ხელი. კი ვიცოდი ლექსი ზეპირად, ახალც კი შემიძლია ჩამოვარაკრაკო, მაგრამ...
    დაირეკა ზარი და კლასის ზღურბლიც გადმოკვეთა ულამაზესმა ქალბატონმა, ჩვენმა სასწავლო ნაწილმა, ღიმილიანმა, კრემ-პუდრიანმა, მაღალქუსელიანმა. მოგვესალმა და უკანა  მერხზე დაჯდა. გადაშალა თავისი პატარა წიგნაკი და დაიწყო რაღაცების ჩაწერა. მასწავლებელი ფეხზე იდგა მთელი გაკვეთილი, არც დამჯდარა, დაძაბულობა ეტყობოდა ხმაში,  სიარულში, ხელებში, მაგას რა მიხვედრა უნდოდა!        -აბა, რომელი მოყვებით გაკვეთილსო?
    ავიწიე ხელი ამაყად, გავიხედე უკანა მერხისკენ, გადავხედე ლამაზ სასწავლო ნაწილსა და დამავიწყდა ყველაფერი.  ლექსს ვინღა ჩიოდა, რა მერქვა რომ გეკითხათ, იმაზეც ენა დამებმებოდა.  ზოგი მკარნახობს, ზოგი წიგნს მიშლის ჩაიხედე, ბეციააო,  გაიხსენეო. ჩავიხედე და უარესად ამიჭრელდა თვალები და თავბრუ დამეხვა.  მასწავლებელს შევხედე და გადასდის სახზე წითელ- მწვანე ფერები, თან ნერვიული ღიმილი დასთამაშებს. მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. ჩავრგე ჩემი ბეცია თავი ხელებში და მაშინ ავიღე ქალბატონი სასწავლო ნაწილი რომ ჩამოიმუხლა მერხის წინ და თავზე ხელი გადამისვა, არა უშავს,  გენაცვალეო.  მეც მოვახერხე გაღიმება, მაგრამ მანდ იწყებოდა ჩემი დიდი განსაცდელი.
    შემდეგ გაკვეთილზე ამაყენა  ჩვენმა დამრიგებელმა, ჯერ ხომ  ბეჩავი  მეძახა, მერე მომვარდა, მომხსნა ოქტომბრელის ნიშანი, დიდ ფურცელზე ორიანი დააწერა წითელი ფლომასტრითა და ოქტომბრელის ნიშნით მიამაგრა  შავ წინსაფარზე. ზემოთ ლენინის თავი, ქვემოთ -ორიანი მიფრიალებს.  თან გამაფრთხილა, არ გაბედო მოხსნაო! ვინ იცინოდა და ვის ვეცოდებოდი არ ვიცი, მაგრამ მთელი დღე კლასიდან რომ არ გავსულვარ მახსოვს და ისიც კარგად მახსოვს ჩემი ცრემლების ლია ლია როგორ დასდიოდა ლენინს მოტიტვლებულ თავზე, მერე იქედან წკაპაწკუპით როგორ ეცემოდა ჩემს წითელ ორიანს და იდღაბნებოდა ქათქათა ფურცელზე.  გაკვეთილების შემდეგაც ასე ფრიალ-ფრიალით  წამოვედით სახლში მე და ლენინი ჩვენი კუთვნილი ორიანით. უკან ბავშვები მომყვებოდნენ ყვრილით : -ო-რო-სა-ნი ბე-ცი-ა ! ან ბე-ცი-ა ო-რო-სა-ნი! გაიგო ყველამ, ტყე- ჭალამ, ქვამ, ყვავილმა, ჩიტმა, მდინარემ, სკოლის ეზოში  დაბმულმა ვასოს თხამაც კი, მათ შორის  ჩემმა ბაქარომაც, მაგრამ ბაქაროს ერთხელ არ დაძახია ოროსანი ბეციაო და მაგის გამო კიდევ უფრო შემიყვარდა!
        შევხსენი ეზოს  ჭიშკარი და ბებიაჩემი გამომეგება გულისხეთქებით : აგრემც შენ მოგიკვდეს ბაბოო, ჩემო საბრალო ბეციაო! უკვე მთელმა სოფელმა იცოდა ჩემი ორიანის ამბავი და ბებიაჩემის ყურამდეც მიუღწევია.
        ალბათ მაგიტომ გადამიყვარდა ჩემი ვარდიკო მასწავლებელიც, ალბათ მაგიტომ არ შემიყვარა ბაქარომაც, ალბათ  მაგიტომაც  დაინგრა მალევე სსრკ და ჩვენ პოინერთა რიგებში  შესვლა ვეღარც მოვასწარით, ვინ იცის....
  არა!  როგორ აურია ტვინი მაგ თავ-ფეხ-კისერ მოსამტვრევმა, მაგ ქალობა თუ გოგოობა გასახუნებელმა, მაგ გველხოკელამა, როგორ „დაიჩურთა“ ჩემი ბაქაროი თავისთვიის !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები