ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ენ გეითს
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2018


  ჩამოტვირთვა

მინდოდა მეფიქრა არაფერზე...

გარეთ ბნელა, ჩემში არა.
სამსახურიდან 3 საათის წინ, უაზროდ დაღლილი დავბრუნდი. დაღლილი, მაგრამ ემოციით სავსე. ემოციით, რომელზე ფიქრისთვისაც მთელი დღე ვემზადებოდი. თავი მოვიწესრიგე, ჩავიტარე ყველა ჰიგიენური პროცედურა, რაც სახლში დაბრუნებულმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს. სააბაზანოს დაორთქლილ სარკეში, საკუთარ თავს თვალი შევავლე, ცინიკურად გავუღიმე და სამზარეულოში გავედი. გონების დაძაბვის გარეშე, ელექტრო ჩაიდანს თითი ინსტინქტურად დავაჭირე და 6 კოვზი შაქრით, ნალექიანი ყავის კეთებას შევუდექი. დიახ, მე არ ვხარშავ ნალექიან ყავას. იმიტომ კი არა, რომ არ მომწონს, უბრალოდ მეზარება ამისთვის ამხელა დროის დათმობა. დიდად, არც ჩემს გემოს რეცეპტორებს სიამოვნებს ეს ყავისფერი სითხე, უბრალოდ დალევის პროცესი მხიბლავს და თავს ნამდვილ, ჩამოყალიბებულ ქალად მაგრძნობინებს (სასაცილოა, მაგრამ, წარმატებული ქალები, ჩემს გონებაში ყოველთვის წრუპავენ ყავას და ჭიქაზე წითელი პომადის კვალს ტოვებენ).
ის იყო, მუსიკის ჩართვა დავაპირე, ქარის გადამეტებულმა შრიალმა  მიიქცია ჩემი ყურადღება, თითქოს მეძახდა. არასოდეს ვნახულობ ამინდის პროგნოზს, შესაბამისად, არეული ამინდი ყოველთვის სიურპრიზად მევლინება. შარშან ზამთარში, ყაზბეგში რომ წავედი ჩემი „ტოი-ბოქსით“. რა თქმა უნდა არც მაშინ მიკითხავს და გამირკვევია. მხოლოდ ნახევარზე მეტი მანძილის  გავლის შემდეგ, აღმოვაჩინე,  ზვასაშიშროების გამო, გზები რომ იყო გადაკეტილი და უკან მობრუნება მომიწია. არადა, 2 დღე, გაფაციცებით ვაკოწიწებდი ჩემოდანში ტანსაცმელს, მათ შორის ზაფხულის სამოსსაც. უკანა გზაზე, კადრებად მომყვებოდა გადაუღებელი ფოტოები და წინასწარ დაგეგმილი, თუმცაღა აუსრულებელი მოგზაურობის სევდა.
დაუფიქრებლად და მორჩილად ყურად ვიღე ქარის მინიშნება და აივნისკენ გავეშურე.
ვიწრო აივანი აქვს ჩემს ბუნაგს. სიგანეში იქნება ასე, 6-7 მტკაველი. აივანსაც არ ჰგავს, უფრო, გაძვალტყავებულ, გულჩამომჭკნარ, მობარბაცე მოხუცს მოგაგონებთ, ახალგაზრდობაში ყველას თვალს რომ სჭრიდა, ეხლა კი დამუნჯებული და დაუძლურებული, უხეშად და ნაცრისფრად ელოდება ვინმე სულიერს, რომ გადარჩეს კიდევ ერთი ღამით... ამას ისიც ემატება, თითქმის ნახევარი ტერიტორია, სავსეა ათასი უაზრო ნივთით, გადასაყრელად რომ გავამზადე და მერე ვეღარ გავიმეტე. მაგრამ, მაინც ძალიან ჩემიანად ვთვლი, ყველა ფიქრი თუ ოცნება ხომ ამ აივანზე მაქვს მოტანილი, მოთრეული... მან კი ყველაფერი საიმედოდ შეისრუტა, შეისისხლხორცა, რამდენი საიდუმლო დავუტოვე და არცერთი გათქვა. არ ვიცი, მიყვარს მხოლოდ იმიტომ რომ მივეჩვიე, თუ ჩემზე უხალისოდ რომ გამოიყურება. არ ვიცი...
ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილი, გონებაარეული, თუმცა გრძნობებით სავსე (აქ გამოვიყენებდი „პოზიტიურს“, მაგრამ მეზიზღება ეს სიტყვა) დავჯექი იატაკზე, ფეხები მოვკეცე და მოაჯირს მივაბჯინე. ისევ ბნელოდა, ან უფრო მეტადაც. ქარი, ნახევრად სველ თმას უმისამართოდ აფრიალებდა და იდუმალებას მატებდა ჩემსა და ღამის ურთიერთობას. ვემზადებოდი მომენტისთვის, რომელსაც მთელი დღე ვგეგმავდი და ველოდი. სიგარეტს მოვუკიდე (მიყვარს ეს მავნე ჩვევა. ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო მავნე ჩვევაა), მეორე ხელის საჩვენებელ თითზე, ლოკონი, სარეველა ბალახივით მქონდა შემოხვეული და არ გავინთავისუფლე მანამ, სანამ იმავე ხელის გამოყენება არ დამჭირდა, „საზეიმო ვითარებაში“ ადუღებული ყავის ტუჩებთან მისატანად. ჭიქიდან ამოტივტივებული ორთქლი, ქარში გაიფანტა და ნელ-ნელა მივუახლოვდი იმ მაგიურ მომენტს, როცა საამური ფიქრისთვის იდეალური დრო შეირჩა. თვალები დავხუჭე, უკვე შემეძლო ჩემით შეთხზულ, საოცნებო გარემოში, გამეხსენებინა დღევანდელი დღე. დღე არა, რამდენიმე წუთი. ზოგჯერ ხომ არის დღეები, როდესაც რაღაც ისეთი ხდება, რაც ათასჯერ გახსენებადაც ღირს, რაც, არასოდეს წაიშლება  მეხსიერებიდან,  გადატრიალებას მოახდენს, როცა შენი მკვდარი სული, შენშივე ხელახლა დაიბადება და რეინკარნირდება იმავე სხეულში...ჰოდა, მეც ასეთი „ორი წუთი“ , საგულდაგულოდ შეფუთული მოვიტანე სახლში, ფიქრები რომლებსაც მთელი დღე გავურბოდი, რომ გახუნებული ყოველდღიურობით არ გამეუბრალოებინა.  ეს არ იყო რაღაც მიწიერი, ხორციელი, ხელშესახები. არ იყო გათელილი და გახუნებული, მატერიალური და არც არარსებული, არ იყო სინანული და არც სიხარული, არც ზიზღი და არც სიყვარული... ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელზეც აქ არ ვისაუბრებ.
სავარაუდოდ, ადამიანებს, რომლებსაც ბედნიერებისათვის, ხარკის გადახდა არ უწევთ, გაუჭირდებათ ჩემი გაგება, მაგრამ, მერწმუნეთ, თქვენ არ გიცხოვრიათ, თუ არ გამოგიცდიათ, მთელი დღის ნაგროვები ემოციების გასაანალიზებლად და საგრძნობად, ღამის და მარტოობის სულმოუთქმელად ლოდინი!
და აი იმ მომენტში, როდესაც ქარიც კი ჩემს საყვარელ სიმღერას მღეროდა, ყველაფერი, რისთვისაც მთელი დღე ვემზადებოდი, გაქრა, გამეფანტა ყველა აზრი თუ მოგონება, ქარმა გადააფრინა იმ ადამიანებთან, ვისაც, ბედნიერებისათვის, ხარკის გადახდა არ უწევთ. ისევ სიცარიელემ ამავსო და რასაც მთელი გულით თუ გონებით ვინახავდი, დამისხლტა. ჩემი ყურადღება სარეცხის თოკზე, რამდენიმე საათის წინ დაკიდებულმა პირსახოცმა მიიპყრო, რომელზე ფიქრიც გაცილებით მარტივი გახდა, ვინაიდან ვხედავდი, ხილული იყო. პირსახოციდან, თვალი მომაკვდავი, ან სულაც უკვე მკვდარი, ოდნავ მოელვარე ვარსკვლავისკენ გავაპარე და წარმოვიდგინე, რადიაქტიული სიჩქარით, როგორ მივფრინავდი მისკენ, მერე მომეჩვენა რომ შევაღწიე ნარინჯისფერად აწითლებულ მკვლელ სივრცეში, რომელმაც ამაფეთქა.
რა სასაცილო ვარ...
რამდენი უაზრობით გამოვიტენე ტვინი. როგორ ვერ შევძელი, ერთი ემოცია, ერთი პატარა ემოცია დამეთესა და აღმომეცენებინა ჩემში.როგორ გამიფრინდა ის, რაზეც მთელი დღე, იმედებს ვამყარებდი...
ვიცი, არ გესმით, ფიქრობთ სისულელეს ვამბობ, შეიძლება არის კიდეც სისულელე, მაგრამ, მინდა იცოდეთ, ჩემს ორგანიზმში, ფიქრი, მუსიკა, მოგონება და ოცნება ბევრად მეტია, ვიდრე წყალი...
იმედგაცრუებული და ოცნებებშემოხეული დავბრუნდი საძინებელში. ზუსტად ვიცოდი, რით უნდა მენუგეშებინა თავი. კომპიუტერში, მუსიკა ჩავრთე ვოკალის გარეშე. (ბედნიერი ვიქნებოდი დამეწერა: „ოთახის კუთხეში მიყუდებულ, ალაგ-ალაგ ამოტეხილ გიტარას წავავლე ხელი, თითებით სიმებს წავეთამაშე, საწოლის კუთხეზე ჩამოვჯექი და დაკვრა დავიწყე“-მეთქი, თუმცა ვერასოდეს მოვაბი თავი და „ჟღალ მიმინოს“ ვერ გასცდა, დაკვრის სწავლის სურვილის გამო დაწყებული მეცადინეობები). მელოდიას ავყევი. ეს არის ერთადერთი თერაპია, რომელიც ნამდვილად მეხმარება განკურნებაში. როცა ვხვდები, რომ ვეღარაფერს ვაკონტროლებ, როცა სამყარო თავის ნება-სურვილზე მატრიალებს, ვმღერი... მერე რა, თუ ვერ ვმღერი, მაინც ვმღერი და როგორც ადრე ავღნიშნე, საერთოდ არ მაღელვებს ეს ფაქტი, მე ხომ მახსოვს, ნახევარი ადამიანი რომ ვარ, შეგუებული იმას, რომ ძალიან კარგად და ბოლომდე არაფერი გამომდის. სიმართლე გითხრათ, მუსიკაზე ახლობელი, არავინ მყავს და არც მყოლია. მან არაერთხელ მიქცია, ყველაზე უფერო, უსულო და უემოციო მომენტები, მისტიურ მოგონებებად. სიმღერის დროს, არაფრად ვაგდებ დედამიწაზე გამეფებულ კანონებს, ტვინიდან, ადვილად ვირეცხავ დარჩენილ, ნარჩენ მოგონებებს.
რაც თავი მახსოვს, მე და ის ერთად მოვდივართ. ჩემს ბავშვობაში, როცა  „პოპი“ ყველა რადიოში გუგუნებდა, 12-13 წლის მე, ბიძაჩემს, „ზეპელინის“, „ფლოიდის“, „მეიდენის“, „საბატის“, „სისტემების“, „გრენდ ფანკის“, „ჯოი დივიჟენის“, „რემის“, „მეტალიკის“, „განსების“ ვინილებს ვპარავდი (ამ საკითხში, ნამდვილად გამიმართლა). ასე ჩამოვყალიბდი „როკის“ მსმენელად და დიდ ფანატად. წლებთან და გადატანილ ტკივილებთან ერთად, ჟანრი გაცილებით დავამძიმე. „მეტალის“ თითქმის ყველა მიმდინარეობა შევიყვარე. მიყვარს, მიყვარს კი არა, აუცილებლობად მიმაჩნია, ყველაფერი ვიცოდე იმაზე, რაც მიზიდავს. ასე შევისწავლე საყვარელი ჯგუფების და მომღერლების ბიოგრაფიები და არამხოლოდ. დაახლოებით, ერთ ათწლეულზე მეტი, ჩარჩოებში მოქცეულივით, არ გადამიხვევია საყვარელი ჟანრისთვის.
22-23 წლიდან კი ნელ-ნელა შევეპარე „ალტერნატიულ როკს“ რომელიც სულზე, მართლაც მხსნელად მომევლინა, ამას დაემატა „ინდი“, „ემბიენთი“ და დღეს ვფიქრობ, ეს არის ჟანრი, რომელიც მე ვარ. აი თუ არსებობს მუსიკასა და ადამიანს შორის კავშირის პროცენტული მაჩვენებელი, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთმანეთს 100 %-ით ვეწყობით.
სიმღერა დავასრულე.
ვიგრძენი, რომ ტვინიდან საბოლოოდ ამოვიშალე დარჩენილი მოგონებები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ. დამრჩა მხოლოდ, ნახევარი ადამიანის ნამღერი (აქვე ატვირთული აუდიო ფაილი).
გეგმაშესრულებულივით, მოკეცილი მდგომარეობიდან ჰორიონტალურში გადავინაცვლე და თვალები დავხუჭე, დილამდე...
დღეს მეათასედ და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ფიქრების მართვა არ შემიძლია...
გარეთ ბნელა...
სახლშიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები